გოგი ლორთქიფანიძე:-"მიუხედავად ყველაფრისა, ადგილი აქვს არაადეკვატურ ქმედებებს და შეფასებებს ხელისუფლების მხრიდან, რაც ისევ უკურეაქციას იწვევს საზოგადოებაში"
ბოლო დღეებში გახმაურებულ კრიმინალურ ფაქტებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა:
-"ეს ბოლო სამი დღე მე ვხედავ ისტერიკას, რომელიც ტელევიზიებში მიზანმიმართულად მიმდინარეობს და ხელოვნურად ხდება ამ თემების აწევა. მინდა შევეხო კრიმინოგენურ ვითარებას საქართველოში. პირველი, საქართველოში , მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ კრიმინოგენული ვითარება არის სტაბილური და ჩვენი სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი იყოს კონტროლის ქვეშ და შინაგან საქმეთა მინისტრი და მთლიანად სამინისტრო არის მთლინად მოტივირებული. 24 საათის განმავლობაში მუშაობენ პოლიციელები და მინდა ავღნიშნო, რომ ფასდაუდბელია მათი შრომა".
ღარიბაშვილის ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა "სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების ცენტრის" დამფუძნებელმა გოგი ლორთქიფანიძემ. ივერიონთან საუბარში მან განაცხადა:
-"თუ მშრალ სტატისტიკას გავყვებით, ციფრები მართლაც არაფერს საგანგაშოს არ გვეუბნება. იმ სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში, რაც დღეს გვაქვს და გვქონდა გუშინაც, სხვადასხვა სახის დანაშაულის რაოდენობის სავარაუდო პროგნოზირება სავსებით შესაძლებელია თვეების მიხედვით. ერთია, რომ ვიღაცამ ეს იცის, შესწავლილი აქვს საკითხი და მომზადებულიც აქვს შესაბამისი მექანიზმი, რომ მოახდინოს მაქსიმალურად ყველა ფაქტის გასაჯაროება და მედიასა თუ სოციალურ ქსელებში მიზანმიმართული კამპანიის წარმოება და მეორეა ის, რომ თვითონ სისტემა არ აღმოჩნდა მზად არსებულ რეალობაზე ადეკვატური ქმედებისათვის, გადადგა არასწორი ნაბიჯები, მოინდომა სიტუაციის გაუბრალოება და შემდეგ, როგორც კი მიიღო მწვავე სამოქალაქო რეაქცია ჩადგა თავის მართლების რეჟიმში. ეს არის სწორედ იმ არაპროფესიონალიზმის და კადრების შერჩევის არასწორი პოლიტიკის შედეგი, რაზეც ხშირად მიუთითებს ხელისუფალს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. მიუხედავად ყველაფრისა, ადგილი აქვს არაადეკვატურ ქმედებებს და შეფასებებს ხელისუფლების მხრიდან, რაც ისევ უკურეაქციას იწვევს საზოგადოებაში.
უპრიანი იქნებოდა მთავრობამ მიანდოს სტატისტიკის ანალიზი სპეციალისტებს, მისცეს მათ ეთერი, ხოლო თვითონ შეეშვას იმაზე აპელირებას, რომ გუშინ უფრო მეტს კლავდნენ ვიდრე დღესო (დიდი შეღავათი გაუბედურებული ოჯახებისთვის) და თვითონ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სიტუაციის სტაბილიზაციისკენ.
ერთი რამ აუცილებლად უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის სტატისტიკის ანალიზის სფერო და ბოლო-ბოლო ისწავლოს ის, რასაც ელემენტარული პოლიტიკური ეთიკა და საზოგადოებასთან ურთიერთობა ჰქვია. ეს მაინც ისწავლოს, თორემ ის, რომ სისტემა შესაცვლელია და პერსონებიც მასთან ერთად, ამის კიდევ ერთხელ რჩევა უკვე დროშიც დაგვიანებულია".