უბრალოდ განვიტვირთოთ...საუბრები პოლიტიკის გარეშე

უბრალოდ განვიტვირთოთ...საუბრები პოლიტიკის გარეშე

უბრალოდ განვიტვირთოთ...

გეპატიჟებით   ფინჯან  ყავაზე

   დღეს ყველა და ყველაფერი გაპოლიტიკოსებულია. ძალიან ხშირად მსმენია საზოგადოებისგან, რომ დაიღალა ამდენი პოლიტიკისგან და მათი სამართლიანი წყრომაც მომისმენია-ტელევიზორს ჩართავ-პოლიტიკაა, გაზეთს გადაშლი-პოლიტიკაა, საიტები წალეკა პოლიტიკამ. ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ განვიტვირთოთ და ვისაუბროთ ყველაფერზე პოლიტიკის გარდა. უკვე საღამოა და დაძაბული დღისგან განსატვირთავად, სულ ცოტა დასვენება ნამდვილად არ გვაწყენს. ამიტომ სანამ შემოგვიერთდებით, ერთი ფინჯანი ყავა მოიდუღეთ, რამე ტკბილეულიც დაიდეთ გვერდით, მოხერხებულად მოკალათდით, ცოტა დავისვენოთ და წავიჭირავოთ ჩემს სტუმრებთან ერთად, რომელსაც კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ ამ საღამოს მათ სხვა ამპლუაში გაიცნობთ და ბევრ რამეს ისეთს გაიგებთ მათ შესახებ, რაც არ იცოდით.

   ახლა ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ. რა არის ჭორი? საიდან მოდის და რის საფუძველზე იქმნება? რატომ ჭორაობენ ადამიანები? დამაინტერესა და სტუმრების მოსვლამდე ინფორმაცია მოვიძიე. 

   "ჭორი არის სოციალური მოვლენა. სადაც არსებობს საზოგადოება, იქ ვრცელდება ჭორიც. ჭორი ვრცელდება ელვისებურად, გააჩნია საკმაო რეზონანსი და გავრცელების დიდი არეალი. ჭორი რამდენიმე სახის ყოფილა -პოლიტიკური, ეკოლოგიური, საყოფაცხოვრებო, ინდივიდუალური. წარმოშობის მიხედვით კი ჭორი იყოფა სპონტანურად და წინასწარ განზრახულად"

   ასეა თუ ისე, ჭორი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და ხალხს სჯერა კიდეც მისი.

   ვინ ავრცელებს ჭორებს?

   ჭორს ორი წყარო აქვს-უშუალოდ ვინც მოიგონა და მისი გამავრცელებელი ჯაჭვი. ხან ჭორის მომგონებელთან მისივე შეთხზული ჭორი ისეთი სახეცვლილი მიდის, რომ თავადაც კი იჯერებს. აუცილებელი არ არის ჭორს ყოველთვის ბოროტი ზრახვები ჰქონდეს, აქედან გამომდინარე ჭორი შეიძლება იყოს ბოროტი და უბოროტო. ხანდახან ჭორი ვრცელდება პიარისთვის, ზოგჯერ კი ჭორის საფუძველი შურია...

   როგორ ვებრძოლოთ ჭორს?

   ეს ძალიან რთულია და ჯერ არც ერთ მეცნიერს არ შეუქმნია ისეთი მექანიზმი, ჭორთან ბრძოლას რომ შეძლებს.. ჭორი განუწყვეტლივ წარმოიქმნება, ახალ დეტალებს იძენს, გარდაიქმნება და ახალი იბადება.

   ახლა არ მითხრათ, არასდროს გვიჭორავიაო, ვერ დავიჯერებ, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ეჭორაოს თუნდაც "თეთრი" ჭორით. საინტერესოა ვის უფრო მეტად უყვარს ჭორაობა-ქალებს თუ კაცებს? ხალხს თუ დაუჯერებ, ჭორაობა ქალბატონების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა მამაკაცებსაც არანაკლებ ახასიათებთ ეს თვისება და თუ დავუკვირდებით მათ მიერ მოგონილ ჭორებთან ქალების მიერ შეთხზული ჭორი ახლოსაც ვერ მივა...

ქალები ამბობენ, რომ ჭორაობაში დრო გაჰყავთ და სხვას არაფერს უშავებენ, აი კაცები რომ შეიკრიბებიან და მარტო რჩებიან, თურმე ისეთ ჭორებს ავრცელებენ...მართლაც საინტერესოა რაზე საუბრობენ მამაკაცები, როცა მათ საზოგადოებაში სუსტი სქესის წარმომადგენლები არ არიან, რა სურთ მათ და რა სჭირდებათ ბედნიერებისთვის? რა თემაზე საუბრობენ უფრო მეტად და როგორ რეაგირებენ ჭორზე? აი, ამიტომაც დღეს ყავაზე მხოლოდ ძლიერი სქესის წარმომადგენლები დავპატიჟე, თან სხვადასხვა ასაკის და პროფესიის, რომ უფრო მეტი წარმოდგენა შეგვექმნეს.

   სანამ ჩემი სტუმრები მოვლენ, ძვირფასო ქალბატონებო, მოდით ერთად მოვამზადოთ ყავის კოქტეილი, რომელიც თურმე ყველაზე სასიამოვნო დასალევი სწორედ მაისის თვეში ყოფილა.

   დავიწყოთ. 3 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ 3 სუფრის კოვზ შაქართან ერთად, დავამატოთ 3 ჭიქა ანადურარი და გაცივებული რძე, 3 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა და მიქსერით კარგად გავთქვიფოთ. ახლა კოქტეილი ჩავასხათ მაღალ ჭიქებში და ყინულის თითო ნაჭერი ჩავაგდოთ. აი, ყავაც  მზადაა, დროა სტუმრებს მივხედოთ.

   დღეს სტუმრად ბიზნესმენი," სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ვახტანგ ჟორდანია, ჟურნალისტი ზაზა სვანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენ საქართველოს მოქალაქენი" -ს წარმომადგენელი არჩილ წაქაძე, ჟურნალისტი ზვიად ბიაშვილი, მომღერალი ლაშა ღლონტი და  სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველი მოვიწვიე, დარწმუნებული ვარ თითოეულ მათგანს ასე თუ ისე იცნობს ჩვენი მკითხველი და საინტერესო იქნება მათი სხვა თვალით დანახვა, მითუმეტეს ახლა, როცა წინ...კინაღამ დამავიწყდა შეთანხმება, რომ არც ერთი სიტყვა პოლიტიკაზე! 

   -როგორც შევთანხმდით ამ საღამოს უბრალოდ ვისვენებთ და ვსაუბრობთ ყველაფერზე პოლიტიკის გარდა, პოლიტიკაზე ერთი სიტყვაც კი არ უნდა ვთქვათ. პოლიტიკის გარდა, რაზე საუბრობთ კაცები, როცა მანდილოსნების გარეშე იკრიბებით?

ნიკოლოზი:-მანქანებზე, ქალებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ვახტანგი:--თუ იმ მეგობრებთან ერთად ვარ, რომელთა საერთო შეხების წერტილი ბიზნესია, ბიზნესზე, თუ ბავშვობის მეგობრები ვიკრიბებით, განვლილ წლებს ვიხსენებთ და მერე ეს შეხვედრა ტრადიციულად ქართული სუფრით გრძელდება, ასე რომ საჭორაოდ არ გვცალია იქიდან გამომდინარე, რომ იმდენი მოსაგონარი გვაქვს, იმდენი სალაპარაკო გვაქვს, ისე იშვიათად ვხვდებით უკვე ერთმანეთს, რომ საჭორაოდ დროის დაკარგვაც კი გვენანება. ერთმანეთის ამბები იმდენად გვაინტერესებს, რომ ვიღაცაზე ან რაღაცაზე არ ვსაუბრობთ.

არჩილი:-კაცები ძირითადად სუფრასთან თუ შევიკრიბებით ხოლმე, ისაც ძალიან იშვიათად, რომ ქალბატონების გარეშე და ალბათ მოულოდნელი არაფერი იქნება იმაში,  ძირითადად კი პოლიტიკაზე ვსაუბრობთ ხოლმე.

ზაზა:-ქალებზე, ნუ, მე ამ ეტაპზე უცოლო კაცი ვარ და არა მგონია უხერხული იყოს ამ თემაზე თუ ინტერესით ვისაუბრებ.

ზვიადი:-ვსაუბრობთ გოგოებზე, მანქანებზე, ტექნიკის მიღწევებზე.  ვგეგმავთ, სად გავერთოთ და სად ვჭამოთ კარგი ხინკალი ან მწვადი.

ლაშა:-ადრე ქალებზე ვსაუბრობდით, რაც წლები გვემატება სულ საქმეებზე ვსაუბრობთ და იმაზე, რომ სიბერე ტკბილი გვქონდეს.

-კაცები თუ ჭორაობენ?

ვახტანგი:-ზოგადად, მე როგორც მსმენია კაცები ჭორაობენ, ეს ჭორაობა, ჩემი აზრით გამოწვეულია ისევ და ისევ ტოტალური უმუშევრობით, მაინც სოციალურ ფონამდე მივყავართ ამას, არა აქვთ საქმე, არ იციან რა გააკეთონ და ჭორაობენ და როგორც მსმენია, არაფრით ჩამოუვარდებიან ქალებს ჭორების შეთხზვაში.

