დემურ გიორხელიძე ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის ვადას ასახელებს

დემურ გიორხელიძე ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის ვადას ასახელებს

"ივერიონი" დემურ გიორხელიძესთან ჩაწერილ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ, რომელიც მისი facebook-ის გვერდზე დაიდო.


ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტმა კითხვა დამისვა:


"ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის წელიწადნახევარში წავა ხელისუფლებიდან და როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენელი დაეხმარება ქვეყნის მართვას. როგორ ფიქრობთ, უნდა წავიდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წელიწადნახევარში და რატომ?"


რაკი შესაძლოა ჩემი პასუხი  სრულად ვერ გამოაქვეყნონ, გთავაზობთ მას შემოკლების გარეშე, ყველა არსებითი მომენტის ხაზგასმით.


პ ა ს უ ხ ი:
"ვეცდები თანმიმდევრულად გიპასუხოთ, ოღონდ რიგს დავარღვევ - ბოლო კითხვიდან დავიწყებ.


პ ი რ ვ ე ლ რ ი გ შ ი, ჩემი აზრით, ბატონი ბიძინა ივანიშვილი წელიწადნახევრის შემდეგ არც ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და არც პოლიტიკიდან, და აი, რატომ: 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ქართველმა ხალხმა, ფაქტობრივად, პიროვნულად მას დაუჭირა მხარი უკვე საძულველად ქცეული ხელისუფლებაში მყოფი ძალის წინააღმდეგ... ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და აუცილებლად მიმაჩნია, ხალხმა საკუთარის მოლოდინების აღსრულება რაც შეიძლება მეტად იგრძნოს. ამასთან საქართველოში მთავარი პრობლემა ინსტიტუციონალური მშენებლობის სისუსტეა - ჩვენ, ფაქტობრივად,  არა მხოლოდ მოშლილი პოლიტიკური სისტემა გვაქვს, არამედ სახელმწიფო მშენებლობაც დეფორმირებულია  და მძლავრი კონსტიტუციური და სამართლებრივი კონსტრუქციის აგება აუცილებელია... ინსტიტუციონალური მშენებლობა კი ნაბიჯ-ნაბიჯ, ბლოკებად უნდა გაკეთდეს და არა "ზალპით", - ეს შეუძლებელია! ინსტიტუციონალური მშენებლობა სპრინტი არ არის, - ვერსად მიასწრებ!


ამდენად, 1,5 წელი პრობლემებში გაჩხერილი ქვეყნისათვის მიზერული დროა, - არაფრის მოსწრება შეიძლება. წასვლა შეუძლებელი იქნება,  ან კიდევ ეს თავის არიდება გამოვა!


მ ე ო რ ე  მ თ ა ვ ა რ ი მოსაზრება, თუ რატომ არ უნდა წავიდეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან, - არის ის, რომ მისი მეშვეობით ხელისუფლებაში მოვიდა პოლიტიკური კოალიცია, - რამდენიმე, მსოფლხედველობრივად საკმარისად განსხვავებული, პოლიტიკური პარტიების ნაერთი, რომელთა ერთად ხანგრძლივად ყოფნა გამორიცხულია და ეს სულაც არ არის ნაკლი, ანდა ცუდი: მთელ მსოფლიოში პოლიტიკური კოალიციები იქმნება ლოკალური ინტერესების თანხვედრის გამო. შემდეგ ინტერესები იცვლება და კოალიციების კონფიგურაციაც იცვლება... ამდენად, დროში ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის ტრანსფორმაცია გარდაუვალია... რა როგორ დარჩება, ამის თქმა ძნელია და რა კურსს აირჩევენ შედარებით დიდი გავლენის მქონე პოლიტიკური სუბიექტები, ეს კიდევ დროში გახდება ცნობილი. ამდენად, 1,5 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის წასვლა მხოლოდ გაურკვევლობებსა და არამყარ მდგომარეობას შექმნის...


მ ე ს ა მ ე  ის, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო მართვაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენას აპირებს მომავალში, მას შესანიშნავი საშუალება აქვს ამ 1,5 წელიწადში მართლაც სოლიდური პოლიტიკური პარტიის საფუძვლები ჩაყაროს და მისი წასვლის შემდეგ ეს პარტია ახდენდეს გავლენას უშუალოდ პოლიტიკურ პროცესებზე. დღეისათვის მას ასეთი პარტია არა აქვს, - ანუ მას არა აქვს კონკურენტუნარიანი სუბიექტი, პოლიტიკური პროცესის აუცილებელი პოლიტიკური ინსტრუმენტი -პოლიტიკური პარტია. ის რაც არის ახალი პარტიის სახით, ჯერჯერობით არაკონკურენტუნარიანია და კრიზისულ სიტუაციებში ვერ შეძლებს სრულფასოვანი ნაბიჯების გადადგმას. ამ პარტიის სისუსტით ყველა კონკურენტი კმაყოფილია, - მათ შორის, კოალიციის შემადგენლობაში არსებული პარტიებიც და ეს სრულიად გასაგებია: არავის სურს ძლიერი პოლიტიკური პარტია-კონკურენტის გამოჩენა და არც გამოაჩინეს და არც შეაქმნევინეს დღემდე!..


მ ე ო თ ხ ე  ის, რომ რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის თაობაზე, - ეს შეიძლება მძლავრი საზოგადოებრივი ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელდეს... ასეთი რამ 2011 წლის ბოლოდან 2012 წლის მარტის ჩათვლით,  რეალურად არსებობდა საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" სახით. ეს მოძრაობა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად მიმაჩნია, როცა ათასობით ადამიანი მოაწყდა ამ მოძრაობას საოცარი ენთუზიაზმითა და პირადად ბიძინა ივანიშვილის პატივისცემითა და მისდამი დიდი ნდობით... ადამიანები სამსახურიდან დათხოვნასაც კი არ ერიდებოდნენ და მოდიოდნენ... ამ მოძრაობამ ისეთი მასშტაბი მიიღო, დააფრთხო ბევრი და... მოძრაობა ხელოვნურად იქნა შეკვეცილი და თანდათან გვერდზე გაწეული... ასე რომ, მხოლოდ რაღაც სერიოზული საზოგადოებრივი ინსტიტუტის მეშვეობით შესაძლებელია იმის გაკეთება, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, - მას ამისთვის ეს ორგანიზაცია პრაქტიკულად აქვს, თუ მოინდომა მისი შენარჩუნება და გაძლიერება... ეს შეიძლება პირველი სულიდური საზოგადოებრივი ორგანიზაციის ნიმუშად იქცეს საქართველოში, თუ მისი სურვილი იქნება... სხვა რა გზით აპირებს ხელისუფლებაზე რაიმე გავლენის მოხდენას ბატონი ბიძინა ივანიშვილი, არ ვიცი... არც არსებობს ბერკეტები სხვა სახისა... ხელისუფლება სპეციფიკური რამაა და იმის იმედად ყოფნა, რომ გარკვეული დამსახურების გამო ვინმე შემდეგ რაიმე ანგარიშს გაგიწევს - ილუზიაა, ჩემი აზრით!


აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი საუკეთესო რამეს გაუკეთებს საკუთარ ქვეყანას, თუ ერთი მხრივ, მძლავრ პოლიტიკურ პარტიას ჩაუყრის საფუძველს, და მეორე მხრივ, მძლავრ საზოგადოებრივ მოძრაობას გააცოცხლებს, რომელიც მისი გარემოცვის გარკვეული ნაწილის მიერ იქნა ბლოკირებული... ამ ორ დიდ საქმეს კი წელიწადნახევარი არ ჰყოფნის და მას წასვლისათვის საკმარისი საფუძველი ჯერ არა აქვს...

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: