ია საკანდელიძე: „ამპრედუზო, მედუზო! ესაა ამათი დემოკრატია?! ამას ხატავდა პიკასო?!“ ანუ რატომ ვუჭერ მხარს ბატონ თემურ შაშიაშვილს

ია საკანდელიძე: „ამპრედუზო, მედუზო! ესაა ამათი დემოკრატია?! ამას ხატავდა პიკასო?!“ ანუ რატომ ვუჭერ მხარს ბატონ თემურ შაშიაშვილს

ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ბატონ თემურ შაშიაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის კონცეფცია და მთავარი პოსტულატები _ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსაკენ“ და შემდეგ თავად მოვუსმინე. ქვეყნის გადარჩენისა თუ შენარჩუნების ამდენი რეალური გზა და საშუალება ასე ნათლად, გასაგებად, დიდი ხანია სხვაგან არც წამიკითხავს და არც მომისმენია:

 

ბატონი თემური არსებული რეალობების გამოსასწორებლად ქმნის „ქართული ერთობის დარბაზს“, „საქართველოს ხალხთა ასამბლეისა“და „მეცნიერთა კონგრესის - ეროვნული თანხმობისათვის“ მიერ მომზადებულ კონცეფციას: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსაკენ“.

 

„გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!“ _ ეს არის ჩვენი ხედვა, ეს არის სწრაფვა ისეთი რეალობისაკენ, სადაც დაცულია სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებები, სადაც მიღწეულია ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა.

 

„გზა ცივილიზებული სახელმწიფოსაკენ“ _ ეს არის გზა, სადაც მიღწეული უნდა იქნას ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა, რომლის გარეშე ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლებელია.“ 

 

მომავლის საქართველოსთვის აუცილებლად მიგვაჩნია, დაინერგოს პრინციპი: ქვეყანას მართავს ხელისუფლება _ ხელისუფლებას მართავს საზოგადოება _ საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა,“ _ ვკითხულობთ მის საპრეზიდენტო პროგრამაში.

 

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი ემოცია და საკუთარი არჩევანი ამ არჩევნებში ღიად გამომეხატა, _ ანუ რატომ ვუჭერ მხარს ბატონ თემურ შაშიაშვილს ამ საპრეზიდენტო არჩევნებში! 

 

დღეს ძნელია, ვინმე დაარწმუნო შენს გულწრფელობაში, რადგან ქვეყნად საშინელი სენია მოდებული, თითქოს ყველა მტკიცებისა და მრწამსის ადამიანური საფუძველი ყალბი იყოს. მე მაინც ვეცდები, ჩემი განწყობა და დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ გავასაჯაროვო. 

 

ისეთი პოლიტიკური სისტემა და ცხოვრების წესი გვაქვს, ყველას უჭირს და ვერც ერთი სოციალური ფენა ასრულებს რიგიანად ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო ფუნქციას (პირველად, სწორედ ამ პოზიციის გაჟღერებისას დავეთანხმე ბატონ თემურს). უჭირს მდიდარსა თუ ღარიბს, დასაქმებულსა თუ დაუსაქმებელს, მაღალი თანამდებობის პირსა თუ რიგით მუშაკს (ყოველთვიურად ან ყოველ სამ თვეში ერთხელ მაინც რომ სჭირდება გულისფანცქალით სამუშაო ხელშეკრულების განახლება). დიახ, ჩვენთან დიდი ხანია, სამუშაო ადგილები მოკლევადიანია და არავის ახსოვს პროფესიონალიზმი ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს რომ წარმოადგენს ქვეყნის განვითარებაში (ქვეყნის I მთავარი რეალობა).

 

ჩვენი ქვეყანა, რომელიც ზესახელმწიფო ქვეყნების ინტერესის საგანს წარმოადგენდა მუდამ, ხშირად იძულებული იყო ამ ზესახელმწიფოთა პოლიტიკურ ინტერესსა და მათ შორის ურთიერთობისას მორჩენილ ხურდას დასჯერებოდა მხოლოდ. ამითაც თავს ინარჩუნებდა, რადგან, ამ „ხურდის“, სახელმწიფოებრივად სწორი არჩევის დიდი უნარიც ჰქონდა და დიახაც გააჩნდა სახელმწიფოსთვის აუცილებელი ყველა მახასიათებელი, რაც მას საშუალებას აძლევდა, გაეძლო, შებრძოლებოდა, გაემარჯვა და, ზოგჯერ, შეგუებოდა რომაელებს, თურქებს, ბერძნებს, არაბებს, მრავალ სხვას და რუსებს, დღეს კი -- ამერიკელებსა და დასავლეთს. თანაც ისე, რომ თავისი ინდივიდუალობა, ჯერჯერობით (მხოლოდ ჯერ-ჯერობით) არ დაუკარგავს. 

 

 დღეს ჩვენი ქვეყნის რეალობაში, სწორედ ეს უნარი დაიკარგა და პირად ინტერესთა ჭრილში გადაინაცვლა. ხოლო თანამედროვე მართველობა, ხშირად ეფუძნება არა მხოლოდ დაწერილ კანონებს, არამედ მავანთა შეცოდებებზე აგებულ „დანოსურ“ მხილებებსა და ძალადობას“ და ამიტომაც ძლიერ გაგვიჭირდა (ქვეყნის II მთავარი რეალობა). 

 

გვიჭირს იმიტომაც რომ, თანამედროვე კაპიტალიზმმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები. „იგი იმდენად არის გაცვეთილი და ბოროტად წარმოჩენილი, რომ ნაციონალური განვითარების გზაზე მისი გამოყენების სწორი, გონივრული არჩევნის საშუალება არ არსებობს. კაპიტალიზმის მოდელი ამოიწურა, ხოლო მისი გამეორება ცივილიზაციას სრულ კრახამდე მიიყვანს.“ წერდა ჯერ კიდევ წინა საუკუნეში აშ.შ.-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალბ. გორი („სასწორის თეფშზე“). სწორედ ამ მოსაზრების იგნორირება გახლავთ ამდენი ეკოლოგიური კატასტროფა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. (დიახ, კაპიტალიზმის თანმდევი კონკურენცია არ იძლევა საშუალებას ეკოლოგიური კონვენციები რეალურად იქნეს დაცული).

 

დასავლეთში მეცნიერები, პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკოსები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ სამყაროს შემდგომი განვითარებისთვის კაცობრიობა აუცილებლად გადავა ჭეშმარიტად საკაცობრიო ღირებულების მქონე ახალ სისტემაზე _ სოცკაპიტალიზმზე, რომლის პირობებშიც მოხდება კაპიტალისტური და სოციალისტური სისტემების ძირითადი მონაპოვრების შერწყმა, ხოლო იდეოლოგიას თანდათანობით მიემხრობა ყველა სოციალური ფენა! 

 

სწორედ ამიტომაცაა, რომ ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ინდექსი კარგა ხანია მნიშვნელოვნად უსწრებს აშშ-ის ეკონომიკური განვითარების ინდექსს (მსოფლიო პოლიტიკის I მთავარი რეალობა).

 

დიახ, ამ კანონზომიერებაზე დიდი ხანია ლაპარაკობენ მთელ მსოფლიოში. მხოლოდ ჩვენს რეალობაშია ტაბუ დადებული აღნიშნულ თემაზე. უფრო მეტიც, ჩვენი ქვეყნის მესვეურები მხოლოდ იმ პოლიტიკურ წრეებთან პარტნიორობენ, რომლებიც ამ დამყაყებული სისტემის საფლავში ჩაყოლას ამჯობინებენ. უფრო გასაგები რომ იყოს, ვიტყვი: 

 

