Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
8-07-2015, 16:46
ნანახია: 2503

როდის გადაიჩეხება „რელსებს აცილებული მატარებელი“!

წინამდებარე სტატია საკმაოდ პრობლემურ თემას ეხება, იმდენად პრობლემატურს, რომ თუ დროზე არ მივხედეთ „მატარებელი“ შეიძლება უფსკრულში გადაიჩეხოს და მერე ვერაფრით ვუშველოთ. აბა, თქვენც მოუსმინეთ!..

 

                       აბა, ჩემ შვილს ხო არ დავსჯი?! 

 

ორომტრიალმა, სკოლის მოსწავლეთა შეფასებებს რომ ახლდა, ჩაიარა. ცოდნის შესაბამისი რა გითხრათ, მაგრამ, სურვილის შესაბამისი შეფასებები რომ „გაფორმდა", ამას წყალი არ გაუვა. მაინც, ამის მიუხედავად, ხშირად შეხვდებით შეფასებით უკმაყოფილო მოსწავლეებსა და მათ მშობლებსაც. ზოგი ფიქრობს, რომ უკეთესს „იმსახურებდა" და მასწავლებელმა დააკლო. ზოგიც ფიქრობს რომ, მართალია, სამართლიანად შეფასდა, მაგრამ „ნიშნები უფუჭდებოდა" და ხომ შეიძლებოდა, რომ პედაგოგს ეს გაეთვალისწინებინა...

 

     არადა, როგორც წესი, პედაგოგები ამის „გათვალისწინებაში" ძალიან მცირედ თუ მოიკოჭლებენ. ჩასაფრებული, გაბოროტებული და ანგაჟირებული მასწავლებელი თუ„გააფუჭებს" ნიშანს, თორემ, უმეტესად ხომ, არაობიექტურ, არაარგუმენტირებულ შეფასებებს ვწერთ მოსწავლეთა სასრგებლოდ. 

 

დაუწერელი კანონია დამრიგებლის, მშობლის, ახლობლის, თანამდებობის პირის, „ყვავის და ჩხიკვის მამიდის" ფაქტორისადმი ყურადღების მიქცევა.  მერე მოსწავლეები იჯერებენ, რომ მართლაც „ათოსნები" არიან, რომ საუკეთესოთა რიგებს განეკუთვნებიან, რომ ოქროს მედალოსნის ღირსეულ ტიტულს ატარებენ, რომ მაღალ დონეზე იციან ყველასაგანი; იჯერებენ მშობლებიც, ახლობლებიც, ნათესავებიც... მასწავლებელს კი, ცხადია იმ „დათვურ სამსახურსაც" აღარავინ უმადლის, რამაც ამ „გენიოსების"თვითდაჯერებულობა წარმოშვა. მასწავლებელი რა შუაშიაო, ჩვენი „წინსვლა"  ჩვენი პირად ნიჭიერების შედეგიაო - იჯერებენ „სწავლულები" და აჯერებენ სხვებსაც.  

 

მარტო „წარჩინებულების" ნარცისიზმთან რომ გვქონდეს საქმე, კიდევ არაფერი. „მთელი წლები რომ არაფერი უკეთებიათ" და კლასიდან კლასში რომ „გადაჰქონდათ მერხებივით", ისინიც კი თვიდდაჯერებული „განსწავლულები" ხდებიან და სკოლის დამთავრებასაც საკუთარ თვითდამსახურებად აღიქვამენ. 

 

თანამედროვე  გამოსაშვები გამოცდების  „უნიკალური" სისტემა ხომ კიდევ უფრო ამყარებს თვითდაჯერებულობის სინდრომს. 

 

დიახ, მიმინოშვილის კონიუნქტურულმა საგამოცდო ეპოპეამ შექმნა რეალობა,სადაც თითქმის ყველას შეუძლია მინიმალური ზღვრის გადალახვა, ხოლო მაქსიმალური ქულების მოპოვება - თითქმის არავის. აბა, მასიურად რომ „ჩაჭრან" მოსწავლეები, ამდენ„უმაღლეს სასწავლებელს" ვინ შეავსებს? და თუ სასწავლებლები არ შეივსებიან, ფულს როგორღა იშოვნიან? 

 

ჰოდა, მიმინოშვილის უწყებამაც მოძებნა გამოსავალი – ჯოხი მასწავლებელზე ტყდება: მოსწავლე, რომელიც „კლასიდან კლასში გადაჰქონდათ" გაყოყოჩებული და გაბღენძილია – გამოსაშვებ გამოცდებზე ხომ  „ნათლად დაამტკიცა", რომ ეს,პედაგოგი არ აღიარებდა მის ნიჭსა და შესაძლებლობას, თორემ მიმინოშვილის „ობიექტურ სისტემას" არაფერი გამორჩება. 

 

ესეც  სახელმწიფოებრივი ხედვა:თუ მოსწავლემ აჯობა, მასწავლებელს დავსჯით, თუ მასწავლებელმა აჯობა, მაინც მასწავლებელს დავსჯით.

 

 

                         ციფრომანია და ქაღალდოკრატია

 

რას აკეთებს სახელმწიფო უკეთესობისთვის, ობიექტურობის დამკვიდრებისთვის? 

 

ძალაშია ისევ მოძველებული მეთოდები. ან, სხვას რას უნდა ველოდოთ, აკი შევთანხმდით რომ სახელმწიფო ბიუროკრატია ნათესაურობის ნიშნითაა დაკომპლექტებული. სკოლებში გრძელდება უსასრულო ტრადიციად ქცეული „ქაღალდოკრატია" - კომპიუტერის ეპოქამაც ვერ მოაგვარა ეს. პირიქით, ახალი ძალით, ახალი შემართებით შემოიჭრა ციფრომანია.

 

სკოლების გამართული მუშაობა, სწავლის დონე და ხარისხი იზომება  შეფასების არითმეტიკული სისწორისა  და ოფიციალურ დოკუმენტებში გაფორმების პედანტური სიზუსტის მიხედვით. მთავარია, საკლასო ჟურნალი იყოს სუფთა წერით უშეცდომოდ შევსებული, მოსწავლეების მიერ მიღებული ქულები იყოს კარგად „ჩაწიკწიკებული",  უშეცდომოდ დაჯამებული და ასევე უშეცდომოდ გამოყვანილი სემესტრული და წლიური შეფასებები.

 

თითქოს ეს ყალბი ფაცი–ფუცი არ კმაროდა, მედლის  რეანიმაცია რომ არ მომხდარიყო. უკვე წლებია, მიდის გარჩევ-გამორჩევა და კვლევა-ანალიზი, ვის ეკუთვნის ეწ „ოქროს მედალი" (სხვათა შორის, ეგ ოქროც, ალბათ, ისეთივე ხალასია, როგორც მისი მფლობელის ცოდნა), რომ ზედმეტი მოსწავლე არ გაეპაროთ და დამატებითი „ოქროს" ჩამოსხმა არ მოუწიოთ.

 

თუ ციფრომანიაში სკოლა შეცდომას უშვებს, არ აპატიებენ.  არასწორი დაჯამება, არასწორად დათვლილი „გაცდენები", შესაძლოა, პედაგოგის ადმინისტრაციული სახდელის საფუძველიც გახდეს. ხომ არ გგონიათ, ეს რომელიმე სკოლაში შერჩეთ? როგორ გეკადრებათ!.. 

ყოველთვიურად ჟურნალებს თავჩახრილი, გამადიდებელი შუშით შეიარაღებული მონიტორინგი უზის. საბოლოოდ იქამდე მივიდა საქმე, რომ „საკლასო დოკუმენტაციის წარმოებაში" ქართულ სკოლებს ბადალი არ ჰყავთ, მაგრამ საქართველოში ბავშვმაც ხომ იცის  (მათ იციან თუ იციან), რომ  სასკოლო დოკუმენტაცია და რეალობა რამდენად შორსაა ერთმანეთისგან!

 

 

                 სიყალბის ოდისეა სკოლის მერე

 

არავინ იფიქროს, მასწავლებელი, ანუ ჩვენი თავი მებრალება. პირიქით, მებრალება კი არა და ჩვენი ლომის წილი დევს ბუტაფორიული ცოდნით შეიარაღებული ათასობით ადამიანის გადაგვარებაში. სწორედ ამ წიაღიდან მრავალი წელია ხარობს და ჯეჯილობს გახრწნილი ბიუროკრატია და საბოლოოდ ყველაფერი ბუმერანგივით უბრუნდება ქვეყანას და მათ შორის პედაგოგსაც. 

 

ახია ჩვენზე!

 

 მაგრამ მარტო მასწავლებლების ხელი რომ ერიოს ამ ფსევდო განათლების მიცემაში, კიდევ არა უშავდა. სიყალბის ოდისეა მერე გრძელდება თუ გრძელდება... 

 

„ნაციონალურ“ საქართველოს დროინდელი რეფორმირებული მიმინოშვილისეული საგამოცდო სისტემა სწორედაც რომ წარმატებით მუშაობს: თითქმის ყველა ხდება სტუდენტი - „მთელი წლები რომ არაფერი უკეთებიათ" და კლასიდან კლასში „გადაჰქონდათ მერხებივით" ისინიც, და რაღა თქმა უნდა - ე.წ. ათოსნები და მედალოსნებიც. 

 

რა მნიშვნელობა აქვს, სად „ისტუდენტებ"? მთავარია, უნივერსიტეტი იყოს აკრედიტებული და გნებავთ, აბაზანაში ფუნქციონირებდეს იგი (ეს აკრედიტაციები როგორ დაარიგეს და სამომავლოდროგორ დაარიგებენ, ეგ კიდევ სხვა თემაა.  „წინსვლა" გრძელდება უნივერსიტეტშიც, შეფასების იგივენაირი „ობიექტურობით", რაც სკოლებშია. თუნდაც ყველაზე უმაქნის სტუდენტსაც ვინ შეელევა? 

 

სტუდენტის გაშვება ხო ფულის დაკარგვაა! ამიტომ, ყველა იღებს სპეციალობას და აი, უნივერსიტეტის მერე ხდება რაც ხდება: თუ ბიძები, მამიდები,დეიდები არიან „ზემოთ", თვითდაჯერებული სწავლულების დასაქმებას წინ  არაფერიც არ დაუდგება!..  არაფერი!.. რაღა თქმა უნდა, იმის მიუხედავად, „სპეციალისტს თავში რა უყრია".  

 

 „უპატრონოდ" დარჩენილ თვიდდაჯერებულებს „მწარე რეალობასთან" პირველი შეჯახება უწევთ. ან, როგორც იქნა რწმუნდებიან, რა ტყუილად ეგონათ თავი სწავლულები, ან არადა, ყველაფერს ამ ცხოვრების უსამართლობას აბრალებენ!!!

 

 

                        თამაშგარე მდგომარეობა

 

მაინც, თავი და თავი ამ უკვე ისტორიული წაბილწული და გახრწნილი სისტემის მიზეზ-შედეგობრივი კვეთის წერტილი  ნიჭიერებაზეა დასმული. იჩაგრება და გაურანდავი რჩება  ან ქვეყნიდან გაედინება ნიჭის რესურსი: ადამიანები, რომელთაც შეეძლოთ სასწაულები მოეხდინათ, როგორც პირად, ისე საზოგადო ცხოვრებაში; რომლებიც შესაძლოა, ახალი განმანათლებლები, ახალი რეფორმატორები, ახალი და ღირსეული პოლიტიკური ძალის  რეალიზატორები ყოფილიყვნენ, მაგრამ სწავლა-განვითარების არცერთ საფეხურზე მფარველი სანათესაო კლანი არ აღმოაჩნდათ, ან აღმოაჩნდათ,  მაგრამ მათი ტრამპლინად გამოყენება ღირსებას ვერ შეუსაბამეს, აი ასეთი ადამიანები რჩებიან „თამაშ გარე" მდგომარეობაში და საბოლოოდ კი, ქვეყანაც „თამაშ გარე" რჩება და კიდევ უფრო დიდხანს იჩახჩახებს რელსებს აცილებული, თუ არ დაადგა საშველი და არ მიეცა „ნიჭსა გზა ფართო და თაყვანისცემა ღირსებას".

 

დათო ფერაძე,

პედაგოგი, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი