მშობელსა და სკოლას შორის კეთილგანწყობა დამყარდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი ინიციატივით, პროექტი ”ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში” ხორციელდება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის სტრატეგიის დანერგვის ხელშეწყობაა.
ამ თემასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, მოსწავლეთა წარმატებისთვის მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა.
სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სასწავლო გეგმის ექსპერტები და განათლების ფსიქოლოგები 17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ხაშურის, გორის, რუსთავის, ლაგოდეხის და თელავის საჯარო სკოლების პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.
პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტი მშობლებისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შეიქმნა ელექტრონული ფოსტა mshobeli@mes.gov.ge, რომელზეც ყველა მშობელს და დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოაგზავნოს შეკითხვები და რეკომენდაციები. მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მიმართულებით სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს როგორც კვლევითი საქმიანობა, ასევე, მეთოდოლოგიურ რესურსებზე მუშაობა.