სწორედ ასეთი მმართველობიდან გამომდინარე მივიღეთ უკიდურესად განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობის მქონე სოციალური ფენები. აღნიშნული კი საზოგადო კანონთა შეუსაბამობასა და არასამართლებრივ გარემოს განაპირობებს. სხვაგვარად ეს ისევ დიქტატურის არსებობაზე მიუთითებს. თან ძალიან სუსტი სახელმწიფოს დიქტატურაზე, დიქტატურა განსაკუთრებით ყველაზე სასტიკად სწორედ იმ ხალხზე ხორციელდება, რომელიც როგორც დიდი ილია ამბობდა, მუდამ ძირითად საყრდენ ძალას წარმოადგენდა მეფისა და ქვეყნისათვის!

 

რასაც ვერ ვიტყვით როგორც მაშინდელ ფეოდალებზე, ისე დღევანდელ მაღალი რანგის პოლიტიკოსებსა თუ მსხვილ მეწარმეებზე. ეს ხალხი, თავიანთი დიდი ეკონომიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებს. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პოზიცია თანხვედრილია ქვეყნის პოლიტიკურ იდეოლოგიასთან, რომელიც პირველ რიგში, სწორედ ინდივიდუალურ კერძო ეკონომიკურ ინტერესს განიხილავს და მხოლოდ შემდეგ ჯერზე _ ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, (განსხვავებით მემარცხენე იდეოლოგიისაგან, რომელიც პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვას უთმობს ადგილს).

 

 ამ ყოველივეს, კარლ პოპერისა თუ ჯორჯ სოროსის მიერ მოწოდებული მსოფლიოს ღია სისტემებით მართვა კიდევ უფრო აძლიერებს და ამყარებს, ქვეყნებს კი ასუსტებს. რადგან სახელმწიფო იძულებულია, ქვეყნის ეკონომიკური სისტემა ორმაგი სტანდარტების შესაბამისად ააწყოს. სწორედ მართვის ამ პრინციპმა გამოიწვია ჩვენი ქვეყნის შიდა ეკონომიკური კრიზისი.

 

 აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია განისაზღვროს ფარდობითი კოეფიციენტი -- უდიდეს და უმცირეს ხელფასებს შორის, რომლის გამოანგარიშება რეალური საარსებო მინუმუმის შესაბამისად უნდა ხდებოდეს.

 

რიგ სახელმწიფოებში არსებობდა და არსებობს კოეფიცინტი სახელმწიფოს ეკონომიკურ საკუთრებასა და კერძო ინდივიდუალურ საკუთრებას შორის.

 

სამართლებრივი სახელმწიფო ერთი ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც სოციალური ფენების თანაარსებობა უნდა იქნეს შესაძლებელი, ხოლო აღნიშნული კოეფიციენტები ამ თანაარსებობასა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს! გვახსოვდეს, ერთი ადამიანის მკვლელობა თუ თვითმკვლელობაც ითვლება მომაკვდინებელ ცოდვად, რადგან სამყაროს კანონზომიერი პროცესების წინააღმდეგ არის მიმართული. ამდენი ადამიანის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების მოსპობის უფლება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია და არც ერთ პოლიტიკოსსა თუ ხელისუფლებას არ აეპატიება იგი.

 

ისიც აღსანიშნავია, რომ თავად მაფიოზურ იტალიაშიც კი, როცა ძალიან გაუჭირდათ დაადგინეს ეს კოეფიციენტები. 

 

ცხადია, ამ კოეფიციენტების გათვალისწინება არ ნიშნავს მდიდართა ქონების სოციალიზაცია მოვითხოვოთ ქვეყნის სასარგებლოდ. ეს პროცესი დინამიკურად უნდა განვითრდეს, კოეფიციენტიც თანდათანობით უნდა შემცირდეს! ქვეყნის ქონება და დაბალი სოციალური ფენების ეკონომიკური მდგომარეობა დინამიკურად და ჰარმონიულად უნდა გაიზარდოსა და განვითარდეს.

 

ამ პრობლემებზე დღეს უკვე ლაპარაკობენ ინგლისში, საფრანგეთში, ამერიკასა და საბერძნეთში. საინტერესოა, „ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ პაპზე მეტად კათოლიკე?“ 

 

(ქვეყნისა და თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის II მთავარი რეალობა)... 

 

ძველი ეგვიპტელებისგან თქმულა და პითაგორასაც დაუბარებია, რაც უფრო დიდია ადამიანის თვალსაწიერის რადიუსით შემოსაზღვრული წრე, მით უფრო მეტია ამ წრის შეხების ზედაპირი ჯერ კიდევ შეუცნობელ სამყაროსთან და მეტია წინააღმდეგობაც მისგან.

 

ამიტომ, რაც არ უნდა გაიზრდოს ზესახელმწიფოსთა შესაძლებლობები, დღეს აღიშნული ღია სისტემებით მართვის წყალობით, მსოფლიო არა მხოლოდ ზესახელმწიფოთა ინტერესების დაცვის შესაბამისად იმართება, არამედ მათზე ზემოთ მდგომი ეგერთწოდებული ,,ზედა ეშელონებით“, რომლებსაც ქვეყნების დასუსტება და საკუთარი გავლენის უფრო და უფრო გაძლიერება სურთ. ამ ფაქტს თანდანობით ყველა დიდი სახელმწიფოს ხელისუფალნი ემიჯნებიან. აქედან გამომდინარე, .ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის არსებობის განმავლობაში პირველად გვეძლევა შესაძლებლობა, ზესახელმწიფოთა ინტერესების არა მხოლოდ ხურდაში მოქცეულები დავრჩეთ, არამედ მათ მნიშვნელოვან პარტნიორებადაც ვიქცეთ.

 

 პროგრესულად მოაზროვნე მოკავშირებიც შეიძლება მოვიძიოთ, თუ მოვინდომებთ! მთავარია, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ვექტორები შევცვალოთ. ამ შემთხვევაში რუსეთთან მედიატორის როლის შესრულებასაც შევძლებთ, დასავლეთან ურთიერთობის გამოსასწორებლად. მით უფრო, რომ ამის გაკეთება, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ორივე მხარეს აძლევს ხელს. ასეთი ცვლილებები აუცილებლად დაიწყება დღეს მსოფლიოში და თუ ავანგარშდშივე ჩავუდგებით ამ საქმეს სათავში, საკუთარ პოზიციებს გავიმაგრებთ მსოფლიო ეკონომიკაში. ცხადია, ბატონი ბიძინას ჩართვა ამ მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის მსოფლიო მასშტაბით. (რეალობა მთავარი, ხაზი ჩემია).

 

,,ჩვენ გვინდა, ყველას ვუთხრათ: დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად. ეს მით უმეტეს საჭიროა დღეს, როდესაც არნახულად გაიზარდა გარე ძალების ზემოქმედება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, როცა გარედან (როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური) არნახული მხარდაჭერა აქვს იმ ძალებს, რომლებიც გამოირჩევიან ყალბი ეროვნული პათოსით, დემოკრატობანას თამაშით, სოციალური დემაგოგიით, პოლიტიკური კორუფციით“. (ვკითხულობთ ბატონი თემურის საპრეზიდენტო პროგრამის პოსტულატებში).

 

დიახ, როგორც არასდროს, ისე დგას საკითხი ამ წინააღმდეგობის რეალური აღქმის აუცილებლობისა. ამიტომ დროა შევჩერდეთ, ასე გაგრძელება შეუძლებელია! ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ფესვებს დავაკვირდეთ, რომელსაც თითქმის ხმობა აქვს დაწყებული.

 

 ქართული, მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს -- ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს! ქ!რთული არასდოს ნიშნავდა კარჩაკეტილობას, იგი ყოველთვის ნაზიარები იყო ზოგადკაცობრიულთან. ყალბი და ანტიქართულია ქვეყნის გარეთ ყურებ და ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა -- გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები! (ვკითხულობთ ბატონი თემურის საპრეზიდენტო პროგრამის პოსტულატებში).

 

 ბატონი თემური, განსხვავებით აქამდე არსებული ქვეყნის პოლიტიკისა, რომელიც თაობათა შორის წყვეტით იყო და არის დაკავებული, მიზნად მომავალ თაობასთან მჭიდრო ურთიერთობას ისახავს. „ჩვენი მომავალი თაობათა ერთიანობაშია, ვინც თაობებს აპირისპირებს _ ებრძვის საქართველოს“ (რეალობა III. ბატონი თემურის საპრეზიდენტო პროგრამის პოსტულატებიდან). 

 

ბატონი თემური, ამ 27 წლის განმავლობაში, პირველი და ერთადერთი კანდიდატია, რომელიც წინა მთავრობების ლანძღვა-გინებით არ მოდის ხელისუფლებაში. იგი აცნობიერებს აღნიშნულ რეალობებს, ადამიანური ბუნების სირთულესა და ცოდვით დატვირთული საზღვრების გადალახვას საკუთარი პრიციპებით ცდილობს: „მთავარში _ ერთობა, სადაოში _ თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული“, _ ვკითხულობთ მის მთავარ სამოქმედო პოსტულატებში. ამიტომ მრავალათასიანი სარეკლამო პიარით გამორჩეული კანდიდატებისაგან განსხვავებით იგი თავს არ ესხმის დანარჩენ კანდიდატებს, არც ქალისადმი პატივისცემას ივიწყებს, პრეზიდენტობა იდეაფიქსად არ აქვს ქცეული, ქვეყნის გამთლიანება-გაერთიანება სურს. 

 

„ყველა ხელისუფლებაში იყვნენ მოაზროვნე პოლიტიკოსები და ზნეობრივი ადამიანები _ იქნება ეს ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის, ასლან აბაშიძის, მიხეილ სააკაშვილის, ბიძინა ივანიშვილის თუ დღევანდელი მთავრობა“, _ (ბატონი თემურის საპრეზიდენტო პროგრამის პოსტულატებიდან). 

 

დიახ, ბატონი თემური მიზნად ისახავს ყველა მოაზროვნე პოლიტიკოსის, პროფესიონალი ადამიანების გაერთიანებას და ქართული ეროვნული დარბაზის ჩამოყალიბებას, არც ქვეყნიდან წასულ ქართულ დიასპორას ივიწყებს და ყველასთან ერთად ერის სატკივარსა და მის გადარჩენაზე გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აქვს მიზნად დასახული. პირველ რიგში, წარსულის გაანალიზება სურს და მიაჩნია, რომ ამის გარეშე წარსულსა და მოუგვარებელ პრობლემებში, ჩაკეტილ წრეში გვიწევს ყოფნა. 

 

იგი არ ემიჯნება არსებულ რეალობას და ქართული გონისა და გენის შესაბამისად ზესახელმწიფოთა პოლიტიკურ ინტერესთა შორის სწორი არჩევის დიდი უნარიც გააჩნია. იმ დასავლეთსაც კარგად იცნობს, რომელიც აღიარებს, რომ დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ტონად ინტეგრირებული პოლიტიკური სისტემების შექმნა ითვლება. დიახ, დადგა დრო, როცა შესაძლებელია (და თან აუცილებელიც), პოლიტიკურ პლატფორმათა ძირითადი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეს. სხვაგვარად, ვერც ქვეყნის და ვერც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ვერ დაიძლევა! რადგან მემარჯვენეების ინტერესი, კერძოდ, ბიზნესის კონკურენტუნარიანი ტემპით განვითარება პირდაპირ პროპორციულადაა დამოკიდებული გასაღების ბაზარზე, ანუ სხვა სოციალური ფენები ძლიერ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ე.ი. მემარცხენეების პლატფორმის ინტერესების თანხვედრაზე (რეალობა V).

 

ბატონმა თემურმა კარგად იცის, რომ მიუხედავად იმ ცნობილი წინასწარმეტყველებისა, რომელიც ქართული გონის დიდ შესაძლებლობაზე გვაუწყებს, მსოფლიოს მეცნიერთა კოჰორტაში ქართული გვარები ნაკლებად ფიგურირებს. არა გვყავს არც ერთი ნობელის პრემიის ლაურეატი, ხოლო წარმატებული ქართველი მეცნიერები საქართველოში დღეს იშვიათად მოღვაწეობენ. დიახ, სუსტ ქვეყანას ძლიერი ადამიანის პატრონობა უჭირს, რადგან რომ უპატრონოს, მუდამ სხვა ქვეყნის ინტერესების დაცვა არ უნდა უხდებოდეს.

 

ეს ფაქტი, ცხადია, უარყოფითად აისახება ერის მომავალზე. აღნიშნულით კიდევ ერთხელ მტკიცდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალურ ფორმასა და ნებას საზოგადოების უკეთ რეალიზებისა და განვითარების თვალსაზრისით. 

 

ამიტომ ბატონი თემური თავის სამოქმედო პროგრამაში ითვალისწინებს სწორედ იმ მეცნიერებთან თანამშრომლობასა და ურთიერთობას, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ, ხელეწიფებათ და სურვილიც აქვთ, გააძლიერონ ჩვენი ქვეყანა და შექმნან სამუშაო ადგილები. მან იცის, რომ სწორედ აქ იკვეთება ერთმანეთთან ადამიანისა და ქვეყნის შესაძლებლობები და მოთხოვნილებები (რეალობა VI).

 

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანმა უკვე შექმნა ისეთი ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც შეუძლია ღილაკზე თითის ერთი დაჭერით დედამიწას გლობალური საშიშროება შეუქმნას! 

 

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ადამიანის ინდივიდიალური ინტერესები ეწინააღმდეგება ზოგადად სოციალური ფენების თანაარსებობას, საფრთხე, პირველ რიგში, თავადაც დაემუქრება. რადგან „გახდა რა ადამიანი არაბუნებრივი, სიცოცხლისთვის საშიში რისკის ფაქტორის შემქმნელი, თავადაც აღმოჩნდა ამ მოქმედების ეპიცენტრში!“

 

დიახ, ადამიანის „მე“, რომელიც ფიქსირებულია ,,ეგოზე'', მისი ბუნების მხოლოდ მცირედი ნაწილია. ხოლო ძირითადი ნაწილი სამყაროსა და სოციუმის მთლიანობის შემადგენლობაში აისახება ძირითადად (რეალობა VII).

 

 ბატონი თემური პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი და საუკეთესოა მათ შორისაც, ვისაც ჩვენი ცხოვრების ახალ რელსებზე გადაყვანა სურს და შეუძლია კიდეც, რადგან:

 

1. თუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები გაიმარჯვებენ, ცხადია, არაფრით გაუმჯობესდება ჩვენი ყოფა (თუ კიდევ უარესად არ დამძიმდება), რადგან სწორედ ამ ხალხმა ჩააყენა ქვეყანა ამ მდგომარეობაში. ხოლო მათი დამფინანსებლები და ორგანიზატორები (ქვეყნად თუ ქვეყნის გარეთ), აუცილებლად მოითხოვენ ამ გამარჯვების საზღაურს, რომელიც ცხადია, ჩვენი ქვეყნისა და საწყალი ხალხის გასასტუმრებელი გახდება. 

 

2. თუ ოცნების წარმომადგენელი მოვა, ცხადია, მით უფრო, არ შეიცვლება რამე. გარდა ამისა, „ოცნებამ“ ჩვენი ქვეყნის კანაფის ქვეყნად გადაქცევა სწორედ ჩვენი ,,სანიმუშო“ ძველი პარტიორებისგან მიიღო დავალებად. თუ ახალი სხვა დასაყდენი ძალა არ გვეყოლება, რომელზეც გავლენის მოხდენას ვერ მოახერხებენ, მართლაც კანაფის ქვეყნად გადავიქცევით! (რეალობა VIII). 

 

მსგავსი გამოცდილება ბატონ თემურს აქვს, მან შეძლო ქუთაისში, ცენტრალური მმართველობისგან დამოუკიდებლად:

 

1. განსხვავებული, გაუმჯობესებული პირობები შეექმნა მასწავლებლების, ლექტორებისა თუ პროფესორებისთვის; 

 

2. მოწინავე, ხელმოკლე ნიჭიერ ახალგაზრდებს (საზღვარგარეთა თუ ქვეყნის შიგნით) აუცილებელ ფინანსურ დახმარებას უწევდა და მათ მომავალს ქვეყნის სასიკეთოდ უზრუნველყოფდა; 

 

3. დღეს უკვე ბევრი ნიჭიერი ადამიანი ემსახურება ქვეყანას მისი ხელშეწყობით; 

 

4. ასეთ შემთხვევებში ყველაზე მთავარი მხოლოდ მისი კეთილი ნება კი არ იყო, აქ მთავარი ბატონი თემურის ის უნარი და პიროვნული შესაძლებლობაა, რომლითაც არსებული დაფინანსებისა და კანონების ფარგლებში ახერხებდა გამორჩეულად აუცილებელი საქმის კეთებას; 

 

5. ბევრისგან განსხვავებით, მოძიებულ თანხას საკუთარ ჯიბეში არ იდებდა და თაობათა შორის კავშირის წყვეტით არ იყო დაკავებული, პირიქით, ამ კავშირის გაძლიერებისა და ამით ნათელი მომავლის დამკვიდრებისათვის იბრძოდა (რეალობა IX).

 

დღევანდელ რეალობაში ის სამწუხარო ფაქტიც არსებობს, რომ მიუხედავად იმისა, ქვეყნის დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას შეეწირა ჩვენი ტერიტორიის ერთი მეოთხედი, გაუარესდა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. თითქმის ბოლომდე განხორციელდა თაობათა შორის წყვეტა, სხვა შემთხვევებზე რომც არაფერი ვთქვათ, დემოკრატიულად, თანაბარ მდგომარეობში არ მიმდინარეობს თავად საპრეზიდენტო საარჩევნო კომპანია. მაგალითად, ბატონი თემური, უკვე კარგა ხანია, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კომპანიის პერიოდში ვერც ერთხელ ვერ ვიხილეთ მთავარ სატელევიზიო არხებზე: იმედზე, რუსთავზე და ა.შ. მაშინ, როცა სხვა საპრეზიდენტო კანდიდატების სარეკლამო კლიპებს დღეში ასჯერ მაინც მომაბეზრებლად აჩვენებენ და აჩვენებენ... მსგავსი პრეცედენტი ამ 27 -წლიან ისტორიაშიც არ მახსენდება.

 

 ვერ ვიტყვით, ზემოთ აღწერილი რეალობები რამენაირად შეესაბამება იმ წარმტაც, ზღაპრულ გარემოს, რომელსაც 90-იან წლებში გვპირდებოდნენ საბჭოთა კავშირის ნგრევისას.

 

 ეჰ, „ამპრედუზო, მედუზო! ესაა ამათი დემოკრატია, ამას ხატავდა პიკასო?!“ 

 

P.S. იმედია, არ გახდებით სხვათა მანიპულირების საშუალება და არჩევანს ქვეყნის სასიკეთოდ გააკეთებთ. ბატონი თემური სხვებისგან განსხვავებით არც ვინმეზეა გაყიდული და არც არავის დავალებებს არ ასრულებს. 

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: