დაიშლება თუ არა თურქეთი?!

დაიშლება თუ არა თურქეთი?!

 

 

სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოსები და ე.წ. ექსპერტები არაადექვატურად აფასებენ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. საუბარია, არა მარტო მოვლენათა განვითარების ლოგიკის უგულებელყოფაზე, არამედ, იმ კონიუნქტურულ მიმდინარეობაზე, რომლის ტყვეობიდანაც ვერა და ვერ გამოვიდა ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი.

 

გაცილებით უარესი სიტუაციაა საზოგადოებაში. თუ სოციალურ ქსელს თვალს გადავავლებთ, დავრწმუნდებით, რომ ერში ობიექტურობის განცდა ძალიან მოიკოჭლებს და იგი უფრო ემოციურ შეფასებებში გადადის. სამწუხაროდ, თანამედროვე ქართველებს ვერ გაურკვევიათ: თურქეთი უფრო დიდი ბოროტებაა, თუ რუსეთი?

 

მართალია, ამაზე ღია მსჯელობას არ ერიდებიან, მაგრამ საკუთარი აზრის დაფიქსირება ურთიერთბრალდებებისა (განსაკუთრებით უხვად რიგდება „პრორუსულობის“ იარლიყი) და ურთიერთშეურაცხყოფის ფონზე კეთდება.

 

როგორც ჩანს, ისტორიული მეხსიერება გვღალატობს და ევრო-ამერიკული ლიბერალიზმით დაბანგულები ხშირად სპილოსა და ჭიანჭველის ერთმანეთისგან გარჩევას ვერ ვახერხებთ!

 

პატრიოტიზმისგან მთლიანად დაცლილი უნდა იყო, რუსული იმპერიული მანქანის ვნებები გონებიდან ამოშანთო და რუსეთი კეთილმოსურნე მეზობლად და, მითუმეტეს, მართლმორწმუნე მეგობრად მიგაჩნდეს, მაგრამ არსებობს ისტორიული კანონზომიერებები, რომელიც ემოციებს ძნელად, ან საერთოდ არ ექვემდებარებიან!..

 

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: რუსეთ-თურქეთის გამწვავებული ურთიერთობა, რომელიც ადვილად შესაძლებელია მესამე მსოფლიო ომის წინაპირობად იქცეს, ბევრ ჩვენს თანამემამულეს „კარგ ხასიათზე“ აყენებს: მავანნი ფიქრობენ, რომ რუსეთი თურქეთთან საომარ დაპირისპირებაში ვერ შევა, რადგან ამ უკანასკნელს ზურგს ნატოს წევრი ქვეყნები უმაგრებენ, ანუ თურქეთი მას დააჩოქებს!

 

ზოგი უფრო შორს მიდის და ამ დაპირისპირებაში რუსეთის დასუსტების და მისი საბოლოოდ დაშლის წინაპირობას ხედავს, რის შემდეგაც მათი აზრით, ადვილად შესაძლებელი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა!

 

რაც შეეხება კონფლიქტის ეკონომიკურ მხარეს, ქართველ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო, როგორც ორივე მეზობელი სახელმწიფოს სავაჭრო პარტნიორი, შეიძლება მომგებიან სიტუაციაშიც აღმოჩნდეს. არსებობს განსხვავებული ვერსიაც, კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკას, რომლის ბაზარი ძირითადად რუსეთზე და თურქეთზეა მიბმული, სერიოზული პრობლემები შეექმნება და მას ალტერნატიული ბაზრის მოძიება მოუწევს.

 

ერთი სიტყვით, ქართველ პოლიტოლოგთა და ე.წ. ექსპერტთა პროგნოზები საკმაოდ ზედაპირულია და იგი უფრო კონიუნქტურულ ხასიათს ატარებს - არსებითად არ არის გამოკვეთილი, ორ აქლემს შორის ბრძოლაში კოზაკი (საქართველოი) რომ არ გაიჭყლიტოს, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, ვის უნდა დაუჭიროს მხარი (ორივეს საქართველოს ძირძველი მიწები აქვს მიტაცებული) და საერთოდ, რა მოიმოქმედოს, რომ კოზაკივით გაჭყლეტილი არ აღმოჩნდეს?!

 

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში არანაირი სამოქმედო გეგმა არ გააჩნია (არც გაცხადებული და, ალბათ, არც ფარული). არადა, თუ ზუსტი გათვლა არ გაკეთდა, ადვილად მოსალოდნელია ჩვენი, ქვეყანა დაპირისპირებული სახელმწიფოების პოლიგონად იქცეს.

 

მედიაში ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ მიუხედავად თურქეთის მხრიდან გახმოვანებული სურვილისა (საგარეო საქმეთა მინისტრმა არც დამალა, რომ მათ ბათუმისკენ უჭირავთ თვალი) გაბედავს დაარღვიოს საქართველოს საზღვარი და აჭარა კონფლიქტის ზონად (პოლიგონად) აქციოს. თუმცა, ამის უფლებას თვით რუსეთი არ მისცემს, რომელსაც ზურგს ყარსის ცნობილი ხელშეკრულებაც უმაგრებს!

 

რაც შეეხება თავად რუსეთს, იგი დღეს შედარებით მომგებიან პოზიციაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO-ს) წევრია, ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთმა საომარი მოქმედებები განახორციელოს თურქეთის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში არ არის გამორცხული, სამხედრო პოლიგონად საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და საომარ მოქმედებებში NATO-ს ჯარების ჩართვა კაცობრიობას ბირთვული ომის საშიშროების წინაშე დააყენებს!

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთი თავისი იმპერიული ბუნებიდან გამომდინარე, ყველაფერზე, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც წავა, რაც შეიძლება სამხედრო ალიანსის დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცეს.

 

მხედველობაშია მისაღები, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები ფორმალურად უკმაყოფილონი არიან თურქეთის ქმედებით (იგულისხმება რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება), რომელმაც შეიძლება სიტუაცია სამხედრო დაპირისპირებამდე მიიყვანოს.

 

ის, რომ მსოფლიოს ახალი გადანაწილების მიჯნაზე ვიმყოფებით, საკამათოდ არ უნდა მოგვეჩვენოს, ამის სიმპტომები უკვე სახეზეა. მთავარია, რა ფასად დაუჯდება ეს კაცობრიობას!..

 

 

                  * * *

სოციალურ ქსელში უკვე თავისუფლად საუბრობენ რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის მოსალოდნელ შედეგებზე - ბევრი წმინდა წერილებს და წინასწარმეტყველებებსაც იმოწმებს და ასკვნის, რომ თურქეთი დაიშლება - მისი 1/3 გაქრისტიანდება, ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ბერძნებს გადაეცემა, ქრისტიანობის ცოტადელი - აია-სოფიაც ქრისტიანებს დაუბრუნდება, ხოლო თურქები მესოპოტამიისკენ დაიძრებიან!

 

ამ წინასწარმეტყველებაში ბუნებრივად იგულისხმება, რომ საქართველო თავის ძირძველ ტერიტორიებს (ისტორიულ ტაო-კლარჯეთს და ლაზეთს) დაიბრუნებს!

 

თურქეთი თავისით რომ არ დაიშლება, ცხადია. თუ ეს წინასწარმეტყველება ახდა, გამოდის, რომ ეს აუცილებლად რუსეთის ხელით მოხდება და ბოლოდროინდელი ინციდენტით თუ ვიმსჯელებთ, თურქეთმა ასეთი ტრაგიკული დასასრული თვითონვე „გაიჩალიჩა“.

 

დიახ, ის, რაც კანონზომიერია, აუცილებლად მოხდება, თუმცა არა მაინცდამაინც დღეს ან ხვალ, არამედ, მაშინ, როცა ამის დრო დადგება!

 

დასაბუთებით ძნელია იმის მტკიცება,რომ ამის დრო უკვე დადგა, მაგრამ მოვლენათა განვითარების ლოგიკა აქამდე რომ მიგვიყვანს, ცხადია!..

 

წმინდა წერილების და წინასწარმეტყველებების თანახმად, ნებისმიერი იმპერია დაიშლება, მათ შორის, რუსეთიც, მაგრამ, ვიდრე ამის მოწმე გახდება კაცობრიობა, ეტყობა რუსეთს გარკვეული მისია უნდა აღასრულოს. ბუნებრივია, უნდა დააბრუნოს ის ქართული მიწებიც, რომელიც მას დროებით აქვს დატყვევებული (იმაზე არავინ დაობს, რომ ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს ომით ვერ დავიბრუნებთ)!

 

თუმცა, ისე ნურავინ გაიგებს, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილია - საქართველო თვალის დახამხამებაში გამთლიანდება და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაიჭიმება. ამისთვის უპირველესად ერის სულიერი მეტამორფოზაა საჭირო _ რწმენაში გაძლიერება და შინაგანი მზაობა...

 

როცა სასწორის პინაზე რუსეთს და თურქეთს ვდებთ და იმ ბოროტების სიმძიმეს ვწონით, რაც მათ საქართველოს მოუტანეს, სამწუხაროდ, ობიექტურობის განცდა გვღალატობს - ბოლოს დღეების საზოგადოებრივ განწყობას თუ შევაჯამებთ, გამოდის, რომ რუსეთი უფრო დიდი ბოროტება ყოფილა და ახლა ჩვენი „მხსნელი“ თურქეთია, რომელიც რუსეთს დაასუსტებს. სამწუხაროდ, ბევრი ამ ჰიპოთეზაში ხედავს საქართველოს გაერთიანების (აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების) წინაპირობას. არადა, ამ ლოგიკით, ეტყობა ჩვენ საბოლოოდ უარს ვამბობთ ისტორიულ ლაზეთზე, ტაო-კლარჯეთზე, რომელიც ქართული სულის არანაკლები ტკივილია!..

 

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ვლადიმერ პუტინი თანამედროვეობის თვალსაჩინო ფიგურაა. თუ მის პოლიტიკურ წიაღსვლებს ემოციის გარეშე შევაფასებთ, შეიძლება ითქვას, რომ იგი შეცდომებს ფაქტიურად არ უშვებს. რუსეთის ლიდერი რეალურად იქცა დანარჩენი ლიბერალური სამყაროს ერთადერთ საპირწონედ, იმ სამყაროსი, რომელიც კაცობრიობას უზნეობის ჭაობში ჩაფვლით და წალეკვით ემუქრება!

 

ამ ფონზე საკმაოდ უგუნურად და უსუსურად გამოიყურება ქართველი „პატრიოტების“ აღტკინება, რომ „რუსეთის მზის ჩასვენების დრო უკვე დადგა“.

 

ადამიანურად არ მესმის, რატომ უნდა გვიხაროდეს დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში იმ სახელმწიფოს „მზის ჩასვენება“, რომელმაც შენი ერი ფიზიკურად გადაარჩინა და დღესაც საქართველოს ერთ-ერთი ძირძველი კუთხის - აჭარის შენარჩუნების გარანტია!

 

არა მგონია, სამყარო ისე დაბრმავდეს, რუსეთ0თურქეთის დაპირისპირება მსოფლიო ომში გადაიზარდოს, მაგრამ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად რომ არ ჩაივლის, ცხადია. ISIS-თან მიმართებაში თურქეთის ბევრი ხრიკები უკვე გამჟღავნდა, ბევრსაც თანდათან აეხდება ფარდა, რაც იმის წინაპირობა იქნება, რომ სირიაში რუსეთის მხრიდან განხორციელებული ანტიტერორისტული აქციები ობიექტურ (მიზანშეწონილ) ნაბიჯად შეფასდება. ფარდა აეხდება იმასაც, რამდენად გულწრფელი იყო რუსეთთან ანტიტერორისტული ალიანსის შექმნა ევროპა-ამერიკის მხრიდან...

 

და ბოლოს: ჩვენი უბედურება იმაშია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიცია მოსალოდნელ საშიშროებასთან მიმართებაში - არა აქვს გააზრებული ის როლი და ადგილი, რომელიც მას ნანგრევებში მოყოლისგან იხსნის!

 

სამწუხაროდ, გვიანდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაც, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს მოსალოდნელი რეალობის ობიექტურად შეფასებაზე.

 

P.S. მედია-საშუალებები იტყობინებიან, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა რუსეთს ბოდიში მოუხადა და სინანული გამოთქვა რუსეთის ბომბდამშენის ჩამოგდების გამო. იგი იმედოვნებს, რომ დღეს პარიზში საერთაშორისო სამიტზე პუტინსაც შეხვდება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ისევ აღდგება.

 

ღმერთმა ქნას, მაგრამ არა მგონია, რუსეთმა შეურაცხყოფა ასე ადვილად გადაყლაპოს!

 

 

საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: