რატომ აპირებენ მუშები თელავი-თბილისის გზის გადაკეტვას?
კურორტ „ახტალას“ რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშები, რომლებიც კომპანია „ტერექს 21“–სგან ხელფასებს ვერ იღებენ, 21 დეკემბერს, პროტესტის ნიშნად თელავი – თბილისის ცენტრალური გზის გადაკეტვას აპირებენ.
ამ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
კახეთში კურორტ „ახტალას“ რეაბილიტაცია შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია „ტერექს 21“–ის ხელმძღვანელი ვაჟა ფანჩულიძე აცხადებს, რომ პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა. მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ, სპეციალურად პრეზიდენტის ვიზიტისთვის, პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების თაობაზე, დავალებებს იუსტიციის მინისტრის მაშინდელი მოადგილისგან გიორგი ცხაკაიასგან იღებდა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კურორტ „ახტალაზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 18 სექტემბერს, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე 12 დღით ადრე დაათვალიერა.
ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, არჩევნების შემდეგ კომპანია „ტერექს 21“–ის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. ამ მიზეზით, კომპანია „ახტალას“ რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშებისთვის ხელფასების გადახდას ვერ ახერხებს.
„რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე იყო ჩამოსული ერთი თვის წინ. ხელფასებთან დაკავშირებით ჩვენი პრობლემა ვუთხარით. დაგვპირდა, რეაგირება იქნებაო, მაგრამ არაფერია. ყადაღა ადევს და ხელფასებს აღარ გვაძლევენ. თუ ფული არ მოგვცეს, სამინისტროსთან ჩავალთ და შიმშილობას დავიწყებთ“, – განუცხადეს მუშებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.