ბიძინა ივანიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ბიძინა ივანიშვილის გვერდზეა აღნიშნული, საახალწლო მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
პრემიერმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა ყველა იმ ნაბიჯისა და ურთიერთობისთვის, რომელიც ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შედგა.
„ვიხსენებ საარჩევნო პერიოდს, ჩვენს მრავალმხრივ შეხვედრებს, პრობლემების განხილვას, თქვენს მხარდაჭერას პროცესებისადმი. თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით და საქართველოს მოსახლეობის დიდი ძალისხმევით, 1 ოქტომბერს მოხერხდა და საქართველოს ისტორიაში მართლაც წარმატებული არჩევნები ჩატარდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი იყოს.