ლაშა:-კაცები ქალებზე უფრო მეტად ჭორიკნები ვართ (იცინის)

ზაზა:-კი, კაცები ქალებზე არანაკლებად ვჭორაობთ.

ზვიადი:-კი, ჭორაობენ, ოღონდ ბევრს არა. საერთოდ ადამიანის ტიპაჟზეა დამოკიდებული რამდენად ჭორიკანაა. მე არ მიყვარს ბევრი ჭორაობა. ჩემი საფიქრალიც ბევრი მაქვს. უფრო უსაქმური ბიჭები ჭორაობენ. მე ასე მგონია.

არჩილი:- კაცებიც ჭორაობენ... სხვათა შორის, როგორც მანდილოსნები ამტკიცებენ, კაცები უფრო მეტს ჭორაობენ.

ნიკოლოზი:-კი, კაცებსაც ახასიათებთ ჭორაობა.

-თქვენზე თუ გსმენიათ ჭორები და რა რეაქცია გქონიათ? რა იყო ის ჭორი, რომელმაც ძალიან გაგაბრაზათ?

ნიკოლოზი:-ჭორს გიგონებენ ალბათ უფრო მაშინ, როცა საინტერესო ხარ ამა თუ იმ წრეში, თუ არ ჩანხარ და უინტერესო ხარ, არ მოიგონებენ. მე ძალიან მშვიდად ვხვდები მსგავსს რაღაცეებს, რაც უფრო ცივი გონებით შევხედავთ ასეთ საკითხებს უკეთესია. უაზროდ ნერვების მოშლა, არანაირ შედეგს არ მოიტანს.

ვახტანგი:- გულწრფელად გითხრათ, ჩემზე ჭორი არ მახსენდება. როცა ვინმე მიწყებს ლაპარაკს, რომ ამან და ამან შენზე ასე თქვა, მაშინვე ვაჩუმებ და ვეუბნები, რომ არ მაინტერესებს და მართლა არც მაინტერესებს და არც ვისმენ. გინდა კარგი იყოს და გინდა ცუდი, გონებას არ ვიტვირთავ ამით. ასე რომ რადგან არ ვაქცევ ყურადღებას, არც ვისმენ და არც მასხენდება.

ზვიადი:-მსმენია, მაგრამ ბოროტი ჭორი არა, რომ გავბრაზებულიყავი.

არჩილი:-არც ისე ცნობილი ვარ, რომ ჩემზე ვინმემ ბოროტად იჭორაოს, ამდენად რეაქციაც შესაბამისია - მსუბუქად მახალისებს ხოლმე. ალბათ იყო ისეთი ჭორიც, რომელმაც გამაღიზიანა, მაგრამ ნებისმიერი გაბრაზება მაქსიმუმ 5 წუთში ჩამიქროლებს ხოლმე და ამიტომ ესაც არ მახსოვს.

ზაზა:-მოდით, ჯერ ჭორაობის სვანაძისეულ განმარტებას გეტყვით-ჭორაობა არის დაუდასტურებელი ან დადასტურებული ინფორმაციების გავრცელება კონკრეტულ ადამიანზე, როცა ის  მასზე საუბრის მომენტში არ იმყოფება  კონკრეტულ გამჭორავთა გარემოცვაში. რაც შეეხება ჩემზე ჭორებს, კი გამიგია და არაერთხელ. ძალიან გამოვსულვარ მწყობრიდან. ძირითადად პირად ცხოვრებაზე არსებულ ჭორებს გამოვყავარ მდგომარეობიდან, რომელთაც საბაბი არა აქვთ ხოლმე წარმოშობის. თუმცა ეტაპობრივად ამასაც შევეგუე და აღარ მაღიზიანებს ჩემზე ჭორები. ადრე  უფრო მწვავედ ვრეაგირებდი, ახლა აღარ.

ლაშა:-კი, იყო ასეთი რამ, თურმე  ცოლს გავშორდი, რომ თეა ჩემი მეორე ცოლია და პირველს შევურიგდი იმ სიმღერის მერე-"მონატრებიხარ ფიქრებს". რაც უფრო წარმატებული ხდები, უფრო საოცარ ჭორებს იგებ საკუთარ თავზე.

-ზვიადმა ბოროტი ჭირო არ იყო და არ გავბრაზებულვარო, თქვენ როგორ ფიქრობთ, კეთილი ჭორი არსებობს?

ნიკოლოზი:-კეთილი იქნება ჭორი თუ ბოროტი, თუ ის ვინმეს პირად ცხოვრებას ეხება, მიუღებელია ჩემთვის. არავის აქვს უფლება სხვის პირადში ჩარევის, ასე რომ თუ ვიღაცის პირად ცხოვრებას შევეხეთ, როგორი კეთილიც არ უნდა იყოს ჭორი, მაინც ბოროტი ზრახვა აქვს.

ზვიადი:-კი, ალბათ არსებობს.

არჩილი:-კეთილი ადამიანები კეთილად ჭორაობენ.

ზაზა:-კი, კეთილი ჭორი არსებობს და აქვე დავამატებ, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ეჭორაოს.

ლაშა:-ჭორებზე მეცინება. კი, კეთილი ჭორი არსებობს და მე ვავრცელებ იმ ადამიანებზე, ვინც მიყვარს, ანუ ამ ადამიანის კარგ თვისებებს ვაზვიადებ.

ვახტანგი:-ჭორი ჭორია, კეთილი ჭორი არ ვიცი, ერთია, რომ ჭორი ყოველთვის მუშაობს. შეიძლება ბოროტი ზრახვებით გავრცელებულმა ჭორმა დადებითად იმუშაოს და პირიქით.

-ამბობენ, როგორც "კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს", ისე  ჭორს ყოველთვის სიმართლის მარცვალი უდევს საფუძვლადო. ეთანხმებით?

ვახტანგი:-კი, შეიძლება ჭორში იდოს სიმართლის მარცვალი, მაგრამ იმდენად გაღვივებული და მერე გავრცელებულია, რომ ჭორში სიმართლის მარცვალი იკარგება.

ნიკოლოზი:-ძირითადად რაღაც სიმართლის მარცვალი არსებობს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ჭორი სრულიად მოკლებულია ამ სიმართლის მარცვალს და უსაფუძვლოა. 

ზვიადი:-რას გაიგებ? ეგ იმაზეა დამოკიდებული, ესა თუ ის ადამიანი, რაღაც კონკრეტულს როგორ აღიქვამს.

ზაზა:-კი ასეა , თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა არსებობს ცეცხლი კვამლის გარეშეც. ისე, გამოთქმა ცეხცლზე და კვამლზე სტალინის თანაგუნდელებმა მოიგონეს თურმე 30 იან წლებში. რომ დააკავებდნენ ადამიანს – მამაო ჩვენოსავით მიაყოლებდნენ ქოქოლას თურმე  მავანნი. "ცეცხლი კვამლის გარეშე არ არსებობსო"-30-იანი წლების რეპრესიების ავტორებს მოუგონებიათ.

-ნიკოლოზმა თქვა, რომ ჭორს იგონებენ ადამიანებზე, რომლებიც საზოგადოებაში ჩანან და მისთვის მიმზიდველი პოროვნებები არიანო. როგორ ფიქრობთ, თქვენ ხართ საზოგადოებისთვის მიმზიდველი?

ლაშა:-მე ვიცი, რომ ძალიან ვუყვარვარ ხალხს და ეს არ არის ჩემი დამსახურება, ეს იმ სიმღერის დამსახურებაა და უფლის მადლია.  

არჩილი:-განვმეორდები - არ ვარ და არც მინდა ვიყო საზოგადოებისთვის იმდენად ცნობადი, რომ ჩემზე ჭორების შეთხზვა დასჭირდს ვინმეს. საკმაოდ გახსნილი გახლავართ ურთიერთობისთვის და საჭორაო სივრცეს არა მგონია ვტოვებდე.

ნიკოლოზი:-ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიური საზოგადო მოღვაწეობით ცხოვრობ. ალბათ საზოგადოების იმ ნაწილში, სადაც ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, ასე თუ ისე ვარ, თუმცა ცნობადობა ჩემს თვითმიზანს არასდროს წარმოადგენდა.

ვახტანგი:- დრო გვიჩვენებს, ახლა კი გარკვეული ნაწილისთვის შეიძლება მიმზიდველიც ვიყო.

ზაზა:-მე? არა მგონია – საზოგადოების ნაწილს ზუსტად ვიცი რომ ვაღიზიანებ,  სიმართლე გითხრათ თავქარიანი ბიჭი აღარ ვარ, 31 წელს გადავაბიჯე და ხალხის აზრსაც ვუფრთხილდები ზოგჯერ, ადრე არ მაინტერესებდა დიდად ბევრის აზრი, ახლა ვუფრთხილდები. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს, ისეთებს, რომლებიც ჩემს ინტერესებში არ შედიან, ვიცი, რომ ვაღიზიანებ, თუმცა მე პოპ ვარსკლავი არ ვარ და არაა აუცილებელი ვუყვარდე ადამიანებს, არც პოლიციის უფროსები უყვართ ბევრგან–მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ–ეს უწყება არ უნდა არსებობდეს. შეიძლება  არაზუსტი შეფასებაა, მაგრამ ასეა.

-ძალიან თავმდაბლობა ხომ არ გამოგდით?  ჩემი დღევანდელი ყველა სტუმარი საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანი ხართ, ქუჩაშიც გცნობენ, როგორი განცდაა ეს და რას გრძნობთ ამ დროს?

ზვიადი:-არაფერს არ ვგრძნობ. არ მიყვარს დანარჩენი საზოგადოებისგან რომ მარჩევენ. რა პროფესიისაც არ უნდა იყო და რა პოსტზეც არ უნდა იჯდე, არასდროს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენც ჩვეულებრივი ადამიანი ხარ.

ნიკოლოზი:-ერთ ისტორიას მოგიყვებით.ერთი ადამიანი ქუჩაში შემთხვევით შემხვდა და მითხრა-მე შეშლილი ჯონი ვარ, ნახე ყოუტუბზე რამდენი ნახვა მაქვსო, მართლაც ვნახე და მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. მთავარი ის კი არ არის, რამდენჯერ გნახავს ტელევიზიით ვიღაც, მთავარია რას აკეთებ და რა გზით მიდიხარ. რაც შეეხება განცდას, შეიძლება თავიდან გაგიხარდეს, მაგრამ მერე, კარგად რომ დააკვირდები ხვდები, რომ განსაკუთრებული არაფერია. მთავარია, როგორ გიხნობენ, ეს უნდა ახსოვდეს ყველას.

არჩილი:-არა ვარ ცნობილი ადამიანი, ეგეთი არაფერი შემიქმნია ჯერ და თუ ოდესმე დავიმსახურებ ქუჩაში ხალხის ყურადღებას, ვისურვებდი მხოლოდ დადებით კონტექსტში.

ზაზა:-მე, ზაზა სვანაძეს, სახელით და გვარით უფრო მეტად მცობენ ზოგჯერ, ვიდრე  ჰაბიტუსით. პირველად მახსოვს ვაკეში სამარშუტო ტაქსში მიცნეს, 2002 წელი უნდა ყოფილიყო, მაშინ ერთ–ერთ არხზე მიმყავდა საავტორო გადაცემა და ეტყობა მიყურებდნენ. ბეჭი გაკრა ერთმა გოგონამ გვერდზე მჯდომს-ნახე, ეს  ზაზა არაა სვანაძეო? მაშინ 20 წლის ბიჭი ვიყავი და ძალიან გამიხარდა.

ვახტანგი:-მე არ ვარ ისეთი ცნობადი, რომ ძალიან უხერხულ სიტუაციაში მაგდებდეს, თუმცა გარკვეულწილად დისკონფორტს განვიცდი. მაქვს შემთხვევები, როცა სრულიად უცნობი ადამიანები მეუბნებიან, რომ საიდანღაც მიცნობენ და იწყება გამოკითხვა, საიდან გიცნობთ და საკმაოდ უხერხულად ვგრძნობ თავს. სასიამოვნოა მაშინ, თუ გაიხსენებენ სად ვუნახივარ.

ლაშა:-ძალიან მაგარი განცდაა, როცა გცნობენ, მაგრამ უფრო მაგარი ისაა, რომ გცნობენ იმიტომ, რომ უყვართ ის, რასაც აკეთებ.

-კაცები რომანტიკოსები არიან? თქვენ? და რა შეგიძლიათ საყვარელი ადამიანისთვის გააკეთოთ რომანტიკული და დაუვიწყარი?

ვახტანგი:-კი, ალბათ არიან. მეც ვიყავი რომანტიკოსი, მაგრამ ახლა უფრო მეტად საქმეებზე ვარ გადართული და უკვე ყველაფერს ვუყურებ რეალურად. ვცხოვრობ დღევანდელი დღით და ხვალინდელზე ორიენტივით, ნამდვილად არ ვცხოვრობ წარსულით. მე მუდმივად მახსოვს წარსული , მაგრამ ვცხოვრო დღევანდელი დღით. რა გამიკეთებია რომანტიკული? განსაკუთრებული არაფერი არ მახსენდება, ყვავილის ჩუქება, ან მაგალითად მთის მწველვალზე წაყვანა თუ რომანტიკად ითვლება, მაშინ გამიკეთებია. ერთ ისტორიას გავიხსენებ-20 წლის ვიყავი, მეგობართან ერთად წავედი შოვში, სადაც კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, მხოლოდ მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა იქ და ჩვენ 10 დღე გავატარეთ ასე განმარტოებულად.

