მინდა ვხატო, ვიარო, ვირბინო, ვიცეკვო, დავინახო!

მინდა ვხატო, ვიარო, ვირბინო, ვიცეკვო, დავინახო!

ხვალ ზალიკო სულაკაურის სადღესასწაულო გასართობ ცენტრში იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვებისთვის სპეციალური ღონისძიება მოეწყობა.  ღონისძიების ინიციატორია „იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვების მშობელთა კავშირი“, რომელიც უკვე ერთი წელია დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნავს.


ღონისძიება  რამდენიმე ნაწილისგან შედგება.  პირველ ეტაპზე პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი მაკა იოსელიანი მოწვეულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს გააცნობს დაავადების პრობლემის არსს, ისაუბრებს  იუვენილური ართრიტის გამომწვევ მიზეზებსა და მათ დაძლევის გზებზე.


ზალიკო სულაკაური სპეციალურად იუვენილური ართრიტით დაავადებული  ბავშვებისთვის   მოაწყობს  ხატვის გაკვეთილს. ამ დღეს  ისინი  სურვილებს აისრულებენ: დახატავენ, ირბენენ, იცეკვებენ და გაერთობიან ზღაპრის გმირებთან ერთად.


ღონისძიების მიზანია, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მოპოვება, რაც დაავადებულ პატარაებს დაეხმარება, მეტი გააკეთონ დამოუკიდებლად, ყოველდღიურ ცხოვრებაში. 


დაავადების სამკურნალო მედიკამენტების მაღალი ფასის გამო მხოლოდ ერთეული პაციენტები იღებენ ადექვატურ და დროულ მკურნალობას. სახელმწიფო პროგრამების არარსებობა მნიშვნელოვნად ამძიმებს დაავადებული ბავშვების პროგნოზს. აღნიშნულის გარდა, თავად პაციენტებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მათი მშობლების არასწორი დამოკიდებულება დაავადებასთან, პაციენტის მძიმე მდგომარეობის არაადექვატური შეფასება და დაავადების შესახებ ონფორმაციის დეფიციტი.


იუვენილური ართრიტი 6 თვიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება, სამწუხაროდ, კონკრეტული გამომწვევი მიზეზი უცნობია. იუვენილური  ართრიტით ყოველი 100 000 ბავშვიდან, დაახლოებით, 100 ავადდება, ბავშვების ნახევარზე მეტს უვითარდება ქრონიკული პერსისტენტული ართრიტი, ხოლო მათ ნახევარს აღენიშნება მნიშვენლოვანი შრომისუუნარობა და ინვალიდობა. პაციენტთა ნახევარზე მეტი, (დაავადების განსაკუთრებით მძიმე ფორმა), 5-10 წლის განმავლობაში III-IV ჯგუფის ინვალიდი ხდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: