ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო აყვავებულ, განათლებულ, უსაფრთხო გარემოს ესწრაფვის!
"თბილისი მერიოტში" ათასწლეულის განვითარების მიზნების შესახებ ყოველწლიური პრეზენტაცია დაიწყო. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გახსნა.
"მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ათასწლეულის განვითარების მიზნებმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ისინი ერთდროულად შეგვახსენებენ იმ პრივილეგიასაც და ტვირთსაც, რომელიც მსოფლიოს ყველა სამართლებრივი და ზნეობივი უფლებებისა და მოვალეობების მატარებელ ხელისუფლებას აქვს. ეს არის გლობალური პასუხისმგებლობა, რომელიც სცილდება კონკრეტული ქვეყნის საზღვრებს და საქართველოს მთავრობას არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების წინაშე, არამედ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ხდის ანგარიშვალდებულს.
საქართველო, როგორც მოწინავე მსოფლიოს ნაწილი, უკვე აყვავებულ, განათლებულ, უსაფრთხო გარემოს ესწრაფვის. საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ღირსეული მომავლის უზრუნველყოფა, სიღარიბის დაძლევა, საყოველთაო განათლების, მეტი თანასწორობის და ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემის მიღწევა, უსაფრთხო გარემოს და გლობალური პარტნიორობის ჩამოყალიბება, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა. ეს ჩვენ წელს ივნისში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერითაც დავადასტურეთ, როცა საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახა, რომ იგი იზიარებს დემოკრატიის, ჰუმანურობის, ადამიანის ღირსების და თანასწორობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.
ჩვენი მთავრობის ინიციატივები და რეფორმები ასახავს იმ სულისკვეთებას, რაც წარმოგიდგინეთ. ჩვენს მიერ შემოღებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სოციალური დაცვის სქემები და საკვების მიკროელემენტებით გამდიდრების პროგრამები, ასევე სკოლამდელი და პროფესიული განათლების განვითარების ხელმისაწვდომობის განხორციელებული რეფორმები, მცირემიწიანი გლეხებისთვის ხელშეწყობის რეფორმა და ინიციატივა "აწარმოე საქართველოში", რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებას ისახავს მიზნად, ეს იმ რეფორმების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება.
ჩვენთვის დაუშვებელია, დღეს საქართველოში კვდებოდეს ადამიანი იმის გამო, რომ ხელი არ მიუწვდება ჯანდაცვაზე; იღუპებოდეს ჩვილი, რადგან მისი სრულფასოვანი კვება ვერ ხერხდებოდა; წინსვლის საშუალება არ ეძლეოდეს ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ ქალია. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავხედეთ ათასწლეულის განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს, რათა გაგვერკვია, რომელი მიმართულებით შეიძლება კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა. თქვენს წინაშე წარმოდგენილი ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი საბაზისო დოუმენტია, რომელიც საქართველოს პროგრესს ასახავს.
მიღწეული შედეგებიდან განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ შემცირდა სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა. ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად განახევრებულია, ხოლო სკოლამდელი ასაკის ბავშვების განათლება უკვე 46 პროცენტისთვის არის ხელმისაწვდომი",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.