ბიძინა ივანიშვილი: ძალიან მალე ნახავთ, როგორ ავაშენებ ქვეყანას!
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:
"დავარწმუნე ისინი, რომ საქართველოში მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. არ იქნება შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა. ასევე, ვისაუბრეთ ეკონომიკაზე და სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაზეც", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ივანიშვილი ქალაქში მიმდინარე მშენებლობებსაც შეეხო. მისი თქმით, როდესაც საქართველოში ამდენი ავარიული სახლია, ამფითეატრის მსგავს პროექტებზე ფული არ უნდა დაიხარჯოს და ეს მშენებლობები უნდა შეჩერდეს.
"მშენებლობებთან დაკავშირებით მინდა, მხოლოდ ერთი რამ გითხრათ. იქნებ პრეზიდენტმაც გაიგოს და ქალაქის მერმაც, რომ როცა თბილისში და სრულიად საქართველოში ამდენი ავარიული სახლია, ქალაქს უფლება არ აქვს ასეთ პროექტებზე ფული დაიხარჯოს. მშენებლობის პროცესები ჯერ ისევ გრძელდება, რადგან მათ, ჯერჯერობით, ამის ბერკეტები გააჩნიათ. მიმაჩნია, რომ ეს მშენებლობები უნდა შეჩერდეს, თუმცა ჩვენ კანონის დარღვევით მათ შეჩერებას არ ვაპირებთ. ახლა, პირველ რიგში, ვცდილობთ, რომ აგარაკების მშენებლობა შევაჩეროთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი განცხადებით, მშნებლობების შეჩერება გეგმაზომიერად მოხდება და მომავალში ახალი მშენებლობების დაწყების წინ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება იქნება საჭირო.
"კარგი იქნება, თუ მშენებლობის შეჩერებაში სპეციალისტები ჩაერევიან. არქიტექტორებმა, მხატვრებმა და ხელოვანებმა უნდა გადაწყვიტონ, ესა თუ ის შენობა უნდა აშენდეს თუ არა. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ მშენებლობა უნდა დასრულდეს, მაშინ ასეც მოხდება, თუ არა და მისი დემონტაჟი დაიგეგმება. რაც სიმახინჯეა აუცილებლად უნდა მოვაშოროთ. ზოგადად მე არაფრის დანგრევას არ ვაპირებ, ჩემი მთავარი მიზანი ქვეყნის აღმშენებლობაა და ამ ყველაფერს ძალიან მალე საკუთარი თვალით ნახავთ", - განაცხადა ივანიშვილმა.