იური პაპასქუა: Covid-19 - გზა, დაინფიცირებიდან... გამარჯვებამდე!

იური პაპასქუა: Covid-19 - გზა, დაინფიცირებიდან... გამარჯვებამდე!

ეს დოკუმენტური ესსე ჩემმა ახლო მეგობარმა, პროფესორმა იური პაპასქუამ გასაცნობად გამომიგზავნა.

 

ისედაც ემოციური ვარ და ამის წაკითხვამ ძალიან ამაფორიაქა - შიგადაშიგ უჩუმრად ცრემლებსაც ვყლაპავდი!..

 

დიახ, ეს არის ნიჭიერი კალმოსნისა და პროფესიონალი მეცნიერის აღსარება, თუ როგორ ესტუმრა ავადსახსენებელი კორონავირუსი, რა ამქვენიური ჯოჯოხეთი გაიარა მთელი ორი კვირის მანძილზე ქრონიკული დაავადებებით დაღდასმულმა და როგორ დაამარცხა ვერაგი „სტუმარი“.

 

მძარფი ემოციებით კი დავიმუხტე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე „ივერიონის“ საშუალებით საჯარო გამეხადა რიგითი კოვიდდამმარცხებელის „აღსარება“.

 

წაიკითხეთ თქვენც, აფორიაქდებით, მაგრამ, ბევრ კითხვაზეც იპოვით პასუხს!

 

 

ზაურ ნაჭყებია

 

 

 

შუაღამისას, უჩვეულო თავისტკივილმა, გრდემლზე უროს უწყვეტ დარტყმასავით გულისცემამ და ძვალ-რბილში შეჭრილმა სიცივის შეგრძნებამ გამომაღვიძა, მთელი სხეული ძაგძაგებდა. შუბლი, სახე თონეში ჩაკრული შოთივით ხურდა, თვალებიდან ნაპერწკლები მაშხალებივით იყრებოდა...

ხელის ფათურით საწოლის ტუმბოს უჯრაში თერმომეტრს დავწვდი. წუთზე უსწრაფესად ვერცხლისწყლის სვეტი 39,6°-ზე გაჩერდა. უკვე ეჭვიც არ იყო, კორონავირუსი ჩემში ჩასახლდა.

ზამთრის სქელი საბნით შევიფუთე, ემბრიონივით მოვიკუტე და უღონობას მივნებდი.

ოო, არა, ოღონდ ახლა არა, - დაბინდულ გონებაში სასოწარკვეთით ურჩობდა მილეული ჩემი ხმა. ძილბურანში ვიღაც მაჩოქებდა და, თუ არ დავყვებოდი მის ნებას, ტყვიის დახლით მემუქრებოდა, ფეხებზე წიხლებს მირტყამდნენ. შორიახლო ეულად მდგარი ჭადრის კენწეროდან ყორანი ჩხაოდა... 

არა, ოღონდ ახლა არა! - ჩემივე განწირული ბღავილი ჩამესმოდა, უგონოდ ვბოდავდი...

როცა გონი დამიბრუნდა, შემოდგომის დილის მზე უხვად იღვრებოდა საძინებელში, სიჩუმე იდგა, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ ზამთრის წკვარამ ღამეში მთის მდინარიდან წამებით განაპირებულივით მთლიანად სველი ვიყავი და ძვალ-რბილში შეჭრილი მწველი სიცივე მახსენებდა, რომ წუხელის აქ ცეცხლის მფრქვეველი ურჩხული ალებს მაყრიდა ფართოდ პირდაღებული ხახიდან.

აბაზანას მივაშურე, ზომაზე მეტად ცხელი წყლის ჭავლი საამოდ მესხმოდა შემცივნებულ სხეულზე.

ჩემ გარდა, ფეხზე არავინ იდგა. ყველას: დედას, მეუღლეს, შვილებს, შვილიშვილებს, რძალს, ძმისშვილებს, მათი ოჯახის წევრებს, კორონავირუსი დაუდასტურდა და ზოგი საავადმყოფოში, ზოგიც სასტუმროში, ნაწილი საკუთარ ბინებსა და ცალ-ცალკე ოთახებში ინდივიდუალურად ებრძოდნენ „უხილავ ჯალათს“. არ მიცდია რომელიმესთვის მეთქვა წუხელის განცდილ კოშმარზე. ჩემთვის მაინც არავის ეცალა, სხვა მიმხედავი ახლა არც მათ ჰყავდა.

უსაშინელესი განცდაა - ირგვლივ ყველა, დიდიც და პატარაც, ავადაა. ერთი მე ვიდექი ფეხზე, სხვადასხვა ბინებში გამოკეტილებს წყალს, საკვებს, წამალს ვაწვდიდი. ახლა ამასაც ვერ შევძლებდი.

სულ რაღაც ორიოდ დღის წინ ჩატარებული განმეორებითი „პი სი არ“ ტესტის უარყოფითი პასუხი აქამდე გადარჩენას მაიმედებდა, მაგრამ უკვე იოტისოდენა ეჭვიც არ დარჩა - მეც იზოლაციაში ან საავადმყოფოში ყოფნა მომიწევდა. რა გართულებას მიიღებდა ჩემი ისედაც სუსტი ბრონქებიჭარბი წონა და ახლახან ჩამოყალიბებული დიაბეტი, წარმოდგენაც მიჭირდა. არავითარი შიში, უფრო მშვიდადაც ვიყავი, ვიდრე მანამდე. დღეს იქნებოდა ეს თუ ხვალ, გარდაუვალი იყო, კორონავირუსი ჩემამდეც მოაღწევდა. კარგად ვიცოდი, რომ პირბადე და ხელების ხშირი დაბანვა, რაღაც დრომდე გაახანგრძლივებდა დაინფიცირების გადავადებას, მაგრამ ეს სრულ გარანტიებს მაინც არ იძლეოდა. ათასი სხვა გარემოება განსაზღვრავს ამ პროცესს და ყველა პათონოგენს ვერ გამოარიდებ თავს. მით უფრო, როცა შენთვის და შენზე დამოკიდებული პირებისთვის ელემენტარული საარსებო პირობების შესაქმნელად ნადირივით გიწევს წანწალი. ცხადია, მარტო ჩემი სურვილი არ იყო საკმარისი, თორემ სწორედ ახლა, ასეთ მდგომარეობაში არ მინდოდა მაოხრებელ ვირუსთან შერკინება. რაც მაწუხებდა, ეს იყო სხვისი უბედურების სათავე არ გავმხდარიყავი, ჩემების, სხვების, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა მბოჭავდა და აღებული ვალდებულებები მადარდებდა.

აბაზანიდან ახალგამოსულს ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს არაფერი გამკარებია - თავისუფლად ვსუნქთავდი, გულიც მშვიდად მიცემდა, სიცხე არ მქონდა, არც გვერდები მტკიოდა.

აბა, რა იყო ეს? - მონაცვლეობით, რამდენჯერმე გამიელვა თავში.

გაბმული ზარი გაისმა. ჯანდაცვის სამინისტროდან რეკავდნენ, როგორც იზოლაციაში მყოფი მრავალრიცხოვანი ოჯახი (დაფიქსირებული „კლასტერი“), მოგვიკითხეს.

როგორ ხართ, წესრიგს ხომ იცავთ, გართულებებს ხომ არ აქვს ადგილი, დახმარება ხომ არ გჭირდებათ? - კეთილგანწყობილი და სასიამოვნო ტემბრიანი ხმა გულწრფელ ინტერესს გამოხატავდა. ასეთ ყურადღებას მეც მადლიერი ვპასუხობდი, - რეჟიმს არ ვარღვევდით, დედა, რძალი, ქალიშვილი და შვილიშვილები საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი, სხვებს უსიმპტომო დინამიკაში გართულებები არ აღენიშნებოდათ და ისინი პირნათლად ასრულებდნენ ოჯახის ექიმის დარიგებებს. მას, ძალაუნებურად, წუხანდელი თავსგადამხდარი მდგომარეობის შესახებაც ზერელედ მოვუყევი. ქალბატონმა შეიცხადა, რამდენიმე დამატებითი კითხვა დამისვა, დააზუსტა ასაკი, აგრეთვე ადრე გადატანილი თუ ახლა ქრონიკულად ჩამოყალიბებული დაავადებების შესახებ დეტალები, დაინტერესდა 112-ში თუ დავრეკე. მითხრა, მოემზადე, ახლავე სასწრაფოს გამოგიგზავნით და ცხელების ცენტრში უნდა გადაგიყვანოთო - ტონში კატეგორიულობა იგრძნობოდა. ყოყმანი ვერ გავბედე. ძალიან აუცილებელი ჰიგიენური ნივთები, საცვლები, წინდები, პირსახოცი, საპარსი, ფინჯანი, კოვზი და ჩანგალი ჩავილაგე ჩანთაში. ყოველი შემთხვევისთვის, ლეპტოპიც წასაღებად გავამზადე. ოციოდ წუთიც არ იყო გასული, რომ სპორტულად ჩაცმულს რეანომობილი თბილისის ზღვის ჰოსპიტალისკენ მიმაქანებდა. მეზობლები ფანჯრებიდან, სქელ ფარდებს ამოფარებულნი, ჩუმად მადევნებდნენ თვალს, მათთვის სადარბაზოსთან ზედიზედ რამდენიმე სასწრაფო მანქანის მოსვლა, უკვე  ვირუსის კერის გაჩენას ნიშნავდა. ტელეფონზე დალაპარაკებაც არ უცდიათ, ვაითუ ხმის ტალღას კორონას საცეცები არ გამოყოლოდა.

ზუსტად სამი დღის წინ, ეს გზა ერთხელ უკვე გამოვიარე. 89 წლის დედა, რომელსაც კორონავირუსის ყველა ნიშანი გამოუვლინდა, ხანგრძლივი მუდარის თუ ხმამაღალი იძულების გზით ძლივს დავითანხმე ცხელების ცენტრში გადამეყვანა. იხვეწებოდა, სახლში დამტოვეთ, არ მინდა სიცოცხლე, აქ დაველოდები სიკვდილსო - მაშინ მას იმის გააზრება არ შეეძლო, რომ ამის დაშვება არ შეიძლებოდა და არც ჩვენ დაგვრთავდნენ ნებას ინფექციის კერა უკონტროლოდ სახლში გამოგვეკეტა.

ეკიპაჟს ავადმყოფთან პირდაპირი კონტაქტის უფლება არ ჰქონდა და საკაცითაც ვერ ჩამოიყვანდნენ. ამიტომ სხვა გზა არ იყო, დედა - ვირუსისგან დაუძლურებული, ისედაც სუსტი და მილეული, პატარა ქალი, ხელზე ავიყვანე, ისე ჩავედით მესამე სართულიდან, ავტომობილის საკაცეში ჩავაწვინე და გვერდით მივუჯექი, რომ მოსახვევებში  გადმოვარდნისგან დამეცვა. დედას თავი ჩემს მუხლებზე ედო, მისი შემცივნებული მარჯვენა ხელში მეჭირა. ეკიპაჟს ჩემთვის ასეთი აქტივობა არც დაუშლია.

ვიდრე ცხელების ცენტრამდე მივიდოდით, ბავშვობიდან ამ დღემდე, ყველა მნიშვნელოვანმა მოვლენამ გონებაში გაირბინა. თვალწინ დამიდგა ბედნიერი ოჯახი, უდარდელი ბავშვობა, მერე მამიდის, ბაბუის, ბებიას გარდაცვალება, მამის მოულოდნელიტრაგიკული სიკვდილი, რომელსაც დედა შეესწრო; ომის პერიოდი, კედელთან რომ მიაყენეს ჩეჩნებმა და სომხებმა სახლში დარჩენილი მარტოხელა ქალი, ფულის, ოქროს, ძვირფასი ნივთების, მანქანების გამოსაჩენად როგორ დაუშინეს ავტომატის ჯერი და წრე შემოხაზეს მის სხეულზე; როგორ ჩამორჩა სხვებს და წელამდე ჭაობში ჩაფლობილი, გონწასული გარიჟრაჟზე რომ იპოვეს მოროდიორების მორიგი შემოსევის დროს საღამოსპირს ტყისკენ თავშესაფარებლად მეზობლებთან ერთად გაქცეული მოხუცი. შეგნებულად არ იყვირა თურმე და არ მოუხმო სხვებს, ხმა რომ არ გაეგოთ სოფელში ასაოხრებლად შემოსულ მძარცველებს და არ გაეთქვა ტვირთაკიდებული, წინ მიმავალი უმცროსი შვილის ადგილსამყოფელი; როგორ უყურეს დედა-შვილმა სახლ-კარის გადაწვას; საზღვარზე გადმოსვლისას, როგორ მოსტაცა ჩემს ძმას შუა ზამთარში ენგურის ტალღებმა ზურგზე შესკუპებული დედა; როგორ დაიტირა ძმები, ძმისშვილები, ბოლოს, - შვილიც... ჰოი, რამდენი უბედურება ჰქონდა გადატანილი ამ ქალს, რამდენს გაუძლო... ახლა ეს „უჩინარი მკვლელი“ ალბათ საბოლოო გამოცდას უწყობდა. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს უკანასკნელ გზაზე მივაცილებდი.

სამსახურიდან სახლში მიმავალს ბევრჯერ მიმიღია გადაწყვეტილება, მივალ თუ არა, გულში ჩავიხუტებ, მოვეფერები, ათას ნუგეშს ვეტყვი, მაგრამ... როგორც კი ვნახავდი, იმ წუთსვე შემეკვრებოდა კრიჭა, ვერც მოსაფერებელს ვეტყოდი და ვერც ჩახუტებას ვახერხებდი. ახლაც ვერაფერი ვუთხარი, კურცხალი დამდიოდა თვალებზე და ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი.

საავადმყოფოსთანაც ოციოდ ნაბიჯი ხელით მომიწია მეტარებინა. მიმღებში დიდხანს მოგვიწია ლოდინი, ჩვენამდე ათიოდ სასწრაფო რეანომობილი იდგა. რიგი ჩქარა მიიწევდა, თუმცა დედას ფეხზე დგომა არ შეეძლო. მოხუცის შემხედვარე, სხვა პაციენტებმა ადრე გაგვატარეს. მერე, იქვე, შესასვლელთან საგანგებოდ მოგორებულ ინვალიდის ეტლზე დავსვი ფერწასული და ქანცგაცლილი მოხუცი, მისი ნივთებით სავსე პატარა ჩანთა გვერდით დავუდე. მიმღებში რეგისტრაციის პროცედურები მალე დასრულდა, ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერეს, თავიანთი საკონტაქტო ნომერი მომცეს. შემპირდნენ, გამოკვლევებს ჩავუტარებთ, შედეგებს 24 საათში მივიღებთ და, თუ პასუხი დადებითი აღმოჩნდება, საავადმყოფოში გადავიყვანთო. ვიხვეწებოდი, ვიდრე პალატაში გადაიყვანთ, დამტოვეთ მის გვერდით, გადაადგილება უჭირს, მარტო დარჩენა არ შეუძლია.

დამშვიდდით, მივხედავთ, სხვა არავითარი კონტაქტი, ლოდინი ან ვინმეს ჩართვა საჭირო არაა. წადით სახლში. -  ჩემი მუდარა არავის ესმოდა. წყნარად, მაგრამ მკაცრი გამომეტყველებით, გასასვლელისკენ მიმითითეს.

დედას კიდევ ერთხელ შევავლე თვალი, ხელი დავუქნიე და გამოვბრუნდი.

აქ ნუ დამტოვებ, მარტო არ დამტოვო! - მეძახდა და მოთქვამდა.

ო, რა საშინელებაა ეს აიტანო! ო, როგორი ტკივილია, მშობელი ასე დატოვო და გეყოს ძალა სახლში დაბრუნდე... ახლაც ყურში ჩამესმის მისი განწირული ვედრება.

 

*       *      *      *

ბევრს ჯერ კიდევ არ ესმის, რა უბედურება დაატყდა კაცობრიობას. Covid-19-მა არა მარტო ადამიანის ორგანიზმში შეაღწია, არამედ ეკონომიკა, მსოფლიო წესრიგი, აზროვნება და ფსიქოლოგიური განწყობა მთლიანად შეცვალა. დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 55 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობა 2 მილიონს უახლოვდება. და მაინც, ურწმუნო ურჩები ყველგან ქილიკობენ, ხალხს ვირუსის არსებობა არ სჯერა. პანდემიის დროს დაწესებულ მოთხოვნებს არ იცავს, ამით ვითომ საერთო წესრიგის მიმართ დაუმორჩილებლობას გამოხატავს - შეხედეთ, მე კორონა ვერაფერს დამაკლებს, არ მეშინიაო. მეტი რა უნდა გააკეთოს ამ თვალით უხილავმა კორონამ, ჯერ არ შეგყრია და საკუთარი უსაფრთხოების, სხვების ჯანმრთელობის მიმართ პასუხისმგებლობა დაგაკარგინა, მორალურად გაგტეხა, ფსიქიკა შეგირყია. ასეთი ადამიანები საშიშნი არიან საზოგადოებისთვის. მათ ქვეცნობიერი შიში ამოქმედებთ ასე. ისინი ყველაზე მძიმედ იტანენ (ან ვერ გადაიტანენ) ინფექციას. კოვიდის საცეცები თუ არა, შიში და პანიკა მოგუდავს. ბევრია ასეთნიც, ვინც დიაგნოზის დასმის შემდეგაც კი იზოლაციის აუცილებლობას პოლიტიკურ ინტერესებს აბრალებენ. - ციფრებს ბერავენ, მასონები ხელს ითბობენ, კორონა მოგონილია, ჩვეულებრივი ვირუსია, ვიღაცეებს ხელს აძლევს ეკონომიკის გაჩერება - ათას სიბინძურეს გაიგებ.

არასერიოზულობა და გაუნათლებობაა ეს. დაუშვებელია ამ ვერაგ ინფექციასთან აგდებული დამოკიდებულება. ეს სენი არსებობს, ადრეც არსებობდა, სახე იცვალა და ახალი შტამი Covid-19-ის სახით ბობოქრობს.

მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ყურს არ ვაკარებდი უსაფუძვლო მითქმა-მოთქმას, გულის სიღრმეში მაინტერესებდა შიგნიდან მენახა, მართლაც, რა მოვლენასთან გვქონდა საქმე. ვფრთხილობდი, წესებს პირნათლად ვიცავდი, თუმცა მოულოდნელად და მალე ამიხდა ეს საბედისწერო გაფიქრება. ახლა უკვე ჩემშია კორონა. მინდა თუ არ მინდა, მომიწევს ვნახო რა ხილია ეს, რა ხდება შიგნით, რას აკეთებს ჩვენი ჯანდაცვა და როგორ ვებრძვით პანდემიას. ჩემმა გამოცდილებამ იქნება ვინმე დააფიქროს კიდეც და გაიაზროს, როგორ საფრთხეს ეთამაშება.

კაცობრიობა ახლა სწავლობს ამ განსაცდელს და შესაძლოა, ზოგიერთი აკრძალვითი ღონისძიება სრულიად ზედმეტი ან არასაკმარისი, არარაციონალური გამოდგეს, მკურნალობის მეთოდებს გადახედვა დასჭირდეს, გამარტივდეს, დაიხვეწოს, ან სულაც გამოჩნდეს სანდო ვაქცინა, ინფიცირებულებთან დამოკიდებულება შეიცვალოს, ჩამოყალიბებული შეხედულებები გადაისინჯოს. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ Covid-19დღეს საგანგაშო საფრთხე არაა -კოვიდი მძვინვარებს, კოვიდი კლავს!

 

*       *      *      *

ცხელების ცენტრთან ისევ რიგი იდგა. რეანომობილიდან ვუყურებდი ახალგაზრდებს, ხანშიშესულებს, მათ შორის, დიდ-პატარიანად ერთად მოსული ოჯახიც ერია. ყველას კორონავირუსის ნიშნები აშკარდ ეტყობოდა. რომც სცადო დამალო, ჩაწითლებული, ამღვრეული, ღამენათევი და ნამთვრალებივით თვალები გაგცემენ. მათში შიში, სევდა, ბრაზი, უძლურობა, მუდარა თუ სულის ყველანაირი მდგომარეობა უტყუარად იკითხებოდა. ყველა მათგანს შველა უნდოდა, ყველა ყურადღებას ითხოვდა. ზოგი ჩუმად იყო, ზოგიც ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას.

ამდენ ხანს რას აკეთებთ, შეგვიშვით მაინც, ჩამოვსხდეთ, - წინა რიგებში წიოდა შეწუხებული ქალის ხმა. შემოდგომის ნესტიანი, სიცივეშეპარული სიო მზის მათბობელ სხივებს სახიდან გვაცლიდა.

გვიან, მაგრამ, როგორც კი მომიწია რიგმა, მიმღებში აღმოვჩნდი. ძალაუნებურად ვაკვირდებოდი, თუ როგორ მიდიოდა ავადმყოფთა მიღება. დედაჩემსაც ხომ ეს გზა უნდა გაევლო და გონებით თვალს ვადევნები, რა შეიძლებოდა განეცადა. ჩემამდე ყველას, ფაქტობრივად, განურჩევლად, ერთნაირი გულმოდგინებით, სიდინჯით, პროფესიული სკეპტიკით ექცეოდა მედპერსონალი. ჩვენ აქ ვმოძრაობდით, ვემორჩილებოდით ექიმის მითითებებს. დედას ხომ გადაადგილება არ შეეძლო. ყურშიც ცუდად ესმოდა. გამიჭირდა იმის წარმოდგენა, თუ როგორ გააღწია ამ მომქანცველ, ხანგრძლივ პროცედურებს, ვინ დაეხმარა, როგორ გააგებინეს ან თვითონაც როგორ აუხსნა, რა აწუხებდა.

როგორც იქნა, რეგისტრაცია გავიარე - ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი და ანკეტის ბევრი სავალდებულო რეკვიზიტია შესავსები. მე საპენსიო ასაკის ჩვეულებრივ პაციენტად დავრეგისტრირდი, არავისთვის მითქვამს თანამდებობა, წოდება თუ სხვა რეგალიები, - ასე ბევრად კომფორტულად და სხვასთან თანაბარ მდგომარეობაში ვიგრძნობდი თავს. რეგისტრაციის შემდეგ ადგილი მალე მიმიჩინეს. გაშლილ, დიდ სივრცეში სამედიცინო ლოგინები გვერდი-გვერდ, გარკვეული დისტანციით იყო ჩამწკრივებული. ერთ-ერთს, თავისუფალს, ზუსტად შემოსასვლელთან, უხმარი თეთრეული გადააფარეს და წამომაწვინეს. ვენიდან სისხლი ამიღეს. მოგვიანებით, სხვა სივრცეში გადამიყვანეს და რენტგენით ფილტვები გამიშუქეს, სხვა პროცედურებიც ზოზინით მორჩა. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, - ინფიცირებულთა ნაკადი დიდია, საავადმყოფოებში სტაციონარული ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ასეთი პირობებისთვის გადამზადებული პერსონალიც ცოტაა. ეს ცხელების ცენტრიც ხომ არასათანადო ფართზე, ჩინური სავაჭრო ობიექტის დამხმარე სასაწყობო ნაგებობაში სახელდახელოდ მოაწყვეს.

ორიოდ საათის შემდეგ უკვე ბოქსირებულ პალატაში მარტო ვიყავი. თუ ოჯახის წევრი არ იყო, კოვიდით საეჭვო ინფიცირებულებს ცალ-ცალკე ოთახებში ათავსებდნენ. ცოტა ხანში ექიმი გამეცნო. თეთრ სპეციალურ ტანსაცმელში გამოწყობილს სახე, ფაქტობრივად, არ უჩანდა. კეთილგანწყობილი შესავალი დიალოგის, სიმპტომებზე განმარტებების მიღების შემდეგ, გამაფრთხილა, ხვალ 12 საათისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდოდა პასუხები და მიიღებდნენ შესაბამის გადაწყვეტილებას - ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, კოვიდ სასტუმროში ან საავადმყოფოში გადაგვიყვანდნენ.

ბოქსირებული პალატა მიმღებისგან და მედპერსონალისგან შორს იყო. ანალიზის პასუხის მომლოდინე პირებისთვის ამ სივრცეში თავისუფალი გადაადგილება არ შეიძლებოდა. პალატიდან ვერც ხმას მიაწვდენდი ვინმეს. თუ სტანდარტული პროცედურით არ იყო გათვალისწინებული, მომკითხავიც არავინ ჩანდა. წარმომიდგა, როგორ გადაიტანდა დედა მარტო ყოფნას ოთახში...

სადილი კარებთან დატოვეს, ორი აბი პარაცეტამოლი შემომაწოდეს, ყოველ ორ საათში სიცხის გაზომვა დამავალეს, თუ ტემპერატურა 38,5 გადააჭარბებდა, სიცხის დამწევი აბი უნდა მიმეღო, წყალი უნდა მესვა და ანალიზის პასუხებს მოთმინებით უნდა დავლოდებოდი.

 

*       *      *      *

საღამომდე მხნედ ვგრძნობდი თავს, მობილურიდან ინტერნეტში ვიჭყიტებოდი. ახლობლები, კოლეგები, მეგობრები მირეკავდნენ. კორონავირუსი გარეთ უფრო მძვინვარებდა. ვიწროპარტიული, ხელისუფლების სტრუქტურებისკენ სწრაფვის, უხამსობის, ძალადობის, გინების თუ გაუნათლებლობის ნიაღვარი ერთმანეთში იგლისებოდა და სიმშვიდის შენარჩუნების იოტისოდენა შესაძლებლობასაც არ ტოვებდა.

საღამოს 9 საათისთვის ტემპერატურა კვლავ აცდა 39-იან ნიშნულს. ისე მივნებდი უძლურობას, აბის მიღება არც გამხსენებია. მერე ოფლში დიდხანს ვცურავდი. სამჯერ გამოვიცვალე მაისური. თეთრეულიც დასველდა, თუმცა მის შესაცვლელად სხვა პაკეტი არავის მოუტანია. ამიტომ წაღმა-უკუღმა ვატრიალებდი. გამთენიისას შხაპი მივიღე და რამდენიმე საათი მშვიდად მეძინა. დილას უკვე კარგად ვიყავი.

12 საათისთვის, კვლავ სრული ეკიპირებით, ექიმი შემოვიდა. გამომკითხა, როგორ ვგრძნობდი თავს, სიცხე მქონდა თუ არა. მეც მოვუყევი, როგორც იყო. 

ეს ვირუსის გამოვლინებებია, ასე იცის. სამწუხაროდ, პასუხიც დადებითია, თქვენ დაგიდატურდათ Covid-19. მაგრამ ჯერ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ, რთულ ფორმებში არ გაქვთ გამოვლინებები, არც ანალიზის პასუხებია მძიმე. მოემზადეთ, მალე მანქანა მოვა და სასტუმროში გადაგიყვანთ. იქ დაგაკვირდებიან. ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებით. ეს თქვენი ფორმა 100-ია. არ დაგრჩეთ - მშვიდად და დამაჯერებლად მითხრა ექიმმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ორგვერდიანი ცნობა გამომიწოდა და დამემშვიდობა. მეც სრული სიმშვიდით მივიღე პასუხი, ფაქტობრივად, დიაგნოზი ისედაც ვიცოდი. ორიოდ წუთში უკვე მზად ვიყავი და გამცილებელს ველოდი.

 

*      *      *      *

გუშინ შემოსულ რამდენიმე ინფიცირებულთან ერთად, მსუბუქი პაციენტების ან საკარანტინო რეჟიმში განსათავსებელ პირთათვის დროებით პროფილშეცვლილ და საგანგებოდ სტატუსმინიჭებულ სასტუმროში გადაგვიყვანეს (შეგნებულად, გასაგები მიზეზების გამო, არ ვამხელ არც სასტუმროს და საავადმყოფოს დასახელებას, არც ექიმების, მედდების, სხვა პერსონალის, პაციენტების ნამდვილ გვარ-სახელებს).

სასტუმროში პატარა, თუმცა კეთილმოწყობილი ნომერი შემხვდა. ტელევიზორი, ინტერნეტი, აბაზანა-ტუალეტი, სიმყუდროვე, სისუფთავე, სითბო ქალაქის სასტუმროს კლასს შეესაბამებოდა. რაც არ მომეწონა, ეს ერთსაწოლიანი, ვიწრო ლოგინი დამხვდა, საბანიც და თეთრეულიც ლოგინზე იყო მორგებული და მე ძლივს მფარავდა.

ერთი მხრივ, აქ გადმოსვლის ხიბლი იმაში დავინახე, რომ ვიფიქრე, ხელს არავინ შემიშლის და ვიმუშავებ - ჩამოთვლაც მიჭირს, რამდენი რამე მქონდა გასაკეთებელი. გარდა ამისა, სტუდენტებთან დისტანციურ ჩართვასაც შევძლებდი და დაწყებულ ნაშრომებსაც რამდენიმე გვერდს მაინც შევმატებდი, თუმცა ეს მოლოდინი პირველსავე საღამოს ჩამეშალა. დაბინდულ გონებას ორიოდ წინადადების გადაბმაც არ შეეძლო. ერთადერთი ტელევიზორით ვიკმაყოფილებდი მიმდინარე მოვლენებთან წვდომის სურვილს, მაგრამ იქიდანაც ისეთი სიბინძურე ინთხეოდა, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა ასწილ მერჩია - ინტრიგებსა და სენსაციებს გამოკიდებულ მედროვე ჟურნალისტებს დაძაბულობა, შფოთი, უიმედობა, შიში, ყოფიერების დასასრულის განცდა შემოჰქონდა.

აქ სულ სამი უსაშინელესი ღამე გავძელი. საღამოს ექვსი საათიდან გარიჟრაჟამდე, ზუსტად ერთნაირად, მაღალი სიცხე - 39,2° – 39,6° მქონდა. უსაშველოდ მახველებდა, მკერდის წრიული, თირკმლების არე, ყელი და თავი წარმოუდგენელი სიმწვავით მტკიოდა. გამთენიისას ცივი ოფლი მასხამდა და შეუკავებელი სიცივე ძვალ-რბილს მიკანკალებდა. ზედამხედველი ექიმი მხოლოდ ტელეფონით მიკავშირდებოდა, დილა-საღამოს დარეკავდა, მომიკითხავდა, მამშვიდებდა და სულგრძელად, პარაცეტამოლს, ხანაც კეტანოლს მიგზავნიდა. ელექტრონული კომუნიკაცია იყო ერთადერთი კავშირი პერსონალთან და გარესამყაროსთან -აქეთ არავის უშვებდნენ, არც არავინ გადიოდა. ოთახშიც არავინ შემოდიოდა. კარებთან გარეთ სკამი იდგა და იქ აწყობდნენ სადილს, წამლებს, წყალს, სახლიდან თუ ახლობლებისგან გამოგზავნილ მოსაკითხებს.

მესამე ღამეს გულისრევა, ნერვიული აშლილობა, გემოს და სუნის სრული დაკარგვა დამემატა. ჩემი აქ დარჩენა უკვე არ შეიძლებოდა და მეოთხე დილით საავადმყოფოში გადამიყვანეს.

 

*       *      *      *

შესაძლოა, ასე დაწვრილებით ყოველი გადაადგილების და განცდების გადმოცემა არც იყოს საინტერესო, თუმცა ამ ვირუსის თანმხლები თუ ურთულესი გამოვლინებები, შინაგანი (კორონავირუსის მოქმედების) და გარეგანი (სხვების, გარემოს, მიმდინარე პროცესებით შექმნილი) ფაქტორებით იქმნება. მათი მართვა უმწვავესი პრობლემაა. მკურნალობის პროცესში ემოციების დაოკება პრეპარატებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ უმთავრეს პროცედურაში ვერც ექიმი და ვერც სხვა პერსონალი გიშველის რამეს, - ეს შენ, მხოლოდ შენ უნდა შეძლო. სწორედ ამის აუცილებლობის წარმოჩენისთვის და მათვის, ვისაც ჰგონია, რომ Covid-19მითია, ან მას არ შეეხება, არც საკუთარ, არც სხვის უსაფრთხოებას არ იცავს, დავიწყე ამ ჩანაწერის გაკეთება. შესაძლოა, ეს გამოცდილება ვინმემ გაიზიაროს, გამოადგეს, თავად განერიდოს და სხვებიც დაიცვას ლეტალური დასასრულისგან. ამიტომ ზოგიერთ დეტალს გვერდს ვერ ავუვლი.

ავადმყოფობა, უპირველეს ყოვლისა, ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობაა.

ცნობილია, რომ ნერვულისისტემაარეგულირებსდააწესრიგებსიმუნიტეტის ბრძოლისუნარიანობას. სტრესი, ზღვარსგასული ემოცია, მით უფრო, როცა ერთი ადამიანი ან ეგზალტირებული ჯგუფი აზიანებს სხვების ნერვიულ სიმყიფეს, ხალხმრავალ დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნაზე მეტად ახალისებს კორონავირუსის გავრცელებას და უკვე ინფიცირებულის ორგანიზმზე მის დამანგრეველ ზემოქმედებას. თუნდაც ერთი მიტინგი, მიტინგზე ორგანიზატორთა უაზრო ღიჯინი, ღრიანცელი, დაბოლილების ჭიპხახუნა ცეკვა-კუნტრუში, მომაკვდინებელი ემოციით ათასგზის მეტ ადამიანს ასნეულებს, ვიდრე ეს ვირუსთან ხელჩართულ შერკინებაში შესაძლოა მოხდეს. ემოციური ფონის დამძიმება კორონავირუსის ერთ-ერთი ურთულესი, გადამდები და წინმსწრებად გავრცელებადი გართულებაა, რომელიც მასებზე უსწრაფესად გადადებისთვის იქმნის ნიადაგს. მისი შეჩერება ბევრად რთულია. ეს ფონი  გამოჯანმრთელების მერეც ხანგრძლივად რჩება ადამიანის ორგანიზმში, უფრო დიდხანს - საზოგადოებაში და პირველსავე გაღიზიანების დროს მწვავედ შეგვახსენებს თავს.

 

*       *      *      *

საავადმყოფოს პალატაში ორნი დამხვდნენ. ორივეს ადგილი ფანჯარასთან ჰქონდა დაკავებული. ისინი ჩემამდე სამი დღით ადრე მოხვდნენ აქ და ახლა მასპინძლებივით მიმიღეს. ერთი 55-ს გადაცილებული, მეორე კი სტუდენტი, სიმპატიური, ახოვანი ახალგაზრდა, ჯერ ოცდაერთისა არც იყო. მან საკუთარ დაბადების დღეზე, მეგობრების წრეში, ზღვარსგასული ცეკვით გათანგულმა სიცხე და თავის ტკივილი აიკიდა. ჯერ გაციება ეგონა, მაგრამ ტესტირებამ Covid-19დაუდასტურა. ამ ახალგაზრდას, ავადმყოფობის უკვე მესამე დღეს, უკიდურესად გართულებული მდგომარეობა აღენიშნებოდა ფილტვებში, განუწყვეტლივ ახველებდა, მაღალი სიცხე და გვერდების ტკივილი აწუხებდა. მასთან, თავიდანვე, კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. მეორე, - გივი (პირობითად, ასე დავუძახებ, ელდარ შენგელაიას ცისფერი მთების არარსებული, მაგრამ მუდმივად საჭირო, მოთხოვნადი პერსონაჟივით), ქიმიკოსის სპეციალობით რუსეთის რომელიღაც ქალაქის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, ყოფილი მძიმეწონოსანი (თურმე 242 კგ-ს იწონიდა, ამიტომ წონის კორექციის მიზნით, გაკეთებული ჰქონდა კუჭის ვერტიკალური რეზექცია და შუნტირება), უშიშროების ორგანოების ყოფილი ჩინოსანი (იძახდა, წინა ხელისუფლების დროს ზედმეტი წონის და მოუქნელობის გამო, გამოაგდეს სამსახურიდან), ყოფილი მოკრივე (საბჭოთა ჯარში,  მასზე დაბალმა და ბევრად მსუბუქმა, ახალმოსულმა ჯარისკაცმა ცხვირ-პირი დაულეწა და მას აქეთ რინგზე არ გასულა), გადამგდები, მატყუარა, ფლიდი, უმადური, მუდმივად ყველასა და ყველაფერზე უკმაყოფილო, უხეში, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უზრდელი, უკულტუროც იყო. ვიდრე აქ მოხვდებოდა, ორქიექტომია (სათესლე ჯირკვლის ჩირქოვანი აბსცესის ამოკვეთა) გადაიტანა. გაწერიდან რამდენიმე დღეში კორონავირუსი დაუდასტურდა და ამ საავადმყოფოში აღმოჩნდა. ნაოპერაციევ მის ნაწიბურებს ჯერ კიდევ არ ჰქონდა პირი შეკრული, ამიტომ კორონავირუსით გამოვლენილი გართულებების საწინააღმდეგო დანიშნულებასთან ერთად, გადახვევებსაც უტარებდნენ და ანტიბაქტერიული მკურნალობაც უნდა გაევლო. გივის ან ეძინა და პირდაღებული ბოლო ხმაზე ხვრინავდა, ან დაუსრულებლივ ტელეფონზე ხმამაღლა ლაპარაკობდა. ხან ოჯახის წევრებს, ხან საყვარელს, ხან ნათესავებს, ყოფილ თანამშრომლებს, ნაცნობებს და ვინ იცის, კიდევ ვის, სხვადასხვა ხმით, ერთსა და იმავე პრობლემაზე ესაუბრებოდა. ოჯახის წევრებს, რომლებიც კოვიდს შინაიზოლაციით ებრძოდნენ, თავს აცოდებდა - მძიმე მდგომარეობაში ვარ, ასე თუ გაგრძელდა, მოვკვდები, ოჯახს მიხედეთ, ბიჭებს ვთხოვე და ფული თუ ჩაგირიცხეს, ჩემს გამოსვლამდე ხელი არ ახლოთ, მანქანა მაქვს შესაკეთებელი, იაფფასიან კვებაზე გადადით, ახლა ფუფუნების შესაძლებლობა არ გვაქვს - გადაუხდელობის გამო, თავისი საბანკო ანგარიში და ბარათები დიდი ხანია დაბლოკილი იყო. საყვარელს აიმედებდა, - კარგად ვარ, მალე გამოვალ, მოგხედავ, ირაკლი მოვა და ფულს მოგიტანს, იკმარე, ბევრი არ დახარჯო, წამლების მიღება არ დაგავიწყდეს - ეს ქალი რუსეთიდან ჩამოუყვანია. როგორც ამბობდა, ერთად სწავლობდნენ, ყველაფერში ეხმარებოდა, დიდი სიყვარული ჰქონიათ თურმე;

ნაცნობებს თუ ახლობლებს (აბა, ასეთ კაცს მეგობარი სად ეყოლებოდა) ყველას ერთს ევედრებოდა, - მძიმე მდგომარეობაში ვარ, ეს ჩემი უკანასკნელი თხოვნაა, სახლში ჩემებს არავინ ჰყავს მიმხედავი, სრულად უფულონი არიან, პურიც არ აქვთ, ერთი 100 - 200 $ ჩაურიცხეთ მარინას, ან გაუტანეთ. აქედან რომ გამოვალ, პირველი შენთან მოვალ და ვალს გადავიხდი. აბა, როგორ, ისე არ მინდა, აუცილებლად დაგიბრუნებ. მათ შორის, ერთი ირლანდიაში მყოფი მისი ნათესავი ისე დაანამუსა, საათიც არ იყო გასული, აქეთ დაურეკა და უთხრა: „მანიგრამით“ 1000 დოლარი გავუგზავნე შენს ცოლსო - ვალად არა, საჩუქრად მიიღეთო. მადლობა კი უთხრა, მაგრამ მერე მთელი დღე იმაზე წუხდა, რატომ 2 ათასი არ ვთხოვეო. ვიდრე ერთად ვიყავით, ასე ოთხი ათასზე მეტი დოლარი „გამოიმუშავა“;

მევალეებს ცალ-ცალკე აბოლებდა, - საავადმყოფოში ვარ, ერთი თვის წინ ოპერაცია გავიკეთე, ახლა კორონა დამემატა, ვიხრჩობი, თუ გადავრჩი, თებერვლამდე უნდა მადროვო, ერთ დღეს არ გადავაცდენ, ვალს სრულად მოგიტანო - სუნთქვას ისე შეიკრავდა და სამოწყალოდ ხმას ისე შეიცვლიდა, საცოდაობისგან ლამის მე გადამეხადა მისი ვალები;

გივის არც პოზიცია მოსწონდა და არც ოპოზიცია, ბილწსიტყვაობდა და ყველას აგინებდა. ყველაზე მეტად მაშფოთებდა ის, თუ როგორ ექცეოდა მედპერსონალს. თავს ევლებოდნენ და მაინც უკმაყოფილო იყო. ეუზრდელებოდა, ეუხეშებოდა -პარაცეტამოლი არ მინდა, იბუპროფენი მომიტანეთ, ამ დანიშნულებას არ გავიკეთებ - გაბმულად ჭირვეულობდა. მოკლედ, მედდები მისგან გარბოდნენ, მისი ახირებების მოსმენა მშვიდად შეუძლებელი იყო. გივი მათ სართულიან გინებებს დაადევნებდა;

ხარბი ჭამა იცოდა, კურდღელივით აცმაცუნებდა პირს და წონის დაკლების გამო, ჩვარივით ჩამოკიდებულ ღაბაბს. ყველაფერი უნდა გაესინჯა, არაფერს დატოვებდა, მერე გარბოდა ტუალეტში და ააყროლებდა იქაურობას. - რამდენიც არ უნდა ვჭამო, ოპერაციის შემდეგ, ნახევარ საათში ყველაფერს გარეთ ვყრიო, იკვეხნიდა;

გივის ლოგინი ფანჯარასთან კი იდგა, ალბათ ამის გამო აირჩია ის, მაგრამ გაუმართავი აღმოჩნდა. ლოგინის ბორბლებს მუხრუჭი ჰქონდა გაფუჭებული და მცირედი შეხებითაც ან მხარის ცვლის დროს თავისუფლად გადაადგილდებოდა ოთახში, ამიტომ ზეწრით მიაბა კედელზე მიმაგრებულ სამედიცინო აღჭურვილობას. მერე ამაზე დაუსრულებლად წუწუნებდა და საავადმყოფოს ხელმძღვანელობას ყოველ გადაბრუნებაზე აგინებდა.

ჩვენს პალატაში სანკვანძი მოშლილი დაგვხვდა. ფეხზე დასადგომი აბაზანის მილი აცდენილი იყო საკანალიზაციო სადინარს და წყალი პირდაპირ პალატაში შემოდიოდა. შხაპით ვერ ვსარგებლობდით. უნიტაზის ჩასარეცხ ავზშიც წყალი არ გროვდებოდა და მუდმივად ხმაურით მთავარ არხში ჩაედინებოდა. რომ დავუკვირდი, საშხაპეს ვერაფერს ვუშველიდი, მილი ახლით უნდა შეეცვალათ. ინფიცირების შიშით, სანტექნიკოსი აქ ვერ შემოვიდოდა, მით უფრო, რამდენიმესაათიანი მუშაობა დასჭირდებოდა და იქაურობა მთლიანად აიყრებოდა. უნიტაზის ჩამრეცხს ხელის მიშველება სჭირდებოდა და მერე ავზში წყალი ჩერდებოდა. რამდენჯერმე ვაჩვენე გივის რაც იყო გასაკეთებელი, მაგრამ ის წყალს ყოველთვის გამდინარს ტოვებდა.

გივი ვერ იტანდა ფანჯრის გაღებას და ოთახის განიავებას, რაც პროცედურულად აუცილებელია კოვიდთან ბრძოლის დროს. ექიმი რომ შემოვიდოდა, მედდას იმწუთსვე გააღებინებდა ჩარაზულ ურდულს. მედდები, გივის შიშით, დამოუკიდებლად ამის გაკეთებას  ვერ ბედავდნენ. პაციენტების გადაბარებაზე შემოსული პერსონალის ახალი შემადგენლობა როცა გვისაყვედურებდა, რატომ არ ანიავებთ ოთახს, გამოაღეთ ფანჯარაო, გივი იმწამსვე თავის მართლებას დაიწყებდა - აქ ნივთები მილაგია და ამის გამო, ვერ ვახერხებ, თანაც წამოდგომა მიჭირს, მეორე ფანჯარა გააღეთ, მე ხომ არ გიშლითო. როგორც ექიმი გავიდოდა, გასანიავებლად დატოვებულ ფანჯარას გივი იმწუთსვე დაკეტავდა, - მიბერავს, ჩემი ფილტვები ცივ ნიავს ვერ გაუძლებს, ცუდად ვარ, არ შემიძლიაო - ბრაზმორეული ბურტყუნებდა და მედდებს აფრთხობდა.

ჩვენ ვერ ვგრძნობდით, მაგრამ პალატაში კორონავირუსით გაჟღენთილი, საჭმლის ნარჩენების და დაუბანელი სხეულის ოფლის სუნთან აგლესილი მძიმე ჰაერი ისევ  ჩვენს ფილტვებს უბრუნდებოდა. აქ, მკურნალობის ნაცვლად, სხვა ახალი ბაცილის აკიდების შესაძლებლობა გამოჯანმრთელობის შანსს ბევრად ჭარბობდა.

აუტანლად მაღიზიანებდა გივის ყველანაირი ქცევა, ხმა, ლაპარაკი, მოძრაობა, ხვრინვა, ჭამის მანერა, სიბინძურე - უხმოდ, ბოღმით, ნერვებმოშლილი ვიტანდი ამ უმსგავსობას. ჩემი მიკვირდა, როგორ ვითმენდი ამ კაცის თავაშვებულობას, მაგრამ ქვეცნობიერში რაღაც მაკავებდა, თავს ვუწევდი წინააღმდეგობას და ვთრგუნავდი აღშფოთებას, რომელიც საცაა ვულკანივით ამოხეთქავდა. გარეგნულად, წყენას არ ვიმჩნევდი, მეტიც, გივის მუდმივი ყურადღებისა და ზრუნვის პირობებში ვამყოფებდი. ჩემი ახლობლებისგან გამოგზავნილ მოსაკითხს სულ მას ვაძლევდი. ჩვენი ახალგაზრდა მეგობარი, საკუთარის გარდა, პირს არაფერს აკარებდა, მეც მადა სრულად მქონდა დაკარგული და ჭარბი წონის გამო, ჭამისგან თავს ისედაც ვიკავებდი. გივი მადიანად შეექცეოდა სახელდახელოდ ჩემთვის გაკეთებულ ღომს, გებჟალიას, ელარჯს, ქათმის ბულიონს, ნიგვზიან ხარჩოს. არც საავადმყოფოს რაციონს ტოვებდა ხელუხლებლად - სულ პარკებში იქექებოდა გულმოდგინედ, რაიმე სასუსნავი ხომ არ ჩამრჩაო. ყოველ ჯერზე, საკვებთან ერთად ერთჯერად ჭიქებში ჩადებულ შაქრის, ჩაის, ყავის პაკეტებს ცალკე ყუთში აგროვებდა და ინახავდა. მორთმეული ხილის ნახევარზე მეტს მას ვაძლევდი, აღტაცებული იყო ნარჩევი ლიმონით, ვაშლით, კივით. ფეიხოა მოსწონდა ძალიან. სამიოდ დღის შემდეგ, მისთვის ყველაზე საუკეთესო ვიყავი, ვინც კი ოდესმე შეხვედრია, მაგრამ მასში არაფერი იცვლებოდა - ისევ ისე ხმაურობდა; ტელეფონიც არ გაუგდია ხელიდან; სიბინძურეც ვერ მოიშალა - სულ სანიტრებს ეძახდა და მათ გინებაში იყო; მათხოვრობა და აფერისტობა მას სისხლში ჰქონდა - ეს საშინელი ჩვევა ამდენი გადასხმებითაც ვერ გამოიდევნა ორგანიზმიდან. მეც გადმომწვდა ერთხელ და მეუბნება: - შენს სატელეფონო ზარებს რომ ვუსმენ, ავტორიტეტული, გავლენიანი კაცი ჩანხარ, იქნებ სადმე დამასაქმო, მძღოლადაც ვიმუშავებ, რაიმე მცირეხელფასიანი სამსახურიც მაწყობს. ხომ იცი, არ შეგარცხვენ, შენი ჭირიმე.

- რას ამბობ, გივი, გავლენიანი კი არა, პენსიონერი ვარ, დომინოთი ვერთობით ეზოში, მაგრამ არ დაგზარდები, მეგობრებში გავიკითხავ და ვნახოთ, - დავაიმედე.

არ ვიცი, ასე რატომ ავითვალისწუნე ეს კაცი, მაგრამ ვგრძნობდი, იმაზე უფრო მეშლებოდა ნერვები, რომ არაფერს ვეუბნებოდი, კარგად ვექცეოდი და სანოვაგით ვავსებდი, დახმარებას ვპირდებოდი. ეს კაცი კორონას ნებისმიერ გამოვლინებაზე არანაკლებ უარყოფითად მოქმედებდა ჩემს ფსიქიკაზე. საკუთარ პრინციპებთან და მოქმედებებთანაც დამაპირისპირა. გონებაგაბინდულს და უძლურებას მინებებულსაც კი, როცა მისი უკმაყოფილო წუწუნი ჩამესმოდა, წარმოსახვაში დაუნდობლად ვეკამათებოდი:

- რა გინდა გივი, ასე დაუნახავი და მუდმივად უკმაყოფილო რატომ ხარ? - სახელმწიფომ სათესლე ჯირკვლის ჩირქოვანი აბსცესის ამოკვეთა უფასოდ გაგიკეთა, ახლაც გივლის და ცივ ნიავს არ გაკარებს, ძვირადღირებულ პრეპარატებს გახმარს, გკვებავს, თეთრეულს გიცვლის. მართალია, გაწერილ გრაფიკს წუთი-წუთ არ ემთხვევა ყველა პროცედურა; გეთანხმები, საკუთარ თავზეც გამოვცადე და ვიცი, რომ დაღლილი, დაქანცული მედდა შენს მკლავებზე ვენას დიდხანს ეძებს და ხანაც აცდენს ნემსს სადინარს; ჩვენც ვხედავთ, რომ საკვები ერთჯერად ჭურჭელშია და უკვე გაცივებული მოდის; რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ამ პალატაში სანკვანძი გამართული არაა. მაგრამ რა გავაკეთოთ ახლა, მეტი არ გვაქვს, არც სხვებს აქვთ მეტი. სახელმწიფო ამდენს რომ ახერხებს, არ გიკვირს? რამდენია გარეთ, გაიხედე, რამდენი უფრო გაჭირვებული ელოდება აქ რიგს?

- რა არ მოგწონს, გივი, გზები, სახლები, პარკები, სპორტული მოედნები, სტადიონები უფრო მეტი შენდება, ვიდრე ოდესმე აუგიათ. ასე არ არის?

- გივი, მისმინე, ქალაქში უკეთესი გზები დაიგო, სისუფთავეა, მეტი ხე დაირგო, ესტაკადები შენდება. კი ბატონო, მესმის, ყველაფერი კარგად არ არის, მაგრამ ადრე უკეთესი გქონდა?!

- რატომ ხარ უკმაყოფილო, ახლა ადამიანებს უმიზეზოდ არ იჭერენ, არ ართმევენ ქონებას, არ აწამებენ. რა თქმა უნდა, ბევრად რთულია აღიარებითი ჩვენებები მოიპოვო კანონიერად, გაყალბების გარეშე. შენ რა გინდა, ფრჩხილები დააკვნიტონ, თმები დააწიწკნონ, იარაღი დაადონ შუბლზე და ისე აღიარებინონ დანაშაული? ეს ხომ გამოვიარეთ?! ცხადია, ცუდია, რომ ბევრი ჯერ კიდევ სამართალს ეძებს, მაგრამ მითხარი, სად არ ხდება ასე?

- გივი, უმუშევარი რომ ხარ, სხვას რატომ აბრალებ? ხელის გაქნევა შენ არ გინდა, მუშაობა შენ არ იცი. რატომ გგონია, სახლში მოგიტანენ ფულს და უზრუნველად გაცხოვრებენ? შენ რომ უშიშროებაში კარგად გემსახურა, იქიდან ვინ გამოგაგდებდა, გამოცდილ კადრებს ლამპით დაეძებენ. შენ კარგი ქიმიკოსი რომ იყო, სახლში ვინ დაგსვამდა? ქიმია კარგად რომ იცოდე, შენი საქმე გექნებოდა, უცნობ ელემენტს აღმოაჩენდი, ახალ პროდუქტს შექმნიდი, დიდ ფულს იშოვნიდი. ვისაც საქმის გაკეთება უნდა, პოულობს, ამისთვის უცხოეთში წასვლა არაა საჭირო. ისინი სირთულეებს, სიზარმაცეს გაექცნენ აქედან. იქ სხვების მომვლელებად მუშაობენ, მოსამსახურეებად უდგებიან შეძლებულებს. აქ იმის ნახევარი ემუშავათ, იქ რომ ოფლს ღვრიან, უკეთესად იქნებოდნენ, ოჯახებს არ მოწყდებოდნენ, შვილების აღზღდას არ დააკლებდნენ ყველაზე აუცილებელ ურთიერთობას. მარტო ფულის გამოგზავნა არაა მთავარი. მისი ხარჯვაა უფრო გონმისატანი. იაფად ფული არსად იშოვება. უშრომელად ლუკმას ვერ შეჭამ - გაიგონე.

- გივი, თუ ყველაფერი კარგად არაა, არც უარესად გვაქვს საქმე. ქვეყანა თანდათანობით ჭაობიდან ამოდის. მოღალატეებს, გამყიდველებს, მედროვეებს რა გამოლევს? რას უსმენ ამ ხელმოცარულ პოლიტიკანებს? მათ არც ქვეყანა და არც შენი კეთილდღეობა ადარდებთ. მხოლოდ თავიანთი ადგილი, ამბიციები და ინტერესები აწუხებთ, თუმცა შენ არც ისინი გეხატება გულზე. ვიღაცა ხომ უნდა მოგწონდეს, ვიღაცა ხომ უნდა დაგიდგეს გვერდით, რომელიმე ნაპირს ხომ უნდა მიადგე?!

- გივი, ცოტა ჩუმად მაინც ილაპარაკე, შენ გარდა აქ ჩვენც ვართ; გვერდზე მაინც გადაბრუნდი, დაგვასვენე ხვრინვისგან; ნუ ყრი ნარჩენებს იატაკზე, ჩარეცხე ეს უნიტაზი, მიაშველე ხელი და წყალი ჩააგუბე ავზში. 

- გივი, არ მოგბეზრდა ამდენი ტყუილი; არაფერია შენში წმინდა; ოჯახში არ გედგომება; საყვარელი არ გენდობა; მეგობრები არ გყავს; როდის გაგიხეთქავს თავს მევალე, არ იცი; კიდევ რომ გაგიჭირდეს დახმარება, ვის უნდა მიადგე, მეორე წრეზე ხომ ვერ წახვალ?

- გივი, გივი, რას ლაპარაკობ, არ იცი; რა გინდა, არ იცი; რა უნდა გააკეთო, არ იცი, - თავი დამანებე, განმერიდე, განმშორდი, მეტი არ შემიძლია!

ოხ, ეს გივი, რას გადავეკიდე, რატომ მახრჩობს ასე? როგორც კი თვალებს მივლულავ, კორონა ძარღვებში ტორნადოსავით იწყებს ბობოქრობას და გივისთან დაუნდობელ ორთაბრძოლას მიწყობს.

 

*       *      *      *

გივი ხომ საშინელება იყო, ინტერნეტი და საზოგადოებრივი ქსელი უარესად ჩააფრინდებოდა სიცხისგან და კორონავირუსისგან დაბინდულ გონებას. კარსმომდგარი საპარლამენტო არჩევნების ციებ-ცხელება ყველა ოჯახში ისედაც ხომ შეიჭრა, ერთმანეთს გადაკიდა ცოლი ქმარს, შვილი - მშობლებს, შვილიშვილები - უფროს თაობას. ერთს ნაციონალები მოსწონს, სხვებს - მათი ნაქარბორბალი პანორამები მწარედ ახსოვთ და დანახვაც არ უნდათ. გაუნათლებელი, დაუნახავი და უმადური ბრბო გადაეკიდა ივანიშვილს, მის გვარს ყველა ბრუნვაში ახსენებენ, რას არ მიაწერენ, რა არ დასწამეს. ეკლესია-მონაცტრები, თეატრები, საკონცერტო არენები, პარკები, პანორამები, გზები, ქალაქები, ჯარი, პოლიცია, ჯანდაცვის ობიექტები და ათასი სხვა, ამ კაცმა საკუთარი რესურსებით ააგო, აღადგინა, აღჭურვა, სახელმწიფოს აჩუქა. მასზე კი ისეთნი ქილიკობენ, ვისაც ქვეყნისთვის ლარიც არ დაუხარჯავს, ორი წიგნი არ აქვს გადაკითხული, სიყალბის მეტი არაფერი უკეთებია. სხვისი რომ არ მოვყვე, ოჯახში სრული უთანხმოება მაქვს. მე აქეთკენ ვარ, ისინი გაღმა ნაპირზე მიმართავენ ხმაურიან აქციას. მე რომ „იმედისკენ“ გავაპარებ თვალს, ისინი „ტვ-პირველს“ ჩააფრინდებიან, ან „მთავარი არხის“ პირველი ოფოფის და კოპწია დიქტორების მონოლოგები მიაჩნიათ უტყუარ პირველწყაროდ.

როგორც კი სიცხე 39°-ს უახლოვდება, გრიგოლიას „რეაქციას“ მიმართავს გონებაში, სკანდალებს და ინტრიგებს მიჯრით ალაგებს, სიცრუეს და დაძაბულობას ერთმანეთში ხლართავს, ეკრანიდან გადმოდის;

კადრი კადრს მიჰყვება და წარმოსახვაში შემოდის „შაბათის“ ეთერის ტყუილების სპექტაკლი - ხმის ჩახლეჩვამდე ვბორგავ და ვყვირი: სერიოზულმა და საქმეში ოდნავჩახედულმა კაცმა ამ მარაზმს როგორ უნდა უყუროს?!

რამ დაარეტიანა ეს ხალხი, რატომ ვერ იხედება თვალებიდან, რატომ დაუმოკლდა მეხსიერების თვალსაწიერი, რატომ ავიწყდება ვინ რა გააკეთა, ვის რა მიზანი ამოძრავებდა?

რა უნდა გაგიჭირდეს ისეთი, რომ აქედან გაქცეული, სხვის კალთებსშეფარებული მთავარყოფილის ავანტიურამ ან აშლილმა ჰაბიტუსმა მოგხიბლოს; მის უაზრო ბლუყუნს უსმენდე; არეული, ავადმყოფური ამბიციით გაჯერებული დაპირებები დაიჯერო; მხოლოდ სათავისოდ დასიზმრებული სვლებით გაბრუოს; მის არითმეტიკას ენდო, მასში ხედავდე მხსნელს და საშველად მოუხმობდე;

რითი უნდა მოგხიბლოს ტურების, კურდღლების, კლონირებული სირაქლემების გაერთიანებულმა სამხეცემ? როგორ უნდა დაბოლდე ისე, რომ ამ კანონდამრღვევ, გაუთლელ და დაუსრულებელ მოძალადეებში წარმატებული პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრი, უწყების ხელმძღვანელი ან მაღალჩინოსანი ფუნქციონერი დაინახო და მათში ხალხის სამსახურისთვის თავდადებული რაინდები დაიგულო?

როგორ უნდა გქონდეს დაკარგული რეალობის შეგრძნება, რომ გუშინ შენი მყვლეფელის ერისკაცობას და ხალხის კეთილდღეობაზე თავგანწირვის დაფიცებას ენდო;

ყველა როგორაა მხოლოდ ერთადერთი, განუმეორებელი, ერისა და ხალხის სამსახურისთვის თავგადადებული?

ყველა ხელმოცარულს პრემიერობა როგორ სწადია?

მომკალი და არ მინდა ისტერიული ყვირილის მოსმენა, არც ლანძღვით და გინებით გამოფხიზლებული საქართველო მინდა. არ შემიძლია ახალი ვადით კიდევ იმათ ვუყურო, ვინც განუწყვეტლივ ორპირობს, ყოველი ახალი არჩევნების წინ, უფრო მაღალ ბოთლზე აცოცებას ახერხებს.

თავი შემაჯავრეს ერთ დროს ყველა ოჯახის ყოველდღიურმა სასურველმა სტუმრებმა, ტელედიქტორებმა და შემდგომში პოლიტიკაში გადაბარგებულმა ორსახეებმა - მათი მოქმედებები და თავგადაგება ნაციონალური მოძრაობისადმი სრული მარაზმია.

ყველაფრის მიუხედავად, ისინიც ხომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან. სიმართლის რაღაც მარცვალი მათაც მოეძებნებათ. გარკვეული მხარდაჭერა ოპოზიციასაც, მართლაც, აქვს. მაგრამ მათი ბრძოლის ფორმები, სიყალბე, სიცრუე, უმადურობა, დაუნახაობა, ხალხის ფარად გამოყენება საღი აზრისთვის მიუღებელია - ბევრჯერ, თავს ვიჭერ იმაში, რომ მინდა მათი გონსაწიერით ვიფიქრო, რაციონალური დავინახო, ხელი გავუწოდო, ჩემიანად ვიგულო, მაგრამ არ გამომდის, მათში ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის, ამისთვის ყველაფერზე წასვლის და ძალადობის გარდა, ვერაფერი დავინახე.

პარტიულმა, მორჩილმა, ჯიბის ტელევიზიებმა, სულგაყიდულმა და ურა ჟურნალისტებმა ჩამოქნეს მედროვე პოლიტიკანების ასეთი სახე, 24 კადრში ახლა 48-ს ატევენ და რეცხავენ მაყურებელთა ისედაც არეულ გონებას. ერთად შეყრიან იდეოლოგიურად და პოლიტიკური მრწამსით მკვეთრად განსხვავებულ, ყვირილითა და ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეული სპექტრიდან ატივტივებულ „ლიდერებს“, შეუზღუდავად უთმობენ ეთერს, ატლიკინებენ, აყაყანებენ, აქოთქოთებენ და ზაფრავენ მოსახლეობას. არავინ უშლის და არც პასუხს სთხოვს დაუმსახურებლად ლანძღო, თათხო, აგინონ ჭეშმარიტად პატივსაცემ მოქალაქეს, ან გააყალბონ, სახე დაუკარგონ აუგად ახსენონ ეროვნული ღირებულება. ისინი მუხტავენ ოპოზიციურ თავაშვებულობას, წარმოაჩენენ მათ ამგვარ ურყევობას და მონოლითურობას.

ხელისუფლების დამხობისა და თავიანთი აღზევებისთვის მოჩვენებითი, თემატური ერთობა პირველსავე მოსახვევზე გადაყვება სახიფათო სიჩქარით შეცვლის ინერციას. ...გაშიშვლდება კიკუ... და უარესს გააკეთებენ მერე, ვიდრე მათი წინამორბედები ჩადიოდნენ. ხალხისა და ქვეყნის აყვავებისთვის თავდებული ხელისუფალი, ერთეული მეცენატების, ქველმოქმედების, ერისშვილების გარდა, თავისუფალ საქართველოს აქამდე არ ჰყოლია. თავისუფლებაც პირობითია. მით უფრო, ჭრელ პოლიტიკურ თავყრილობას დამახინჯებულად ესმის მისი არსი. როცა მათ ინტერესებს დასჭირდება, მოკავშირეს და მხსნელს ზოგი ჩრდილოეთით ეძებს, ზოგიც დასავლეთისკენ გარბის ხელებგაწვდილი. როცა აწყობთ, საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტს იმოწმებენ, მაგრამ თუ მათი პოზიცია არ გაიზიარეს, სხვების აზრს არაობიექტურობას დასწამებენ.

ჩვენი წარსულიც ასეთი იყო - დასავლეთს ოსმალეთისკენ ეჭირა თვალი, აღმოსავლეთი სპარსეთისგან ელოდა შველას. იყო დრო, მონღოლებთან ათანხმებდნენ მეფის ტიტულს, ხანაც სხვა მომხდურებს უხრიდნენ თავს. შინაარეულობების ჩაწყნარება ქვეყნიდან შორს, სხვასთან წყდებოდა.

ჩვენ ვერც თავისუფლება მოვირგეთ და ვერც დემოკრატიის თამაშში ჩავერთეთ მწყობრი ნაბიჯებით.

სულს მიხუთავს, მზარავს, მახრჩობს ყოველგვარი მიტინგი - ეგზალტირებული მასის უაზრო როკვა. უზარმაზარი ენერგია იხარჯება ძიგძიგსა და შეურიგებელ დაპირისპირებაში. ამ ენერგიის მცირე ნაწილი საერთო საქმეს რომ მოხმარდეს, უკეთესად ვიცხოვრებდით.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან მემკვიდროებით მივიღეთ ეს ზღვარსგასული მიტინგომანია - გაუთავებელი ყაყანი, გამომსვლელთა ხმის ჩახლეჩვამდე ბღავილი და მასის ხელში აყვანისთვის გადამლაშებული პათეტიკა. ტრიბუნასთან წამყვანების კეკლუცმა, ცილისმწამებლურმა გამოსვლებმა, დაუმორჩილებლობისკენ, ბოიკოტებისკენ, არეულობისკენ და ხელისუფლების საწინააღმდეგო დაუსჯელმა მოწოდებებმა დაამკვიდრა გამოხატვის თავისუფლების უკუღმართი სტანდარტი - ვისაც რა უნდა, იმას გაჰკივის... დიალოგის კულტურა არ გვაქვს, თავშეკავება და ერთმანეთის მოსმენა ვერ ვისწავლეთ.

დიდი და პრობლემური საკითხები მიტინგებზე არ წყდება. მიტინგების მიმართ ნოსტალგიური დამოკიდებულება გასული საუკუნიდან შემოგვრჩა და პროტესტის გამოხატვის აწ უკვე მოძველებული ფორმა საქმიანი დიალოგით ვერ ჩავანაცვლეთ.

 

*       *      *      *

პალატაში შესვლისას, ჩემთვის ჯერ კიდევ ლოგინის მიჩენამდე, შევნიშნე, რომ ორ დიდ ფანჯარას შორის ყრუ კედელი იყო. ამ შუალედს კოსმოსური ხომალდის ბავშვური ნახატი ამშვენებდა. ტვინჭყლეტის გარეშე მივხვდი, რომ ეს ოთახი ადრე ბავშვებისთვის განკუთვნილ რომელიმე სამედიცინო მიმართულებას წარმოადგენდა. ორი კვირაა სულ, რაც ამ საავადმყოფომ კოვიდინფიცირებულთა მიღება დაიწყო. ავადმყოფთა ნაკადის ზრდის გამო, სახელმწიფოში არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ეს შესაძლებელია, სრულად ან ნაწილობრივ პროფილს უცვლიან და საავადმყოფოებს საგანგებო რეჟიმში უწევთ მუშაობა.  მკურნალობასთან ერთად, რეორგანიზაციის პროცესიც მიმდინარეობს. ახალ გარემოსთან მორგება, პერსონალის შერჩევა, აღჭურვილობის გადახალისება ხდება და ცხადია, ცალკეული შეფერხებები ამ პროცესს თან ახლავს. ავადმყოფი, რა თქმა უნდა, იმას უფრო აქცევს ყურადღებას, თუ როგორ ემსახურებიან და მცირე გაუგებრობაზეც მკაცრად რეაგირებს. ექიმების, პერსონალის, მთლიანად სისტემის პრობლემების ლაბირინთებში შეხედვა არავის უნდა. ყოველი გადარჩენილი სიცოცხლის უკან ხომ შეუმჩნეველი ძალისხმევა, უზარმაზარი მობილიზება, შრომა, ენერგია, თავგანწირვა, რისკი დგას.

ვერ გეტყვით, რატომ მიიქცია საბავშვო სურათმა ასეთი ყურადღება, თუმცა მან სიცხიანი ბოდვების დროს შთამბეჭდავი ემოციები აღმიძრა. ჩემი ლოგინიდან თვალსაწიერი პირდაპირ რაკეტას ხვდებოდა. სიცხით გათანგულიც კი მისკენ ვიყურებოდი და სათაურებს ვურჩევდი. „მარტივად და სწრაფად მიქელამდე“, „გემსახურებით უფასოდ“, „ერთი კაციც და გავდივართ“. ეს უწყინარი ნახატი მძაფრი შეგრძნებებით დამამახსოვრდა. ხან მართლა მეგონა, რომ მგზავრობის ბილეთი უნდა ამეღო, ხან ილუმინატორთან უკვე მქონდა ადგილი დაბევებული. ოდნავ უკეთესად რომ ვიგრძენი თავი, „საკონტინენტთაშორისო ზებგერითი ტრანსპორტის“ ბავშვური წარმოსახვა მობილურით გადავიღე და რამდენიმე მეგობარს გავუგზავნე უფრო საინტერესო სათაურის შესარჩევად.

კორონასთან შეუპოვარ ბრძოლაში ასეთი სახალისო ეპიზოდებიც ერია.

 

*       *      *      *

დილაადრიან პალატაში ცქრიალა, ხმანარნარი, მკერდსავსე, წელწვრილი, ტანმაღალი მედდა შემოგოგმანდა. პირდაპირ ფანჯრისკენ გაქანდა, გამოაღო, გივისკენ გაიხედა და ისე თქვა, არ დაკეტოთ, მერე მე თვითონ დავხურავო - გაგვაფრთხილა. დაგვხედა, ომახიანად მოგვიკითხა, თითქოს გადაამოწმა, რა არ გვაქვს ან რა გვჭირდებოდა. პირველი ჩემთან მოვიდა. იცოდა, გუშინ რომ შემომიყვანეს. მერე მკლავებზე დამხედა, კათეტერი რომ არ მეყენა, შენიშნა. უფრო დიდხანს ჩვენი ახალგაზრდა მეგობრის საწოლთან შეყოვნდა, ღამე როგორ გეძინაო, დაინტერესდა. ვიგრძენი, ამ გამოლაპარაკებისას რაღაც განსაკუთრებული ნოტი ხტოდა კლავიშზე. მისგან კალციუმის ქლორიდის უკვე გამოყენებული სისტემა აიღო, გივის  იატაკზე დაგდებული ზეწარი ააცალა და დაგვტოვა. ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი, მაგრამ ასეთმა უჩვეულო სითამამემ ჩემი ყურადღება მიიპყრო. - ვინ არის? მორიდებით ვიკითხე. აქ რომ შემოვიდნენ, პირველი პროცედურები მან ჩაუტარა თურმე. მეტი გივიმ ის მითხრა, რომ მარიამი ერქვა, სიხალისით გამოირჩეოდა, გასათხოვარი იყო, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა და ნებაყოფლობით, მედდად დაუწყია მუშაობა.

მარიამს კოპწიობა ძლიერ უხდებოდა. რაც მახსოვს, ყოველთვის გრძელი სამედიცინო სკაფანდრა და მუქი ყავისფერი, ბახილიანი ჩექმები ეცვა. სახე პირბადით ჰქონდა დაფარული, თუმცა, როგორც იტყვიან, მახვილი მზერისთვის მოქნილი სხეული, ლამაზი ნაკვთები, სულის მშვენიერება ჯვალოს სამოსელიდანაც ცხადივით იმზირება.

ექთნებს ყოველ მესამე დღეს უწევდა მორიგეობა. როგორც კი ცვლას მიიღებდა, მარიამი ყველას ჩამოივლიდა, მთლიანად თეთრი, ქათქათა ეკიპირებიდან საუცხოოდ ლამაზ ცისფერ თვალებს შემოაფენდა და პალატას სიცოცხლით აავსებდა.

ამ საავადმყოფოში კათეტერი პირველად მარიამმა დამიყენა, ანალიზებისთვის სისხლიც ამიღო. ძალიან იწვალა, -  უნდოდა ერთი ჩხვლეტით შესულიყო ვენაში, თუმცა არ გამოუვიდა. მე ხომ ვიწვალე, ჩემზე მეტად მან განიცადა, შევატყვე, შუბლზე ზაფრანისფრად გადავარვარდა. - ნუ დარდობ, ყველა ძარღვი რომც დამეგლიჯოს, უხმოდ ავიტან, დავამშვიდე. დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაგვხედავდა. დაცლილი კათეტერის მოსახსნელად დაძახება არ სჭირდებოდა, გამოითვლიდა და ზუსტად დროულად შემოიხედავდა. ჩვენს ახალგაზრდა მეგობარს თავს ევლებოდა, დანიშნულებას ხომ დროზე აწვდიდა, დამატებით, კიდევ ბევრჯერ დახედავდა - ხომ არაფერი გჭირდებაო, შეეკითხებოდა, ამხნევებდა, - ადექი, იმოძრავეო, აძალებდა.

შენ რომ აქ ხარ, ჩვენც გაგვიმართლა, ყურადღება არ გვაკლია-თქო, ვეხუმრებოდი ჩვენს ახალგაზრდა მეგობარს. ის კი დაიმორცხვებდა და მრავლისმეტყველად ჩაიცინებდა. საოცარია... სად აკვირტდება ეს ალმური, როგორ ააპრილდება, რომელ სამყაროში გადაგასახლებს, რა ძალას შთაგბერავს, არავინ იცის. ამ აალების გარეშე, მიწადქცევაც უგემურია.

მარიამი კიდევ სამჯერ შემოვიდა ცვლის მიღებისთანავე ჩვენს პალატაში და მაცოცხლებელი ენერგიით დაგვმუხტა. მეჩვენებოდა, რომ ჩვენთან მეტი ჰაეროვნება შემოჰქონდა, თორემ დერეფანშიც მისი მომხიბლელობა იღვრებოდა და სხვა პალატებშიც ციბრუტივით ტრიალებდა. მედდების ოთახი ზუსტად ჩვენი პალატის წინ იყო. სხვა დროს, იქიდან ხმა არ ისმოდა. მარიამის მოსვლისას კი კედლებიც მეტყველებდნენ. მორიგეობიდან მორიგეობამდის მის მოლოდინში ვიყავით. ყოველ შემთხვევაში, მე  დროს ვითვლიდი. წასვლისას რომ დაგვემშვიდობებოდა, თითქოს ცარიელდებოდა იქაურობა. განა სხვა მედდები ცუდად გვექცეოდნენ. მათში უმეტესობა გულისხმიერი, პროფესიის უსაზღვროდ ერთგული იყო. თუ დამატებით ინიციატივებს არ იჩენდნენ, მოვალეობას და დაკისრებულ დავალებებს პირნათლად ასრულებდნენ. ახალბედებს გამოცდილება აკლდათ, თორემ უყურადღებობას ვერც მათ დასწამებდი. ერთი ქალბატონი, იცოდა რა მკლავებზე ვენები არ მიჩანდა, უხელთათმანოდ შემოვიდა და ისე დამიყენა კათეტერი. ასეთი გულითადობა გმირობას უდრის, მისი არდანახვა უმადურობაა! მარიამი მათ შორის რიგითი იყო, მაგრამ განსაკუთრებულ ხიბლსა და ენერგიას დაატარებდა. არ მგონია, რომ რომელიმე პრეპარატს უფრო მეტი სამკურნალო ჩვენება გააჩნდეს, ვიდრე გულისხმიერების ნიჭი და ასეთი მაცოცხლებელი ძალაა.

მეოთხეჯერ მარიამი არ გამოჩენილა. რამდენიმე საათი. კარებისკენ მოუთმენლად ვიყურებოდი. გვიან, მის ნაცვლად სხვა შემოვიდა. არ ვიცი, ვინ როგორ მიიღო, მაგრამ ჩემთვის თავზარდარდამცემი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენი მარიამი თურმე კოვიდვირუსით დასნეულდა და სხვა საავადმყოფოში იყო სამკურნალოდ გადაყვანილი.

იმ ღამეს სიცხე 39°-ს გადასცდა, ოფლშიც დიდხანს ვცურავდი. დილამდე ვბოდავდი.

სხვა დღეებში ყველა მედდას მარიამის სახე ჰქონდა და თვალებიც მისნაირი ხასხასა ცისფერით უნათებდა.

 

*       *      *      *

ანალიზისთვის ვენიდან სისხლის აღების შემდეგ, რამდენიმე საათში, განყოფილების ხელმძღვანელი ექიმი შემოვიდა, მარიამიც თან ახლდა. ექიმმა მოგვიკითხა, გაგვამხნევა და მე მომიბრუნდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ის ჩემთან, როგორც ახალ პაციენტთან, მოვიდა და საერთო წესრიგი, აგრეთვე დანიშნულება უნდა გაეცნო. მან მითხრა, რომ ხვალ გამიკეთებდნენ კომპიუტერულ ტომოგრამას და საერთო, შეჯერებული ანალიზების საფუძველზე, გამოვლენილ სიმპტომებზე პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურებს და მედიკამენტოზურ ჩარევას დაიწყებდნენ. მეც უნდა დავხმარებოდი მათ -  წყალი უნდა დამელია, ჟანგბადი მესუნთქა, მემოძრავა. მე ჯერჯერობით საშუალო სიმძიმის გამოვლინებები აღმენიშნებოდა და კარგი იქნებოდა თუ ანტიბიოტიკების მიღება არ დაგვჭირდებოდა. ჩემი თხოვნაც ეს იყო, არ დავეტვირთე ძლიერი პრეპარატებით.

ექიმთან გასარეცხი ტანსაცმლის გაგზავნის და ახლის შეცვლის საკითხიც მოვაგვარე. ეს არც ისე მარტივი პროცედურაა - ინფექციონისტმა უნდა დაგრთოს ნება, თან სარეცხი ცელოფნის პარკში უნდა მოთავსდეს, კარგად შეიფუთოს, ხელთათმანით უნდა გავიდეს გარეთ, ცალკე გაირეცხოს, კარგად უნდა დაუთოვდეს. მოკლედ, რთული შეთანხმებებია საჭირო. არც ისე მარტივი იყო ამანათების მიღებაც. მაგრამ ექიმი შემპირდა, როცა დამჭირდებოდა, მისთვის დამერეკა და ამანათების მიღებაშიც დამეხმარებოდა. მართლაც, ამ მხრივ, პრობლემა არ შემქმნია. სარეცხიც რამდენჯერმე გავაგზავნე სახლში და ამანათებიც ხშირად მომდიოდა.

მეორე დღეს დადასტურდა, რომ ფილტვების ანთებაც სახეზე იყო. ამიტომ სტეროიდულ პროცედურებს, ფილტვების ვენტილაციასა და დექსამეტაზონის გამოყენებას ვერ ავცდებოდით.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩემში თრომბოციტების შემადგენლობა არ იყო სახარბიელო და ამ მიმართულებითაც მომიწევდა ინექციების მიღება. ამ პრობლემებს დიაბეტის ფონზე უნდა გავმკლავებოდი.

საბოლოოდ, თითქმის ყველა ცნობილი გამოვლინება, რაც Covid-19-ს ახლავს, მათ შორის, სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა პრობლემები, ემოციური ფონი, გულისრევა, გარდა დიარეისა, ყველაფერი დამერთო, მძიმე პაციენტის სტატუსი მივიღე და დანიშნულებაც შესაბამისი პროცედურებით უნდა გამევლო.

იმთავითვე მაწუხებდა და ახლაც არ ვიცი, რამ გამოიწვია ჩემში ასეთი გართულებები. წლოვანებასთან შესაბამის ჯანმრთელობის ფონზე, ძლიერი ორგანიზმი, მყარი ფსიქიკა, სტაბილურად მშვიდი მდგომარეობა გამაჩნია. ...და მაინც უმძიმესი განსაცდელი მივიღე. შემთხვევით არაფერი ხდება სამყაროში, ყველაფერი კანონზომიერებას ემორჩილება. ჩვენც ამ სამყაროს ნაწილი ვართ.

 

*       *      *      *

ტელეფონით ზარებზე და მეგობრებთან, კოლეგებთან, ნაცნობებთან კავშირზეც უნდა ვილაპარაკო. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ საავადმყოფოში ჩემი მოხვედრა მალე გახმაურდა. ვერც ძლიერ ცუდად ყოფნის დამალვა შევძელი. დღეში არანაკლებ 30 ზარი მაინც შემოდიოდა. რიდით, ჩუმად, მოკლე ფრაზებით, მაგრამ მადლით და სიყვარულით, ყველას ვპასუხობდი. რეკავდნენ აქ, სახლში, მეგობრებთან - სადაც კი მოკითხვას მოახერხდებოდნენ. რეკავდნენ ფრიად პატივსაცემი პერსონები (მათი გამხელისგან თავს შევიკავებ, ვაითუ ვინმე გამომრჩეს, უფრო კი იმიტომ, მათთან ურთიერთობის წარმოჩენა „მარკის აწევად“ არ ჩამომერთვას).  ვიხვეწებოდი, - არ შეწუხდეთ, დავძლევ, მალე გამოვალ, მხნედ ვგრძნობ თავს, თუმცა ხმის ინტონაცია მდგომარეობის უკეთესად წარმოჩენის პირველსავე ცდისას გამცემდა. რეკავდნენ  და გულწრფელად ადარდებდათ ჩემი მდგომარეობა. ცხადია, იყო ისეთი ზარებიც, ჩათვლისთვის რომ იყო საჭირო.

მირეკავდნენ სახლიდან - ჩემებმა უკვე დაძლიეს კორონა. შვილი, სიძე, შვილიშვილები, რძალი საავადმყოფოდან გამოწერეს. დედა ჯერ კიდევ საავადმყოფოშია, მაგრამ უკეთესად არის, ჩემი მდგომარეობა არ იცის. ჩემი დის ზურგზეა ახლა მასზე ზრუნვა. დედამაც რამდენჯერმე დამირეკა - ისევ საყვედურებით მავსებს, აქ რატომ დამტოვეო. იხვეწება, როგორც კი გამწერენ, დიდხანს არ მალოდინო, მალე წამიყვანე აქედანო. ცხადია, მე ვაიმედებდი, მალე სახლში იქნები-თქო.

ამდენმა ზარმა მაგრძნობინა, რომ მათ მე არ ვძულდი. ყველაზე ძვირფასი კი ის იყო, რომ ამ ზარებს მოჰქონდა უზარმაზარი ენერგია.

ჩვენ არ ვიცით, თორემ გულრწფელ დამოკიდებულებას შორ დისტანციაზეც შეუძლია გადაადგილება და მუხტის გადაცემა. როცა გულრწფელია, ეს ენერგია გადადის ჰაერით, სითხითაც. ამიტომაცაა, რომ ლოცვას, სიტყვას, გულშემატკივრობას,  სადღეგრძელოს, მაგიური ძალა გააჩნია.

როცა ამდენი დადებითი სურვილი მოდის შენკენ, წამალივით და წამალზე უკეთესად მოქმედებს.

სხვათა შორის, ძველ კოლხეთში, როცა ქალი მშობიარობდა, ეზოში მამაკაცები იკრიბებოდნენ და გონებრივი წარმოდგენით, სამშობიარო ჭინთვებს იმიტირებდნენ - მათ სწამდათ, რომ ამით მშობიარეს ტკივილები შეუმსუბუქდებოდა. კოლხები უზადოდ ფლობდნენ სამყაროს შესახებ ცოდნას და იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ.

როცა სურვილი შენზე დიდია და გინდა აგისრულდეს, სასწაული ხდება. ასეა ნამდვილად! თუ ვინმე მთელი არსით, ძლიერ გიყვარს, შენ შინაგანად და გარეგნულადაც გასხივოსნებული ხარ, შენგან აუწონელი ენერგია გადის, მაგრამ უფრო მეტი გიბრუნდება, იმიტომ, რომ უსაზღვრო სიყვარულს ასეთივე პასუხი უთუოდ მოჰყვება. როცა ერს გამარჯვება უნდა და ერთიანია, მას წინ ვერავინ დაუდგება.

გიყვარდეთ, მოიწადინეთ, ისურვეთ, ისწრაფეთ გამარჯვებისთვის იოტის ოდენა იჭვის გარეშე - აუცილებლად მიაღწევთ საწადელს.

მე ვებრძოდი ვირუსს, დაბრუნება მსურდა, ვმოძრაოდი, პალატაში არანაკლებ ათასხუთას ნაბიჯს ვდგამდი, სველი პირსახოცით ვიზელდი სხეულს, მაგრამ ყველაზე მეტი ენერგია მაინც ამ აუწონელმა და უთვალავმა ყურადღებამ მომგვარა.

 

*       *      *      *

საავადმყოფოში ყოფნის მეათე საღამოს, ვირუსის მოქმედების მორიგმა შემოტევამ კვლავ წამიღო წარმოსახვებში. ბუნდოვნად ვხედავდი, თუმცა კარგად მახსოვს, თითქოს, ამაღლებული ადგილიდან ქვის ლოდს ამოფარებული, მზვერავივით გავცქეროდი უკიდეგანო მწვანე ველს. მინდვრის ყვავილები ზოლებად იყო გადაჭიმული. ენით აუწერელი ფერთა გამა და სილამაზე საოცარ შთაბეჭდილებას ქმნიდა. აგვისტოს მეორე ნახევრის სამხრის დრო იდგა. ჩემგან მარცხნივ, საქონელი ბალახობდა. ახლო კადრით, ღიაფერფლისფერიზორბა ფური კამეჩის სახეს ვხედავდი, იცოხნებოდა და თავს მიქნევდა. თითქოს მეუბნებოდა - აქ ვარ, გხედავ, მახსოვხარო. ჩელა, ჩელა იყო ნამდვილად. ახლაც თვალწინ მიდგას, საბალახოდან დაბრუნებული, ცურსავსე, თავაწეული, ყროყინით როგორ გვანიშნებდა მოსვლას და გომურისკენ ზაქთან მიიჩქაროდა. ჩემგან მარჯვნივ, დიდრონი ხე იდგა. რატომღაც მასში ხეჭეჭური დავინახე. ისეთი, როგორიც ჩემი სოფლის ეზოში აქამდე ხარობს. მისი ნაყოფი ისე ძალიან მიყვარს, რომ  ჩემმა გაბინდულმა ფანტაზიამ მხოლოდ ეს ხე ამოატივტივა. ამ ხიდან  მარჯვნივ, შორიახლოს დავლანდე ბაბუა, ჩემგან ზურგშექცევით ცალმხარზე იყო წამოწოლილი. მის წინ ბებია სარიტუალო სამზადისს ასრულებდა. რძის ნაწარმისგან ყველჭარბ ჭვიშტარს, ფუჩხოლიას, გებჟალიას, ელარჯს აკეთებდა. მოლოდინი მქონდა, ცოტა ხანში დამიძახებდა და, როგორც ბავშვობაში, ბუდალიას მომაწოდებდა. ბუდალია ეს სულ ორიოდ ლუკმა ღომის გუნდაა, რომლითაც ბებია ჭყინტი ყველის დაფშვნისა და პიტნიანი აჯიკით შეკმაზმისას ხელზე შემორჩებილ ნამცეცებს ჩამოიცლიდა და უკვე გამზადებულ ფუჩხოლიაზეც გადააგორებდა. ბებიას თითები ამ ბუდალიას ისეთი სიყვარულით მუხტავდა, რომ ამ ორიოდ ლუკმის სწორუპოვარი გემო სამოცი წლის შემდეგაც საოცარ მადას აღმიძრავს.

იქვე ახლოს, ჩემი ძმა ნანადირევს წკირზე აცმევდა. ისიც ზურგშექცევით იდგა და ჩემი იქ ყოფნა არც შეუნიშნავს. მინდოდა მათთან ახლოს მისვლა, მაგრამ რაღაც ძალა მაკავებდა. ზურგიდან ვიგრძენი, რომ გოლიათური ნაბიჯები მიახლოვდებოდა, შემობრუნებას ვერ ვბედავდი.

შენ აქ რა გინდა? - ბოხმა ხმამ ყურთან ახლოს დაიგრუხუნა, ლამის ხელით დამწვდა და შემაჯანჯღარა. არ დამინახავს და ვერ დავიჩემებ, მაგრამ გრძნობაში ჩამრჩა, რომ ეს მამაჩემის მოახლოება იყო.

გამოღვიძებულს მედდა მედგა თავზე, გადასხმის დროაო, მაფრთხილებდა. სახიდან ოფლი ჩამომდიოდა წურწურით, თეთრეული და მაისური სულ სველი იყო.

ეს რაღაც ახალი დანიშნულებაა, გავიფიქრე, თორემ გუშინ ამ დროს არავინ მოსულა ჩემთან. მთელი დღის განმავლობაში ოთხ-ხუთჯერ ჩამიტარდა ნატრიუმის ქლორიდის გადასხმა, ფილტვების ანთებისთვის დამახასიათებელი დაბურვის საწინააღმდეგო დექსამეტაზონიც მიღებული მქონდა, სისხლის გამათხელებელი ნემსიც გამიკეთეს და ქოლესტერინის დამწევი აბიც მაყლაპეს. ამიტომ უკვე არავის ველოდი.

რამდენიმე წუთში მოვწესრიგდი. მედდას ვენის კათეტერიც უნდა დაეყენებინა და დანიშნული პრეპარატები უნდა შეეშვა სისხლში.

სამწუხაროდ, ვენები არ მიჩანს მკლავებზე. ამიტომ ნემსით ვენაში შესვლა ან კათეტერის დაყენება ჩემთვის ყოველთვის რთული და მტკივნეული იყო. დაღლილი, მთელი დღის განმავლობაში პაციენტების მოთხოვნებით ქანცგაცლილი მედდა პირბადით, სახის დამცავი სკაფანდრით, სათვალით, ორმაგი ხელთათმანით, ეძებდა ადგილს, მფეთქავ წერტილზე შეჰყავდა ნემსი, მერე მარცხნივ ან მარჯვნივ, ხანაც სიღრმეში ცდილობდა ეპოვა სადინარი.თუ ვერ მოხვდებოდა სისხლძარღვში, თავიდან იწყებდა შესვლას. ეს პროცედურა განსაკუთრებით მტკივნეულია ხელის მტევანზე და მაჯაზე. ზოგჯერ ვენა ორივე მხარეს იხვრიტება - ეს ცალკე თავსატეხია. ერთხელ შეღწევის ან უშედეგოდ ძებნის შემდეგ სისხლძარღვი იკოჟრება, შავდება და მეორედ შესასვლელად  დიდხანს არ გამოდგება. არ მახსოვს შემთხვევაც, რომ ერთი ცდით ჩემთან კათეტერი გამართულიყო. არანაკლებ მესამე ან მეოთხე ჯერზე, ღრმა ამოსუნთქვას ამოვაპარებდი ყვირილისგან თავშეკავების სიმწარეს. ზოგჯერ პრეპარატის ჩამოცლის შემდეგ, ვიდრე მოსახსნელად მედდა კვლავ შემოვიდოდა, სისხლი კათეტერში ბრუნდებოდა და მილი იგლოსებოდა, ან ჩარეცხვის მერე ვენა იბერებოდა და ახალი ადგილი იყო მოსაძებნი. მოკლედ, საღი ადგილი ფაქტობრივად არ დამრჩა და კათეტერის ყოველი დაყენება ყველაზე უსაშინლეს ტკივილს მაყენებდა, გონებას მიბნელებდა, ფსიქიკას მირყევდა, მაგრამ ვუყურებდი რა მედდების წუხილს, წამებას უხმოდ ვიტანდი - ისინი მე მამშვიდებდნენ, მე კი მათ ნუგეშს ვეუბნებოდი.

ამ ჯერზეც ძლივს მოხერხდა კათეტერის ჩადგმა და პრეპარატებიც, როგორც იქნა, ჩამოიცალა. ეს პროცესი ისე დასრულდა, პალატაში მყოფ ორ პაციენტს არაფერი გაუგია. გივი, როგორც ყოველთვის, შემაწუხებლად ხვრინავდა. ხველების მიწყნარებისგან შვებამიცემულ ახალგაზრდა მეგობარს კი ღრმად ეძინა. მედდა გავიდა და პალატაში მთავარი განათება ჩააქრო. ერთადერთი მე ვფხიზლობდი, მაგრამ ვგრძნობდი, ძალა მერთმეოდა, სხეულში დაჭრილი მხეცი ბორგავდა, მკერდის არეში ცენტნერიანი ტვირთი მაწვებოდა, სუნთქვა მიჭირდა. საშველად მედდის დაძახებაც ვერ შევძელი, გონება დამებინდა. არ ვიცი, რამდენხანს ვიყავი ასე...

შეგრძნება რომ დამიბრუნდა, კვლავ მედდა მედგა თავზე და ჩემს მობრუნებას ცდილობდა. მკლავი ახალი გადასხმისთვის მომიმზადა. წუხელ წამებით დაყენებული კათეტერიდან ძლივს ნაპოვნ ვენაში ნატრიუმის ქლორიდი უკვე წვეთ-წვეთად იღვრებოდა. ის იყო გასვლას აპირებდა, გივიმ, ჩვეული აგრესიულობით,  მედდას საყვედურებით მიმართა;

წუხელი ორ საათზე, რატომ არ გამიკეთეთ დანიშნულება, ვიყვირო, რომ ყურადღება მომაქციოთ? მე ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ჭრილობა ჯერ არ შეხორცებულა და დანიშნულების გამოტოვება არ შეიძლება.

რას ამბობთ, ხომ გაგიკეთეთ გადასხმა, სამი პრეპარატი ერთად მიიღეთ - გაიკვირვა აღშფოთებულმა ქალბატონმა და გაფართოებული თვალის გუგები ჩემკენ გამოაპარა. ორმაგი პირბადისა და დამცავი სათვალის ქვეშ ძნელი იყო გაგერჩია მიმიკები ან სახის აალება, მაგრამ რაღაც მოულოდნელობისგან დაბნეული ადგილზე გაშეშდა. მერე კვლავ გივისკენ გაიხედა.

გეშლებათ, მე კათეტერიც არ მიკეთია - ბრაზმორეულმა გივიმ მკვლავები იშიშვლა.

ჯერ კიდევ არ ვიყავი სრულად გონსმისული, მაგრამ ვხვდებოდი, რომ გაუგებრობის მსხვერპლი ვიყავი - გივისთვის განკუთვნილი ანტიბაქტერიული პრეპარატები ჩემს ძარღვებში ჩაიღვარა.

შოკირებული მედდის შემხედვარეს სიტყვაც არ დამცდენია. ჩემი მზერით ვამშვიდებდი გაშეშებულ ქალბატონს - არაფერი მომხდარა, კარგად ვარ, არ ინერვიულო, არავის არაფერს ვეტყვი-თქო.

დაშინებულმა და აფორიაქებულმა მედდამ რამდენიმე წუთში ექიმი მოიყვანა. თვითონ მოუყვა, რაც მოხდა. წნევა გამისინჯეს, ფილტვებში ჟანგბადის მოცულობა დააფიქსირეს, ვენიდან ანალიზისთვის სისხლი ამიღეს და ჩემი მხნე მდგომარეობის გათვალისწინებით, პალატა მშვიდად დატოვეს.

იმ დღეს მორიგე მედდა ხშირად მაკითხავდა, რამდენიმე დამატებითი გადასხმა გამიკეთა. საღამოს საათებიდან გარიჟრაჟამდე, როგორც წინა დღეებში, კოვიდი უმოწყალოდ ბორგავდა. სიცხე კვლავ 39-ის ნიშნულზე ტრიალებდა.

 

*       *      *      *

შენიშნული გექნებათ, შუა პროცესში, წინა თაობის სარეცხი მანქანის დოლურა, ვიდრე მასზე სველი ქსოვილის სიმძიმის დაწოლა თანაბრად განაწილდება და ცენტრისკენულ აჩქარების წრიულ ტრაექტორიას მოერგება, ბრუნვას ძაგძაგით იწყებს, ბრახუნობს, ბორგავს, აზანზარებს შიგთავსს, მერე მოძრაობა სწორდება, წყნარდება, მშვიდდება, უხმაუროდ ტრიალებს, სიჩქარე კლებულობს, ბოლოს ჩერდება და წყლის ჭავლი გავლებას იწყებს. მცირე დაყოვნების შემდეგ, იგივე რამდენჯერმე მეორდება. ზუსტად ასე იწყებს ვირუსი შემოტევას, მთელ სხეულს დაჭრილი ტახივით განწირული ეძგერება, კუნთებს ჭმუჭნის, გულისცემის რიტმს არღვევს, სისხლძარღვებს კოჭებიდან თრომბის ანათალი თითქოს მკერდისკენ მოაქვს, სუნთქვას გიკეტავს, ხველებისგან მკერდის წრიული გასკდომაზეა, ბრონქებს გიბურღავს, თვალებს გიწვავს და გუგებს ისე აწვება, ლამისაა ამოგიგდოს, საფეთქლის არეში ჩაქუჩს გირტყამს, ყელს გიშრობს, გფხაჭნის, გონებას გიბინდავს, გაბრუებს, გემოსა და სუნის შეგრძნებას გაკარგვინებს, გახურებს, მერე გაციებს და ცივ ოფლში გაბანავებს. დღის მეორე ნახევარში იწყება შემოტევა და გარიჟრაჟამდე ქანცს გაცლის. ეს არ ჰგავს გაციებას, მოტეხილობას, ანგინას, კბილის ტკივილს, შუა ყურის ანთებას, გულის შეტევას. ეს ყველაფერი ერთად, ერთდროულად, ათგზის უფრო რთულად გეძგერება და წყლიდან თავის ამოყოფის საშუალებას არ გაძლევს.

ვირუსი წვეთოვანი სახით ხვდება ნესტოსა და ხახის ლორწოში, რამდენიმე დღე იქ იკიდებს საცეცებს. თუ საყლაპავიდან რაღაცის შემწეობით კუჭში აღმოჩნდა, სიმჟავე მას ანადგურებს, მაგრამ თუ სასუნთქ გზებში მოექცა და მკერდის არეში ჩამკვიდრდა, იქიდან ისე აღარ გამოვა, ორგანიზმის ყველა სუსტი წერტილი რომ არ მოიაროს, იქაურობა არ მილეწ-მოლეწოს. ზოგთან ეს ვირუსი მშვიდად მოივლის სხეულს და ისე გაქრება, კვალიც არ რჩება. უმეტესობას ააზანზარებს, ნაქარბორბალს და ნამეხარს დატოვებს ბოლოს.

ჩვენმა მედიცინამ ამ ვირუსის საწინააღმდეგო წამალი არ იცის ჯერ. ეს ვირუსი სახეცვლადია, ვის როგორ გადაეკიდება, არავინ იცის. მკურნალობის დროსაც ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. ყურადღებით უნდა აკონტროლო სისხლში ცვლილებები და ყოველ ახალ გამოვლინებას ან გართულებას მყისიერად უპასუხო, თორემ წამის უსწრაფესად გაგუდავს და მორჩა - მიქელასთან გასამგზავრებლად ბილეთის აღებასაც ვერ მოასწრებ. სახლის პირობებში ფართო სპექტრის ანალიზების ჩატარება და შედეგებზე სწრაფი რეაგირება, როგორი ოპტიმისტურადაც არ უნდა წარმოვიდგინოთ, ვერ ხერხდება. დაგვიანებული რეაქცია კი უფსკრულისკენ გაგაქანებს. ყველა სტაციონარში ვერ მოხვდება. ამის შესაძლებლო, უბრალოდ, არ არსებობს და ვერც ვერავის უსაყვედურებ. ამიტომ უნდა მოვიფრთხილდეთ ერთმანეთს. ვაქცინის შექმნამდე და მის სამრეწველო ჩაშვებამდე, დროა საჭირო. ექიმები მხოლოდ გამოვლენილ სიმპტომებს ებრძვიან.

 

*       *      *      *

მორიგი უმძიმესი ღამის შემდეგ, სრულად გამოძინებულივით დილაადრიანად გამომეღვიძა. ისე ვიყავი, თითქოს არანაირი ვირუსი და მისი თანმდევი გართულებები არასდროს მქონია.

ჩვენი პალატის უფარდო ორი დიდი ფანჯრიდან შემოდგომის გარიჟრაჟის ულამაზესი პეიზაჟი იხატებოდა. ასეთი მშვიდი და ზაფხულივით თბილი ღვინობისთვე არც მახსოვს.

ფეხის ტერფები მოვხარე, ხან მარცხნივ, ხანაც მარჯვნივ მივატრიალე, მაღლა წამოვწიე. კიდურები მემორჩილებოდა, არც თავის, არც გვერდების მიყრუებული ტკივილი  მაწუხებდა. შუბლზე ხელის შეხებით, სიცხეც არ მქონდა. გადავამოწმე და 36,4°-ს აჩვენებდა თერმომეტრი. უკვე სამი დღეა სიცხის დამწევი პრეპარატი არ დამილევია და ტემპერატურა ორგანიზმმა თვითონ დაარეგულირა.

მეუცნაურა, მაგრამ გივის მიმართ წყრომა, ფაქტობრივად, გამქრალი მქონდა, არც პოლიტიკური ბატალიები და დესტრუქციული ოპოზიცია მაღიზიანებდა. ყველას თავის გზა აქვს; ადამიანები სხვადასხვანაირად ფიქრობენ; ერთნი აღმართ ესწრაფვიან, ზოგი დაღმართზე ამჯობინებს დაგორებას. ოპოზიციურმა ნაწილმა ასეთი გზა ირჩია.

ჩვენ სწორედ ამ შეუთავსებელი წინააღმდეგობების ერთმანეთისშეუბღალავადდადაუმონებლადბედნიერიმორიგებისხელოვნების ათვისება გვჭირდება და არა დაპირისპირება, სიძულვილის ნთხევა - რთულია ეს გზა, რთული და ვიდრე ამ აღმართ არ ავუყვებით,  კორონაც იმძლავრებს ჩვენზე, სხვა განსაცდელიც არ დაგველევა.

ლოგინში ვერ ვჩერდებოდი, ადგომა მომინდა. ფეხაკრეფით შევედი საპირფარეშოში. სველი პირსახოცით ხანგრძლივად და საგულდაგულოდ დავიზილე, ცივ წყალს დიდხანს ვისხამდი სახეზე და გემრიელად დავიბანე, კბილები გავიხეხე, საცვლები გამოვიცვალე და სხვები რომ არ გამეღვიძებინა, ისევ ჩავწექი.  გვიანობამდე მშვიდად მეძინა. ათი საათისთვის გამეღვიძა. ვიგრძენი, რომ კოვიდი უკვე ჩემზე ვეღარ ბატონობდა.

მედდა მოვიდა გადასხმის პროცედურის ჩასატარებლად, კათეტერი გამოსაცვლელი იყო. ვიცოდი რა წამებაც მელოდა, მაგრამ უარი ვერ შევბედე. ყველაზე ცოტა, ნახევარი საათი ვიწვალეთ, უკვე მეოთხე ჩხვლეტა გამოდგა უშედეგო. მოთმინების სრული მოხმობის მიუხედავად, მორიგ შესვლაზე ისეთი ღრიალი აღმომხდა, მედდას ნემსი ლამის ხელიდან გაუვარდა. მერე ვამშვიდე, ბოდიშები ვუხადე. თვითონაც დარწმუნდა და მე ისედაც ვხედავდი, უახლოესი რამდენიმე დღე კათეტერის დაყენების შესაძლებლობა ჩემს მკლავებს ამოწურული ჰქონდა.

 

*       *      *      *

სამხარი უკვე მილეული იყო, მედდამ ამანათი შემომიტანა. ყუთში ხილი ელაგა და ზედ მეგრული ხაჭაპური იდო. ხილს აშკარად ეტყობოდა, რომ ეზოდან იყო აკრეფილი - ოთხი ხეჭეჭური და რამდენიმე შავწინწკლებიანი წვრილი ვაშლი, ასეთს ბაზარში ვერ იყიდიდი. ხაჭაპური, ჯერ კიდევ თბილი, განსაკუთრებული გულმოდგინებით მოემზადებინათ, გარედან სქლად დადებული ყველი ისე დაებრაწათ, შეხედვითაც კი მაძღარსაც მადას აღუძრავდა. ყუთზე სართული, პალატის ნომერი, ჩემი გვარი და სახელი ეწერა მხოლოდ. ასეთ ამანათს არ ველოდი, ვინ უნდა ყოფილიყო გამომგზავნი, ვერ მივხვდი, მაგრამ რახან ხეჭეჭური ელაგა ყუთში, ვიღაც უცხო არ უნდა ყოფილიყო. ხეჭეჭურის მიმართ ჩემი ფანატური დამოკიდებულება, ცხადია, უცხოს არ ეცოდინებოდა. არც ის იცოდა ბევრმა, რომ მეგრული ხაჭაპურის მიმართაც არ ვიყავი გულგრილი. ასეთი ინკოგნიტო მომკითხავით, სავსებით ბუნებრივია, დავინტერესდი და მოგვიანებით, გავარკვიე, ვინც გამიკეთა სიურპრიზი, მაგრამ ამ ეპიზოდში ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა შედეგი, რაც ხეჭეჭურმა განმაცდევინა. 

ხაჭაპურმა გივი იმწუთსვე აავიშვიშა. მასზე ვერც ჩვენმა ახალგაზრდა მეგობარმა შეიკავა თავი - გემრიელად გეახელით, თუ ამას გემოს ჩატანა ჰქვია. მეც და ჩვენს მეგობარ ახალგაზრდასაც პირის გემო დაკარგული გვქონდა. ვაშლები მათ გავუყავი, ხოლო მსხალი ჩემთვის დავიტოვე. ხაჭაპურის შემდეგ რამდენიმე წუთში, ხეჭეჭური ჩავკბიჩე. ვგრძნობდი, რომ წყლიანი და ხორკლიანი იყო, მაგრამ მეტი არაფერი - ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი, რის გამოც ეს ნაყოფი აკანკალებამდე მიყვარდა, ვერ ვიგრძენი. ცოტა მოგვიანებით, კიდევ ერთი მსხალი შევჭამე. მესიამოვნა ნაცნობი შეგრძნებები, რაც მიზიდავდა, მაგრამ გემოს რეცეპტორები კვლავ დუმდნენ. ორი მსხალი მომდევნო დღისთვის შემოვინახე. გადასხმები არ მიტარდებოდა, წამალს არ ვსვამდი, არც სიცხეს აუწევია. ინტერნეტით ვიოკებდი ინფორმაციულ წყურვილს. მაგრამ ამასთან, რაღაც საოცრად მაწვალებდა მსუნაგობა - კიდევ ერთი მსხლის შესანსვლის სურვილი. არ მახსოვს, როდის მივლულე თვალი. დილას კი ისევ მსხლის სურვილმა გამაღვიძა. ამჟამად, ვერაფერი დამიშლიდა მის შესრულებას. ორიდან შედარებით მომცრო შევარჩიე. წყალი გადავავლე თუ არა, უკვე ჩაკბეჩილი მქონდა. ...და ჰოი, საკვირველებავ, - მე ჩემი ძველი მეგობარი ვიცან! თითქოს სოფელში დავბრუნდი, ტოტებაყრილი ხისძირას ვიდექ, კენწეროში შემორჩენილ შეყვითლებულ ნაყოფს შევცქეროდი და კიდევ ერთი ხეჭეჭურის ჩამოგდებაზე ვფიქრობდი... მეოთხე მსხალიც დაუყოვნებლივ მივაყოლე. პირის რეცეპტორები უკვე სრულად გრძნობდნენ გემოს უფაქიზეს ცვალებადობასაც კი. მართალია, მწიფე მსხლის სუნი ვერ შევისრუტე, თუმცა გონებში ჩაირთო ძებნის პროგრამა და ვგრძნობდი, უსათუოდ მალე აღმოაჩენდა რომელიღაცა უჯრედში ჩამალულ  გენეტიკურ ინფორმაციას.

მადლობა, თამარ, მეგობარო. აქედან რომ გამოვალ, გულში ჩაგიკრავ და წვრილად მოგიყვები, რა საოცრებაც მოახდინა შენმა ძღვენმა.

 

*       *      *      *

მეოთხე დღეა სიცხე არ მაქვს, სხვა ჩივილებიც მიყუჩდა, პროცედურებიც არ მიტარდება. აქ გაჩერების აზრს ვერ ვხედავ. მეთვრამეტე გარიჟრაჟს ვხვდები საავადმყოფოში და მეტის მოთმენის არანაირი რესურსი არ დამრჩა. ჩემებს კორონავირუსი უკვე მოხდილი აქვთ. დედაც გამოწერეს და ჩემს დასთანაა სახლში. მათთვის მე საშიში არ ვარ. თუ ჯერ კიდევ ჩარჩენილია მილევადი ვირუსის საცეცები ორგანიზმში, სახლში გამოვიკეტები, სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ, გამამხნევებელ ფიზკულტურას გავიხსენებ, განიერ ლოგინში ჩავწვები, ტელევიზიით მოვისმენ ახალ ინფორმაციას. ორიოდ დღეში არჩევნებია - აქ რა გამაჩერებს?!

ყოველდღე ვევედრები მორიგე ექიმს საკონტროლო შემოწმება გამიკეთონ,  ვახსენებ განყოფილების ხელმძღვანელს - მდგომარეობა სტაბილურად კარგი მაქვს. იქნებ გამწეროთ. არავინ არაფერს მპასუხობს. ვურეკავ განყოფილების ხელმძღვანელს და მორიგი ექიმის თანდასწრებით კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ გამწერონ. მინდა სიმშვიდე შევინარჩუნო, თუმცა პასუხი არ მომწონს, რაღაც უაზროს მეუბნებიან. ამათ მართლა ეზოში დომინოს მოთამაშე დაუსაქმებელი ვგონივარ. იმდენს ვხვდები, რომ ჩემი აქ დარჩენისთვის არანაირი მიზეზი არაა. კატეგორიულად ვეუბნები, ამიღეთ საკონტროლო ანალიზი და მაქვს უფლება, ვიცოდე რა მჭირს. თუ ანალიზის პასუხი ცუდი იქნება, რა გზა მაქვს, მოვითმენ, მაგრამ მკურნალობა არ მიტარდება და რა უნდა ვაკეთო აქ, ამ დახუთულ, უჰაერო სივრცეში. ორი კვირაა შხაპი არ მიმიღია, ავქოთდი, გაჩერება არ შემიძლია, გამიშვით. ჩემებმა უკვე მოიხადეს კოვიდი, მათთვის გადამდები არ ვარ, სახლში ჩავიკეტები. ვინ იცის, რამდენი ჩემზე მძიმე ავადმყოფი ელოდება ამ ადგილს, ფანჯრიდან ხომ არ გადავიდე? - ცოტაც და ვიწივლებდი, ძლის შევიკავე თავი. სიმწრისგან თვალებზე ცრემლი მომაწვა.

ნახევარ საათში სხვა განყოფილებიდან გამოცდილი მედდა მოიყვანეს ვენიდან სისხლის ასაღებად. ენას კბილს დავაჭერდი და მოვიკვნეტდი კიდევაც, ხმას არ ამოვიღებდი, ოღონდ ადგილი ეპოვათ და საკმარისი სისხლი აეღოთ. არაფერი გამოვიდა. თითქმის სრულად დაჩხვლეტილ, ჩაშავებულ მკლავებზე მედდამ ვერ გაბედა შესვლა ეცადა. ამიტომ ფეხის ვენიდან მოინახა გამოსავალი. ორი საათის შემდეგ მორიგე ექიმი მამშვიდებს, ახლა დოკუმენტებს გაგიმზადებთ და საღამოს შეგიძლიათ წახვიდეთო. ამაზე დიდი სიხარული არც მახსოვს, როდის განვიცადე.

 

*       *      *      *

მანქანა უკვე მელოდებოდა. ჩემს წასაყვანად „ესკორტი“ იყო მოსული.

ბარგი ჩალაგებული მქონდა. ხილი, ერთჯერადი ხელსახოცები და ელექტროჩაიდანიც გივის დავუტოვე, მათ გულიანად დავემშვიდობე და დერეფანში გამოვედი.

საოცარია... მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად მინდოდა აქედან გასვლა, გული ამიჩუყდა, არ მინდოდა იქ მათი დატოვება. გივის ფილტვებში მდგომარეობა გაურთულდა და კიდევ რამდენიმე დღე დარჩებოდა, ახალგაზრდა მეგობარს კი ორშაბათს გაწერდნენ. პალატებში ყველა პაციენთთან მინდოდა ჩამომევლო და მალე გამოჯანმრელება მესურვებინა, თუმცა ამის უფლებას მე არავინ მომცემდა. ყველა ინფიცირებული ახლა ჩემი ახლობელი იყო. ყველა მათგანის დარდი მიმქონდა. ყველას ჩემს კეთილ განწყობას ვუტოვებდი.

კართან ექიმი დამხვდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა გადმომცა, ამიხსნა, სამი დღის განმავლობაში სისხლის გამათხელებლის გაკეთება უნდა გამეგრძელებინა. სხვა ყველაფერი წესრიგში იყო. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, სპეციალური ცნობაც გამომატანა. მოსასვენებელი ოთახიდან ექთნებიც გამომწკრივდნენ. ყველასი გულში ჩაკვრა მომინდა. მადლიერებით ვიყავი სავსე, თვალებზე კურცხალი მეკიდა.

მადლობა, მადლობა... სხვა სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს.

ესენი, მართლაც, გმირები იყვნენ, ჩვენი დროის გმირები.

მადლობა, მადლობა .... ხმამაღლა ვიძახდი, პალატებში მყოფთაც რომ გაეგოთ და იმედი მიცემოდათ - აქედან მალე გამოვლენ.

 

*       *      *      *

საავადმყოფოს გამოსასვლელთან ჩამწკრივებული დამხვდნენ სიძე, ჩემი შვილი და რამდენიმე მეგობარი. ასეთი თბილი დახვედრა მე არ მახსოვს.

მანქანა უკვე სახლისკენ მიმაქროლებდა. მთელი ქალაქი უნდა გაგვევლო. თანამგზავრები ათას რაღაცას მეკითხებიან და მეც უაზროდ ვპასუხობ კითხვებს, გონება კი სხვაგანაა - სახლში მივდივარ!

განათებულ ქალაქს არც  ატყვია, რომ კორონა ასე მძვინვარებს. ზოგს ახლა ძლიერ უჭირს, ზოგი ბოლო ამოსუთქვას აყოლებს უკანასკნელ ამოკვნესას.

სახლში მივდივარ - მე კორონა დავამარცხე თავგანწირულ ბრძოლაში, თუმცა ყველაფერს მე ვერ მივიწერ. ამ ბრძოლაში ჩემს მხარეს ჯარი იდგა, უზარმაზარ ენერგიას მაწვდიდით, უსაზღვრო სიყვარულს მწილადობდით, მამხნევებდით, იმედი არ გამქრობია. მსოფლიო, სახელმწიფო, სისტემა, ექიმები - ყველა ერთად, კორონას ებრძვის, ინფიცირებულების სიცოცხლეს უფრთხილდება.

შიში არ გაიკაროთ, იმედი დაიმგზავრეთ, გულიდან ბოროტი განდევნეთ, სიყვარული ააგიზგიზეთ, უწილადეთ სიკეთე ირგვლივ ყველას, ვინც არ მოგწონთ, იმათაც კი... დაისახეთ მიზანი და ისურვეთ მისი ახდენა, ძლიერ ისურვეთ  - აუცილებლად დაამარცხებთ კორონას, თქვენ გაიმარჯვებთ ყველა განსაცდელზე.

 

კორონა უძლეველი არაა - მე კორონავირუსი დავამარცხე!

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: