Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (11)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
7-06-2018, 12:05
ნანახია: 490

როცა უცხოურ ინვესტიციებს სახელმწიფოს დასაქცევად ვიყენებთ!

პირდაპირ ვაცხადებ: „საპარტნიორო ფონდი“ და არსებული ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნისთვის საშიშია!

 

დღეს ბევრი ეკონომისტი დაობს იმაზე, თუ რა მოგებით მუშაობენ უცხოელი ინვესტორები. გადახედეთ უცხოურ ინვისტიციებს, რომელ სფეროებშია ჩადებული და დარწმუნდებით რომ უცხოელი ინვესტორები კოლოსალურ, გარანტირებულ მოგებებზე მუშაობენ. ეს სფეროებია: ბანკები, დაზღვევა, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, ბუნებრივი რესურსები, სასტუმროები, რესტორნები, სათამაშო ბიზნესი, სამშენებლო ბიზნესი და ა.შ. წარმოებაში ანუ რეალურ, მწარმოებლურ ეკონომიკაში უცხოური ინვისტიციები ცალკეული, იშვიათი გამონაკლისების გარდა არ იდება.

 

ახლა ჩაიდო საავიაციო ქარხანაში ებრაული ინვესტიცია, როელმაც საექსპორტო პროდუქცია უნდა შექმნას. ეს თანამედროვე ნანოტექნოლოგიური წარმოებაა და მთლიანად ექსპორტზე იმუშავებს. 

 

კარგია, როცა ინვესტორს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიები შემოაქვს, მითუმეტეს, თუ ამ ტექნოლოგიებს და აქ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას სხვა სფეროებშიც გამოვიყენებთ. კარგია, რომ ეს წარმოება მთლიანად ექსპორტზე იმუშავებს და მისი მოგების ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითი მოქმედება მთლიანად ნოლი იქნება. ეს ყველაფერი ძალიან კარგია და ამაში ჩვენ მთავრობას 10-იანი ეკუთნის 10 ბალიანი სისტემით.

 

თუმცა, ნახეთ რა ხდება! პროექტში მონაწილეობს საპარტნიორო ფონდი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროექტის ღირებულების (თუ არ მეშლება 85 მლნ. დოლარია) 70 % -ს სახელმწიფო აფინანსებს. საპარტნიორო ფონდი ადგილობრივი მსხვილი კომპანიების (ძირითადად სახელმწიფო კომპანიების) მიერ ფინანსდება, ანუ ადგილზე მობილიზებული რესურსებია. ესეც ძალიან კარგია, რომ ასეთი კომპანიის შექმნაზე ჩვენი რესურსები მიდის. 

 

მაგრამ! 

 

შეთანხმების თანახმად, 5 წელიწადში კომპანია საპარტნიორო ფონდს თანხას დაუბრუნებს და ამ კომპანიის 100 %-იანი მფლობელი ებრაული მხარე გახდება!

 

ვინც წარმოება კარგად იცის, ეცოდინება, რომ ვალად აღებული თანხის (კრედიტის) გასტუმრება ძირითადში მოგებიდან ხდება, ან პროდუქციის თვითღირებულებაში გათვალისწინებული ძირითადი ფონდების ამორტიზაციის თანხებიდან. 

 

ამ კომპანიას, მინიმალური 20 % მოგებითაც რომ ემუშაშავა, 5 წელიწადში ჩადებული თანხა ისედაც დაბრუნდებოდა და  ფაქტიურად სახელმწიფო ამ კომპანიის 70 %-ის წილის მფლობელი გახდებოდა. წარმოების სრული კონტროლისთვის შეიძლებოდა უცხოელი ინვესტორისთვის საკონტროლო პაკეტი გადაგვეცა და წარმოების 51-55 % მისი ყოფილიყო, ეს გასაგები იქნებოდა, ვინც საკონტროლო პაკეტს ფლობს, ის კოპანიასაც აკონტროლებს, რაც უცხოელების მიერ შემოტანილი ნანო ტექნოლოგიების პირობებში საჭიროა. 20-30 %-ი წილი მაინც დაეტოვებინა სახელმწიფოს, კომპანია რომ ეკონტროლებინა „შიგნიდან“, იქნებ ფარულად ქვეყნისთვის საშიში იარაღის, ქიმიური ნივთიერების, ან იქნებ სხვა რამ საშიშის დამზადება დაიწყოს? ან იქნებ ეკოლოგიისთვის მავნე საქმიანობა განახორციელოს, რასაც სხვაგან ვერ გააკეთებს?! 

 

აქ ძნელია რამის თქმა, მხოლოდ „მკითხაობა“  შეიძლება. შეიძლება უცხოელი ინვესტორი სხვა პირობებზე არ წამოვიდა? მაგრამ ამის შესახებ ხელისუფლება არაფერს იძახის და რჩება შთაბეჭდილება რომ სახელმწიფო ჩინოვნიკებმა არასაკმარისად დაიცვეს და გაითვალისწინეს სახელმწიფოს ინტერესები!  

 

როგორც ვხედავთ: 

 

1.  უცხოელი ინვესტორი ჩვენ თანხებს 5 წელი აბსოლუტურად უფასოდ (უპროცენტოდ) იყენებს.  

 

2. თუ კომპანია გაკოტრდა, სახელმწიფო ჩადებულ თანხას კარგავს, ვინაიდან თანხის დაბრუნებამდე, სახელმწიფო უცხოელი ინვესტორის პარტნიორია. 

 

3. ძალიან დიდია რისკი და ცდუნებაა  იმისა, რომ მოხდეს თაღლითობა, ანუ ამ თანხის მითვისების ან სხვაგვარად გამოყენების ალბათობა.

 

მიუხედავად ყველაფრისა, ასეთი პროექტები ქვეყნისთვის ძალიან კარგია, თუ ისინი რეალურია და ადგილი არა აქვს თაღლითობას, ადგილობრივი ჩინოვნიკების პირად ინტერესებს.

 

ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ საპარტნიორო ფონდი თანადაფინანსებას და პარტნიორობას უწევს უცხოელ ინვესტორებს საქართველოში მსხვილი ათობით და ასობით მილიონიანი პროექტების განხორციელებაში, არის მილიარდ დოლარიანი პროექტიც. ეს კომპანიები თავისი პროდუქციის უდიდესი ნაწილის რეალიზებას საქართველოში მოახდენენ და მოგების სახით ქვეყნიდან გაიტანენ დიდი ოდენობით უცხოურ ვალუტას.

 

მარტო ბოლო პერიოდში საპარტნიორო ფონდის თანადაფინანსებით  დაფინანსებული უცხოური ინვისტორებით შექმნილი კომპანიების წყალობით, უახლოეს 3-4 წელიწადში,  შიდა სავალუტო ბაზარზე, უცხოურ ვალუტაზე დამატებითი მოთხოვნა ყოველწლიურად 350 -  400 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, რაც ლარის დევალვაციის წყარო გახდება, მნიშვნელოვნად გაზრდის ინფლაციას და კიდევ უფრო მეტად დაამძიებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას.

 

არსებული ეკონომიკური პოლიტიკა ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და დევალვაციას. მერე გვიკვირს, რა მოსდის ლარს, რატომ ხდება მისი დევალვაცია და მთავრობა რატომ იშვერს საქართველოს ეროვნული ბანკისკენ (სებ) იშვერს ხელს, ხოლო სებ-ი მთავრობას აბრალებს ყველაფერს!

 

სინამდვილეში  ორივე დამნაშავეა იმაში რაც ქვეყანაში ხდება, ანუ მოსახლეობის სოციალური პირობების ყოველწლიურად გაუარესებაში. ორივე ერთად ატარებს იმ ეკონომიკურ და ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, რაც ამძიმებს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას. სებ-ი დამნაშავეა იმაშიც, რომ არ აკონტროლებს მთავრობის ეკონომიკურ და ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და არ ეწინააღმდეგება იმ პროექტების განხორციელებას, რაც იწვევს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, პირიქით, თვითონ სებ-იც აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში და მიზანი და პოლიტიკაც სწორედ ესა აქვს, ეროვნული ვალუტის გაუფასურება - „ინფლაციის თარგეტირება“.

 

ამ პოლიტიკის და შესაბამისი სებ-ის პოლიტიკის მიხედვით, 2020 წელს და შემდგომ ინფლაცია უნდა აღმოიფხვრას. თუ ეს ასეა, იმასაც ნიშნავს, რომ 2020 წელს და შემდგომ აღარ მოხდება ლარის დევალვაცია, იმიტომ, რომ ლარის დევალვაცია იწვევს იმპორტულ პროდუქციაზე ფასების ზრდას და ინფლაციას. 

 

ამ ლოგიკას თუ მივყვებით 2020 წელს, სულ ცოტა, დადებითი საგარეო სავაჭრო ბალანსი უნდა გვქონდეს, რაც დღესვე ნათელია, რომ ფანტაზიაა და სხვა არაფერი. აქედან გამომდინარე „ინფლაციის თარგეთირების“ პოლიტიკა დიდი ავანტურაა და სხვა არაფერი. 

 

დაუბრუნდეთ უცხოურ ინვისტიციებს და საპარტნიორო ფონდის პოლიტიკას.

 

უცხოური ინვისტიციების სააფრთხეები და ქვეყნის ეკონომიკაზე და სოციალურ პირობებზე დამანგრეველი მოქმედება ჩვენ უკვე დაწვრილებით განვიხილეთ 2016 წელს სტატიაში (იხ. ინტერნეტ-გამოცემა „ივერიონი“ - სტატია: „ყველაზე უჩინარი და საშიში საფრთხე რომელიც ქვეყანას ემუქრება“ http://iverioni.com.ge/16288-yvelaze-uchinari-da-yvelaze-didi-safrthkhe-romelic-qveyanas-emuqreba.html). 

 

სტატიაში კარგად ჩანს, რომ უცხოურ ინვესტიციას დადებითთან ერთად, მრავალჯერ უფრო მეტი უარყოფითი შედეგები მოაქვს. უცხოელი ინვესტორების ყოველწლიურად გასატანი მოგება მუდმივ წნეხში ამყოფებს ეროვნულ ვალუტას. როცა ეროვნული ვალუტა ამ წნეხს ვეღარ უძლებს ხდება ეკონომიკური „კოლაფსი“ და ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუარესება და ახალ უფრო დაბალ სოციალურ დონეზე დასატბილურება, ახალ, მომავალ ეკონომიკურ კოლაფსამდე. ასე გრძელდება გამუდმებით და ასე გაგრძელდება თუ არ შეიცვალა არსებული ქვეყნის დამანგრეველი ეკონომიკური პოლიტიკა.

 

როგორც ვხედავთ, საპარტნიორო ფონდი არსებული პოლიტიკით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მომხდარ და მოსალოდნელ ეკონომიკურ კოლაფსებს და ქვეყნის ეკონომიკის და სოციალური მდგომარეობის გაუარესებას.

 

მთავრობისთვის უცხოური ინვისტიციების მოზიდვა „პანაცეაა“, არსებულ შეღავათებს ბოლოს ისიც მოყვა, რომ უცხოელ ინვესტორს ფულსაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენივე ქვეყნის დასაქცევად. მთავრობის მიზანი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება და სოციალური მდგომარეობის მუდმივი გაუნჯობესება. ყველაფერი რაც ამას ხელს უშლის, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს და აღმოფხვრას, ხოლო რაც ხელს უწყობს, ყოველმხრივ დაეხმაროს. 

 

აი, ეს უნდა იყოს მთავრობის მიზანი და ეკონოიკური პოლიტიკა!

 

ნასყიდა დარბუაშვილი,

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი