Iverioni
«    ნოემბერი 2017    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
ნოემბერი 2017 (7)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
26-01-2017, 13:35
ნანახია: 986

სოფიო ბიბილაშვილი: უნდა დავანგრიოთ სიძულვილისა და მრისხანების აგურებით ჩაშენებული კედლები!

 

უკვე საკმაო ხანია, შორიდან ვაკვირდები, ჩემს სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს: მიხარია, როდესაც რაღაც ახალი ხდება, წინ მივდივართ ან უფრო მეტიც — მივიწევთ მწვერვალებისკენ, მაგრამ, პარალელურად ისეთ ცუდ ამბავს გავიგონებ ხოლმე, თავისი შინაარსით თუ ყოველგვარი პარამეტრით, თითქმის, გადაწონის ყველაფერს კარგს და ჩვენს საერთაშორისო რეპუტაციას აშკარად ვნებს;


ასეთ დროს ისმება კითხვები: ბოლოს და ბოლოს, ვინ არიან ეს ქართველები, რა ხალხია, რა კულტურა აქვთ, ან, საერთოდაც, აქვთ თუ არა კულტურა და განვითარების რა დონეზე არიან დღეს?


ყველაზე უხერხულად პირველად მაშინ ვიგრძენი თავი, როდესაც საქართველოში ,,ცოცხების,, რევოლუცია მოხდა!!!
ამის შემდეგაც და მანამდეც ბევრჯერ მოვისმინე, ისეთი ,,ნიუსები,, რომლის ტირაჟირებისას მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვეს, რომ, მაგალითად, დაკავებულია ქართველების კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც წლების მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ,,მაგარი მომპარავის,, სტატუსით ,,მოღვაწეობდა,,…


სწორედ ასეთი ამბების მოსმენის შემდეგ მეკითხებიან ხოლმე ჩემი უცხოელი მეგობრები: მართლა ასეთია ქართველი ხალხიო?


მეც მიწევს ახსნა-განმარტება, რომ კრიმინალს ეროვნება არ აქვს და არც პატიმრების მაწამებელი რომელიმე ჩინოსანის გაიგივება შეიძლება ზოგადად ქართველ ერთან.


ასეთი დროს ვცდილობ ხოლმე არ შევიმჩნიო, მაგრამ ვატყობ, რომ შინაგანად მართლაც მრცხვენია: მერე რა, რომ, ზოგადად, ადამიანურ თვისებებს (ავსა თუ კარგს) ეროვნება არ გააჩნია?!


როდესაც სიტუაცია საშუალებას მაძლევს, ჩვენს ისტორიზე და კულტურაზე, რა თქმა უნდა, ვყვები, მაგრამ ვცდილობ ჩემი სიამაყე ,,მოვთოკო,, და ვიყო მოკრძალებული იმ ადამიანის წინაშე, რომელიც ჩემს ნაამბობს ისმენს; რომელიც სულ სხვა კულტურისა და ეთნოსის წარმომადგენელია, რადგან, შესაძლოა, მისი ქვეყანა საქართველოს განვითარებით მნიშვნელოვნადაც ჩამორჩება.


მიუხედავად იმისა, რომ ამაყი ვარ, არასდროს არავის ვამეტებ თავს ჩემი ქართველობით, მრავალსაუკუნოვანი და მრავალფეროვანი კულტურით თუ ბუნებით, რადგან ვიცი, რომ ეს არავის სიამოვნებს და ნებისმიერ სიტუაციაში სხვისთვის ყველა ,,ზემოდან მაყურებელი,, რეალურად ყველაზე დაბალ დონეზე აღიქმება.


ჩემი საუბრებით საქართველოს შესახებ ზოგი მართლაც ძალიან ინტერესდება, ზოგი — საერთოდ არა, ზოგს კი სასაცილოდაც არ ჰყოფნის ჩვენი ზოგიერთი ტრადიცია და ეს თემა ხუმრობის საგანიც გამხდარა, მაგრამ, საბედნიეროდ, არასდროს, არავისგან მიგრძვნია რეალური დამცირება, არ გავმხდარვარ „ბულინგის“ ან დისკრიმინაციის მსხვერპლი.


როდესაც ვიღაც ჩვენს სუფრებზე დაყრილ ხორაგზე და ყანწების ტრიალზე ცრემლებამდე იცინის, მე ეს დაცინვად არ მიმაჩნია, რადგან, ეს მეც არ მომწონს;


ზოგადად სიმართლე, მწარეც რომ იყოს, ჩემთვის ასატანია და ვიცი ისიც, რომ დაცინვასა და ხუმრობას შორის დიდი სხვაობაა; სამწუხაროდ, სწორედ სიმართლის გაგონება, ასევე ხუმრობის და დაცინვის გარჩევა უჭირთ უცხოეთში ქართველებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, არა მხოლოდ ქართველებს!


ამ თემაზე ბლოგის დაწერა დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ განსაკუთრებული მოტივაცია ამ ცოტა ხნის წინ ეკა ხოფერიას ქალიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა წერილმა მომცა, რომელიც აღნიშნავდა, რომ ინგლისში ის ბულინგის და დისკრიმინაციის ჩვეულებრივი მსხვერპლი გახდა!


ეს ჩემთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა, რადგან წარმომიდგენია, რა ძლიერი განცდის გადატანა მოუხდა თითქმის ჩემს თანატოლ, უცხოეთში მარტოდ მყოფ გოგონას, რომელიც, ვვარაუდობ, რომ ზოგადად, დაუცველ სიტუაციაში საქართველოში არასოდეს აღმოჩენილა, რადგან არის ცნობილი ჟურნალისტის, პატივსაცემი და პატივცემული ქალბატონის შვილი და მეც კარგად ვიცი, საქართველოში ეს რას ნიშნავს;


ამ სამწუხარო ინციდენტში არავის ვიცავ და არც არავის ვამტყუნებ, რადგან, უბრალოდ, მომხდართან დაკავშირებით არ ვარ სრულად ინფორმირებული, მაგრამ ნამდვილად მინდა, სიტუაცია ნეიტრალური პოზიციიდან შევაფასო, რეალურ პრობლემებს გავუსწორო თვალი და ბევრ რამეზე თქვენთან ერთად დავფიქრდე კიდეც.


თავიდანვე შევთანხმდეთ: მეცნიერება უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ დედამიწაზე არ არსებობს არანაირი სხვადასხვა რასა, თუმცა ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ დედამიწის მოსახლეობის ამ მიმართულებით დიფერენცირება ნორმალურია.
მოკლედ, მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დედამიწაზე არსებობს ერთი დიდი და დიადი ,,რასა,, — ადამიანი, ჩვენ კი, ყველანი, ამ ,,რასის,, მრავალფეროვანი წარმომადგენლები ვართ და ერთმანეთისგან ჩვენი უნიკალური ფიზიკური, სულიერი, კულტურული თუ ზნეობრივი თავისებურებები გამოგვარჩევს.


ეს განსხვავებები დედამიწას უხდება და ამ პლანეტას მით უფრო საინტერესოს ხდის, რაც მეტია ჩვენს შორის სხვაობა. რასობრივი დიფერენცირება, თავის დროზე, ალბათ, ადამიანების სოციალურად კონსტრუირების და მავანთა ინტერესების სასარგებლოდ ადამიანების ბედით მანიპულირების მიზნით მოხდა. სწორედ ამან განაპირობა ადამიანებს შორის სიძულვილი, რამაც დიდი უმეცრების და სულიერი სიღატაკის ხელშეწყობით, შედეგად მოგვცა რასიზმი, ფაშიზმი, დღეს კი უკვე ნეო-რასიზმი თუ ნეო-ფაშიზმი.


სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღესაც, მას შემდეგ, რაც გერმანიამ მსოფლიოს ბოდიში მოუხადა ფაშიზმის გამო, მსგავსი პრობლემის წინაშე კვლავ დგას იგივე მსოფლიო: თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ იტანენ სხვას განსხვავებული კანის ფერისა თუ თვალების ჭრილის ზომის გამო. ზიზღი იწვევს აგრესიას, აგრესია — დანაშაულს, ომს და სისხლისღვრას…


მოკლედ მრისხანების აგურს აგური დაედო, შედეგად აშენდა და ბერლინის კედლისგან განსხვავებით, დღემდე არ დანგრეულა ადამიანებს შორის „გამყოფი“ ვირტუალური კედელი, რომლის დანგრევაც გაცილებით ძნელია, რადგან ეს კედელი არ არის მატერიალიზებული - ის ერთეული ადამიანების გონებაშია გამყარებული და მისი დანგრევა მხოლოდ დიდი, გრანდიოზული მენტალური ცვლილებებითაა შესაძლებელი, რაც დიდ მოთმინებას მოითხოვს და იძულებით არ მიიღწევა.


თუმცა, არსებობს დამღლელი, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი — უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ არც ერთი ფაქტი და უნდა ვიმეოროთ გაუთავებლად, რომ სწორედ რასიზმია გაუნათლებლობისა და უკულტურობის უმაღლესი გამოვლინება და ამ საკაცობრიო სირცხვილს ეროვნება არ გააჩნია!!!


შესწავლილია, რომ ყოველგვარ ქცევას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზი, რასაც ფსიქოლოგები ე.წ ,,ჭიაყელას ეფექტსაც,, უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ თუ ჭიაყელას გასრესას მოუნდომებ, ის აუცილებლად გაიკლაკნება, ამიტომ შესაძლოა, რასობრივ ნიადაგზე ნებისმიერი დონისა თუ ხასიათის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი იქ ვეძებოთ, სადაც ერთი კულტურის წარმომადგენელი მეორეს თავს ამაყად წამოადგება და საკუთარ ეთნიკურ უპირატესობასთან დაკავშრებით ყოველგვარ ინფორმაციას ისეთი ჭარბი დოზით და ზეაწეული წარბით აწვდის, მსმენელს თავდაცვით პოზიციაში აყენებს და ახსენებს, რომ ,,საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა,, — აი, სწორედ აქ შეიძლება მივიღოთ უკუეფექტი: იმის ნაცვლად, რომ ვინმემ მართლა ინტერესით გვიყუროს და მოგვისმინოს, მაგალითად, რა მაგარი ხალხი ვართ ქართველები, მივიღოთ მუშტი ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით!


უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი კულტურაც და უკულტურობაც, სიბნელეც და სინათლეც, წესრიგიც და არეულობაც. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ ქვეყნების შვილებს და არა მხოლოდ ჩვენ, ქართველებს, უყვართ ის ადგილები, სადაც ,,შობილან, გაზრდილან,, და ,,უსროლიათ ისარი,, ეს ის შემთხვევაა, როდესაც, უხერხული რომ არ იყოს, მეც სიამოვნებით გავიმეორებდი საჯაროდ ცნობილ ქართულ ფრაზას ,,ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონს,, იმის დალაგებულთან დაკავშირებით.


და მაინც, ათასი ყოფითი პრობლემით შეჭირვებულ ადამიანებს ხშირად, ასეთი რამაც გვემართება — სადაც არ ვართ, გვგონია, რომ სწორედ იქაა ყველაფერი კარგად. ასეთი ცრუ წარმოდგენების გამო საკუთარს ყველაფერს ვკიცხავთ, რადგან, არ გვინახავს, რომ იმ ,,სხვაგანაც,, ჩვენსავით ფიქრობენ, რადგან ჩვენ, ყველანი ადამიანები ვართ და ე.წ. ,,აღთქმული ქვეყნის,, მიმართ ლტოლვა ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილებაა, თუმცა, როგორც ყველგან და ყველაფერში, აქავ ,,ოქროს შუალედის,, და ბალანსის დაუცველად ცხოვრება რთულდება.


ჩვენთვის ევროპა და, ზოგადად, დასავლეთი, ან თუნდაც — აღმოსავლეთი (ვისთვის — როგორ) სრულიად სამართლიანად და ლოგიკურად იქცა იმ ,,აღთქმულ ქვეყნად,, საითაც წლების მანძილზე მილიონობით ქართველია მიგრირებული და პირდაპირ შეჯახებული იმ პრობლემებს, რასაც მარტო, დიდი (ქართული გაგებით დიდი) საახლობლოს გარეშე ყოფნა, ბრძოლა გადარჩენისა და დამკვიდრებისათვის ჰქვია.


მიგრაცია მხოლოდ ქართული ფენომენი ნამდვილად არ არის, ამიტომ, დედამიწაზე ყველა მიმართულებით არის ადგილები (განსაკუთრებით დიდი და ,,დედა,, ქალაქები), სადაც საზოგადოება ძალიან აჭრელებულია. ყოველდღიურად შეხვდები, მინიმუმ, რამდენიმე სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელს: ყველას საკუთარი, საინტერესო ისტორია აქვს, მაგრამ ,,აღთქმულ მიწაზე,, ყველა ერთია;


აქაც არის პრობლემები, მაგრამ ცხოვრებას სწორედ ის აადვილებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა უსახლკარო ხარ თუ — პრეზიდენტი, ადამიანური უფლებები და მოქალაქეობრივი მოვალეობები ყველას თანაბარი აქვს, კანონი ყველასთვის ერთია და ეს კანონი რეალურად მოქმედი, ანუ უპირობოდ აღსრულებადია.


თუ იქ, სადაც ხარ, იქაური ქუდი არ დაიხურე, თუ სადაც წახვალ ,,თან წაიღე,, მთელი შენი ქვეყანა, მიზნად მხოლოდ შენი წარმომავლობის აფიშირება და ამით გაუთავებელი, უსაგნო და უადგილო ამპარტავნება დაისახე, საკუთარ თავს თავად გახდი თითით საჩვენებელ ,,ეგზემპლარად,, და ამის შემდეგ თუ ვინმე შენკენ ,,თითს გამოიშვერს,, ამას დისკრიმინაციასთან საერთო ნამდვილად არაფერი ექნება;


ნუ გვეშინია მსოფლიოში და უცხო გარემოში უხმაუროდ და სადღეგრძელოს პათოსის გარეშე ცხოვრებისა — ეს ჩვეულებრივი აუცილებლობაა იმისთვის, რომ შენი ყოფნით ამა თუ იმ სივრცეში არ შეაწუხო სხვები;


ნუ ვშფოთავთ — საზღვარზე არავინ გვხვდება, „მანიპულირებელი ჩიპით“ რომლის ჩაყენებასაც გვაიძულებენ და შედეგად ,,ქართველობას,, ,,ფრანგობას,, ,,გერმანელობას,, ან აფრო-ამერიკელობას წაგვართმევენ;


ნუ გვეშინია, რადგან სადაც არ უნდა წავიდეთ, ან ვინც არ უნდა ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ღირებულებები და უნიკალური თვისებები ჩვენში და ჩვენს ქვეყანაში იყო, არის და დარჩება ყოველთვის, ისინი არსად დაიკარგება და სადაც საჭიროა, აუცილებლად ძალიან ლამაზად, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე, კულტურულად გამობრწყინდება!


ნუ გვწყინს, თუ ვინმე სადმე არ, ან ვერ შეგვხვდება ზარ ზეიმით — არიქა, ქართველი გვესტუმრაო!


ნუ მოველით, რომ სადაც მივალთ, პალმის რტოები უნდა დაგვიფინონ და თუ არ დაგვიფინეს, ნუ გვეგონება, რომ ჩვენ ამის გაკეთებას ვინმეს ვაიძულებთ მას შემდეგ, რაც ჩვენს ქართველობას გადავაფრქვევთ თავზე ყველა გზით და საშუალებით!


ნუ გვისკდება გულები, როდესაც ვინმეს საქართველო ჯორჯიის შტატში აერევა, ან — რუსეთი ეგონება, რადგან არ გასულა ისტორიისთვის ჯერ იმოდენა დრო, რომ საბჭოთა კავშირი დიდი ხნის დაშლილი გვეგონოს;


ნუ გვეკიდება ცეცხლი, თუ ვიღაცას ჯერ არ გაუგონია არათუ ის, რომ ქართული დამწერლობა ერთ-ერთია მსოფლიოს უძველეს დამწერლობებს შორის და, აგერ, ახლახან, გრაკალის გორაზე აღმოჩენილმა წარწერებმა ქართული დამწერლობის ასაკი ქრისტეშობამდელი პერიოდისკენ გადასწია!


ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი ჩვენი ქვეყნის შესახებ აუცილებლად უნდა ვთქვათ, მაგრამ მშვიდად, მხოლოდ იქ, სადაც ეს აუცილებელია და არა — ვამტკიცოთ სადმე ქუჩაში, თუ არ დაგვიჯერეს, ან დაგვცინეს კი (თავიანთი უმეცრების, ანდა შურის გამო), ხმალი უნდა ვიშიშვლოთ.


ვის რას ველაპარაკებით, საბოლოო შედეგისთვის სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა და თუ სადმე ვინმეს ჩვენი არ ესმის, იქნებ, იმის ბრალია, რომ ჩვენს სათქმელს იქ არ ვამბობთ, სადაც საჭიროა?


მაგალითად, ინგლისში, ირლანდიაში და სხვა ქვეყნებშიც არსებობს ერთგვარი კატეგორიის და მსოფლმხედველობის ხალხი, რომლებიც ტრადიციულად, ერთ ადგილას არ ჩერდებოდნენ, ამიტომ ცნობილნი არიან, როგორც „მოგზაურები“ (Travellers,Gypsies);


ყველა ქვეყნის „მოგზაურებს“ თავიანთი წარმომავლობიდან და მოგზაურობის შედეგად შეძენილი თვისებებიდან გამომდინარე, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული თავისებური ხასიათი აქვთ. ამ ხალხის დიდ ნაწილს, როგორც წესი, არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ეს ხალხი დადის ბანაკებად და ცხოვრობს იქ, სადაც კარვის დაცემა მოეპრიანება;


ირლანდიელი/ინგლისელი ,,მოგზაურები,, რომელთა ერთმა ნაწილმა დროთა განმავლობაში მიატოვა ბანაკებად ცხოვრება და ერთ ადგილზე დასახლდა, სხვათაგან მეტი აგრესიულობით გამოირჩევა. ამ ხალხს გამოყოფილი ადამიანებში ახალი ცხოვრების სტილი ჩამოყალიბდა, შეიძლება ითქვას უარესიც… ალბათ, ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული საიმისოდ, რომ ერთ ადგილზე დამაგრებას მათი ზნე-ჩვეულებები შეეცვალა. მოკლედ, ზოგიერთი ალკოჰოლდამოკიდებული და ნარკოდამოკიდებულიც არის; მათი განათლების დონე დაბალია, რადგან ხშირად, მიზეზთა გამო, სკოლასაც კი არ ამთავრებენ; ამ ადამიანებს აქვთ ყველასგან განსხვავებული, რაღაცნაირი დაუდევარი ჩაცმულობა და ქცევები. ქუჩაში ყურადღებას ადვილად იპყრობენ, განსაკუთრებით იმ ადამიანებისას, ვინც ტურისტია, ან — ირლანდიასა და ინგლისში ახლადჩამოსული და ეს ხალხი პირველად ნახა; მშვენივრად იციან, რომ ცუდად იქცევიან, მაგრამ შეცვლა და ,,გამოსწორება,, აზრადაც არ მოსდით; სადაც შედიან, ყველგან შეაქვთ არეულობა და სრული ქაოსი; ბუნებრივია, ასეთები არიან მათი შვილებიც, რომლებიც ყველგან პრობლემურები არიან, რადგან „ბულინგის“ ჩვევებით და რასიზმის გამძაფრებული გრძნობით გამოირჩევიან.


ეს ირლანდიაში, ასევე ინგლისშიც (და ალბათ სხვაგანაც) სერიოზული პრობლემა: წლებია, სახელმწიფოები მათი კომპაქტური დასახლებების თუ ბანაკების დაშლას და მათი ცხოვრების წესის შეცვლას ცდილობენ, მაგრამ პრობლემის ფესვები იმდენად ღრმაა, ბოლომდე ვერ ერევიან!


მოკლედ, ყველა ირლანდიელი/ინგლისელი შორიდანვე ცნობს ამ ადამიანებს და იცის, რომ მოდის შარიანი და ბუნტისთავი, რომლისთვისაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ირლანდიელი ხარ თუ — სხვა ვინმე; მას უბრალოდ უნდა მოერიდო, არ შეეპასუხო, არ ,,დაეძაბო,, რადგან ამ ხალხთან ურთიერთობა ნამდვილი ჭაობივითაა — რაც მეტად ფართხალებ, მეტად საშიშია და ბოლოს შეიძლება დაიხრჩო კიდეც ისე, რომ ვერავინ მოგეხმარება, რადგან ზუსტად იცის, თვითონაც საფრთხეში ჩაიგდებს თავს!


ევროპულ ქვეყნებში და მათ შორის ამ ორ ქვეყანაში, ბავშვების უფლებები განსაკუთრებითაა დაცული. ეს იციან იმ ,,შარიანმა და ბუნტისთავმა,, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და ამით ბოროტად სარგებლობენ; რაც არ უნდა თავხედურად მოიქცნენ თინეიჯერები, მათ ხმას არავინ გასცემს, რადგან, საბოლოოდ მოსალოდნელია, რომ ისევ შენი ბრალი იქნება ყველაფერი, შესაბამისად — ხალხი ზედმეტ პრობლემას ერიდება და ესენიც ,,მიაჭენებენ,, საითაც გაეხარდებათ…


ასეთი ცხოვრების წესით გაზრდილი დიდიც და პატარაც ასე ვთქვათ, ,,დაბადებიდანვე გაღიზიანებულია,, და ჩვეულებრივ მდგომარეობაში მინელებული ცეცხლივითაა, რომელსაც ნავთად არ უნდა დაეღვარო, უბრალოდ, იმედი უნდა იქონიო, რომ ესენიც ოდესმე ისწავლიან მოქცევას, ოდესმე ამათაც გაუჩნდებათ ნორმალურად ყოფნის მოთხოვნილება ისევე, როგორც თავის დროზე კარვებიდან გამოსვლის და სახლებში ცხოვრების სურვილი გაუჩნდათ.
ასეთი იმედის საფუძველს ის ფაქტიც იძლევა, რომ ამ წრიდან მართალია კანტიკუნტად, მაგრამ უკვე ნელ-ნელა მოდიან ადამიანები, ვინც სკოლაც წარმატებით დაამთავრა, უმაღლესი განათლებაც მიიღო და მუშაობს კიდეც, თუმცა ურთიერთობებში მათი ლამის გენეტიკაში გადასული აგრესიული ხასიათი თუ ღირებულებათა მწირი სისტემა ისევ პრობლემებს ქმნის.


რატომღაც მგონია, რომ სწორედ ასეთ ხალხს გადაეყარა ეკა ხოფერიას შვილიც და მხოლოდ იმიტომ გახდა ბულინგის თუ დისკრიმინაციის მსხვერპლი, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია მათ შესახებ, ვერ ამოიცნო, რა კატეგორიის ადამიანებთან მოუხდა ურთიერთობა და ამიტომაც, უბრალოდ, არ გაეცალა!!!
პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან ვწუხვარ მის გამოც და არც ის მინდა, მსგავს სიტუაციაში ხვალ კიდევ ვინმე აღმოჩნდეს!


სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და, მათ შორის ინგლისშიც, ირლანდიაშიც და, ასე განსაჯეთ — საქართველოშიც ისეთი ხალხი ჯერ კიდევ არსებობს, ათასი მიზეზით და საფუძვლით გონებაში რასიზმის აგურებით მყარად აგებული კედელი რომ აქვს ჩაშენებული:


ზოგს ,,თავის სიგრძე,, არაერთი დიპლომიც აქვს, ზოგი — უნივერსიტეტებშიც ასწავლის; ზოგი ქუჩაში შემოგხვდებათ, ზოგი — კაფეში ან ბარში და იცოდეთ:


რაც არ უნდა ,,ჩაცმულ-დახურულები,, იყვნენ, რაც არ უნდა გარემოში კარგად ადაპტირებულის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, მათი ამოცნობა ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და აქ გამოსავალი ერთადერთია — ,,ვირის წიხლი არ უნდა გეწყინოს,,!


ვირს აცე-აცე-ს ძახილით მხოლოდ ტლინკებამდე მივიყვანთ, რაც ისევ ჩვენ დაგვაზარალებს, ამიტომ თუ ჩვენთან ურთიერთობაში ადამიანი ვირის ჯიშს გამოავლენს, თანდათან, მშვიდად უნდა გავხედნოთ და ვირობის გამოვლენის პირობები არ უნდა შევუქმნათ — ჩემი აზრით, მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი მათ ტვინებში მენტალური ,,რევოლუციის,, მოწყობა საიმისოდ, რომ სიძულვილის და მრისხანების აგურებით ჩაშენებული კედლები დავუნგრიოთ!