თინა ხიდაშელი პოლონელ კოლეგას შეხვდა

თინა ხიდაშელი პოლონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სამუშაო ვიზიტი ევროპაში პოლონელ კოლეგასთან, ტომას სიემონიაკმასთან შეხვედრით დაიწყო. 

 

თინა ხიდაშელმა და ტომას სიემონიაკმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პოლონეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ოფიციალური თბილისის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს უჭერს. 

 

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე არსებული ვითარებაც შეაფასეს და საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ნატოსთან თავსებადობას უწყობს ხელს. 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კოლეგასთან 2016 წლის ნატოს "ვარშავის სამიტზე" და საქართველოსთვის სამიტის შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

 

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ევროპაში ზუსტად ესმოდეთ რეგიონში არსებული რეალური ვითარება და იმ გამოწვევების სიმძიმე, რომელშიც დღეს საქართველოა. 

 

თინა ხიდაშელის თქმით, საქართველო ბუნებრივად წარმოადგენს ერთიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს და დაუშვებელია საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეების განცალკევებულად განხილვა. ამ გზაზე, აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია და მხარდაჭერა საქართველოს ნატო ინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: