Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
15-06-2016, 12:08
ნანახია: 1405

კერპები უნდა დაიმსხვრეს!!!

სასაცილოდ მეჩვენება: მავანი და მავანი ლიტერატურულ პროცესებზე საკუთარი აზრის გამოთქმას მიკრძალავს და ჩემს ზეპირ თუ წერილობით გამოსვლებს „არამკითხე მოამბის" იარლიყს აწებებს!

მე საკუთარ თავს არ მოვიაზრებ ლიტერატურის კრიტიკოსად, მაგრამ, იმის პრეტენზია ნამდვილად გამაჩნია, რომ ესა თუ ის ნაწარმოები ჭეშმარიტი მკითხველის პოზიციიდან. ობიექტურად შევაფასო(რა თქმა უნდა,ჩემი გამოცდილებისა და ინტელექტუალური რესურსების გათვალისწინებით).

ვაღიარებ: ჩემთვის შეუვალი ავტორიტეტები არ არსებობენ! ნებისმიერ პიროვნებას იმისდა მიხედვით ვაფასებ, რამდენად სცილდება მისი ცხოვრების სტილი ქვენა გრძნობების დაკმაყოფილების დაუოკებელ სურვილს და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ყალბია, თუ ნიჭიერების ნიღაბს მოხერხებულად ირგებს და ამით ცდილობს „დაგვაბოლოს" და გაგვაბრუოს!

ვატყობ, ამ ბოლო ხანებში ვიღაც-ვიღაცებს ენა ექავებათ და ჩემს კრიტიკულ (თუმცა, ობიექტურ) გამოსვლებს არაადექვატურად აფასებენ. მეტიც, უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ მე თითქოს იქ „მივძვრები", სადაც ჩემი ადგილი არ არის!

ვიცი კრიტიკა არავის სიამოვნებს, მაგრამ, მე მირჩევნია ჩემზე დაუმსახურებლად იქილიკონ, ვიდრე, დარწმუნებული ვიყო კრიტიკის აუცილებლობაში და გავჩუმდე!!!

სხვათაშორის, ვიდრე საკუთარ პოზიციებს საჯაროდ დავაფიქსირებდე, წინასწარ ყველას ვაფრთხილებ-ხარვეზებზე მივუთითებ და ვურჩევ კიდეც, ეს ხარვეზები როგორ გამოასწორონ. ძალიან ცოტა შემხვედრია ისეთი, ვისაც ეს ისე გაუგია, როგორც უნდა გაეგო. უმრავლესობა სასტიკად იბოღმება და ლამისაა მტრად გამომაცხადონ!

არავისი არ მშურს (მითუმეტეს, ფსევდოპოეტების), არც თავის გამოჩენის ჭია მაწუხებს, მაგრამ, როცა ვხედავ საით მიდის ერთ დროს ზენიტში მყოფი ქართული ლიტერატურა, ვისაც არ უნდა ეწყინოს, პირში წყლის ჩაგუბება დანაშაულად მიმაჩნია!

ახლა პირდაპირ სათქმელზე გადავალ. ჩემთვის მოულოდნელი რეაქცია მოჰყვა გუშინდელ სტატიას (დაიბეჭდა „ივერიონში“ და სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა) „ოდეონის" გამოძახილი, ანუ საბოლოოდ მაინც ნიჭმა გაიმარჯვა!".

როგორც ჩანს, ზოგიერთებს ყელში გაეჩხირა ჩემი ერთმნიშვნელოვანი, საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება ე.წ. თეთრი ლექსის მიმართ.

 

ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ, მიმაჩნია, რომ თეთრი ლექსი ქართული მოვლენა არ არის - რაც არ უნდა მეტაფორებით იყოს იგი დახუნძლული, ოდნავადაც ვერ მიწვდება ტრადიციულ, ძარღვიანი რითმითა და რიტმით გაჯერებულ ქართულ პოეზიას. კიდევ ვიმეორებ, ვინც ლექსის ამ არატრადიციული ფორმითაა „დაავადებული", ის ოსტატურად ცდილობს შეფუთოს თავისი უნიჭობა(ქალბატონ მარინა გოგოლაშვილის გასაგონად ვიტყვი: ბესიკ ხარანაული და ლია სტურუა, რომელიც რითმიანი ლექსებით შემოვიდა ქართულ პოეზიაში, ჩემს მოსაზრებას თეთრ ლექსთან დაკავშირებით ვერ შემაცვლევინებს)!

აქვე მინდა ერთ საჩოთირო თემას შევეხო. გარკვეული მოსაზრებით, ზემოხსენებულ სტატიაში ეპითეტები არ დამიშურებია „ოდეონის" პრიზიორების მიმართ.

 

ეტყობა, მავანმა ჩემი „გულუხვობა" ისე გაიგო, რომ მე თითქოს იმ ნაწარმოებებს სრულყოფილების ნიმუშად ვაღიარებდე (არადა, იქვე გავაკეთე განმარტება, რომ ეს ავტორები გამორჩეულნი იყვნენ კონკურსის მონაწილეთა შორის), რაც ასე ნამდვილად არ არის. კიდევ ვიმეორებ: ისინი სხვებისგან გამორჩეულები იყვნენ და ამიტომ დაიმსახურეს ჟიურის და ჩემი ყურადღებაც!

ისე, ჩემთვის როგორც შეუვალი ავტორიტეტები არ არსებობენ, არც ვინმეს გაკერპებას შევუწყობ ხელს, ვინც არ უნდა იყოს იგი. ამ შემთხვევაშიც ჩემი პოზიცია შეუვალია: კერპები უნდა დაიმსხვრეს!!!

P.S. ვისაც არ უნდა ეწყინოს, მაინც ვიტყვი: „ჩემთვის მიუღებელია გამოთქმა: „ოდეონი" სიყვარულის კონკურსია და იქ ყველა გამარჯვებულია!"

არა, ბატონებო და ქალბატონებო - თუ ლიტერატურული კონკურსია, იქ შეჯიბრებითობა უნდა იყოს და ყველამ საკუთარი ინტელექტუალური რესურსის მობილიზება უნდა მოახდინოს. სხვანაირად, ლიტერატურა ვერ განვითარდება!

რაც შეეხება სიყვარულს, სიყვარულის კონკურსს ვერ ჩავატარებთ, რადგან, რაც არ უნდა კომპეტენტური ჟიური გვყავდეს, ვერ დავადგენთ, ვის ყველაზე მეტი სიყვარული შეუძლია!

მე მაინც ვისურვებდი, „ოდეონი"ლიტერატურული კონკურსი იყოს ყველა მისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით...

და ბოლოს: ჩემი მოწიწება და პატივისცემა ქალბატონ იზა ვეფხვაძეს, „ოდეონის", პლენერ „გამას" და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებების სულისჩამდგმელსა და ორგანიზატორს, მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა ჩემს რეკომენდაციებს კონკურსის პირობების კორექტირებასთან დაკავშირებით!