რა მოხდა ქობულეთის გამგეობასთან?
აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილი ქობულეთის გამგეობასთან მომხდარი ინციდენტის თაობაზე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი კირთაძის განცხადებას პასუხობს.
„ივერიონი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ქობულეთის გამგეობის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილ ადამიანთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს მე პირადად შევხვდი და განვუმარტე, რომ ქობულეთის გამგეობა არის თვითმმართველი ორგანო, რომელსაც არჩეული წევრები ჰყავს და ჩვენი მხრიდან სამართლებრივი დარღვევა იქნება ამ პროცესებში რაიმე ფორმით ჩარევა. რაც შეეხება კირთაძის ბრალდებას, იგი საფუძველს მოკლებულია ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენ, ანუ აჭარის მთავრობამ, მათ მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად გავაყოლეთ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომ დაემშვიდებინა გამგეობის წინ შეკრებილი მოსახლეობა, რამაც მოგვიანებით შედეგი გამოიღო და საპროტესტო აქცია შეწყდა“.
როგორც ჩვენთან საუბარში აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ქობულეთის გამგეობაში მოსახლეობის შეჭრის ორგანიზებაში მონაწილეობა სიცრუეა. რაც შეეხება კობა ნაკაიძის აქციაში მონაწილეობას, იგი არის საჯარო მოხელე და დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი. სააგენტოს ქობულეთში გამგეობის შენობაში აქვს თავისი განყოფილება და სამუშაო ოთახის უზურფრუქტის წესით დროებით სარგებლობაში გადმოცემას მოითხოვდა.
„ამ საქმესთან დაკავშირებით მან წერილობით გამგებელს დილით მიმართა. სააგენტოს ხელმძღვანელმა გამგეობის შენობა აქციის დაწყებისთანავე დატოვა, შესაბამისად კირთაძე მას ვერც ერთ კადრში ვერ ნახავდა. კირთაძეს კი მოვუწოდებ, რომ გადამდგარი გენერლების ჭკუაზე, რაც ნაკლებად გაივლის, მით უკეთესი იქნება საერთო საქმისთვის“, - აცხადებს ჭეიშვილი.