არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ არჩილ ხაბაძე დაამტკიცეს. ხაბაძის კანდიდატურას უმაღლესი საბჭოს 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, არც ერთის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
არჩილ ხაბაძე 32 წლისაა. 2008 წლიდან დღემდე, "ქართუ ბანკის" აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი იყო. 2006-2008 წლებში ამავე ბანკის საკრედიტო განყოფილების უფროსი. 2004-2006 წლებში კი "საზღვაო ბანკში" საკრედიტო ოფიცრად მუშაობდა; დამთავრებული აქვს თბილისის აგრარული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, აგრეთვე სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ბანკებისა და ფინანსების ფაკულტეტზე.
არჩილ ხაბაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ვარშალომიძე შეცვალა.