Iverioni
«    ივლისი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ივლისი 2018 (8)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
27-04-2016, 10:45
ნანახია: 866

როგორ მოვიქცეთ, რომ არ ჩავიძიროთ!

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 21-ე საუკუნის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს. მიჩნეული იყო, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება სასაქონლო წარმოების, მრეწველობის აღორძინებით მიიღწევა. მაგრამ, დღევანდელობა სხვა არჩევანს გვთავაზობს: ქართული აზროვნების კარს მიღმა, მსოფლიოში - მომავლის, ტექნოლოგიური საზოგადოება იბადება. 

ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი მოვლენაა. ქართული დისკუსია კი წვრილმან, „კლეაოზნიკურ“ თემებს ვერ გასცდა - ჩვენ ეკონომიკური „შენობის“ შინაარსზე არ ვფიქრობთ იმდენს, რამდენსაც ვდაობთ ეკონომიკის ინსტრუმენტებზე - ბანკებზე, მათ სიკეთესა და ბოროტებაზე, მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკაზე, საინვესტიციო და ტურისტულ „მიმზიდველობაზე“, სატრანზიტო ფუნქციაზე (დერეფანზე), ასევე - ნახშირწყალბადებზე და მისი მომწოდებლის სასაქონლო ლოგოზე („სოკარი“, „გაზპრომი“ და ა.შ.). არადა, ენერგიის ეს „ძველი“ წყაროც კი წარსულს ბარდება, ისევე, როგორც ეკონომიკის შინაარსი, საერთოდ. 

დღეს, მთლიანად კაპიტალიზმი იცვლება. მატერიალურ ფასეულობათა კაპიტალიზმი იცვლება ინტელექტუალური კაპიტალიზმით. ეს გარდასახვა ინფორმაციული და ტექნოლოგიური რევოლუციის შედეგია. თანაც, ახალი ტექნოლოგიები მასობრივი ხდება, რაც მასობრივი წარმოების ადრინდელ შინაარსს ანაცვლებს. 

ეს პროცესები ისეთი ძლიერია, რომ ამ საუკუნის ბოლოს ალბათ შეცვლის თვით ადამიანთა საზოგადოებას და ეკონომიკურ სისტემას - კაპიტალიზმს. ამასთან, ადამ სმიტის მოთხოვნა-მიწოდების კანონი არც იცვლება, მხოლოდ კაპიტალის ბუნება შეიცვლება.

ჰოდა, თუ ყოვლისმჭამელ პოლიტიკურ „ბაცილას“ მოვიშორებთ, კარებს შევაღებთ და გარეთ გავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ „ცოდნა და უნარები კონკურენტული უპირატესობის ერთადერთი წყაროა - ყველაფერი დანარჩენი მნიშვნელოვანი აღარ არის“ - ამბობს ლესტერ ტუპოუ, მასაჩუსეტსის ტექ. ინსტიტუტის ეკონომისტი.

თვით ტექნოლოგიური რევოლუციის წიაღშიც, სხვა - ახალი რევოლუცია მწიფდება: ნანოტექნოლოგია ატომებით მანიპულირების საშუალებას იძლევა. მოლეკულური „წარმოება“  შექმნის მასალებს, რაზეც აქამდე ოცნებაც არ შეგვეძლო. 

„ნანოტექნოლოგიის არსებითი მიზანია - ვისწავლოთ შენება ატომებით, როგორც აგურებით... მეტიც - საერთოდ, მიზანი ის კი არაა, შევქმნათ კომპიუტერი - ზომით მტვრის მარცვალი. იდეა მდგომარეობს კომპიუტერის შექმნაში, ზომით ბაქტერია“ - რიჩარდ სმოლი, ნობელიანტი. 

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ნანოტექნოლოგიით, ანუ ატომთა ნებისმიერი გადაადგილებით და მანიპულირებით, შესაძლებელია იმ მანქანის შექმნა, რასაც აქამდე მხოლოდ ღმერთი ფლობდა - მანქანა, რომლითაც შეიქმნება ნებისმიერი რამ, თითქმის არაფრისგან: ქიმიკოსი გააკეთებს შეკვეთას, ფიზიკოსი კი აღასრულებს - შექმნის! 

საწარმოთა კორპორატიული პირამიდები შესამჩნევად „გახდება“ - ზომა-წონაში შემცირდება. ყოველი ახალი ტექნოლოგია ცვლის ეკონომიკურ სიტუაციას და არღვევს სოციალურ წონასწორობას. მომსახურე პერსონალს შორის „გამარჯვებული“, ანუ საჭირო, იქნება ის, ვისაც შეეძლება შრომაში „ჩადოს“ სასარგებლო საღი აზრი. 

ეს ის პროფესიებია, რაც კრეატიულობასთან და შემოქმედებასთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა - ლიდერობა, ანალიტიკა, პროგრამირება, მეცნიერება და ხელოვნება.

მოკლედ, დიდი თემაა... პროცესი უკვე დაწყებულია: მატერიალურ-საგნობრივი კაპიტალიზმი - ინტელექტუალური კაპიტალიზმით იცვლება. ტვინი კი მასობრივ „წარმოებას“ არ ექვემდებარება. ეს ნიშნავს, რომ მომავლის ვალუტა მხოლოდ საღი აზრი იქნება. თავისთავად ეს კაპიტალი მხოლოდ ადამიანის დაბადებით, აღზრდით და სწავლით მიიღება. 

ზოგადი სტრატეგია:  რა უნდა ვიცოდეთ  ჩვენ  - გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანამ?

ამგვარად, დადგა დრო, როცა ჩვენს პატარა ეკონომიკურ სივრცეში, მთავრობა და საზოგადოება, ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად შევთანხმდეთ, რომ ჩვენს გარეთ (და ჩვენს გარეშე) მიმდინარეობს ფორმაციის დიდი ტრანსფორმაცია - მატერიალური ფასეულობების კაპიტალიზმიდან, ინტელექტუალურ კაპიტალიზმზე გადასვლა. 

ინტელექტუალური კაპიტალი, ჯერ ეკონომიკის ძირითადი რესურსი გახდა, ეხლა კი მთლიანად კაპიტალიზმი, როგორც სისტემა, ხდება ინტელექტუალური. 

რა ხდება ამ დროს? რა ნიშნებით ხასიათდება ეს პროცესი და რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ - გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანამ?

1. ეკონომიკის შინაარსის შეცვლასთან ერთად, მნიშვნელოვანი ხდება სრულიად ახალი ეკონომიკური  ორიენტირების დასახვა, ჩვენს ხელთ არსებული კაპიტალის ისეთ სექტორებში დაბანდება, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ინტელექტუალური კაპიტალის ზრდას. 21-ე საუკუნეში ეს ამოცანა ნებისმიერი მთავრობისთვის  ერთ-ერთი ყველაზე რთული იქნება!

ჩვენი ქვეყნის სუფთა და თითქმის სტერილური ეკონომიკური ველი, გარკვეულწილად, კარგ სასტარტო პოზიციად შეიძლება განვიხილოთ - ჩვენ სამრეწველო ეკონომიკა თითქმის არ გაგვაჩნია (ე.ი. რესურსები და ენერგია რაიმე „შემთხვევითი“ მიმართულებით არ გაგვიფლანგავს) და გვაქვს კარგი არჩევანი ნებისმიერი ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებისთვის.

2.  ქვეყანა რაიმე ტექნოლოგიური მიმართულებით უნდა ვითარდებოდეს. თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემები დაახლოებით 50 მაკროტექნოლოგიაშია გაერთიანებული. თითოეული მოიცავს ტექნოლოგიათა მთელ პაკეტს, რაც აუცილებელია რაიმე დარგის შესაქმნელად. მათ ძირითადად წამყვანი ქვეყნები აკონტროლებენ (აშშ 50-დან 22-ს აკონტროლებს, გერმანია - 10-ს, იაპონია - 7-ს და ა.შ.). 

ჩვენთვის შედარებით ნაცნობი დარგის - ავიამშენებლობის განვითარებისთვის, დაახლოებით 600 ტექნოლოგიის ათვისებაა საჭირო. ე.ი. ერთი მაკროტექნოლოგიის ათვისებას რამოდენიმე ათწლეული დასჭირდება. ამიტომ, საჭიროა რაღაც მიმართულებით მოძრაობის დროულად  დაწყება.  

ჩვენისთანა ქვეყნისთვის სრულიად საკმარისია (და შესაძლებელია) 1 ან 2 მაკროტექნოლოგიის დაუფლება, რაზეც ორიენტირებული უნდა იყოს ყველაფერი - ეროვნული ხასიათი და უნარები, სამეცნიერო პოტენციალი, სამეწარმეო პოტენციალი, ფინანსური და ადამიანური კაპიტალი, იდეოლოგიური ძალისხმევა, დაგროვილი ცოდნა (მათ შორის ტრადიციული) და გამოცდილება.

3. განათლება ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა, და არა პირიქით (როგორც ზოგიერთი ამტკიცებს). ნებისმიერი ქვეყნის გონიერი საზოგადოება თანხმდება, რომ განათლების სფერო ნომერი პირველი -  ფუნდამენტური პრიორიტეტია (არ ვიცი, პრიორიტეტების ასეთი შკალა, საერთოდ თუ აქვს ჩვენს ხელისუფლებას). ამიტომ, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს განათლების სისტემის კარდინალური გარდაქმნა, რომლის სტრატეგიაც „ახალი ეკონომიკის“ საორიენტაციო მიზნებზე იქნება ორიენტირებული. 

განვითარებულ ქვეყნებშიც კი, ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე, აქტუალური ხდება განათლების მთელი სისტემის კარდინალური გარდაქმნა, რათა უახლოეს მომავალში ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს პროფესიის შეცვლა. ახალგაზრდა კადრები 21-ე საუკუნის თავისებურებებს უნდა მოერგოს, რათა მომავლის ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ყველა სპეციალისტი თავის ადგილზე აღმოჩნდეს!..

საქართველოს ტექნოლოგიურად განსწავლული სპეციალისტები და მეწარმე-ნოვატორები დასჭირდება, რომლებიც ახალი ცოდნის საფუძველზე მოახდენენ შრომის ბაზარზე დამკვიდრებას და ბიზნესის ოპერირებას. ახალი თაობის ამ მიმართულებით სტიმულირება, მათი ენერგიის წახალისება და ენთუზიაზმის გაღვიძებაა აუცილებელი.

4. კაპიტალიზმის ახალი ერა გულისხმობს, რომ ბუნებრივი რესურსები აღარ წარმოადგენს ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელ ძალას. ამას ადვილად დავინახავთ, თუ დავაკვირდებით მსოფლიო ეკონომიკის „მოძრაობის“ პროცესს - დაწინაურებულ, უძრავ და რეგრესულ-ჩამორჩენილ სახელმწიფოებს. 

ინდუსტრიულიდან ინტელექტუალურ კაპიტალიზმზე გადასვლა თანდათანობით, გასული საუკუნიდან დაიწყო და ყოველ ათწლეულში პროცესი ჩქარდება. ამ „გარდასახვის“ მაგალითად გამოდგება ისეთი სანიმუშო ქვეყნები, როგორიცაა - კორეა, ომის შემდგომი იაპონია და მუდმივად ომში მყოფი ისრაელი, რომელთაც არავითარი მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები არ გააჩნიათ, მაგრამ განვითარების ბრწყინვალე მაგალითებს იძლევიან. 

ამ მხრივაც, „ჩვენი დრო“ დგება - მცირე ბუნებრივი რესურსები, კრეატიული და მაძიებელი ადამიანებისთვის დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს. 

5. აღარ იქნება რელევანტური აქამდე პოპულარული და აპრობირებული თეზისი: „ის, ვისაც შეუძლია, აკეთებს. ის, ვისაც არ შეუძლია, ასწავლის (!)“. ამბიციური და პრეტენზიული მცოდნეების დრო დამთავრდა. ამ ქართული „ბრუნით“ თუ „მოგვერდით“ ფონს ვეღარ გავალთ და ვეღარც ვიტივტივებთ - ჩავიძირებით! 

დაბოლოს: საკითხავია - ქართველის აზროვნების “წესი” ევროპულია თუ აზიური?! 

არის მოსაზრება, რომ ევროპული და აზიური აზროვნება რადიკალურად განსხვავებულია. 

ევროპული უფრო ინდივიდუალური და შემოქმედებითია, აზიური - კოლექტიური და დოგმატური. აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელია ჯგუფური ჰარმონია და კონსესუსი, ვიდრე ინდივიდუალური აქტიურობა.  

ეს ნიშნავს, საზოგადოებრივი აზრისა და ნორმებისადმი უაპელაციო  დაქვემდებარებას და პიროვნული ინიციატივების სისუსტეს. ამიტომ, ასეთ საზოგადოებაში ხდება სხვათა მიღწევების სანიმუშოდ მიღება (რაც ჩინური, იაპონური, კორეული ეკონომიკური მიღწევების საფუძველი გახდა). 

თავის დროზე, სინგაპურის რეფორმატორი მმართველი ლი კუან იუ, აღნიშნულზე დაკვირვების საფუძველზე მიხვდა, რომ ქვეყნის განათლების დოგმატური სტანდარტები, ისეთი არასტანდარტული მოსწავლეებისთვის, როგორებიც იყვნენ მაგალითად, ბილ გეიტსი ან სტივ ჯობსი, დამღუპველი იქნებოდა. 

ლიმ განათლების სფეროში  ნამდვილი რევოლუცია მოახდინა: კრეატიულ მოსწავლეებს არჩევდნენ სრულიად ადრეულ სტადიებზე და მათ ფანტაზიებს „საკუთარი გრაფიკით“ განვითარების შესაძლებლობას აძლევდნენ, რათა შემდგომ, არასტანდარტული სამეცნიერო წარმოსახვების ნაყოფი ქვეყნის ეკონომიკაზე ასახულიყო. ასეც მოხდა.

აქედან დასკვნა: ქვეყნის გონიერმა მმართველმა, უნდა ამოიცნოს და გაითვალისწინოს თავისი ხალხის მენტალური ხასიათი, აზროვნების მიდრეკილი შინაარსი, და ერის „პოტენციური ენერგია“ წარმართოს: 

1. საუკეთესო უნარების გამოვლენისკენ; 

2. არსებული უნარების განვითარებისკენ. 

ეს შესძლეს სხვებმა - თანამედროვე სახელმწიფოების დამაარსებელმა და რეფორმატორმა მმართველებმა, ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე: დავიდ ბენ-გურიონმა - ისრაელში, ქემალ ათათურქმა - თურქეთში, ლი კუან იუმ - სინგაპურში, და ა.შ.  

 

ნუკრი მიხანაშვილი,

ეკონომიკის დოქტორი