Iverioni
«    იანვარი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
იანვარი 2019 (8)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
11-12-2018, 13:43
ნანახია: 556

ვის აწყობს ვადამდელი არჩევნები და ვინ უნდა დააფინანსოს ახალი პოლიტიკური ერთობა?!

არ ვიცი, რა გამართლება შეიძლება მოეძებნოს „ნაციონალების“ კატეგორიულ მოთხოვნებს, რომლებიც არ ცნობენ ახლადარჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც ითხოვენ.

 

ამასაც მოვესწარით!!!

 

პოლიტიკური პარტია, რომელსაც 6 წლის წინ უარი ვუთხარით და ხელისუფლებიდან გავაძევეთ (გავაძევეთ, კი?!), ახლა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს!

 

ვისი, ან რისი იმედით?!

 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მართლაც საეჭვო შედეგები დაიდო, საფუძველს მოკლებული არ არის „ნაციონალების“ ახირება - დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, ისინი ისევ დარჩებიან მთავარ ოპოზიციურ ძალად, ხოლო, „ოცნება“ ისევ შეინარჩუნებს ხელისუფლებას ლოზუნგით - „მხარს თუ არ დამიჭერთ, „ნაციონალები“ დაბრუნდებიან“-ო!

 

დარწმუნებული ვარ, ისევ ამოქმედდება  ფანატიკოსთა ახალი ტალღა „ნაციონალების“ დასამარცხებლად და „ოცნებასაც“ ხახვივით შერჩება ხელისუფლება.

 

არსებული პოლიტიკური სუბიექტებიდან, მიუხედავად იმისა, რომ ქ-ნმა ირმა ინაშვილმა „თავისუფლების მოედანზე“ გამართულ აქციაზე თავი („პატრიოტთა ალიანსი“) მთავარ ოპოზიციად გამოაცხადა, ვფიქრობ, „პატრიოტთა ალიანსიც“ ვერ მოახერხებს არსებითი გარდატეხის შეტანას პოლიტიკურ რეალობაში და „ნაციონალებსაც“ ვერ ჩააჩოჩებს, რადგან, მასაც („პატრიოტთა ალიანსს“) არა აქვს ის „მარილი“, რომელიც საზოგადოების ნდობის მანდატს მოაპოვებინებს - მისი აგრესიული რიტორიკა მხოლოდ „ნაციონალების“ პოლიტიკური რადარიდან გაქრობაზეა აგებული და განსხვავებულს არაფერს ეუბნება საზოგადოებას. სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს მკვდრეთით აღდგომა მითუმეტეს გაუჭირდებათ!!!

 

ერთი სიტყვით, ვადამდელი არჩევნები აწყობს მხოლოდ ორ პოლიტიკურ სუბიექტს (შეიძლება ითქვას, ორ პოლიტიკურ მონსტრს) - „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალებს“, რადგან, ორივეს ეშინია, რომ შეიძლება 2020 წლამდე ბუნებრივად მოხდეს ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება, რომელიც ორივე მათგანს საფრთხეს შეუქმნის!

 

თუმცა, მათ უნდათ, არ უნდათ, ეს საკითხი დღის წესრიგში ნამდვილად დადგება - ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაზე თავს არ შეიწუხებს იმ იმედით, რომ „ხალხი კიდევ ერთხელ გადაყლაპავს“, მეორეც, ხალხს უკვე ყელში აქვს ამოსული „ოცნების“ დაუსრულებელი დაპირებები და უნიათობა, ასევე „ნაცების“ პროვოკაციული და აგრესიული მუქარები, რომელიც ბუნებრივად ამწიფებს ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირების აუცილებლობას...

 

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინიციატივები (ახალი პოლიტ-ცენტრის შექმნა) უკვე გაჟღერდა, ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დამკვიდრებას, რასაც სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს - უმთავრესი მაინც იმიჯია. ასე მაგალითად, არა მგონია ალექსანდრე ელისაშვილის მიერ შექმნილმა ახალმა სამოქალაქო მოძრაობამ მხარდამჭერთა არმია მოიზიდოს - მან საკუთარი პოლიტიკური ტრიუკებით თავი წარმოაჩინა, როგორც ვერშემდგარმა პოლიტიკოსმა. ამდენად, მისი ახალ პოლიტიკურ ძალად  მოაზრება ილუზიაა!

 

რაც შეეხება უკვე არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, ადრე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: ყველა ე.წ. ოპოზიციური პარტია ერთად რომ გადაადნო, მათგან ერთი პროფესიული პოლიტიკური სუბიექტიც არ გამოვა - მითუმეტეს, ყველა მათგანი ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს და მათი ძალისხმევა აგრესიულ რიტორიკას არ სცდება - არც ერთს არა აქვს საკუთარი იდეოლოგია, რის გარშემოც უნდა შეიქმნას ადამიანთა ერთობა. ამასთან, არა აქვთ სახელმწიფოს განვითარების პროგრამა და სტრატეგია და ა.შ.

 

ანალოგიურ შედეგს მივიღებთ, თუ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება სწორედ პროფესიული პარტიისთვის დამახასიათებელ მოთხოვნებს არ დაეფუძნა. რაც ყველაზე მთავარია, ახალი პოლიტიკური ერთობა უნდა შეიქმნას პრინციპით: დღეს ქვეყანას სჭირდება არა მოლაყბეთა არმია, არამედ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნეთა  და თავგანწირულთა გუნდი, ურომლისოდაც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არსებითი გარდატეხის შეტანა შეუძლებელია!

 

მადლობა ღმერთს, ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით ჯერ კიდევ არსებობენ, მაგრამ მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი მაინც ყბადაღებული ფულია!!!

 

ფაქტია, რომ უცხოეთიდან მოზიდული ფულით ქართულ საქმეს ვერ გააკეთებ - არც არავინ მოგცემს ამის უფლებას! ქართული ბიზნესი კი ცოცხალი თავით ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაფინანსებაზე ჯერჯერობით უარს ამბობს - მას (ყოველთვის ასე იყო) არ უნდა ხელისუფლებას „აწყენინოს“ და დამატებითი პრობლემები შეიქმნას.

 

„ნაციონალების“ დროს, ვინც არ მოსწონდათ, ტყავს აძრობდნენ, ვინც ფინიასავით ელაქუცებოდა, ბოლომდე წველიდნენ. დღეს, მართალია ბიზნესის აშკარა რეკეტთან არა გვაქვს საქმე, არც ავალდებულებენ მმართველი პარტია დააფინანსონ, მაგრამ...

 

დასკვნა მარტივია: ქართულ ბიზნესს აუტკივარი თავის ატკივება არ სურს - ასე თუ ისე, ის კომფორტულად გრძნობს თავს, ქვეყნის მომავალზე კი ნაკლებად ფიქრობს: მისთვის მთავარი საკუთარი კომფორტი და მეტი ფულია!

 

ხშირად გაიგონებთ (არცთუ უსაფუძვლოდ), რომ პოლიტიკა ბიზნესად იქცა. არის ჭეშმარიტების მარცვალი ამ ფორმულაში, თუმცა, ფული ნამდვილად საჭიროა, რომ საზოგადოებამდე მიიტანო შენი ნააზრევი - ხალხს აჩვენო, თუ რით განსხვავდები დღემდე არსებული ე.წ. პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც სიყალბითა და ცრუ დაპირებებით ხალხს ნამდვილად შეაძულეს თავი, ხოლო ქვეყანა ბოლომდე გამოშიგნეს. არაფერს ვამბობ, ბნელი ძალების რუპორობაზე და ანტიქართული გადაწყვეტილებების ბრმად შესრულებაზე!

 

თუმცა, ფული იმისთვის კი არ არის საჭირო, რომ ე.წ. კოორდინატორთა მახინჯი სისტემა შევინარჩუნოთ, არამედ, იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური ერთობის სტრატეგია და ტაქტიკა ხალხამდე მივიდეს. ასევე იმისთვისაც, რომ თავგანწირულმა და თავით ფეხებამდე პოლიტიკაში ჩართულმა ადამიანებმა იარსებონ!

 

დიახ, თუ ქვეყნის გადარჩენა გვინდა, პროფესიული პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბებაზე უნდა ვიზრუნოთ. ახალი ძალა კი ხალხმა უნდა დააფინანსოს (გნებავთ საწევროს ანარიცხები დაარქვით, გნებავთ შემოწირულობა)!

 

დიახ, ვიდრე ხალხის მხარდაჭერა (თუნდაც ფინანსური) არ ექნება, ნებისმიერი პოლიტიკური დაჯგუფება მკვდრადშობილად მოგვევლინება, რადგან, როგორც ვთქვით, გარედან დაფინანსებული პოლიტიკური სუბიექტები ანგარიშვალდებულნი არიან თავიანთი დამფინანსებლების წინაშე, ხოლო, ხალხის ფულით დაფინანსებული, მხოლოდ ხალხის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული...

 

შეიძლება იდეა სადისკუსიოა, შეიძლება უნდობლობის მომენტიც გაჩნდეს მავანთა მხრიდან, მაგრამ, თუ ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ, ყოველი ცდა განწირული იქნება - რესურსების გარეშე (მხოლოდ ენთუზიაზმით) დღეს საქმე არ გაკეთდება. არადა, ჩვენ საქმის გაკეთება გვინდა და არა მორიგი სატყუარა!

 

P.S. ამ რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ, რომ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი ანდრიაძემ ახალი პოლიტიკური სუბიექტი „ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობა“ დააფუძნა. სახელწოდება ფრიად შთამბეჭდავია - პირდაპირ ურტყამს თანამედროვე ქართველის ცნობიერებას: თან ეროვნული, თან ქრისტიანული. ბევრი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილების უკან საქართველოს ეკლესია დგას, რაც არასწორია.

 

როგორც ვთქვი, სახელწოდება შთამბეჭდავია, მაგრამ თანამედროვე პირობებში არაეფექტური. არაეფექტური იმდენად, რამდენადაც ბნელი ძალები, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან ეროვნულსა და ქრისტიანულს, ფეხზე წამოდგომის საშუალებას არ მისცემენ. ქართული საქმის კეთება კი ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების გაშიშვლების გარეშეც შეიძლება - არა აქვს მნიშნელობა რას დაარქმევ, მთავარია, რა შინაარსს (იდეოლოგიას) ჩადებ და რამდენად მომზადებული მოხვალ „ვეშაპთან“ შესარკინებლად!

 

მე მხარს ვუჭერ ყოველ ახალ წამოწყებას, თუ იგი ქვეყნის სასიკეთოდ იქნება მიმართული, მაგრამ იმდენი მკვდრადშობილი ინიციატივის მოწმენი გავხდით, უკვე ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებ.

 

ასე რომ, ემოციები ემოციებად, მაგრამ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას ცივი გონებით უნდა შევხედოთ, რომ ისევ იმედგაცრუებულნი არ დავრჩეთ!

 

ზაურ ნაჭყებია,

პუბლიცისტი