რა გენიოსი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი და რისი ღირსია საზოგადოება?!
ნაკლებად მაინტერესებს, აღმოვჩნდები თუ არა უმცირესობაში, არც იმის ილუზია მაქვს, რომ რასაც ვწერ, ყოველთვის აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ვღაღადებ. უბრალოდ, ვწერ და ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, რასაც ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება და ინტუიცია მკარნახობს.
მერე რაა, თუ ეს ვიღაცას (ვიღაცებს) არ მოსწონს - ყალბ რევერანსებს და „ჩინ-მედლებს“ დახარბებული არასდროს ვყოფილვარ, არც საკუთარი ჯვარის ტარების მეშინია და არც იმისი, თუ რას იფიქრებენ ჩემზე ვირტუალური კეთილდღეობის მოლოდინში გაბრუებული „კეთილმოსურნენი“.
ამ პატარა შესავლის შემდეგ ფრჩხილებსაც გავხსნი და პირდაპირ ვიტყვი: რა გენიოსი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი - „ნაციონალების“ სისასტიკით გაბოროტებულ საზოგადოებას მან შესთავაზა ის, რაც უნდოდა - „ქართული ოცნება“, ანუ ოცნება „ქართულად“, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება - ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება.
საბოლოოდ დავრწმუნდი: თუ გინდა პოპულარული გახდე, საზოგადოებას უნდა ელაპარაკო იმაზე, რასაც თვითონ ფიქრობს (რაც თვითონ უნდა) და არა იმაზე, რაც რეალურად არსებობს, მაგრამ მისი ოცნების საზღვრებს აშკარად სცილდება!
მაპატიეთ, მაგრამ, განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში საზოგადოება ქვევრს დაემსგავსა - რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს და თუ შემთხვევით „სხვა“ ხმაც გაერია, არ გაპატიებენ - შენც მათსავით უნდა იფიქრო და იაზროვნო - ბოლო-ბოლო „წითელი კვერცხი“ ხომ არა ხარ?!
ამ კატეგორიული ტონის მიზეზი ჩემი გუშინდელი სტატია - „ნაციონალური დიქტატურიდან „ოცნების“ დიქტატურამდე?!“ გახდა.
მთელი უბედურება იმაშია, რომ უმრავლესობამ დაწერილის სწორად წაკითხვისა და ობიექტურად აღქმის უნარი დაკარგა და ერთხელ გაზეპირებულის ტირაჟირებას უცერემონიოდ ახდენენ. მათი კომენტარებიდან ირკვევა, რომ მე თითქოს „ქართულ ოცნებას“ (დღევანდელ ხელისუფლებას) დიქტატურის დამყარებას ვაბრალებდე, ან „ნაციონალებთან“ ვაიგივებდე. ხატი, რჯული, ასეთი რამ არც მიფიქრია და არც დამიწერია.
მე არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ხაზგასმით დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ვთქვი: ცუდია, საქართველოს ყველა რეგიონში მხოლოდ ხელისუფლების კანდიდატებმა რომ გაიმარჯვეს-მეთქი და ეჭვიც გამოვთქვი - ერთპარტიული (კოალიცია მაინც ერთ სუბიექტად აღიქმება, სანამ არ დაიშლება) დიქტატიდან ხელისუფლების უკონტროლობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია და ამას არც თუ ისე შორეული წლების გამოცდილებით ვხსნიდი!
ბევრმა ეს სიტყვები ხელისუფლების კრიტიკად მიიღო და „ნაციონალების“ რუპორობაში დამადანაშაულა (აბა ერთი „ნაციონალებსაც“ ჰკითხეთ. შეიძლება თუ არა ჩემი მენტალობის ჟურნალისტი იყოს მათი რუპორი). ზოგი სიბრმავესაც მაბრალებს (სათვალეს კი ვატარებ, მაგრამ დიდება უფალს, სულიერ სიბრმავეს არ ვუჩივი) და მსაყვედურობს: რატომ ვერ ვხედავ, რომ „ესენი“ „ნაციონალებს“ არ ჰგვანან და ცოცხი და ხის ჯოხები უახლოესი წარსულის მწარე მოგონებად დარჩა!
თქვე კაი დედმამიშვილებო, ჯერ ერთი, რა შეღავათია, თუ ესენი სისასტიკით „ნაციონალებს“ არ ჰგვანან (ან რატომ უნდა ჰგავდნენ) და მეორეც, რატომ უნდა ვაკეთებდეთ შედარებას წინა ხელისუფლებასთან - ჩვენ ის უნდა ვთქვათ, როგორი უნდა იყოს ხელისუფლება და არა ის, ვინ ვის არ ჰგავს და ვინ ვისზე უკეთესია!
ერთი რამ უდავოა: ვიდრე ხელისუფლების შერჩევა-შეფასების კრიტერიუმები არ იქნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ნებისმიერი ახალი ხელისუფლება ისეთი იქნება, როგორიც მას აწყობს და არა ისეთი, როგორიც ჩვენ უნდა გვინდოდეს!
რაც არ უნდა უმცირესობაში დავრჩე, მე მაინც მგონია, რომ ბობოლა „ნაციონალების“ ციხეში ჩაყრით, ან ზოგადად, მათი განადგურებით საქართველოში ნანატრი ჟამი არ დაგვიდგება - ქვეყანაში სისტემური ცვლილებებია საჭირო, რომლისადმი მზაობას ჯერჯერობით „ქართულ ოცნებას“ ვერ ვატყობ.
რაც შეეხება სამართლიანობის დამკვიდრებას, რომელიც საზოგადოების უმრავლესობის აზრით, თურმე „ნაციონალების“ გასამართლებაში და უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებაში იმალება, მე ამაზეც საკუთარი აზრი მაქვს: დამნაშავეები უნდა დაისაჯონ (ამაზე ორი აზრი არ არსებობს), როგორც წესი, უკანონოდ წართმეული ქონებაც კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ ამ უკანასკნელთან საქმე ცოტა სხვაგვარადაა. ხელისუფლება ამის გაკეთებას არ ჩქარობს, რადგან, მათი თქმით, ბიუჯეტი ამას ვერ გაწვდება!
მე ერთ არაპოპულარულ, მაგრამ სავსებით ობიექტურ კითხვას დავსვამ: ჯერ ის გავარკვიოთ, რამდენად კანონიერად არის ნაშოვნი უკანონოდ წართმეული მილიონები და მერე მისი დაბრუნების ეფექტური გზაც უნდა მოვნახოთ.
რაც არ უნდა უმრავლესობის აზრთან თანხვედრაში არ ვიყო, საკუთარ პოზიციას დავაფიქსირებ: მგონია (თუ გინდათ ჩამქოლეთ!), რომ არც დაჭერებით და არც წართმეული ქონების უკან დაბრუნებით ქვეყანაში სამართლიანობა არ დამკვიდრდება. სამართლიანობის დამკვიდრებას სახელმწიფოს მოწყობის სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბება სჭირდება და „ქართული ოცნება“ თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ და ყველას ბოდიშსაც მოვუხდი!
რა ვქნა, ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება თუ არ მინდა და ზოგ-ზოგიერთებივით ყალბი დაპირებებით თუ არ ვიკვებები... ვარდისფერი სათვალეც კარგა ხანია მოვიხსენი!
P.S. ზოგიერთმა ტვინნარღძობმა ისიც დამაბრალა, რომ თითქოს დავით ნარმანიას თბილისის მერად არჩევას არ მივესალმები. ნარმანიას მიმართ ჩემი სიმპათიები არასდროს დამიმალავს - მეტიც, მე ვიყავი პირველი, ვინც მისი არათბილისელობისა და მეგრელობის გამო ატეხილი აჟიოტაჟი თბილისურ პროვინციალიზმად მონათლა და ნახევარი თბილისიც გადაიკიდა. ახლაც ვადასტურებ: ნარმანია „ქართული ოცნების“ მხრიდან საუკეთესო არჩევანია, თუმცა, წინასწარ არ ვიცი, როგორი მერი იქნება იგი!
და ბოლოს: უმოკლესმა დრომ დაადასტურა, რომ ივანიშვილი მართლაც გენიოსი ყოფილა.თუ რატომ, ამაზე უკვე ვისაუბრე. რაც შეეხება საზოგადოებას, ზუსტად ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, როგორსაც იმსახურებს. თუმცა, არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება და რამდენ ხანს ვიქნებით ასე დაბრმავებულ-დაყრუებულნი!
ზაურ ნაჭყებია