რომელი მინისტრი რითი იყო დაკავებული პრეზიდენტის გამოსვლის დროს?

რომელი მინისტრი რითი იყო დაკავებული პრეზიდენტის გამოსვლის დროს?

მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდიოდა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ელჩებს, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდა გამომგონებლებს ხვდებოდა. 

 

შესაბამისად, პრემიერის განცხადება - თუ ის არ მივიდოდა პარლამენტში, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ტელევიზიით ნახავდა, არასწორი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილს პრეზიდენტის გამოსვლა არ უნახავს. 

 

პრეზიდენტის გამოსვლას მინისტრთა კაბინეტის არც რომელიმე სხვა წარმომადგენელი დასწრებია. 

 

საპატიო მიზეზი გაცდენისათვის ნამდვილად ჰქონდათ საგარეო საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში. ისინი ბრიუსელში იმყოფებიან და ევროკომისიაში რიგის სამიტის მოსამზადებელ შეხვედრებს მართავენ.

 

პრეზიდენტის გამოსვლის დროს ქუთაისის პარლამენტს ჩაუარა განათლების მინისტრის მანქანამ. პარლამენტის სხდომათა დარბაზისგან განსხვავებით, ბათუმის უნივერსიტეტში მას გადაჭედილი დარბაზი დახვდა. ამერიკელ სტუმრებთან ერთად, მინისტრმა სტუდენტებს ახალი პროგრამის დეტალები გააცნო, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით შეიქმნა და სტუდენტებს ამ სასწავლებლის დიპლომის მიღების შანსს სთავაზობს.

 

ზუსტად პრეზიდენტის გამოსვლის დროს, დღის პირველ საათზე კულტურის მინისტრი პრესკონფერენციაზე იყო და ჯაზფესტივალის წლევანდელ პროგრამაზე ლაპარაკობდა. ამ საპატიო მიზეზით გამოტოვა მან მარგველაშვილის კრიტიკა საყდრისის განადგურებაზე. ის პერსპექტივაზე მსჯელობდა - ჯაზის როლი ტურიზმის განვითარებაში.

 

დღის პირველ საათზე ასევე სახელმწიფო საქმეებში იყო ჩართული სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრიც. კახეთის რეგიონის ფინალური ეტაპი კალათბურთში 

სასკოლო ოლიმპიადების ფარგლებში თელავში გაიმართა. ანუ, ლევან ყიფიანიც მივლინებაში იყო. 

 

რას აკეთებდნენ დანარჩენი მინისტრები?! - პრეზიდენტის სიტყვა ქუთაისის სხდომათა დარბაზში არ მოუსმენიათ ხადურს, სერგიენკოს და წულუკიანს, ხოკრიშვილს, არც ძალოვან მინისტრებს. ისინი დღეს პრესასათან არც სხვა ვითარებაში გამოჩენილან. ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ საჯარო დაწესებულებების დღის პირველი საათისთვის დანიშნული კუთვნილი შესვენებები მათ ტელევიზორებთან გაატარეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: