Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (11)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
5-12-2012, 11:17
ნანახია: 4432

ტარიფების შემცირება ან დაუბეგრავი მინიმუმი, თუ ორივე ერთად!

ტარიფების თემა სოციალური სფეროს ფარგლებს გასცდა და ამ ბოლო პერიოდში წმინდა პოლიტიკური ელფერი შეიძინა. მეტიც, ამ პრობლემის მოგვარება ახალი ხელისუფლებისთვის ერთგვარ საჯილდაო ქვად იქცა.


საპარლამენტო ოპოზიცია თვლის, რომ ხელისუფლებაში მოსულმა ”ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა შესარულოს წინასაარჩევნო დაპირებები, მათ შორის ტარიფების შემცირება-განახევრების სფეროში.


აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით „ივერიონი“ გთავაზობთ ეკონომიკის დოქტორის, ანალიტიკოს დემნა კვარაცხელიას მოსაზრებებს.


- ივანიშვილმა გულწრფელად აღიარა, რომ ამომრჩევლებთან შეხვედრისას ტარიფებთან დაკავშირებით იყო ცალკეული გადაჭარბებული დაპირებები, მაგრამ ამ საკითხის სიღრმისეულმა შესწავლამ აჩვენა, რომ განახევრებაზე საუბარი ზედმეტია. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ არასწორი იქნება ახლადარჩეულ ხელისუფლებას ყოველგვარი გათვლებისა და საქმის რეალურ არსში ჩაწვდომის გარეშე მოვთხოვოთ ტარიფების განახევრება  (საქართველოში ასეთი გათვლებისა და საქმის არსში წვდომის შესაძლებლობას მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნა იძლევა, ვინაიდან სტატისტიკური ინფორმაცია და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დახურულ-გასაიდუმლოებულია).


ამ პრობლემასთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება გამოითქვა ექსპერტების, სპეციალისტების, ჟურნალისტებისა და ”ქართულ ოცნებაში“ ამ საკითხზე მომუშავე თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ.


აქედან გამომდინარე, ახალი ხელისუფლების მიმართ მოთხოვნების წაყენება ყველა დაპირების (პროგრამულისა თუ სიტყვიერის, რეალურისა თუ ხელოვნურად გაბუქებულის) დაუყოვნებლივი, ახალი რეალობების (ინფორმაციისადმი მეტი ხელმისაწვდომობით განპირობებულის) გათვალისწინების გარეშე შესრულება, ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია  და არაკორექტულიც.


მიუხედავად ამისა, დაუშვებელია და პოლიტიკურად მიზანშეუწონელია ტარიფებთან დაკავშირებით არსებული მოლოდინის, ხელოვნურად რაოდენ გაბუქებულიც არ უნდა იყოს ის,  გაუფასურება, ვინაიდან ეს წარმოშობს აშკარა იმედგაცრუებას ხალხის ფართო მასებში, რაც დროთა ვითარებაში სოციალური დაძაბულობისა და უკმაყოფილების საფუძველი გახდება, ამავე დროს გამოიწვევს ნიჰილისტურ დამოკიდებულებას პოლიტიკური სპექტრისადმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემოთ შევეცდები დამატებით წარმოვადგინოთ ის მიზეზები, რომლებიც ასევე მიუთითებენ ტარიფების შემცირების ობიექტურ აუცილებლობაზე. თანაც ვაჩვენებ, თუ რა უპირატესობა გააჩნია ტარიფების შემცირებას სხვა სოციალურ-ეკონომიკურ ღონისძიებებთან, მაგალითად, სახელფასო შემოსავლებში დაუბეგრავი მინიმუმის ნაწილის შემოღებასთან  შედარებით.


როგორც ცნობილია, ხელისუფლება რამდენიმე სოციალური პროგრამის განხორციელებას გეგმავს, კერძოდ მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევის, პენსიების ზრდის, დევნილთათვის დახმარების მოცულობის გადიდების, სახელფასო შემოსავლებში დაუბეგრავი მინიმუმის კომპონენტის შემოღების, ტარიფების შემცირების და ა. შ. სახით. მათი განხორციელება დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან, რაც აუცილებლად მოითხოვს მათი პრიორიტეტულობა-რიგითობის განსაზღვრას. პენსიების ზრდა, მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევა და დევნილთათვის დახმარების მოცულობის გადიდება უპირობოდ პრიორიტეტული საკითხებია და  გამარჯვებული პარტიის ერთ-ერთ ძირითად დაპირებას წარმოადგენს. ასეთ პირობებში საკითხავია, მომავალი წლის ქვეყნის ბიუჯეტის პარამეტრები რამდენად იძლევა  სახელფასო შემოსავლებში დაუბეგრავი მინიმუმის კომპონენტის შემოღებისა და კომუნალური ტარიფების მეტ-ნაკლებად არსებითი შემცირების შესაძლებლობას (როცა ტარიფების შემცირებას განვიხილავთ ბიუჯეტის პარამეტრებთან კავშირში, მაშინ აღნიშნული ტარიფების შემცირების ერთ-ერთ გზად, იმ შემთხვევისათვის თუკი დისტრიბუციის ხარჯზე ამის მიღწევა შეუძლებელი იქნება,  ვგულისხმობთ, ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების სფეროში გადასახადების შემცირება-გაუქმებას, რაც რა თქმა უნდა შეამცირებს ბიუჯეტის შემოსავლებს. ასევე შესაძლებლად მიგვაჩნია გაზისა და ელექტროენერგიის კომპანიების სუბსიდირება, ანუ ბიუჯეტიდან დაფინანსება მანამ, ვიდრე არ აღორძინდება სამეწარმეო სექტორი და მოსახლეობას არ გაუჩნდება მაღალი ტარიფების ადექვატური შემოსავლები).


ე.ი. საინტერესო ისაა, შესაძლებელია თუ არა მათი პარალელურ რეჟიმში განხორციელება, და თუ ასეთი რამ შეუძლებელია, მაშინ რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა?
სახელფასო შემოსავლებში დაუბეგრავი მინიმუმის ნაწილის შემოღება და მისი დადგენა საარსებო მინიმუმის (დღევანდელი გათვლებით 150 ლარი) დონეზე  მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენაა, დაბალანაზღაურებადი დასაქმებული პირებისათვის ერთგვარი შვებაა, ვინაიდან გარკვეულწილად გააუმჯობესებს მათ მატერიალურ მდგომარეობას (დღევანდელი ანაზღაურების პირობებში ყოველთვიურად მიიღებენ 30 ლარით მეტს). თუმცა ამ საკითხთთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხის გაცემას მოითხოვს:


1.    სახელფასო შემოსავლებში დაუბეგრავი მინიმუმის ნაწილის შემოღება ბიუჯეტის შემოსავლებში მნიშვნელოვან დანაკარგებს გამოიწვევს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2011 წელს ხელფასს იღებდა დაახლოებით 632 ათასი დასაქმებული (დასაქმებულთაგან დანარჩენი თვითდასაქმებულია), მაშინ ბიუჯეტის წლიური დანაკარგი მიაღწევს დაახლოებით 632ათასი×30×12=227,52 მილიონ ლარს (ან 8-12 მილიონით ნაკლებს, ვინაიდან შესაძლოა დასაქმებულებს შორის რაღაც ნაწილი იღებდეს სამომხმარებლო მინიმუმზე ნაკლებს). ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია, რაც აუცილებლად გამოიწვევს ბიუჯეტის არსებითი ხასიათის ხარჯების შეკვეცის აუცილებლობას. ბიუჯეტის დამატებით დანაკარგებს გამოიწვევს დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპის გავრცელება მცირე ინდივიდუალურ მეწარმეებზე. ამიტომაც არ არის საუბარი მათზე ამ პრინციპის პირველ ეტაპზე გავრცელების შესახებ. თუმცა ასეთი მიდგომის არამართებულობიდან (ვგულისხმობთ ორმაგ სტანდარტს შრომით შემოსავლებთან მიმართებაში) გამომდინარე, მეორე ეტაპზე, აღნიშნული პრინციპი აუცილებლად უნდა გავრცელდეს მცირე ინდივიდუალურ მეწარმეებზეც. 


2.    სახელფასო შემოსავლებში დაუბეგრავი მინიმუმის ნაწილის შემოღება წელიწადში მხოლოდ 6000 ლარამდე შემოსავლის მქონე დასაქმებულებისათვის (ანუ თვეში საშუალოდ 500 ლარის ოდენობით) გარკვეულ გაუგებრობას იწვევს. ასე მაგალითად, ვინც თვეში ხელფასის სახით იღებს 500 ლარს, ის დაიბეგრება 70 ლარით ((500-150) ×0,2). შესაბამისად მის პირად განკარგულებაში დარჩება 430 ლარი. ხოლო მას,  ვინც ხელფასის სახით თვეში მიიღებს 530 ლარს, გადასახადის გადახდა მოუწევს ამ თანხიდან, ანუ მის მიერ ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადი იქნება 530×0,2=106 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული გადასახადის გადახდის შემდეგ მას დარჩება 424 ლარი, ანუ უფრო ნაკლები, ვიდრე იმ პირს, ვისაც დაერიცხა ხელფასი 500 ლარის ოდენობით. დავუშვათ პირი თვეში იღებს 600 ლარს, მაშინ მას საშემოსავლო გადასახადის სახით უწევს 120 ლარის გადახდა, ანუ 50 ლარით მეტის გადახდა იმ პირთან შედარებით, ვინც თვეში ხელფასის სახით იღებს 500 ლარს. ეს იმას ნიშნავს, რომ პირი, რომელიც ხელფასის სახით იღებს 600 ლარს, 500 ლარზე დამატებითი მიღებული 100 ლარიდან 50 ლარს, ანუ დამატებით მიღებული შემოსავლის 50%-ს გადაუხდის სახელმწიფოს. მართალია, ხელფასის მატებასთან ერთად მცირდება 500 ლარის დამატებითი მიღებული შემოსავალიდან გადახდილი საშემოსავლო გადასახადების წილი (მაგ. 700 ლარის შემთხვევაში, იგი შეადგენს 35%, ანუ (700×0,2-70)/200=0,35), მაგრამ მაინც გაურკვეველია რანაირ საგადასახადო განაკვეთებთან: რეგრესიულთან თუ პროგრესულთან გვექნება საქმე. გაურკვეველია ისიც, თუ რამდენად სამართლიანია დაბეგვრის ასეთი სისტემა. შესაბამისად, ცხადია, რომ დაუბეგრავი მინიმუმის ცნება, თუ მისი შემოღება საბოლოოდ გადაწყდება, მიზანშეწონილია გავრცელდეს ხელფასის სახით მიღებულ ყველა სახის შემოსავალზე, მიუხედავად მათი მოცულობისა.


3.    დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპის დანერგვა გულისხმობს იმას, რომ დაუბეგრავი მინიმუმის შესატყვისი შემოსავალი (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ საუბარია 150 ლარზე) არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ანუ დაუბეგრავი მინიმუმი მთლიანად რჩება დასაქმებულის განკარგულებაში. როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ირკვევა, დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპის შემოღება ასეთ რამეს არ გულისხმობს, არამედ საუბარია იმაზე, რომ წლის მანძილზე გადახდილი თანხა 360 ლარის ოდენობით, რომელიც შეესაბამება დაუბეგრავ მინიმუმს, დასაქმებულებს წლის ბოლოს დაუბრუნდებათ უკან. ანუ გამოდის, რომ დასაქმებული მთელი წლის მანძილზე აკრედიტებს მთავრობას, ხოლო წლის ბოლოს შესაბამის თანხას უკან იღებს, ოღონდ ყოველგვარი პროცენტის გარეშე. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ხომ არ გამოიწვევს დაახლოებით 220 მილიონი ლარის ბაზარზე ერთდროული გამოჩენა (თუკი აღნიშნული პრინციპი გავრცელდება ყველა დონის სახელფასო შემოსავალზე) ფასების მკვეთრ ზრდას სამომხმარებლო საქონელზე, რომელიც წლის ბოლოსთვის ისედაც იზრდება. ე.ი. თუკი გავითვალისწინებთ, რომ დაუბეგრავი მინიმუმის ცნების ასეთი წესით შემოღება არის უპროცენტო კრედიტის უკან დაბრუნება და პლიუს ამას მაღალი ინფლაცია, ცხადია, რომ ამას მომხმარებლისათვის ისეთი სოციალური ეფექტი არ ექნება, როგორიც ექნებოდა თუკი დაუბეგრავი მინიმუმი ყოველთვიურად დარჩებოდა დასაქმებულის განკარგულებაში;


4.    სახელფასო შემოსავლებში დაუბეგრავი მინიმუმის კომპონენტის შემოღება, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად გაუმჯობესებს დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობას. იგი წაახალისებს ერთობლივ მოთხოვნას, უპირველეს ყოვლისა კვების პროდუქტებზე და პირველადი მოხმარების სხვა საქონელსა და მომსახურებაზე. სანამ დაჩაჩანაკებული სამამულო წარმოების აღორძინების მიზნით რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმება, ერთობლივი მოთხოვნის ასეთი წახალისება პრაქტიკულად არანაირ დადებით ზემოქმედებას ვერ მოახდენს ადგილობრივ წარმოებაზე. იგი მთლიანად დაკმაყოფილდება იმპორტული პროდუქციის ხარჯზე (შესაბამისად დადებითად უნდა შევაფასოთ უარის თქმა საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 18%-მდე შემცირების შესახებ. მით უფრო, რომ მოსახლეობის დაბაშემოსავლიანი ფენებისათვის მას რაიმე ხელშესახები დადებითი ეფექტი არ ექნება. 500 ლარიანი თვიური შემოსავლის შემთხვევაში, დღევანდელი დაბეგვრის სისტემის პირობებში, დასაქმებულისათვის ეკონომია იქნება 10 ლარი, რაც ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე დაუბეგრავი მინიმუმის ცნების შემოღებით განპირობებული ეფექტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისად ბიუჯეტში გადახდილი თანხის წლის ბოლოსთვის უკან დაბრუნების ერთადერთი დადებითი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ წლის მანძილზე სამამულო წარმოებამ (უპირველეს ყოვლისა სასოფლო-სამეურნეო წარმოებამ და კვების მრეწველობამ), შესაბამისი ხელშეწყობის საფუძველზე, უზრუნველყოს პროდუქციის წარმოების ისეთი დონის მიღწევა, რომელიც შესაძლებელს გახდის წლის ბოლოსთვის გაზრდილი ერთობლივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.  


ამრიგად, სახელფასო შემოსავლებში დაუბეგრავი მინიმუმის ნაწილის შემოღება გარკვეულ ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს, რომლებსაც გააჩნია არსებობის უფლება და მოითხოვს სათანადოდ გააზრებულ პასუხებს.


რაც შეეხება ტარიფების შემცირებას, ჩვენთვის ნამდვილად უცნობია რამდენი თეთრით არის შესაძლებელი ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების შემცირება. ცხადია ისიც, რომ ამ სფეროებში აუცილებლად იარსებებენ მაღალი ტარიფების შენარჩუნებით დაინტერესებული, ეგრეთწოდებული ”გავლენის“ თუ ”ინტერესთა“ ჯგუფები, ვინაიდან ბუნებრივი მონოპოლიის სეგმენტი, რომელსაც მიეკუთვნება კომუნალური მომსახურების სფერო, გარანტირებული რენტაბელობისა და რისკის დაბალი ფაქტორების (მეტ-ნაკლებად სტაბილური და ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების მხარდაჭერით ხელოვნურად მაღალ დონეზე შენარჩუნებული ფასები) შედეგად ყველგან და ყოველთვის იზიდავს ნომენკლატურული ბიზნესის წარმომადგენლებს.


დაინტერესებული ჯგუფების არსებობის დასადასტურებლად გამოდგება ენერგეტიკის სფეროში ფორმირებული თითქმის მთელი რენტაბელობის კონცენტრირება დისტრიბუციის ნაწილში, სადაც შემოსავლებზე კონტროლი და ზემოგების (თანამედროვე ტერმინოლოგიით ეკონომიკური მოგების) მიღება ყველაზე ადვილია.


ნიშანდობლივია, რომ ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების (აგრეთვე საწვავის ფასის) შემცირებას  ორმაგი დადებითი ეფექტი გააჩნია:


1.უპირველეს ყოვლისა, ამით ისარგებლებს მოსახლეობის ყველა ფენა: მდიდარიც და ღარიბიც, დასაქმებულიც და უმუშევარიც. ნებისმიერი ოჯახი იგრძნობს ასეთი შემცირებით გამოწვეულ შეღავათს, რაც მათ საშუალებას მისცემს  უფრო უკეთ (უფრო მეტად) დაიკმაყოფილონ მოთხოვნილება გაზსა და ელექტროენერგიაზე (რაც რა თქმა უნდა შეიცავს მათზე გაზრდილი საერთო მოთხოვნილების შესაბამისი წყაროებით დაუბალანსებლობის რეალურ საფრთხეს. ამიტომ ტარიფების შემცირების პარალელურად აუცილებელია ხელისუფლებამ იზრუნოს გაზისა და ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობების მოზიდვაზე). ამასთან, აღნიშნული ტარიფების შემცირება აუცილებლად წარმოშობს ეგრეთწოდებულ ”შემოსავლის“ ეფექტს. მაგ.:  დღეს მოქმედი ტარიფით ოჯახს შეუძლია 101 ლარად შეიძინოს დაახლოებით 200 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.  ფასის, ვთქვათ  40 თეთრამდე შემცირების შემთხვევაში, 200 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეძენა აღნიშნულ ოჯახს დაუჯდება 80 ლარი. ”შემოსავლის“ ეფექტის არსი იმაშია, რომ ფასის შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული 20 ლარიდან დიდი ნაწილი დაიხარჯება ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის შეძენაზე, მაგრამ რაღაც ნაწილი აუცილებლად გადამისამართდება სხვა პროდუქციის შესაძენად. ამრიგად, ტარიფების შემცირება აუცილებლად გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის გარკვეულ სტიმულირებას;


2. ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფების შემცირება მნიშვნელოვანწილად წაახალისებს სამეწარმეო სექტორის აქტივობას, ვინაიდან შეამცირებს პროდუქციის ერთეულის წარმოების დანახარჯებს. შესაბამისად, ერთობლივი მიწოდების წაახალისება წარმოადგენს აღნიშნული ტარიფების შემცირების ერთ-ერთ უმთავრეს დადებით ეფექტს.


ზემოაღნიშნული ანალიზიდან გამომდინარე, ცხადია, რომ კომუნალური ტარიფების შემცირებას არსებითად მეტი უპირატესობა გააჩნია დაუბეგრავი მინიმუმის ცნების შემოღებასთან შედარებით. კერძოდ, დაუბეგრავი მინიმუმის კომპონენტის  შემოღება მხოლოდ სამამულო წარმოებისთვის მინიმალური ეფექტის მქონე ერთობლივი მოთხოვნის წახალისებას იწვევს, მაშინ, როდესაც ტარიფების შემცირება ერთობლივი მოთხოვნის წახალისებასთან ერთად (შემოსავლის ეფექტის ზეგავლენით), გამოიწვევს ერთობლივი მიწოდების წახალისებასაც. ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების პარალელურ რეჟიმში წახალისებით, ტარიფების შემცირება ბევრად უკეთ შეუწყობს ხელს სამეწარმეო აქტივობის აღმავლობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ტარიფების შემცირება შეეხება მოსახლეობის ყველა ფენას, მათ შორის საშუალო ფენას და სამეწარმეო სექტორის წარმომადგენლებს. მათი როლი კი, ხელისუფლებისთვის სასურველი საზოგადოებრივი განწყობის ფორმირებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


ამგვარად, მიგვაჩნია რომ თუკი მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები არ იძლევა სახელფასო შემოსავლებში დაუბეგრავი მინიმუმის ნაწილის შემოღებისა და ტარიფების არსებითი (მინიმუმ 25-30%-ის ფარგლებში) შემცირების პარალელურ რეჟიმში განხორციელების შესაძლებლობას, მაშინ მიზანშეწონილია უპირატესობა მიენიჭოს ტარიფების შემცირებას და დაუბეგრავი მინიმუმის ცნების შემოღება გადაიდოს მომდევნო ეტაპისთვის. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი მათი პარალელურ რეჟიმში განხორციელების შესაძლებლობა არსებობს, მაშინ რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი არავინ იქნება, საწყის ეტაპზე თუნდაც იმ პირობებით, რა პირობებითაც დღესდღეობით მიმდინარეობს საუბარი დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებაზე.