ვახტანგ ხმალაძე:-"ვის ხელში უნდა იყოს ე.წ. გასაღები, რომლის გადატრიალებითაც დაიწყება მოსმენების პროცედურები"
ფარული მოსმენების და მიყურადების საკითხზე მომუშავე ჯგუფის დასკვნით შეხვედრას, რომელზეც ვახტანგ ხმალაძის თქმით ბევრი საინტერესო და ახალი მოსაზრება გამოითქვა, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის წარმომადგენლები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და ევროსაბჭოს ექსპერტები ესწრებოდნენ.
ინიციატივა, რომელიც მომუშავე ჯგუფის დასკვნით შეხვედრაზე გაჟღერდა, გაიზიარა უმრავლესობამ და დადებითად შეაფასეს ევროპელმა ექსპერტებმაც.
-"საქართველოს საკანონმდებლო ორგანო წელიწადზე მეტია, მუშაობს კანონპროექტთა პაკეტებზე, რომლებიც ე.წ. ფარული მოსმენების საკითხის მოწესრიგებას ეხება. ამ დრომდე ეს საკითხი იმდენად მოუწესრიგებელი იყო, რომ აბსოლუტურად დაუცველი იყო ნებისმიერი პიროვნება პირად ცხოვრებაში უკანონოდ შეჭრისგან. პარლამენტმა სამუშაოების პირველი ეტაპი 1 აგვისტოსთვის დაასრულა, როდესაც კანონპროექტებში მთელი რიგი ცვლილებები იქნა მიღებული. ამჯერად კი მსჯელობის საგანს წარმოადგენს ის მნიშვნელოვანი საკითხები, თუ სად უნდა ინახებოდეს ტელეკომუნიკაციის კომპანიების მომხმარებელთა საიდენტიფიკაციო მონაცემები და ვის ხელში უნდა იყოს ე.წ. გასაღები, რომლის გადატრიალებითაც დაიწყება მოსმენების პროცედურები. სამუშაო შეხვედრებზე ბევრი საინტერესო და ახალი მოსაზრება გამოითქვა, რომლებიც შემდგომ კონსულტაციებს საჭიროებს. უნდა ითქვას, რომ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კანონპროქტებზე მუშაობა სწრაფად ვერ დასრულდება და მუშაობის პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება, ამ მხრივ კი დიდი ყურადღება გარე კონტროლის მექანიზმებს დაეთმობა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განახორციელებს. რომელიც თავის მხრივ პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული "-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მუშაობის პროცესში მონაწილეობის გაგრძელებაზე მზადყოფნა გამოთქვეს ევროპელმა ექსპერტებმა.