Iverioni
«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
13-02-2017, 10:32
ნანახია: 1439

მიხეილ ჯიბუტი: ვიზალიბერალიზაცია - ახალი-„ზაციის“ დასაწყისი საქართველოსთვის!

2017 წლის 2 თებერვალი, როდესაც ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მიღებას დაუჭირა მხარი, ერთმნიშვნელოვნად სამახსოვრო თარიღი გახდა საქართველოს ისტორიაში. ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა 553 დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 66, ხოლო 28-მ თავი შეიკავა. ამა წლის მარტის ბოლოდან ეს გადაწყვეტილება უკვე პრაქტიკულად განხორციელდება.


უპირველეს ყოვლისა, დადგინდა ევროკავშირის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლისა და საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში შესვლისთვის სიმეტრიული პირობები. მანამდე რა იყო? მათ, როცა უნდოდათ და ვისაც უნდოდა, შეეძლოთ მობრძანება ჩვენთან, მაშინ როდესაც ჩვენ, მხოლოდ შერჩევით შეგვეძლო მათთან წასვლა.

ახლა მისვლა-მოსვლის საკითხი გადაწყდა. მართალია, ქვეყანაში ყოფნის პირობები იმათთვის ჩვენთან და ჩვენი იმათთან განსხვავებულია. ჩვენი დამოკიდებულება „საუცხოოა“, იმათი „წამახალისებელი“. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ მოიქცევიან ქართველები ევროპაში. ე.წ. „შეჩერების მექანიზმი“ ქართველებს რაღაცნაირ კოლექტიურ პასუხისმგებლობას ანიჭებს კანონის წინაშე. თუ  ქართველები დაარღვევენ „სამთვიან ლიმიტს“, მაშინ შეიძლება კარები ევროპაში დაიკეტოს... მთელი საქართველოსთვის?!

ცოტა გაურკვეველი მექანიზმია. რამდენმა კაცმა - საქართველოს მოქალაქემ  უნდა დაარღვიოს უვიზო რეჟიმის  წესები, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთიანად  „დაისაჯონ“ სავიზო რეჟიმით? მოქალაქის საქციელზე შეიძლება მთელი ქვეყანა აგებდეს პასუხს?

ეს მიდგომა, არც ლიბერალური და არც სოციალისტური (ევროპული) გაგებით, პიროვნების თავისუფლების პრინციპებთან აქამდე ცნობილ მიდგომებთან  სრულ შესაბამისობაში ვერაა.

როგორც არ უნდა იყოს, უვიზო რეჟიმი ბევრ სიტუაციაში კომფორტულია საქმიანი ადამიანებისთვის, სწავლის მსურველთათვის, ტურიზმისათვის და ა.შ. ის არ ქმნის ევროპაში დასაქმებისთვის რაიმე ახალ შესაძლებლობებს. ეს შესაძლებლობები რჩება იგივე, რაც მანამდე იყო. ის, პირიქით, რეადმისიის კანონთან ერთად კუპეში, აადვილებს ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის ევროპაში არალეგალურად დასაქმებულთა, ან მცხოვრებთა საქართველოში დეპორტაციის პროცესს!

ვიზალიბერალიზაციის მიღებით საქართველოს რაიმე უპირატესობების ძიება იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისაც მისი მიღების სურვილი აქვს, მაგრამ ჯერ ვერ მიიღო - „შემოდგომის აზნაურობაა“. აქედან ერთი ნაბიჯია იქამდე, ვინც ამტკიცებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ანტიდისკრიმინაციული კანონისთვის მისცესო. ამ კანონის მიღება გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების იმდროინდელ პოლიტიკურ - ზნეობრივ მდგომარეობას, რომლის შეფასებას ხალხი და ისტორია კიდევ დაუბრუნდება. ფუჭია ამ კავშირის მამტკიცებელთა ცდა - ის უფრო თავისი ქცევის გამართლებაა. სინამდვილეში,მას არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციასთან.

ვიზალიბერალიზაცია მიიღო ქართველმა ხალხმა თავისუფლებისთვის მრავალათწლიანი ბრძოლისთვის.

საბჭოთა კავშირის (1921-1991 წწ) პერიოდში მის მოქალაქეებს ქვეყნიდან გასვლა შეეძლოთ მხოლოდ როგორც იშვიათი გამონაკლისი. საბჭოთა კავშირის დროს უკმაყოფილების დიდი მუხტი ქვეყნიდან გაუსვლელობის გამოც დაგროვდა. საქართველომ დამოუკიდებლობა კი მოიპოვა, მაგრამ ქართველების სამოძრავო სივრცე, რუსეთის სავიზო რეჟიმის გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა (საბჭოთა კავშირი მსოფლიო ტერიტორიის მეექსედს შეადგენდა, ხოლო რუსეთის ფედერაცია მხოლოდ მერვედს შეადგენს).

საბჭოთა კავშირის სივრცეში მოძრაობას მიჩვეული ქართველებისათვის, რუსეთში ჩვეული კავშირების  მოშლა, სხვა ნოსტალგიურ მომენტებთან ერთად, უფროსი, ე.წ. საბჭოთა თაობის თვალში აფერმკთალებს საქართველოს დამოუკიდებლობის  აღდგენის ფაქტს. 

ვიზალიბერალიზაციის დადებითი მნიშვნელობა საქართველოს უფროსი თაობის ადამიანების ქვეყნის გარეთ თავისუფალი გასვლის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ზემოთმითითებული  „დანაკარგების“ ერთგვარი კომპენსაციაა. საქართველოს მოსახლეობაში იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც აქვთ საბჭოთა კავშირში შეგნებული ცხოვრების გამოცდილება (ვინც 1991 წელს იყო 16 წლისა და მეტი ხნის), ანუ, ვინც 40 წელზე მეტი ხნისაა, 2016 წლის 1 იანვრის მონაცემებით, შეადგენს 1 746 400 კაცს. რა თქმა უნდა,ბევრი მათგანისთვის ეს უფრო მორალური კომპესაციაა. ეს არის შესაძლებლობა, რომლის გამოყენებას ალბათ საპენსიო ასაკის მოქალაქეები, მათი დაბალი შემოსავლებისა და დაკარგული დანაზოგების გამო, ნაკლებად შეძლებენ. საქართველოში 65 წელზე მეტი ხნის  534500 ადამიანია (გიორგი წულაძე. საქართველოს დემოგრაფიული წელიწდეული. თბილისი.2016,გვ.23).

ვიზალიბერალიზაცია ის მკრთალი სინათლეა, რომელიც იმედს აჩენს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის 1918 წლის 26 მაისის, 1989 წლის 9 აპრილის, 1991 წლის 9 აპრილისა და 31 მარტის და სხვა ისტორიული მწვერვალების შუქი დამსახურებულ დონემდე მოიმატებს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებაში. ვიზალიბერალიზაცია საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის პატარა კონვერტაციაა - საქართველოს მოქალაქედ ყოფნის მცირე უპირატესობაა.

ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვანია ოკუპირებული ტერიტორიის საქართველოს მოქალაქეებისთვის. როგორ მოხერხდება ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთა მიერ ვიზალიბერალიზაციის გამოყენება? სერიოზული ანალიზისა და შემდგომ მონიტორინგის საგანი უნდა გახდეს, თუ რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს.

ვიზალიბერალიზაცია გამოხატულებაა იმისა, რომ 25 წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარების ვექტორის დასავლეთის მიმართულება იყო სწორი და ძირითადად თანმიმდევრული. ამ მიმართულების ყველა საფრთხე მოდიოდა გარეშე ძალებისა და საქართველოს მთავრობისგან და არასდროს - ქართველი ხალხისგან.

ვიზალიბერალიზაციამ ბუნებრივად შეგვახსენა 1999 წელს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანება და ამ  მოვლენის გამო ზურაბ ჟვანიას მიერ  ევროსაბჭოს ასამბლეის სხდომაზე გაკეთებული განცხადება: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“

იმ დროისთვის მთავარი ემოციური დატვირთვა ჰქონდა ევროსაბჭოსი გაწევრიანების ფაქტსა და იმას, რომ აღნიშნული სიტყვები ამ მაღალ ტრიბუნაზე წარმოადგენდა ქართულ ენაზე პირველად წარმოთქმულ სიტყვებს.

მაშინ ამ სლოგანის შინაარსი არ ყოფილა აქტუალური განხილვის საგანი.

საქართველოს ე.წ. Z, ანუ ციფრული თაობისთვის, რომელთა ასაკი თითქმის ემთხვევა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს, რომელიც სულ უფრო დიდ როლს იძენს ქვეყნის ცხოვრებაში, უმნიშვნელოა ქართველობისა და ევროპულობის საკითხის გარკვევა.

საქართველო გეოგრაფიულად შედის ევროპაში, აზიაში, თუ წარმოადგენს ტრანსკონტინენტალურ (ევრ-აზიულ) ქვეყანას - საკამათო საკითხია.

არავინ არ აკუთვნებს საქართველოს ე.წ.ახლო აღმოსავლეთის აზიურ ქვეყნებს.

ევროპის სივრცის თანამედროვე წარმოდგენები დაკავშირებულია არა იმდენად გეოგრაფიასთან, რამდენადაც პოლიტიკურ მოსაზრებებთან. ევროპის აღმოსავლეთის გაფართოების ფარგლებში მასში შევიდა მცირე აზიის ქვეყნები თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და მათი მოსაზღვრე საქართველო.

არის ეს საფუძველი ქართველების ავტომატურად ევროპელობისთვის?