ნიკოლოზი:-კაცების უმეტესობა რომანტიკოსია, მე ნამდვილად ვარ. რა შემიძლია გავაკეთო? ალბათ ყველაფერი, რაც კი გააბედნიერებს ჩემს საყვარელ ადამიანს, მაგრამ გულების დანთება და ასეთი რაღაცეები რატომღაც ყოველთვის ბანალურად მიმაჩნდა. ვფიქრობ, მარტო ამით არ ვლინდება რომანტიზმი. მახსოვს, ადრე ჩემზე 10 წლის უფროსი ქალი მიყვარდა და ვცდილობდი ძალიან ყურადებიანი ვყოფილიყავი, მაგრამ სულ მსაყვედურობდა, რომ საერთოდ არ ვიყავი რომანტიკული, ალბათ ყველა ასაკში სხვადახსვანაირად აღიქმება ყველაფერი.

ლაშა:-ზოგი რომანტიკოსია, ზოგი-არა. რას გავაკეთებ? იმაზე მეტს ვერ გავაკეთებ, ვიდრე გიტარით ვუმღერო.

არჩილი:-რომანტიკისთვის ძალიან მცირე არეალია ჩვენს ყოველდღიურობაში. უამრავი პრობლემა, რაც ჩვენს გარშემოა, არ იძლევა რომანტიკის საკვებს. თუმცა ძალიან იშვიათად მაინც ჩემშიდაც გამოკვესავს ხოლმე მიძინებული რომანტიკოსი.

ზაზა:-კითხვის ფორმულირება არ მომწონს, პლანეტაზე მილიარდობით კაცია და ყველა არ  უნდა ჰგავდეს ერთმანეთს. ვეჭვობ, მე რომანტიკოსი არ ვარ.  ერთხელ ხაშის ჭამის დროს შევთავაზე ერთ გოგოს ცოლობა. ეს ადრე იყო, 23–24 წლის უნდა ვყოფილიყავი. რა შემიძლია გავაკეთო? თუ ფული მექნება ვიმოგზაურებთ. ექსკლუზიურად თქვენთვის ვიტყვი ახლა იმას, რაც არსად მითქვამს, გამოგიტყდებით, ამ ბოლოს კრეატიულობის დეფიციტს განვიცდი, ადრე უფრო ვიყავი რომანტიკული, ბოლო პერიოდში საწოლს არ სცდება ჩემი ფანტაზიები(იცინის).

ზვიადი:-რომანტიკოსები არიან როგორც კაცები, ისე ქალბატონები. მე ნაკლებად რომანტიკული ვარ. თუ რა შემიძლია საყვარელი ადამიანისთვის გავაკეთო რომანტიკული და დაუვიწყარი, მოდი ამას საიდუმლოდ დავტოვებ.

-რა არის საჭირო იმისთვის, კაცმა რომ თქვას-ბედნიერი ვარო?

ნიკოლოზი:-პირველ რიგში ოჯახის კეთილდღეობა, შემდეგ უკვე წარმატებული კარიერა და ჯანმრთელი ცხოვრების წესი, რაც სამწუხაროდ ასე გვაკლია დღეს.

არჩილი:-ჩემი გადასახედიდან ბედნიერებისთვის ადამიანს სჭირდება საყვარელი მეუღლე, კარგი საურთიერთობო წრე, ღიმილიანი სახეები ქუჩაში და იმის შესაძლებლობა, რომ წვდომის არეალში სიყვარულის და სიკეთის თესვა შეეძლოს...

ზვიადი:-საკუთარი ოჯახი და კარგი შემოსავალი.

ვახტანგი:-ბედნიერებაა, როცა შენთვის ძვირფასი ყველა ადამიანი ჯანმრთელად გყავს, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც გიყვარს, რომელზეც ზრუნავ. ზოგს რომ ჰგონია ბედნიერებაა გყავდეს მანქანა, გქონდეს ბინა...ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ეს არ არის სრულყოფილი ბედნიერება. ცხოვრებაში მინიმუმი ყოველთვის ყველაფერი მქონდა, შეიძლება მინიმუმზე მეტიც, მაგრამ შინაგანად ცარიელად ვგრძნობ თავს.

ზაზა:-გვერდზე გედგას ძლიერი ქალი – ვიმეორებ – ძლიერი და არა სექსუალური ან ფულიანი, ეს არ იგულსიხმება. ერთგული და ძლიერი ქალი როდესაც ჰყავს მამაკაცს, ის ძლიერია!

ლაშა:-კაცი ყოველთვის იტყვის ბედნიერი ვარო, თუკი ის საყვარელ საქმეს აკეთებს, ამით იძენს შემოსავალს და თუ მას უნდა ის იყოს ბედნიერი.

-თქვენ თუ გიჭორავიათ? ან რამე ჭორი თუ მოგიგონიათ, შეიძლება ვინმე პიროვნებაზე არა, მაგრამ მოვლენაზე, მდგომარეობაზე...

ნიკოლოზი:-არა, გულწრფელად გეუბნებით არასდროს არავისზე არ მიჭორავია, ვინც კარგად მიცნობს დამეთანხმება.

არჩილი:-ალბათ მიჭორავია, შეიძლება ჭორიც შემითხზავს, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ - არავითარ შემთხვევაში ვინმესთვის საზიანო არ იქნებოდა.

ლაშა:-კი, მომიგონია ჭორი, რომელიც ზალიან მინდა რომ ახდეს-დალაგდება პოლიტიკური მდგომარეობა და საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გაბრწყინდება.

ზვიადი:-არასოდეს ჭორი არც მომიგონია და არც გამივრცელებია. არაა ეგ კარგი საქმე. მითუმეტეს კაცისთვის.

ვახტანგი:-არა, არასდროს, იმდენი სალაპარაკო თემა გვაქვს მეგობრებს, როცა ვიკრიბებით, აზრადაც არავის მოსდის ვინმე გაჭოროს(იცინის)

ზაზა:- გამოგიტყდებით, მიჭორავია. მე მგონი ერთადერთი კაცი ვარ, რომელიც ამას ღიად აღიარებს. მომიგონია თუ არა?  მგონი კი. აქაც გულწრფელი ვიქნები, მე  თავადაც ჟურნალისტი ვიყავი და წლებია ამ მხრივ ვმოღვაწეობ და საოცრად მაღიზიანებს არაგულწფრელი რესპოდენტები,  ასე რომ მართალი რომ ვიყო გეტყვი,  ეს იყო უფრო ბავშვობაში, მაგრამ ასეთი ყოფილა – მიჭორავია და ცრუ ინფოებიც გამივრცელებია (იცინის).

-გასაგებია, რომ არასდროს გიჭორავიათ, მოდი ვცადოთ და ექსკლუზიურად ჩვენთვის ახლა, ამ წუთში თუ შეგიძლიათ რაიმე ჭორი მოიგონოთ? არ არია სავალდებულო ეს ჭორი კონკრეტულ ადამიანეს ეხებოდეს, ისე, ზოგადად...

ნიკოლოზი:-არაა, ნამდვილად გამიჭირდება(იცინის). ისე, ინპროვიზაციის უნარიც არ მაქვს, თუმცა ექსკლუზიურად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ინფორმირებული ადამიანი ვარ.

არჩილი:-რამდენად ჭორია, ვერ გეტყვით, მაგრამ სიმართლედ მომაწოდეს, რომ მინისტრ ხადურს თურმე საკუთარი მეურნეობის გაშენება ჩაუფიქრებია - საკუთარი პროდუქტით გავუმასპინძლდები სტუმრებს და მერე მაინც რაღას დამაყვედრითო.(იცინის)

ზაზა:-მოდი ასე დავყოფ(იცინის), კეთილი ჭორია ჭორი, თუ იტყვით რომ  – ესა თუ ის პიროვნება მაიამი ბიჩზე ისვენებს და ამ დროს ვარკეთილში ან გლდანშია,  ხოლო ბოროტი ჭორია თუ იტყვით, რომ იგივე პიროვნება (დიდი ალბათობით ქალბატონი ) მაიამი ბიჩზე 60 წლის ღიპიან პოლიტიკოსთან ერთად წავიდა.

ზვიადი:-არა, არ შემიძლია.

ვახტანგი:-კარგი, მოვიგონოთ და რომ არავის ვაწყენინოთ ამ ჭორით, მოდი ჩემზე მოვიგონოთ-აი, დღეს ვახტანგ ჟორდანია არის მარტო ადამიანი, რომელსაც შეიძლება ითქვას აქვს სურვილი მომავალში ჰყავდეს ცოლო, ოჯახი, საყვარელი ადამიანი გვერდით. ჭორი-ვახტანგ ჟორდანია თავისუფალია.

ლაშა:-ლაშა ღლონტზე იცით ქართველი რომ არ არის? ლაშა ღლონტი იტალიელია(იცინის)

-როგორი ყავა გიყვართ?

ზაზა:-ჰიპერტონიკი ვარ და წლები ისე გადის ყავას არ ვსვამ. ყავის დალევა ჩემთვის ტანჯვაა. სადმე რომ მოადუღებენ, მეუხერხულება და ტუჩს დავადებ მხოლოდ. ჩემმა მეგობრებმა იციან და ყავას არ მთავაზობენ – კვირაში ერთხელ ან ორჯერ ალბათ ჩაის თუ დავაგემოვნებ, ისიც უფრო   წელიწადის ცივ პერიოდებში.

ნიკოლოზი:-ყავას საერთოდ არ ვსვამ, ანუ აქედან შეიძლება დაასკვნათ, რომ ყველა ვაკელს ყავა არ უყვარს.(იცინის) ისე, ვერასდროს ვიგებდი ყავა და ვაკე ერთმანეთთან რა კავშირში იყო.

არჩილი:-ყავის დიდი სპეციალისტი არ ვარ, მთავარია ხარისხიანი იყოს და არომატული.

ზვიადი:-მნიშვნელობა არა აქვს. მე მაგარი უპრეტენზიო ვარ ჭამა-სმაში.

ვახტანგი:-მიყვარს რძიანი ყავა, მაგრამ უფრო მწვანე ჩაის ვსვამ.

ლაშა:-მიყვარს ზომიერად ტკბილი, ყინულთან ერთად დაბლენდერებული ცივი ყავა ნაყინით.

-და ბოლოს, დაგვიტოვეთ თემა, რომელიც მომავალ სტუმრებთან სასაუბრო თემა იქნება. გაითვალისწინეთ, რომ შემდეგში სტუმრად მხოლოდ ქალბატონები მობრძანდებიან.

ნიკოლოზი:-ქალბატონებს ალბათ ყველაზე კარგად სიყვარულზე საუბარი გამოუვათ.

არჩილი:-ქალბატონებთან ძალიან საინტერესო იქნებოდა ყბადაღებული გენდერული თანასწორობის თემაზე საუბარი.

ზაზა:-– იქნებ ჰკითხოთ ქალბატონებს, რატომ ინგრევა საქართველოში და კონკრეტულად თბილისში ახალგაზრდა ოჯახები, რა არის მათი დაკვირვებით ამის მიზეზი?

ზვიადი:-კი, ბატონო, დაგიტოვებთ: კოსმეტიკა, ლამაზი აქსესუარები, ტანსაცმელი და თმის მოვლა. ამ საკითხებზე ქალბატონები უფრო კომპეტენტურად ისაუბრებენ, ისე, რომანტიკაზეც კარგად ისაუბრებენ, ხო ასეა?

ვახტანგი:-როგორ უყურებენ მათ პირად ცხოვრებაზე ტელევიზიებში გაკეთებულ ხმამაღალ განცხადებებს, ან როგორ აფასებენ ბოლო დროს განხილვის თემად ქცეულ მახარაძის განცხადებას სექსთან დაკავშირებით. საინტერესოა, რაც ფიქრობენ ამაზე.

ლაშა:-მაინტერესებს ქალბატონების აზრი-სიყვარული ერთხელ მოდის თუ ბევრჯერ?

     სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი და თანაც საკმაოდ საინტერესო, მე პირადად სხვა მხარეებიც აღმოვაჩინე და დავინახე თქვენი სტატუსის მიღმა მდგარი განსხვავებული ადამიანები. იმედია თქვენც განიტვირთეთ ცოტა და მკითხველიც მოწყდა დაძაბულ რიტმს. სანამ დაგემშვიდობებოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი უმეტესობა ყავას ჩაის ამჯობინებს, მაინც მინდა გითხრათ თქვენც და  მკითხველსაც, რომელთა უმეტესობის ყავის ჭიქები დარწმუნებული ვარ არ ცრიელდება, რომ თურმე ყავას ბევრი სასარგებლო თვისება ჰქონია. დადებითად მოქმედებს მხედველობაზე და და ზრდის ბადურის მგრძნობელობას. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს და ენერგიასაც მატებს, გარდა ამისა,შეიცავს ძვირფას კოსმეტიკურ ინგრედიენტებს. მასში შემავალი პინოლის მჟავა აღადგენს კანის ელასტიურობას და ხელს უშლის მის დაბერებას. ყავას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ფიტოდაცვითი თვისებები. რამდენიმე ხნის წინ კი, იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის არომატი ხელს უწყობს წონის შემცირებას ფსიქოლოგიურ დონეზე. მაგრამ ყავის გადამეტებული დალევა მაინც არ არის რეკომენდირებული.

    წარმატებებს გისურვებთ და იმედია ქალატონების სტუმრობას არ გამოტოვებთ, ისინი ხომ თქვენს დასმულ კითხვებს უპასუხებენ.

    მე გემშვიდობებით და განწყობის შესანარჩუნებლად ყველასთვის საყვარელ, ლამაზ სიღერას გიტოვებთ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: