თენგიზ ჯავახიშვილი: გაზის ტარიფი შესაძლებელია, 26 თეთრამდე შემცირდეს!

თენგიზ ჯავახიშვილი: გაზის ტარიფი შესაძლებელია, 26 თეთრამდე შემცირდეს!

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების განახევრება იყო. თუმცა სადღეისოდ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ახალი ხელისუფლება ტარიფების უმნიშვნელოდ დაწევას აპირებს.


გავრცელებული ინფორმაციით, გაზის ტარიფი, შესაძლოა, 4 თეთრით შემცირდეს.  კვალიფიციური ექსპერტები ღიად აცხადებენ, რომ გაზის ტარიფი ხელოვნურად არის გაზრდილი და მოსახლეობის ხარჯზე მავანი კომპანიები მილიონებს შოულობენ. ამას არც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მალავს.


"ქართული ოცნების" ეკონომიკური პოლიტიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის თემატური ჯგუფის წარმომადგენელი თენგიზ ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ გაზის ტარიფის არა თუ შეცვლა, მისი განახევრებაც არის შესაძლებელი _ 50-დან 26 თეთრამდე დაყვანა. იგი არის ავტორი ნაშრომისა "საქართველოს სათბობენერგეტიკული კომპლექსის, როგორც საბაზისო დარგის განვითარების კონცეფცია-პროგრამა", რომელიც სწორედ ზემოხსენებულ თემატურ ჯგუფში მუშაობისას შეიმუშავა.


_ ბატონო თენგიზ, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ ტარიფების შემცირება შეუძლებელია, რადგან მან შესაძლოა, ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვიოსო. ეთანხმებით?


_ ხეთაგურის პოზიციას კატეგორიულად არ ვეთანხმები. საკმაოდ მყარი არგუმენტები მაქვს იმის დასამტკიცებლად, რომ გაზის ტარიფის განახევრება სავსებით რეალურია. ეს დადასტურებელია იმ კონცეფციით, რომელიც მე შევიმუშავე. ვიცი გაზის რა მოცულობა სჭირდება საქართველოს, ამის ყოველწლიურ ბალანსს ენერგეტიკის სამინისტრო ადგენს. ხეთაგურს გამორჩა რამდენიმე საკითხი, რომელთაც მე დავაზუსტებ. კერძოდ, არ ვიცი ხეთაგური რომელ პერიოდზე საუბრობს, როცა აცხადებს, რომ საქართველო წელიწადში მილიარდ 800 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. კატეგორიულად არ ვეთანხმები, რადგან მე ხელთ მაქვს სამინისტროს მონაცემები, რომლის თანახმადაც, საქართველო 2010-2011 წლებში საშუალოდ, 1.6 მლრდ. მ3 გაზს მოიხმარდა. 2012 წელს სამინისტროს მიერ მომზადებულ გაზის მოხმარების ბალანსში მითითებულია მლრდ. 40 მლნ. მ3 გაზი, ანუ 400 მლნ მ3-ით ნაკლებს მოვიხმართ, ვიდრე ამას ხეთაგური ამტკიცებს. 400 მლნ მ3 გაზი კი საკმაოდ დიდი რაოდენობაა.  თუ ხეთაგურის მიერ ნახსენებ მონაცემს _  მლრდ. 800 მლნ მ3 გაზს ავიღებთ, ცხადია, საერთო ბალანსში შეღავათიანი გაზის ღირებულების ხვედრითი წილი მცირდება, ანუ იზრდება გაზის შეწონილი ღირებულება. რაში დასჭირდა ხეთაგურს ამ 400 მლნ.  მ3-ით ყოველწლიურად მოხმარებული გაზის მოცულობის გაზრდა, ეს არ ვიცი. ჩვენ უნდა ავიღოთ რეალური მონაცემები _ მლრდ. 400 მლნ. მ3 გაზი. ამასთან, ყოფილი მინისტრი გვეუბნება, რომ გაზის შესასყიდი ღირებულება 143 აშშ დოლარია, ანუ საქართველოს მთლიანი მოხმარების მითითებულ ბალანსში ითვალისწინებს როგორც სამომხმარებლო, ისე კომერციული მოხმარების გაზს. ე.ი. მივიღეთ სურათი, რომლის მიხედვითაც 240 დოლარიანი კომერციული გაზი დღევანდელ მოცემულობაში საერთოდ არ გვჭირდება.


_ ბატონო თენგიზ, საქართველოს შეღავათიან ფასად ეკუთვნის ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის ტრანზიტის საფასურად, ასევე რუსეთ-სომხეთის ტრანზიტისგანაც. გაზის ეს მოცულობა და მისი ღირებულება თუ არის გათვალისწინებული თქვენს მიერ დადგენილ გაზის შეწონილ ღირებულებაში?


_ რასაკვირველია, გათვალისწინებულია გაზის ყველა ის რესურსი, რომელიც ტრანზიტის საფასურად შეღავათიან ფასად გვეკუთვნის. მე ვიცი, რომ საქართველო რუსეთ-სომხეთის ტრანზიტისგან გაზს 110 დოლარად ყიდულობს, როცა კონტრაქტის თანახმად, ჩვენს ქვეყანას გატარებული გაზის 10% ნატურის სახით ეკუთვნის. წინა წლებში, ამავე ტრანზიტისგან გატარებული გაზის 10% უფასოდ, ნატურის სახით ვიღებდით. ეს დანამდვილებით ვიცი, რადგან ნავთობისა და გაზის კორპორაციაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე ვმუშაობდი. ყოველი შემთხვევისთვის, 2007 წლამდე ასე იყო. ახლა კი, იმ გაზს, რომელიც უფასოდ გვეკუთვნის, 110 დოლარად ვყიდულობთ. ცხადია, ეს ქართულ-სომხური მხარეების შეთანხმების საფუძველზე მოხდა, მაგრამ, რატომ შეიცვალა პირობები ჩვენდა საზიანოდ, ეს უნდა გაირკვეს. ეს ხელშეკრულება კი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის.


თუ ჩვენ ნატურის სახით მივიღებთ გაზს ამ ტრანზიტისგან და წესით, ეს ასეც უნდა იყოს, მაშინ გვექნება გაზის გარკვეული მოცულობა ნატურით და მას ჩავთვლით, როგორც უფასო გაზად. ცხადია, შეწონილი ფასი ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო შემცირდება და ეს ტარიფში პირდაპირპროპორციულად აისახება.


ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის ტრანზიტისგან, გატარებული გაზის 5% 55 დოლარად ეკუთვნის საქართველოს, ასევე, გატარებული გაზის 5% უფასოდ. გასარკვევია, ვიღებთ თუ არა ამ შეღავათიან და უფასო გაზს და თუ ვიღებთ, მაშინ ისაა გასარკვევი, გათვალისწინებულია თუ არა ეს რეზერვი გაზის შეწონილ ღირებულებაში და, საბოლოოდ, ასახულია თუ არა ეს გაზის ტარიფში.


_ თქვენს მიერ დადგენილ 26 თეთრიან ტარიფში, ცხადია, გაითვალისწინებდით ამ რეზერვს.


_ რასაკვირველია, გავითვალისწინე. შესაძლოა, გადაგღალეთ სპეციფიკური ტერმინოლოგიითა და ციფრებით, მაგრამ კომპეტენტურ ანალიზს ამის გარეშე ვერ გავაკეთებ. როგორც უკვე აღვნიშნე, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენიდან უფასოდ გვეკუთვნის გატარებული გაზის 5%, 5% _ 55 დოლარად.


რუსეთ-სომხეთის ტრანზიტისგან, გატარებული გაზის 10% გვეკუთვნის უფასოდ, ხოლო 500 მილნ. მ3 55 დოლარად. საქართველოსთვის საჭიროების სახით, ავიღე მლრდ. 600 მლნ. კუბური გაზი და ამაზე გავაკეთე გათვლები. ჩემი შესასყიდი შეწონილი ღირებულება რეალური გათვლებით მივიღე დაახლოებით 96.8 აშშ დოლარი 1000 მ3 გაზზე გეოგრაფიულ საზღვრებზე, რაც დაახლოებით, 160 დოლარია საზღვრის შიგნით. ამის შემდეგ ჩემს კონცეფციაში ავსახე ტრანსპორტირების ფასი, რომელიც "ყაზტრანსგაზისთვის" დღგ-ს ჩათვლით არის 16 თეთრი. მოვიტანე თბილისში, მოვახდინე განაწილება. გარდა ამისა, "ყაზრტანსგაზის" საერთო ხარჯებში ხელფასის ფონდი საექსპლუატაციო ხარჯებთან მიმართებაში 42% იყო, რაც არარეალურად მეჩვენება. ჩემს კონცეფციაში სახელფასო ფონდი 25%-ია. შესაძლოა, ვინმე შემედავოს, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, კერძო კომპანიას განუსაზღვროს სახელფასო ფონდიო. მათ გასაგონად მოგახსენებთ, რომ "ყაზტრანსგაზი" მართვის უფლებით ენერგეტიკის სამინისტროს აქვს გაცემული, ხოლო ტარიფს, ასევე სახელმწიფო ორგანო _ სემეკი ადგენს. როცა საქმე ქვეყნისა და ხალხისთვის სტრატეგიულ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს ეხება, სემეკ-მა ყოველი ტარიფი გონივრულ ფარგლებში უნდა დაამტკიცოს და არა ისე, როგორც ამას გამანაწილებელი კომპანია წარმოადგენს. ასევე მაღალია დანაკარგების პროცენტი _ ამ ეტაპზე 10%-ია ჩადებული ტარიფში, მე ის 5%-მდე შევამცირე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს. ეს უკანასკნელი კი _ ტარიფს. ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს გეოგრაფიული საზღვრიდან გაზის მოწოდების დღეს მოქმედი სქემისგან განსხვავებული წინადადება. მის გარეშე შეუძლებელია ტარიფის შემცირებაზე ლაპარაკი. იგი ეფუძნება შემდეგს:  ნავთობისა და გაზის კორპორაცია, როგორც სატრანზიტო მოცულობების მფლობელი და განმკარგავი, ამასთან ერთად უნდა იყოს საქართველოს მთლიანი მოხმარების მოცულობების მფლობელი და განმკარგავიც, ანუ უნდა იყოს ბუნებრივი გაზის  მიწოდების პროცესების წარმმართველი და მან უნდა შესთავაზოს გაზის მომხმარებელ კომპანიებს გაზის შეწონილი შესასყიდი ფასი. საერთო ჯამში, ამ გათვლებით თბილისელი მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფად 26 თეთრი მივიღე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: