Iverioni
«    აგვისტო 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
21-04-2020, 20:21
ნანახია: 507

ისევ პროფესორ ნოდარ ჭითანავას ინტერვიუს შესახებ

ჭეშმარიტებაა, რომ პლანეტის მარადიული მოძრაობის საწყისი ეკონომიკაა, მისი მუდმივი განვითარების ახალ-ახალი გზების ძიება. დღეს თავსდატეხილმა გლობალურმა დამანგრეველმა გამოწვევამ ეკონომიკა რამდენიმე ბალიანი რყევების ქაოსში გაახვია. ცოცხალი მეცნიერული გონი აქტიურ ძიებაში ჩაერთო. დღის წესრიგში, როგორც არასოდეს დადგა ეკონომიკის სტაგნაციიდან გამოყვანის პრობლემა. ამ მხრივაც, სიტუაციიდან გამოსვლის გზებს გვთავაზობს პროფესორი ნოდარ ჭითანავა თავისი ჩვეული სიღრმითა და სიცხადით. აქ გლობალური პრესინგი დიდია, რაც გამოწვეულია „ყოვლისშემძლეობის“ თავდაჯერებული ამბიციებით. ეს კი - ნაციონალური ეკონომიკის კრიზისულ მდგომარეობას უფრო ართულებს. აქ სავსებით სწორადაა შეფასებული პროფ. ნოდარ ჭითანავას მიერ ის პროცესები, თუ კრიზისულ სიტუაციაში როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის აღორძინება, განვითარების მიღწევა. მკვეთრად იკვეთება, განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოების როლი და მნიშვნელობა, რომელთაც დიდი სახელმწიფოები დიდი ხანია რიგით სატელიტებად მიიჩნევენ თვითონ ყოვლისშემძლეობის ეიფორიებს აყოლილნი. ამაზე მეტყველებს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლის დინამიკა ამ ქვეყნებსა და საქართველოში. ჩემი აზრით, ზოგჯერ ეს ზრდა ილუზიურია, რადგან ჯერ კიდევ არ ჩანს შთამბეჭდავი შედეგები. დღეს კი, თავს დატეხილმა უხილავმა მტერმა, სიტუაცია რადიკალურად შეცვალა ჩვენ საზიანოდ. თუმცა, გაჩნდა რაღაც იმედის ნაპერწკალი დეკლარირებული საინვესტიციო ინექციის სახით, რომელსაც ქვეყანა მიიღებს უახლოეს პერსპექტივაში ჩამოშლილი ეკონომიკის ასაღორძინებლად.

 

არ შეიძლება არ დაეთანხმო პროფ. ნოდარ ჭითანავას ისეთ საკითხებში, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტის ანალიზის მისეული ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი. როგორც არასოდეს, დღეს ისე სჭირდება ჩვენს განვითარებად ქვეყანას სწორი და სისტემური ანალიზი მისი ეკონომიკის საბოლოო მდგომარეობის შესახებ ანუ სწორი დიაგნოზი და გამოსავალი გზების ძიება, რადგანაც ისე ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ და ვერ შეაფასებს ჩვენს მდგომარეობას, როგოც ჩვენი ქართული გონი, რომელიც მოხარშულია მის დინამიურ პროცესებში.

           

პროფ. ნოდარ ჭითანავას მიერ გაკეთებული მთლიანი შიდა პროდუქტის ანალიზი ეს ის „მკვიდრი საძირკველია“, რომელიც იძლევა ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივის ზუსტ და სწორ კონტურებს მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

 

ბატონი ნოდარი ეხება, აგრეთვე, ქვეყნის ყველაზე ძირეულ პრობლემას, რომელიც „მოჩვენებითი“ თავისუფლების შემდეგ ყველაზე თვალში საცემი „აქილევსის ქუსლი“ გახდა ჩვენთვის. ესაა მიწის საკითხი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ „ღია ეკონომიკის“ პირობებში მენეჯმენტი ყველა სფეროს მოიცავს. ყველაზე შეუფასებელ რესურსს ნებისმიერი ქვეყნისათვის, მიწას სჭირდება გაფრთხილება, სწორად და რაციონალურად გამოყენება. ეს კი, პროფ. ნოდარ ჭითანავას აზრით (რომელსაც სრულად ვეთანხმები!), მმართველი ანუ მისი განმკარგავი არა ჰყავს. ეს კი, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება აღმოჩნდეს ეკონომიკისა და ქვეყნის მოსახლეობისათვის ის დამანგრეველი ცუნამი, რომელსაც ვერავითარი დეკლარაციები და რეფორმები ვერ შეაჩერებენ.

 

ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის ქადაგება სოფლის აღორძინების შესახებ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს დარჩა „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. აქ არ შეიძლება არ გაგახსენდეს დიდი ილიას წინასწარმეტყველური შეგონებაც - „ჩვენ თუ არ ვუპატრონეთ ჩვენს მიწა-წყალს, მას როგორც უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიან!“-ო. ჩვენდა სამწუხაროდ, რატომღაც ჩვენი გზა აქეთკენ უფრო მიდის, ვიდრე ეროვნული შეთანხმებისა და „ბედნიერი მორიგებისაკენ“...

 

ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტრერესების დაცვა ეს არის ის ქვაკუთხედი, რომლის იქით ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, გვაფრთხილებს ღვაწლმოსილი მეცნიერი.          

 

სახელმწიფოს როლის გაძლიერება ყოველთვის სჭირდება ქვეყანას. ეს დროის მარადიულობის შედეგია და დღევანდელი მსოფლიო პროცესებიც ამის დასტურია. ეს ლიტონი სიტყვები არაა და არც დიდაქტიკური მოტივებით გაჯერებული რჩევა-დარიგება. ეს არის მდგომარეობის დროის ადეკვატური შეფასება. დღეს ჩვენ ვდგავართ ტრანსფორმაციული პროცესების უჩვეულო და უნიკალური გამოწვევების წინაშე. აქ პროფ. ნოდარ ჭითანავას აზრი, მართლაც, დროულია, როცა იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფოს მწირი ცოდნა და ღარიბი ეროვნული მსოფლმხედველობითი პოზიციის მქონე ადამიანები მხოლოდ ისტორიის უკან დაბრუნების სტიმულატორები ხდებიან. ეს რომ შეძლონ ზოგიერთმა ამბიციამოჭარბებულმა პერსონებმა, მაშინ მათ სამშობლო საკუთარ თავზე ბევრად უფრო მეტად ეყვარებოდათ...

 

დღეს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ეკონომიკა ახალ თვისობრიობაში გადადის და ამ პროცესის დასრულების შემდეგ რა დარჩება წარსულიდან, ძნელი სათქმელია. ცხადია, ახალ გამოწვევებს ახალი ორგანიზებული მიდგომა სჭირდება, ასკვნის მეცნიერი. ძნელია უფრო ობიექტური შეფასება მოუძებნო ამ ბობოქარ მოვლენებს დღევანდელ სამყაროში...

 

ნიშანდობლივია ის, რომ პროფ. ნოდარ ჭითანავა უფრო დიდ სიღრმეებში მიდის. იგი თავისი დიდი გამოცდილებისა და ღრმა თეორიული ცოდნის შესაბამისად გვთავაზობს იმ გლობალურ ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას ამ კრიზისული მდგომარეობიდან. რაც მთავარია, აქ მთელი აქცენტი გადატანილია ადამიანურ ფაქტორზე, რომელიც დიდი ილიას უკვდავი სენტენციითაა გამოხატული - „ცოდნის ჩარხზე გალესილი ჭკუით“ უნდა იყოს ნასაზრდოები ის „ჰომოსაპიენსი“, რომელიც გადაარჩენს საქართველოს.

 

ჩემი ღრმა რწმენით, პროფ. ნოდარ ჭითანავას მიერ გაკეთებული, მართლაც, ეროვნული ღირებულების მქონე დასკვნა იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ უნდა იკისროს საკუთარი მოქალაქეების მიმართ ნდობის ვოტუმის ამაღლება და არა მათი დისკრედიტაცია და იგნორირება. ეს ის ოქროს რესურსია, რომელიც გარანტირებული წარმატების საწინდარია.

 

ეროვნული ეკონომიკა უპირობოდ უნდა განვითარდეს და გამოვიდეს კრიზისული სიტუაციიდან. ამისი უამრავი გამოცდილება არსებობს მსოფლიოში. ქვეყნის ეკონომიკა ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც სჭირდება სისტემური განვითარება თავისი პრიორიტეტებით. აქ მთავარი აქცენტი გადატანილია მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე. ამას გვიკიჟინებდა დიდი ილია და ამას ქადაგობს უწმინდესი და უნეტარესი, ხოლო პროფ. ნოდარ ჭითანავა მეცნიერული სიღრმეებით ადასტურებს და გვირჩევს. უკვე დროა ამაზე მოხდეს მკაცრი და ადეკვატური რეაგირება. ეს არის ის ჭეშმარიტი გზა, რომელსაც ვერ გავექცევით. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეიძლება გახდეს ქვეყანაში რეგრესული პროცესების დაწყების სერიოზული ფაქტორი.

 

ქვეყანა, როცა მოახდენს მისი ისტორიის ქარტეხილებში გამოვლილი და, ფაქტობრივად, მთავარი გადამრჩენის - სოფლის ბედის ანაბარად მიტოვებას, ეს სამომავლო პერსპექტივის მოსპობის ტოლფასია. ჩვენი ქართული მიწა, ჩვენი მამამარჩენალი ვერც შევაფასეთ და ვერც დავაფასეთ. აქ ბატონმა ნოდარმა შემოკრა დედო ზარი და შეოგვთავაზა გარღვევის სტრატეგია. იგი აკრიტიკებს იმ ჯგუფს, რომელიც „უცოდინარობასთან და ანგარებასთან შერწყმული უპასუხისმგებლობით განსაზღვრავდა ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს“. ოდესღაც ქვეყნის სათავეში მოვიდნენ გაუგებარი მოტივაციებით მოსული ადამიანის მაგვარი „ჰომოსაპიენსები“ და ეს არ უნდა დამთავრდეს, ასკვნის პროფ. ნოდარ ჭითანავა.

 

მსოფლიო გამოცდილებითა და ღრმა ანალიზის შედეგად პროფ. ნოდარ ჭითანავას მიერ წარმოდგენილი დასკვნები ისეთი ღირებული და დროულია, მისი გათვალისწინება და სამოქმედო პროგრამის სახით ჩამოყალიბება რამდენიმე რეკომენდაციის სახით, ვფიქრობთ, დროისა და სიტუაციის მოთხოვნებს უძლებს და გათვლილია როგორც მიმდინარე პერიოდზე, ასევე უფრო მეტად ქვეყნის სამომავლო პერსპექტივაზე. აქ მეტად მნიშვნელოვნად გვეჩვენება სახელმწიფოსა და საბაზრო ეკონომიკის თანაარსებობის პრინციპიც, რაც ახალი წარმატებისა და პროგრესის საწინდარია.

 

საბოლოოდ უნდა დავასკვნა, რომ პროფესორ ნოდარ ჭითანავას ინტერვიუებში წამოჭრილი ყველა პრობლემა დროული და სიღრმისეულად ნაფიქრალია. საჭიროა მისი რეალიზაცია და მისთვის, როგორც ავტორი ამბობს, სათანადო პროგრამული სახის მიცემა. ეს იქნება გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლის სერიოზული განაცხადი.

 

მურმან კვარაცხელია,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.