ჩემი აზრით - არა!

ერთადერთი უკამათო გეორგაფიული იდენტიფიკაცია საქართველოსთვის ესაა მისი კავკასიურობა!!!

საქართველო არის კავკასიური ქვეყანა. ქართველები უტყუარად, დასაბუთების გარეშე და „მაშასადამე“ არიან კავკასიელები.

ქართველები არიან პირველი კავკასიელები, ვისაც ევროპამ თავისი სახლის კარი გაუღო.

კავკასიელები ავტომატურად არიან ევროპელები? აქ არის დამოკიდებულება წინაპრისა და შთამომავლისა. იმ ვერსიის მიხედვით, რომლითაც ევროპელი ტიპის ადამიანის ფორმირებაში კავკასიის მოსახლეობა მონაწილეობდა, კავკასიელები, მათ შორის ქართველები ევროპელების წინაპრებია, მაგრამ უშუალოდ და „მაშასადამე“ ევროპელები არ არიან.

ქართველებისთვის ევროპელობა კულტურულ-ისტორიული ფენომენია. ეს მათი თვითგანვითარებისა და ბრძოლის შედეგი იყო ყოველთვის. ქრისტიანობითა და ბიზანტიასთან ურთიერთობებით ქართველები გახდნენ ევროპელები. შემდეგში ბრძოლით ინარჩუნებდნენ არა იმდენად ევროპულობას, რამდენადაც ევროპულობის იდეალებს. დიდი შესვენების შემდეგ უკიდურეს ჩრდილოეთში გაჭრილ ევროპული ფანჯრით კვებავდნენ მათ ევროპულობას. ევროპულობის შენარჩუნება მეცნიერებისა და კულტურის გზით მოხდა საბჭოთა კავშირის დროს.

და მაინც: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის ავტომატურად ევროპულობაზე საუბარი არ შეიძლება. „მაშასადამე“ ევროპელი ვერაა ვერც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა, ვერც აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, თურქეთის საქართველოს მოსახლეობა.

მაგრამ დღეს არის უნიკალური შანსი ქართველების ევროპიზაციისთვის. საქართველოს ყველა ისტორიული მიწა შესულია თანამედროვე ევროპის პოლიტიკურად განსაზღვრულ საზღვრებში. მართალია, ეს საზღვრები ჯერ ყველგან რეალური და ქმედითი არაა, მაგრამ იმის საფუძველია, რომ თურქი, რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი ქართველობა გაერთიანდება მის ევროპულობაში.

მაგალითი ამ პროცესს საქართველოს სახელმწიფომ და მისმა მოსახლეობამ უნდა მისცეს. თავი და თავი ევროპული განათლება და კულტურა, ევროპულ ეკონომიკაში ინტეგრირება და მისი ინოვაციური განვითარებაა. ხელისუფლება უნდა იყოს ევროპული. ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ევროპული და სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტიციები. დაჩქარდეს ევროპასთან ასოცირების  პროცესი. გაიზარდოს ევროპელი ვიზიტორების რიცხვი. ჯერჯერობით, საქართველოს ევროპიზაცია პრაქტიკულად ბევრ შემთხვევაში აზია -აფრიკანიზაციის სახეს ატარებს. საქართველოსი იზრდება აზიური და აფრიკული ემიგრანტებისა და ვიზიტორების, თუ ინვესტორების რიცხვი, რომელთაგანაც უმრავლესობა თავის გადასარჩენად ან სპეკულაციური მიზნებით ჩამოდის საქართველოში. ხელისუფლება ყველა ნაბიჯზე ამჟღავნებს არაევროპულობას - არ არის გამჭირვალე, არღვევს კანონებს, არ აბარებს ანგარიშს მოსახლეობას. ქვეყანაში დემოკრატიამ მიიღო მახინჯი სოლოკრატიული ფორმა. 25 წლის განმავლობასი ვერ მოხერხდა არჩევნების შეუდავებლად ჩატარება...

ევროლიბერალიზაცია გაზრდის ქვეყანაში კიდევ ერთ „ზაციას“- ევროზაციას, თუმცა მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი  Z  თაობის ახალგაზრდობას ნახოს ევროპა, მიიღოს ცოდნა და ევროპული პატრიოტიზმი, შრომის კულტურა გადმოიტანოს საქართველოში და დაიწყოს ახალი ძალით ევროპიზაცია, დაუბრუნოს სამშობლოს ევროპულობა, რითაც  სამშობლოს დააბრუნებს ევროპაში.

მაშასადამე, არ არსებობს არც ერთი „მაშასადამე“, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს ქართველების ევროპელობასა და საქართველოს ევროპიზაციას, გარდა ქართული სახელმწიფოს მშენებლობისა, ქართველების ნიჭისა და ეროვნული ენერგიის გაერთიანების საფუძველზე.