უცხოელი მიწას ზურგზე ვერ მოიკიდებს, მაგრამ, ქართველებს ჩაანაცვლებს!

უცხოელი მიწას ზურგზე ვერ მოიკიდებს, მაგრამ, ქართველებს ჩაანაცვლებს!

ყოფილ პარლამენტართა ჯგუფმა – საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა ცოტა ხნის წინ მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას საჯარო კითხვით: „რატომ უნდა გაიყიდოს, თქვენის აზრით, უცხოელებზე საქართველოს მიწა?“ პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან ამ კითხვას პასუხი არა აქვს. ხელისუფლების ლიდერებმა და პარლამენტარებმა არაპირდაპირ – ანუ დასმული შეკითხვის უხსენებლად, მაგრამ მის კონტექსტში – გააჟღერეს ორი დებულება, რომლებშიც ჩადეს თავისი ანტისახელმწიფოებრივი პროექტის – საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვის – მიზეზთა ახსნა, თუმცა, რა თქმა უნდა, არა გამართლება. (ამ კრიმინალური დოკუმენტის შესახებ ჩვენი აზრი გამოქვეყნებული გვაქვს).

 

    პირველი დებულება

 

მიწას ვყიდით და ვგეგმავთ მის შემდგომ გაყიდვას იმ ფონზე, რომ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, რომელმაც უცხოელების შეზღუდვა ქართული მიწის საკუთრების უფლებებში ჩათვალა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის (პუნქტები 1-3) საწინააღმდეგოდ.

 

    მეორე დებულება

 

მიწის გაყიდვა უცხოელებზე პრაქტიკულად განუხორციელებადია, ვინაიდან რჩება ,,ხვრელი“  ამა და ამ სახის ქართულ-უცხოური ბანკების სახით, რომელნიც ქართულ მიწას დაიგირავებენ კერძო მესაკუთრეებისგან, ხოლო შემდეგ გაყიდიან მოვალეთა ვალგადაუხდელობის გამო.

 

ორივე ეს არგუმენტი არაადექვატურია (და ორივეზე ჩვენი პასუხი პარლამენტისთვის მიწოდებული გვაქვს ჩვენს მეორე მიმართვაში). სახელდობრ:

 

პირველი. საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება სხვაგვარად ვერ გაიგება და ვერ შეფასდება, თუ არა, როგორც კონსტიტუციის აზრის (მუხლი 21, პუნქტები 1-3) მიზანმიმართული გაყალბება ანტისახელმწიფოებრივი მიზნით – შესაძლებელი გახადოს საქართველოში უცხო მოსახლეობის  ანკლავების შექმნა, რომელნიც რუსეთის მიერ გამოყენებულნი იქნებიან საქართველოს, როგორც ქვეყნისა და სახელმწიფოს, პარალიზაციისთვის და შემდგომი ლიკვიდაციისთვის რუსეთის სასარგებლოდ. მითითებულია გაყალბების სამი პუნქტი. ეს პუნქტები გაანალიზებულია ჩვენს მეორე მიმართვაში საქართველოს პარლამენტისადმი. დასაბუთებულია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შემადგენლობის მიერ შეგნებული გაყალბებაკონსტიტუციის ფორმულირებათა  აზრისადა, შესაბამისად, მათი სამართლებრივი დევნის საჭიროება სახელმწიფოღალატის ბრალდებით.

 

მეორე: ხსენებული „ხვრელის“ გადაკეტვისთვის საკმარისია მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა გავრცელდეს ამ  აღნიშნული ტიპის ბანკებზეც.

 

ახლა ირკვევა, რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვას ემხრობა „ოპოზიციაც“ სააკაშვილის ყოფილი გუნდის – ანტიქართულად და ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი ხუნვეიბინების – ერთ-ერთი პირდაპირი მემკვიდრის, პარტია „ევროპული საქართველოს„ სახით. მის აბსურდულ „არგუმენტაციაში“ და არგუმენტაციის წესში (მეთოდში) პრინციპულად საინტერესო, ჩვენი აზრით, არის ორი. სახელდობრ:

 

1. სააკაშვილის პოლიტიკური  გუნდის ერთი მსხვილი ფუნქციონერის – გ. ტუღუშის – არგუმენტაცია, რომლის თანახმადაც, ჩვენი სახელმწიფო იძულებულია საქართველოს მიწა გაიტანოს ღია ბაზარში, სადაც არც ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე არ არსებობს, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას გადაულახავი (ძირითადად, ფსიქოლოგიური) სიძნელეები შეექმნება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საქმეში. ეს არგუმენტი უნიადაგოა პრინციპულადაც და პრაქტიკულადაც.

 

პრინციპულად მიუღებელია იმიტომ, რომ საქართველოს ქართველი მოსახლეობის ჩანაცვლება არაქართული (უცხოელი) მოსახლეობით და ქართველი ერის, როგორც მთლიანის, ამოვარდნა მიწის მესაკუთრეთა სიიდან, ანუ საქართველოს, როგორც ქვეყნის, და ქართველი ერის სიკვდილი არ არის ის ფასი, რომლის გადახდადაც ევროპის კავშირში საქართველოს უკვე როგორც უქართველებო სახელმწიფოს მომავალი გაწევრიანება ღირს. პრაქტიკულად კი ეს არგუმენტი აბსურდია შემდეგი ორი მიზეზით:

 

– საქართველოსთვის სასიცოცხლო ისტორიული ამოცანა არის ინტეგრაცია თავისუფალი მოწინავე დასავლეთის სისტემაში და არა კონკრეტულად ევროკავშირში. ევროკავშირში ჩვენი შესვლა არის ტაქტიკური ნაბიჯი, და არა სტრატეგიული. იგი სადღეისოდ ოპტიმალური საშუალებაა და არა მიზანი. ამგვარად, იგი დასავლეთ სამყაროსთან ინტეგრაციის მხოლოდ ერთი შესაძლო ფორმაა, მრავალთა შორის, და არა ერთადერთი.

 

ევროკავშირში  შესვლა (კონკრეტულად – დღესვე ან ამ ათწლედში შესვლა) ჩვენ გვიღირს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაბიჯის პლუსები ჩვენი ქვეყნისთვის აღემატება მინუსებს. სახელდობრ, თუ ჩვენთვის ატანადია ჩვენსა და ევროკავშირის სხვა წევრებს შორის მუშახელის თავისუფალი მოძრაობა და მრავალი სხვა სავალდებულო ნორმა. სხვა შემთხვევაში იმ სივრცეში ჩართვა, სადაც ჩვენ ყველაფერში არაკონკურენტუნარიანნი ვართ, მრავალპარამეტრიან წინასწარ გათვლას მოითხოვს. ევროკავშირის შემადგენელ სახელმწიფოებთან ჩვენი მაქსიმალური დაახლოება და თანამშრომლობა ცხოვრების ძირითად პარამეტრებში ჩვენი ცხოველი დაინტერესების საგანია, მაგრამ არა სტრატეგიული მსხვერპლის ფასად.

 

დასავლეთი, როგორც მთლიანი, პირიქით, ჩვენთვის სტრატეგიული ინტერესის საგანია (სამხედრო-სტრატეგიულის, ზოგადად გეოსტრატეგიულის და გეოპოლი­ტიკურის). რეალურ პოლიტიკაში იგი სახიერდება ჩვენს მისწრაფებაში, რომ ვიყოთ ნატოს წევრი სახელმწიფო, ან გვქონდეს სამხედრო შემადგენლის მომცველი სამოკავშირეო ხელშეკრულება ნატოსთან, როგორც მთელთან, ან გვქონდეს ორმხრივი ხელშეკრულებები ნატოში შემავალ ძირითად ძალებთან (პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, აშშ-სთან) იმ შინაარსისა, რომ ჩვენი პარტნიორი კისრულობდეს ჩვენს დაცვას საქართველოზე მესამე ძალის თავდასხმის შემთხვევაში და, ამდენად, ეს შეადგენდეს მის პირდაპირ მოვალეობას და არა ფაქტორთა ამა თუ იმ განლაგებას მიმდინარე მომენტში – ამერიკული ადმინისტრაციის ახალი ორიენტაციის კონკრეტული არჩევანის საგანს. აშშ-სთვის (და, შესაძლებელია, გაერთიანებული სამეფოსთვის, როგორც მისი სტრატეგიული მოკავშირისთვის), რომელნიც აქტიურ პოლიტიკას ახორციელებენ შუა აზიისა და აღმოსავლეთისკენ თავისი კავშირების ინტენსიფიკაციის მიმართულებით, საქართველო სტრატეგიული თვალსაზრისით პირველხარისხოვანი პოტენციური პერს­პექტივის პატრონია, განსხვავებით ევროპისაგან, რომელსაც დასავლეთ-აღმოსავ­ლეთის პოტენციური დაპირისპირების ამ, სამხრეთ ზონაში არც საკუთარი სასიცოცხლო ინტერესი, არც მსოფლიო მასშტაბის საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესი არა აქვს (იხ. ჩინეთის ფაქტორი), ევროპისთვის საქართველო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით იმდენად საინტერესო არ არის, რომ ამ მიმართულებით გავლენას ეძებდეს. ამდენად, არც სტრატეგიული თვალსაზრისით ევროპისთვის საქართველო იმდენად საინტერესო არ არის, რომ ოდესმე ამ ზონაში საქართველოს პრაქტიკული სტრატეგიული დაცვის ამოცანა დაუდგეს.

 

თქმულის ვერხედვა იმას ნიშნავს, რომ ბ–ნი ტუღუში, როგორც სახელმწიფო საჭეზეხელდებული პოლიტიკოსი, სავსებით მოკლებულია

– გეოპოლიტიკურ  ჰორიზონტს

– სახელმწიფოებრივ მიზანთა იერარქიაში ელემენტარული გარკვევის უნარს

– სახელმწიფოს გეოსტრატეგიული არჩევანის საქმეში ზოგადად ღირებულებათა შკალაში გარკვევის უნარს და

– სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის ცნობიერებას, რაც, ბუნებრივია, მას ართმევს იმის უფლებას, რომ საქართველოს რეალურ პოლიტიკაში მონაწილე­ობის პრეტენზია ჰქონდეს.

 

კიდევ უფრო ანეკდოტურია მიწის თემაზე ამ ცოტა ხნის წინ ბატონ რ. გოცირიძის მიერ საჯაროდ ტელევიზიიდან გაჟღერებული პოზიცია საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვის საკითხში, იგი (ეს პოზიცია) ფრიად დაგვიანებული მაგალითია იმისა, რომ ფუნდამენტურსა და, რაც მთავარია, კომპლექსურ საკითხში მსჯელობა ხდება ნულოვანი არგუმენტაციით და, რაც მთავარია, თემის მრავალგანზომილებიანობის გათვალისწინების გარეშე. მიწა მხოლოდ საქონელი არ არის. საქონლისაგან – ამ სიტყვის წმინდა ეკონომიკური აზრით – მას ასხვავებს, ჯერ ერთი, ის, რომ ადამიანებს არ ძალგვიძს მისი შექმნა რაგინდარა შრომის შედეგად. მისი საკუთრებად ქონა არის შედეგი მემკვიდრეობისა პალეოლითიდან დღემდე, შემდეგ – მისი დაპყრობისა ან დაცვისა სხვა, ჩვენ მსგავსთა პირისპირ და ა.შ. მისი არსი და ფუნქცია კი არის არა მხოლოდ მისი ფიზიკურად და ეკონომიკურად მოხმარება, ანუ ჩვენი თვით არსებობის უზრუნველყოფა მეტ-ნაკლები წარმატების ალბათობით. იგი არის ჩვენი ეგზისტენციალური ინტერესის საგანი და, კიდევ უფრო ფართოდ, ჩვენი ონტური (ყოფიერებითი) ინტერესისა, ანუ ჩვენი იმ მოთხოვნილების დაკმაყოფი­ლებისა, რომ ვიყო ჩემი საკუთარი გარკვეულობით (ჩემი გვარ-სახელით, პორტრეტით, ზომით, წონით, ჩემი ინდივიდუალობით), როგორც

 
–  ინდივიდი დანარჩენ ინდივიდთა წინაშე,

–  მსოფლიო სისტემის ერთ-ერთი სუბიექტი და ისტორიის სუბიექტი, რასაც მე სხვაგვარად ვერ განვახორციელებ, თუ არა როგორც ჩემი ერის ანუ ჩემთან  გენუინურად (ჭეშმარიტად, ,,სულითა და გულით“) დაკავშირებული ადამიანებისა, რისიც სიმულაცია არც სხვათა წინაშე, არც საკუთარი თავის წინაშე შესაძლებელი არ არის.

ეს მოთხოვნილება თავისი ბუნებით ფსიქოლოგიურად ირაციონალურია (ვერავინ დამისაბუთებს, რომ ყოფნა სჯობია არყოფნას), მაგრამ ეს მოთხოვნილება კაცთა მოდგმის განუყრელ თვისებათა რიცხვს ეკუთვნის. პოლიტიკა, როგორც ადამიანთა (და არა რობოტთა ან თხათა) მართვის ხელოვნება და ტექნიკა, ამ უნართა უქონლად შეუძლებელია და ამასთან ერთად არამორალურია, ისევე, როგორც აპენდიქსის ამოკვეთის ცდა სათანადო სწავლის უქონლობის პირობებში.

 

ორსავე ხსენებულ თეორეტიკოსსა და პოლიტიკოსს ამასთან, დასახელებულთან ერთად,  ერთი სხვა დეფექტიც სჭირთ. არც ერთმა, როგორც ჩანს, არ იცის, რას ნიშნავს ტერმინი ,,კულტურა“ თანამედროვე ცივილიზაციაში და, შესაბამისად, ავსტრიისა (LandesgegesetzblattNr. 88/1994) და გერმანიის (BVerfGE21, 73) საკონსტიტუციო სასამართლოებისთითქმის იდენტურგადაწყვეტილებებშინათქვამია, სხვა პარამეტრთა შორის, ის, რომ  მიწა, მისი ერისა და ქვეყნის მარადი საარსებო ბაზა, საქონლის სხვა სახეთაგან განსხვავებით სოციალურ და კულტურულ ღირებულებას წარმოადგენს.

 

„კულტურა“ მხოლოდ ფერწერას და მუსიკას არ გულისხმობს. კულტურა არის ყველაფერი ის, რაც არ არის „ნატურა“, ანუ არ არის მხოლოდ „ნაშობი“. იგი არის ჩვენი „გაკეთებული“, „შექმნილი“, „მოყვანილი“, „გამოყვანილი“, ადამიანის ნახელავი, სხვა სიტყვით – ყველა ის პარამეტრი ჩვენი ცხოვრებისა, რომელშიც შვილი თავის პირად აქტივობას იქ კი არ იწყებს, სადაც მამამისმა დაიწყო, არამედ იქ, სადაც მისმა მამამ დაამთავრა (ანუ თავის ცივილიზაციურ აქტივობაში მოაღწია). მასში შედის ჩვენი ცივილიზაციის მთელი არსებული სისტემა, ჩვენი სოციალურობით, მორალითურთ, ეროვნებითურთ, სახელმწიფოებრივობითურთ და ა.შ. ეს გამოთქმა ავსტრიისა და გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოების გადაწყვეტილებებში არ არის ლიტონი სიტყვიერი სამკაული მიწის მნიშვნელობის განდიდების რიტორიკულ საქმეში. სიტყვას „ქაჯები“, რომელსაც რ. გოცირიძე ხმარობს, იგი არაზუსტად ხმარობს. „ქაჯობა“ ის უმეცრება და ზნეთა არაფაქიზობა კი არ არის, რომელიც ბუნებისგან მოგვდევს, არამედ ის და მხოლოდ ის, რომლის მიზეზია ჩვენი ცივილიზაციური, პირველ რიგში ჰუმანიტარული ჰორიზონტის შეზღუდულობა, ჩვენი არაინფორმირებულობა, ჩვენი დროის საზოგადოების დღევანდელი მახასიათებლების სფეროში, რომელზედაც ამა თუ იმ მიზეზით დღემდე ხელი არ მიგვიწვდა.

 

ეს გახლავთ ის ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი საკუთრივ ჰუმანიტარული (ანუ, ადამიანის სულიერსა და მენტალურ არჩევანებთან დაკავშირებული) არგუმენ­ტები, რომელიც სადღეისოდ წარმოდგენილი აქვთ მიწის უცხოელებზე გაყიდვის მომხრეებს. ეს არგუმენტები, როგორც დავინახეთ, უსუსურია: ზოგი თემას არ ეხება, ზოგში მითითებული თითქოს გადაულახავი დაბრკოლება კანონმდებლობისთვის უპრობლემოდ დაძლევადია. ერთიც (ბოლოს განხილული) ძალაში შეიძლება იყოს მხოლოდ იმ კაცისთვის, რომელსაც დაბადებიდან არაფერი სმენია დღევანდელი ცივილიზაციის (პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, დასავლური ცივილიზაციის, რომელსაც ქართველი ერიც ვეკუთვნით) ხელთ არსებული აქსიოლოგიური ჭეშმარიტებებისა და მორალური მცნებებისა.

 

ამგვარად, ფაქტია, რომ პასუხი კითხვაზე „რატომ უნდა გაიყიდოს, თქვენის აზრით, უცხოელებზე ქართული მიწა?“ დღესაც არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობდა ორი თვის წინ, როცა პარლამენტს პირველად მივმართეთ, და, რა თქმა უნდა, არ იარსებებს მანამდე, სანამ საქართველო ეკონომიკურადაც და საზოგადოების ნორმალური სტრუქტურის ქონის (საშუალო კლასის ყოლის) თვალსაზრისითაც ჩვენი დროის დასავლურიცივილიზაციის დონეზე არ იდგომება.

 

რაც შეეხება სხვა, არაჰუმანიტარულ არგუმენ­ტებს (როგორიცაა, მაგალითად, არგუმენტი, რომ „საქართველოს სოფლის მეურნეობის გაცოცხლება ადგილიდან ვერ დაიძრება, სანამ მასში უცხოური ინვესტიცია არ შევა“, ეს აბსურდია იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობის გამოცოცხლებას, ანუ მის მიყვანას იმ დონემდე, რომ მას მოსახლეობის გამოკვება შეეძლოს, მინიმალური, თვით მოსახლეობისთვის მისაწვდომი ინვესტიცია სჭირდება). ამ რიგის თემები ფუნდამენ­ტურად და ფართო ჰორიზონტით განხილულია მიწის საკითხზე დღეს ინტენსიურად მომუშავე ქართველი სპეციალისტების მიერ, რომლებთანაც დილეტანტები (ჭიაბრიშ­ვილის და სხვა ვერშემდგარ პოლიტიკოსთა მსგავსნი) არაკამათისუნარიანები არიან.

 

საქართველოს კონსტიტუციაში (და არა რომელსამე სხვა კანონში) უნდა იყოს, სიტყვა-სიტყვით, შემდეგი მუხლი:

 

„საქართველოს მიწა არის ქართველი ერისა და საქართველოს ყველა მოქალაქის თავისრჩენისა და ცხოვრების უალტერნატივო მარადიული ბაზა და მის თაობათა სრულფასოვანი გაზრდის, ფიზიკური, მენტალური და სოციალური განვითარების უალტერნატივო ასპარეზი. საქართველოს მიწის დაცვა და მომავალი თაობებისათვის გადაცემა მისი ფართობის შემცირების, მასზე საქართველოს სახელმწიფოს კონტროლის ხარისხის შემცირებისა და მისი ეკოლოგიური ხარისხის შემცირების გარეშე არის საქართველოს სახელმწიფოს შეუვალი მოვალეობა მომავალ თაობათა წინაშე.“

 

ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი, მამუკა გიორგაძე, მიხეილ ჯიბუტი

 

P.S. ბ-ნი რ. გოცირიძის ბავშვურ განცხადებას ამ ოცდაათი წლის წინ „მივყიდოთ მიწა უცხოელს, ხომ ზურგზე ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებს“ იგი ჯიუტად იმეორებს დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ეკრანიდან განუმარტეს: ვერ მოიკიდებს, მაგრამ დასახლდება და ჩვენი ქვეყნის არაკონკურენტუნარიანობის წყალობით ჩვენ, ქართველებს, ჩაგვენაცვლება, როგორც ამ ქვეყნის მოსახლეობა“.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: