ისტორიას თანამედროვენი წერენ, მაგრამ მომავალი თაობები აზუსტებენ!
ამ ბოლო დღეებში მედიაში და სოციალურ ქსელებში ატეხილმა გულისამრევმა წყევლა-კრულვამ ერთი ამბავი გამახსენა კომუნისტური ეპოქიდან. თუ არ ვცდები, 1986 წელი იყო. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ჩხოროწყუს რაიონული გაზეთის რედაქციაში ვმუშაობდი.
მოულოდნელად პარტიის რაიოკომის პირველი მდივარი შეუძლოდ გახდა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა (აცხონოს უფალმა მისი სული). რაიონში ძალიან უხეში და დაუნდობელი კაცის სახელით სარგებლობდა. ბევრი ჰყავდა გამწარებული - თუ ვინმეს მიზანში ამოიღებდა, ბოლომდე არ გაახარებდა. განსაკუთრებით ენის მიმტანებს წყალობდა... სამწუხაროდ არც კი გადაამოწმებდა, ის უჩნდებოდა შურისძიების სურვილი. თუმცა, ხმას უბატონოდ ვერავინ სცემდა, ისეთ კუნთმაგარი ბიჭები ჰყავდა კუთხეში ატუზული, რომ...
რა შუაშია ეს მაგალითი ბოლო დღეების აურზაურთან?
შევარდნაძის არ იყოს, რაიონის მაშინდელ „ბელადს“, ცოცხალს ვერაფერს აკლებდნენ და რომ გარდაიცვალა, ყველამ თავისებურად ამოანთხია შხამი და სამსალა.
არავინ დაობს, შევარდნაძეს შეცდომები (თუ დანაშაული) არ გაუხსენონ, არ აკრიტიკონ, მაგრამ მერამდენედ გვიხდება იმაზე საუბარი, რომ მიცვალებულისადმი დამოკიდებულება მაინც ქრისტიანული უნდა იყოს!
ჭრელია საზოგადოება, მაგრამ თუ პანაშვიდზე მიმსვლელთა რაოდენობით ვიმსჯელებთ, ექს-პრეზიდენტს მეტი გულშემატკივარი ჰყოლია, ვიდრე მოწინააღმდეგე - ამას მანქანების კილომეტრიანი რიგები და მიმსვლელთა რაოდენობის მასშტაბებიც ამტკიცებს.
თქვე კაი ხალხო, თუ მან მაოხრებელი გზირის როლი შეასრულა საქართველოსთვის, სიცოცხლეშივე გაგესამართლებინათ და უფრო გამართლებყლიც იქნებოდა. აწი მისი გასამართლება ისტორიას მივანდოთ. შეიძლება პირუთვნელი მსაჯული გამოჩნდეს და თქვენი ბრალდებებიც გამართლდეს, მაგრამ, ხომ შეიძლება პირიქითაც მოხდეს?
განა ერთი და ორი ასეთი მაგალითი იცის საქართველოს ისტორიამ?!
არც ის დაგვავიწყდეს: ისტორიას თანამედროვენი წერენ, მაგრამ მომავალი თაობები აზუსტებენ!
ანდრია სალიშვილი