პოლიციამ მაღაზიის მძარცველები დააკავა
მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე პოლიციამ ორი პიროვნება დააკავა. ამის შესახებ შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
ერთობლივი სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის 1-ლი განყოფილებისა და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე შოთა დ. და კახაბერ ს. დააკავეს.
2012 წლის 11 დეკემბერს, შოთა დ-მ ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან 12 მობილური ტელეფონი, 2 ციფრული ფოტოკამერა და 1 ვიდეოკამერა მოიპარა, რითიც მეპატრონეს ჯამში 2000 ლარამდე ოდენობის ზარალი მიაყენა.
შემდგომი გასაღების მიზნით, მოპარული ნივთები მან თანამზრახველს, 1980 წელს დაბადებულ კახაბერ ს-ს გადასცა.
თბილისში, გლდანის მასივში მდებარე კახაბერ ს-ს დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ამოიღეს. დადგინდა, რომ კახაბერ ს. დაკავების მომენტში, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის (ქურდობა)1-ლი ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით დაიწყო.