Iverioni
«    ნოემბერი 2017    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
ნოემბერი 2017 (7)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
5-01-2015, 16:31
ნანახია: 571

არის თუ არა

ვადიმ დუბნოვი

(შემოკლებით)
საქართველოს მმართველი კოალიციის დაშლის სენსაციურობა მხოლოდ ერთ მომენტში მდგომარეობს: ის იმ დროს მოხდა, როცა მის გარდაუვალ მოლოდინში ყველა დაღლილი იყო. საერთოდ, "ქართული ოცნების" დაშლის მიზეზები უფრო ნაკლებად საინტერესოა, ვიდრე ის მოტივები, რის საფუძველზეც ეს პოლიტიკური კოალიცია შეიქმნა.
კოალიცია ისე ჩამოყალიბდა, როგორც ყოველი ნორმალური სახალხო ფრონტი ყალიბდება ხოლმე, ანუ ოპოზიციიური პარტიებისგან შეკრებილი ძალა იმ რეჟიმის დასაძლევად, რომლის დაძლევა ჩვეულებრივი დემოკრატიული არჩევნების დროს საკმაოდ რთულია. 

 

სახალხო ფრონტის სიცოცხლე ხანგრძლივი არ არის - მისი ვარსკვლავური საათი რეჟიმის დამარცხება და ქუჩაში გამოსულთა სიხარულია, შემდეგ კი ყველა თავისი პარტიული ინტერესების გზით მშვიდად მიდის ხელისუფლების ორგანოებში. კლასიკური სტანდარტით ეს ასეც უნდა მოხდეს, მაგრამ ზოგჯერ წასვლა-წამოსვლები ჭიანურდება (გარკვეული ინტერესების გამო), ან სკანდალების თანხლებით ხდება. "ქართულ ოცნებაში" განხეთქილების ჩამომგდების როლის შემსრულებელი კი დიდი ხნის წინათ იყო ცნობილი.
ოპოზიციის რიგებში "ქართული ოცნების" მთავრობის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ჯერ კიდევ იმ დროს აღმოჩნდა, როცა თვითონ ბიძინა ივანიშვილი ხაზს უსვამდა თავის პოლიტიკურ ნეიტრალურობას, ერთპიროვნულად მმართველი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი სულ სხვა ადამიანებმა დაამხეს... ერთ ცალკე აღებულ ქალაქში - თბილისში.
იმ დროს დედაქალაქში პროცესები მართლაც საკმაოდ კომიკურად წარიმართა: მოულოდნელად პოპულარულ პიროვნებად ქცეულ ლევან გაჩეჩილაძეს თბილისელები მეტსახელ "გრეჩიხად" იცნობდნენ - იმ მარცვლეულის საპატივსაცემოდ, რომლის გაყიდვით მან პირველი კაპიტალი დააგროვა.

 

"გრეჩიხის", ნინო ბურჯანაძისა და სალომე ზურაბიშვილის ფონზე ირაკლი ალასანია გმირად მოჩანდა: ეს პოლიტიკური ტრიბუნა თითქოს მისთვის იყო შექმნილი. იგი საქართველოს მოსახლეობას მაღალი პოლიტიკური რესპექტაბელურობის გამომხატველ ადამიანად წარუდგა. ირაკლი ალსანია, 2000-იანი წლების ქართული პოლიტიკური ცისკაბადონის ვარსკვლავი, 28 წლისა უკვე სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 30 წლისას მას მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის მინისტრად ნიშნავს, შემდეგ კი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ, 32 წლის ასაკში ირაკლი ალასანიას უკვე ნიუ-იორკში, გაეროში საქართველოს წარმომადგენლად ვხედავთ...
ირაკლი ალასანია ქართული პოლიციის პოლკოვნიკის მამია ალასანიას ვაჟია. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მამამისი აფხაზებმა ტყვედ ჩაიგდეს და დახვრიტეს. საინტერესოა, რომ ამის მიუხედავად, ირაკლი ალასანია, ალბათ, ერთაერთი ქართველი პოლიტიკოსი იყო, რომელსაც აფხაზები პატივისცემით ეპყრობოდნენ ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. 2006 წელს ირაკლი ალასანია დროებით მიხეილ სააკშვილის თანაშემწეც იყო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში. როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ირაკლის ბრწყინვალე კარიერა მიშასათვის ხელისშემშლელი აღმოჩნდა, ამიტომაც "გადასახლესო" იგი ნიუ-იორკში...
ეს ვერსია ძალიან დამაჯერებელი არ არის, განსაკუთრებით "გადასახლების" ნაწილში. აშშ-ის მეგაპოლისში, ნიუ-იორკში ყოფნისას ირაკლი ალასანიას პოლიტიკური წონა ყოველდღიურად იზრდებოდა. გარდა ამისა, იგი განაგრძობდა თბილისში, სოხუმში და მოსკოვში სტუმრობას ამერიკელებთან ერთად. იგი  თბილისში დიდხანს არ რჩებოდა ხოლმე. ეჭვიან პატრონთან განშორების წუთი ახლოვდებოდა... და აი, 2009 წელს, აბობოქრებული რუსთაველის გამზირი თბილისში თავის გმირს ელოდება. გმირიც გამოჩნდა, მაგრამ... თავის გმირობას არაფრით ადასტურებს: ირაკლი ალასანია ტრიბუნაზე დგას, რუსთაველის გამზირს თავისი ყოფნით განასახირებს და... მეტი არაფერი. მისგან იმის დასტურს ელოდებიან, რომ ტყუილად არ ელოდნენ, რომ მისი რეიტინგი ტყუილად არ აჭარბებს პრეზიდენტის რეიტინგს, მაგრამ ირაკლი ალასანია დუმს - მას თითქოს არ სურს იმ ადამიანად წარმოჩენა, რომლისგანაც ხალხი სასწაულს ელოდება. ირაკლი ალასანია ასეთად დარჩება მოგვიანებითაც: იგი თითქოსდა იმ დროს ელოდება, როცა სულ უფრო მზარდი უფერულობის ფონზე მისი სახე სულ უფრო მკვეთრად ნათელი ფერით გამოჩნდება. მას მეტი არაფერი უნდა. როგორც შემდგომში გაირკვა, ესეც საკმარისი იყო.
"ქართულ ოცნებაში" ორი კომპონენეტისგან შედგებოდა: მათგან, ვისაც მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ მოსწონდა და იმათგან, ვისაც მიხეილ სააკაშვილი უპირველესად არ მოსწონდა იმ არასრულფასოვნად გატარებული რეფორმების გამო, რომელთა გამოც თვით რეფორმატორობის იდეის კომპრომეტირება მოხდა. მეორე კომპონენტს დავით უსუფაშვილის "რესპუბლიკელები" და ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები" მიეკუთვნებოდნენ: მათ ბიძინა ივანიშვილმა ისეთი თანამდებობები უბოძა, რომლებიც მსოფლიოსათვის რეფორმატორული კურსის გამგრძელებლებად მიიჩნეოდა.
და, რასაკვირველია, კოალიციის დაშლა შეიძლება ამითაც აიხსნას: პროდასავლური კურსი საბოლოოდ პროჩრდილოურს დაუპირისპირდა, რომელიც პრინციპში ყოველთვის არსებობდა, მაგრამ იმ ეტაპზე მეტის მოთმენა უკვე შეუძლებელი იყო.
ნაწილობრივ, ეს მართლაც ასეა, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელშიც ეს თეზისი მიზეზად კი არა, შედეგად ითვლება.
კოალიციის შიგნით არსებული კონფლიქტის წარმოჩენა სუბიექტთა პოლიტიკურ კურსებს შორის არსებულ კონფლიქტად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან "ქართული ოცნების" ლიდერებს საერთოდ არ აქვთ არანაირი კურსი. და თუ დაშლა ირაკლი ალასანიათი დაიწყო, აქ იდეოლოგიური შეუსაბამობის მიზეზი ნაკლებად ჩანს. ირაკლი ალასანია რესპუბლიკელებთან არ გაერთიანებულა: მიზეზი იმაშია, რომ მას შეეშინდა მეტ-ნაკლებად მტკიცე იდეური პოზიციონერობისა, რომელიც თავისი ლიბერალური შესრულებით პოსტსაბჭოთა სივრცეში სიკეთეს ვერავის მოუტანს. შესაძლოა, ამ მიმართებით ირაკლი ალასანიამ კარგად ვერ გათვალა. მისი რეიტინგი ხომ ისეთია, რომელიც მითისაგან წარმოქმნილი, უფრო უნდა გადაარჩინო, ვიდრე უნდა გაზარდო. ჰოდა, აგერ უკვე ხუთი წელია ირაკლიც ცდილობდა მის გადარჩენას, თანაც საკმაოდ წარმატებით. უცნობია, რის გადარჩენა მოხერხდებოდა, ირაკლი რომ "რესპუბლიკელებთან" გაერთიანებულიყო...
ამის შედეგად "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ჭეშმარიტად დიალექტიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ერთი მხრივ, მან ისეთი პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა, რომელიც დამოუკიდებელ პოლიტიკურ არსებობას უზრუნველყოფდა, უიდეო "ოცნებასთან" ერთად ყოფნით კი შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო; მეორე მხრივ, ირაკლი ალასნია  დამოუკიდებლობის სურვილს მაინც და მაინც არ ამჟღავნებდა იმ დროსაც კი, როცა ბიძინა ივანიშვილი მას დამცინავი ტონით ესაუბრებოდა, ანუ ეს მომენტი არ შეიძლებოდა განხეთქილების მიზეზი ყოფილიყო.
ახლა კი განხეთქილების მიზეზი გახდა, რასაც დიალექტიკური პოსტულატი ადასტურებს - "რაოდენობრიობის გადასვლა ხარისხობრიობაში". მივიღეთ ნორმალური პოლიტიკური პროცესი, როგორც წესი, განსაკუთრებით ჩვენს პირობებში: ეს უფრო მეტად ამბიციათა ბრძოლაა, ვიდრე იდეებისა. მაგრამ რადგანაც ჩვენს განედებში ხშირად ხდება ხოლმე, ამბიციები არაორაზროვნად უნდა გამომჟღავნდეს ნამდვილ იდეურ ფრონტის ხაზზე.
დიდი ხანია უკვე მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნებისათვის" უიდეობა პრინციპული პოზიციაა. ყველაფერი ძალიან უბრალო და მარტივია: არავითარი ნაბიჯი წინ - იმ იმედით, რომ ეს ქვეყანას უკან დაბრუნებისგან გადაარჩენს. და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან წინსვლას არც ბიძინა ივანიშვილი გეგმავდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ საქმეთაგან ბევრი საკმაოდ კონსტრუქციულად შეაფასა. მთავარი მეოცნების პოლიტიკური კრედოს არსი ხომ ის იყო, რომ ათი წლის განმავლობაში დაგროვილი აეთვისებინა, განვითარება კი ინერციით მოხდებოდა, რათა არავინ გაღიზიანებულიყო - არც რეფორმების მომხრეები და არც ეროვნული ტრადიციების მხარდამჭერნი.
მაგრამ ერთ ადგილზე დგომა ჩვენს ეპოქაში პოზიციების დათმობას ნიშნავს, რაც, სხვათა შორის, საქართველოში ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის წასვლამდე დაიწყო. ბიძინა ივანიშვილმა კი "ერთ ადგილზე დგომის" ინსტიტუალიზება მოახდინა და თითქმის ეროვნულ იდეად გამოაცხადა. ყველაფერი თითქოსდა წინსვლის შთაბეჭდილებას ტოვებდა: სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღაში რაღაცეებზე საუბრობდა თავის რუს კოლეგა გრიგორი კარასინთან, სამმაგად გაძვირებული ქართული ღვინო რუსეთის მაღაზიების თაროებზე დახვავდა და მყიდველს ელოდა (რატომღაც ეს საქართველოში რუსულ ბაზარზე  გარღვევად შეფასდა), ხოლო ბრიუსელში ქართველი ხელმძღვანელები აგრძელებდნენ ევროპელების დარწმუნებას ევროატლანტიზმის იდეების ერთგულებაში. იმავდროულად გასაგები ხდებოდა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების რესურსი იწურებოდა, რადგან არცერთი მხარე მეორისგან რაიმე მნიშვნელოვან დათმობას არ ელოდა. თბილისმა დასავლეთთან ურთიერთობაშიც მიღწეულით დაკმაყოფილება გადაწყვიტა - "არცერთი ნაბიჯი წინ", მაგრამ იმავდროულად "არცერთი ნაბიჯი უკან".
მაგრამ, როგორც ვთქვით, გაჩერება ჩვენს ეპოქაში მიმდინარე ასეთ სიუჟეტებში არ ხდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, სადაც ყოველთვის რაღაც ხდება, მაგალითად - უკრაინაში, რომლის შედეგად რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში მკვიდრად დაბრუნების გეგმები მოხაზა, უპირველესად კი სომხეთში, რომელიც ჯერ-ჯერობით კარგად ვერ გარკვეულა, თუ რა ბონუსებს მიიღებს ევრაზიული ინტეგრაციის შედეგად... (...) სომხეთისაკენ სავალ გაზაზე კი საქართველოა. აშკარაა, რომ რუსეთს საქართველო დღეს მხოლოდ სომხური მიმართულების გამო აინტერესებს. რუსეთი აცხადებს, რომ ააშენებს ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზას, თუმცა საქართველოში ამ თემაზე დაწყებულ პოლემიკას სხვა თემა ცვლის - რკინიგზა რუსეთიდან სომხეთისკენ, სოხუმისა და თბილისის გავლით. აფხაზეთთან დადებულ ხელშეკრულებაში მოსკოვი გასაკვირ დათმობებს იჩენს და ამით თითქოსდა თავისი სტრატეგიული პარტნიორის სუვერენიტეტს პატივს სცემს, მაგრამ კრემლს სინამდვილეში დამოუკიდებლობის პოეზია ნაკლებად აინტერესებს: მისთვის მთავარია ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე რუსეთს ტრანსკავკასიური რკინიგზის აღდგენა შეუძლია - მთლიანად თუ არა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მაინც.
შემდეგ - საქართველო, თუმცა იქ  ბევრად რთული პრობლემებია. საქართველოს ხელისუფლების ნერვიული რეაქციების შედეგად თუ ვიმსჯელებთ, ამ თემაზე მოსკოვთან მოლაპარაკებები მიდიოდა, რაც სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა უნებლიედ დაადასტურა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ჩემი სიტყვები სწორად არ იქნა გაგებულიო, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა თბილისის მზადყოფნის დრო დგება: ის უნდა გაერკვეს საკითხის მიმართ დამოკიდებულებაში, გაჩუმება უკვე შეუძლებელი ხდება. ამასთან, ბაქოს თბილისის [გასაჩუმებლად] განსაზღვრული ეკონომიკური არგუმენტები აქვს - ესაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, თუმცა რას მოიგებს საქართველო ამ ორი რკინიგზით, ეს ბურუსითაა მოცული.
და ბოლოს, ყველაზე მთავარი: დღეს შექმნილი ვითარების დროს ამ საკითხებში პოზიციონირებას თბილისისთვის ღრმა და გლობალურად პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს: ძალიან ბევრი მოთამაშე, დასავლეთის ჩათვლით, ამ არჩევანს სტრატეგიულად და განმსაზღვრელად მიიჩნევს. ვთქვათ და კოალიცია მმართველი აღარ იქნება, რა მოხდება შემდეგ? არჩევნებისათვის კოალიცია მზად არ არის. სხვათა შორის, არაფერი არ უშლის ხელს ირაკლი ალასანიას იმაში, რომ თქვას: სწორედ ამ არჩევანმა უბიძგა მას დემარშისაკენ - ისევე როგორც ყველა დაინტერესებულ პირს არაფერი არ უშლის ხელს მისი ნათქვამი დაიჯერონ.

 

"Ноев ковчег" (რუსეთი), №01, 1-15 იანვარი, 2015 წელი
http://noev-kovcheg.ru/mag/2015-01/4877.html