Iverioni
«    თებერვალი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 
თებერვალი 2018 (8)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
29-06-2016, 11:54
ნანახია: 758

ძირს მავნებლები! გაუმარჯოს ანარქიას!!!

 

საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს - სახელისუფლო ვერტიკალი მთლიანად პარალიზებულია და მხოლოდ რობოტის ფუნქციას ასრულებს, რომელსაც არც სახელმწიფოებრივი აზროვნება გააჩნია, არც მართვის ფუნქციები აქვს კოდირებული, ხოლო, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა  საერთოდ ნულს ქვემოთ ჩამოდის.

ეს სამწუხარო რეალობა კიდევ ერთხელ დაადასტურა თვითმარქვია თავდაცვის მინისტრის, ქალბატონ თინა ხიდაშელის (თუ რატომ არის თვითმარქვია, ქვემოთ მოგახსენებთ) თავხედურმა და ანტისახელმწიფოებრივმა ბრძანებამ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ.

ხიდაშელისგან ასეთი პროვოკაციული მავნებლობა გასაკვირი სულაც არ არის. თუ დროზე არ დათრგუნეს მისი შორსმიმავალი ამბიციები, იმასაც არ გამოვრიცხავ, არჩევნებამდე დარჩენილ დროში დაკარგული ტერიტორიების „დაბრუნების“ მოტივით ახალი პროვოკაცია მოაწყოს და საქართველო გაუაზრებელ ომში ჩაითრიოს!

აქედან გამომდინარე, ხიდაშელის „ნოვაციამ“ იმდენად არ გამაოცა, რამდენადაც სახელისუფლო ვერტიკალის სრულმა უუნარობამ, როცა თავდაცვის მინისტრი - მთავრობის ერთ-ერთი წევრი - ანგარიშს არ უწევს არც მთავრობის თავმჯდომარეს (ვის წინაშეც იგი ანგარიშვალდებულია), არც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს (არა აქვს მნიშვნელობა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს) და არც საკანონმდებლო ორგანოს, რომლის პრეროგატივაა სახელმწიფოსთვის ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა-გადაწყვეტა.

ვერავინ დამარწმუნებს, რომ მას ეს ნაბიჯი თავის მეუღლესთან, იგივე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეუთანხმებლად გადაედგა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვიწრო პარტიული ინტერესები სახელმწიფოებრივზე მაღლა დგას ქვეყანაში (ეს რომ წინასაარჩევნო ქულების დასაწერად გააკეთა ქალბატონმა მინისტრმა, წყალი არ გაუვა!).

ის, რომ დღევანდელი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა ნულის ტოლია, თინათინ ხიდაშელის გამინისტრების (თან თავდაცვის მინისტრად) მაგალითზეც აშკარაა. ამ შემთხვევაში არგუმენტად არ გამოდგება საზოგადოებაში მოარული ხმები იმის თაობაზე, რომ ივანიშვილს მისი გამინისტრება ამერიკიდან დაავალეს!

გენერლის „ფარაჯის“ მორგების პირველივე დღიდანვე აშკარად ჩანდა, რომ ხიდაშელის მისია წმინდა პოლიტიკური ხასიათის იყო და იგი ყოველთვის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული!

ამის დასტურია ხიდაშელის ნებისმიერი პოლიტიკური ხასიათის განცხადება თუ ინიციატივა, რომელიც ეჭქვეშ აყენებდა სახელმწიფოს ნების უზრუნველყოფას და შეიარაღებული ძალების დამოლარიზებისკენ იყო მიმართული!

თუმცა, რა შუაშია ხიდაშელი?

ეს ხომ ჩვენი, საზოგადოების აქტიური ნაწილის  (მადლობა ღმერთს, კიდევ შემოგვრჩა) უპრინციპობის დემონსტრირებაა, რომელმაც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მოიყვანა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ (არ დამიწყოთ სააკაშვილიგან გაგვანთავისუფლაო) და თითქმის 4 წელია პირში წყალჩაგუბებული ითმენს კოჰაბიტაციის მანტიაში გახვეულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს თუ უმოქმედობას!

დიახ, უფრო დიდი დამნაშავეა საზოგადოება, რომელმაც „ლაითად“ გაატარა ხიდაშელის თვითმარქვია თავდაცვის მინისტრად „კურთხევა“ - ქალი ისე შევიდა მინისტრის კაბინეტში, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი არ გაუვლია და არც მთავრობაზე განხილულა მისი მინისტრობის საკითხი...

სხვათაშორის, საზოგადოების მხრიდან არაადეკვატური შეფასებები მოჰყვა მის პარტიზანულ ბრძანებას სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებაც. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობისგან ხალხი კატეგორიულად ითხოვდეს ხიდაშელის სასწრაფოდ გადაყენებას და მისი ქმედების პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას, მხოლოდ სოციალურ ქსელში გულზე მჯიღის ცემით არიან დაკავებულნი.

თავმოყვარე ერი, თუნდაც ამ მავნებლური გადაწყვეტილების გამო ეტყოდა დღევანდელ ხელისუფლებას - არას და ეს მტკიცედ აისახებოდა მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც. როგორ შეიძლება ენდო ხელისუფლებას, რომელიც კრილოვის იგავს თამაშობს და საბოლოო ჯამში თავზე გამხობს სახელმწიფოებრიობას?!

დიახ, თავდაცვის მინისტრი ანგარიშს არ უწევს არც მთავრობას, არც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და პარლამენტი საკუთარი მეუღლის კანტორა ჰგონია!!!

კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ორაზროვანი განცხადებები, რითაც ისინი ცდილობენ დღევანდელ მთავრობას უხერხულობა ააცილონ, თუმცა, უშედეგოდ.

რაც შეეხება ზოგადად სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას და პროფესიონალურ შეიარაღებაზე გადასვლას, საქართველო არც ერთი ასპექტით არ არის მზად ასეთი პრაქტიკისთვის.

რაც თავი მახსოვს, სამხედრო სამსახური საქართველოში არ ითვლებოდა ღირსების საქმედ (განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში), მაგრამ სავალდებულო ხასიათს ატარებდა. ბევრი მშვიდობიან პერიოდშიც სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა შვილები აერიდებინა სავალდებულო სამსახურისთვის. მიუხედავად ამისა, სამხედრო კონტიგენტი ყოველთვის ივსებოდა.

დამოუკიდებელი საქართველოს რეალობაშიც ვერ იქცა სამხედრო სამსახური ღირსების საქმედ. ამას ვერ უშველა ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობამაც, მითუმეტეს, რომ ამ მისიების შესრულებისას ბევრი ჩვენი ახალგაზრდა თანამემამულე ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

არა აქვს საქართველოს იმის ფუფუნება, რომ საერთოდ უარი თქვას სავალდებულო გაწვევაზე, თუნდაც, ელემენტარული თავდაცვითი ღონისძიებების გატარების მიზნით.

რაც შეეხება პროფესიონალურ არმიას, რომელზეც დღეს აპელირებენ, ამას სათანადო წინაპირობების არსებობა და, მითუმეტეს, საბიუჯეტო გარანტიები სჭირდება და არა დემაგოგიური ფარატინა ქაღალდი!..



ზაურ ნაჭყებია
„ქართული პლატფორმა“