გიორგი აბაშიშვილი: წყალი და გამაგრილებელი სასმელები გაძვირდება!
არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები) მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას დაექვემდებარება. საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება 2013 წლის 1 იანვრიდან განხორციელდება.
არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის №129 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრება, რომელიც წარმოადგენს ცვლილებას „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში.
ბრძანების თანახმად, შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება შემდეგნაირად განისაზღვრა - არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) – 1000 ცალ ერთეულზე – 5,5 ევროს ექვივალენტი ლარებში, ხოლო მინერალური და მტკნარი წყლისათვის – 1000 ცალ ერთეულზე – 4,63 ევროს ექვივალენტი ლარებში.
ელექტრონულ მარკირებას კი საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, შვეიცარული კომპანია “SICPA” განახორციელებს, რომელსაც არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების საფასურს გადაუხდის.
ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებენ და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებას პროგნოზირებენ.
„ახალი კანონით გათვალისწინებული ელექტრონული მარკირების სისტემა, იმის გამო, რომ მისი მომსახურების საფასური საკმაოდ ძვირი დაჯდება, ყველა შემთხვევაში იმოქმედებს პროდუქციის თვიღირებულებასა და შესაბამისად ფასზე. წყალი და გამაგრილებელი სასმელი უბრალოდ გაძვირდება, როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ასევე გაძვირდება მისი საექსპორტო ფასიც“,- განმარტავს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი.
ექსპერტი ამ ახალ რეგულაციას ჯერ მომხმარებლის პოზიციიდან განიხილავს და ამბობს, რომ მომხმარებლისთვის იგი არანაირად ხელსაყრელი არ არის, რადგან ნებისმიერი დამატებითი ვალდებულება, რაც მწარმოებელს ეკისრება, პროდუქციის გაძვირებას იწვევს. შესაბამისად, მომხმარებლის ინტერესი - მიიღოს პროდუქცია უფრო იაფად, დარღვეულია.
„მწარმოებელს, ახალი რეგულაცია ტვირთად აწვება. როგორც წესი, როდესაც პროდუქციის ღირებულება იზრდება, გადასახადის გადანაწილება გამყიდველსა და მყიდველს შორის ხდება. კერძოდ, გამყიდველი, ანუ მწარმოებელი მიიღებს ნაკლებ შემოსავალს და ამ დროს მყიდველი გადაიხდის უფრო მეტს. საერთო ჯამში, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არის საჭირო მწარმოებლებისთვის რაიმე დამატებითი ვალდებულების დაკისრება, რაც შემდეგ უკვე არა მხოლოდ მწარმოებელს, არამედ მომხმარებელსაც აზარალებს“, - აცხადებს ექსპერტი.