„შეშინებული წიკლაური, შემაშფოთებელი აგრესია და საქართველო ახალი პროვოკაციის მოლოდინში“

„შეშინებული წიკლაური, შემაშფოთებელი აგრესია და საქართველო ახალი პროვოკაციის მოლოდინში“

სოციალურ ქსელში წავიკითხე, რომ ნუგზარ წიკლაურის დასისხლიანება საქართველოში 95 პროცენტს გაუხარდა თურმე. სტატუსის ავტორი არ აკონკრეტებს, ვინ შედის იმ 5 პროცენტში, რომელსაც ეს ფაქტი ეწყინა. მაგრამ, ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შურისძიება (ვისზეც არ უნდა განხორციელდეს იგი), დადებით მოვლენად აღიქმება!

 

„ნაციონალების“ მხარდამჭერი არც ადრე ვყოფილვარ და მითუმეტეს, ახლა ვერ ვიქნები, მაგრამ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია კონკრეტული პიროვნების, ან თუნდაც ადამიანთა ჯგუფის დასჯის ისეთი მეთოდი, როგორიც ვთქვათ ნუგზარ წიკლაურის მიმართ განხორციელდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია არსებობს -ზოგი თვლის, რომ ეს სცენარი პროვოკაციის ასაგორებლად თვით „ნაციონალებმა“ შეიმუშავეს და ამით სურთ დღევანდელი ხელისუფლების ნამდვილი სახე გამოაჩინონ _ როგორ უსწორდებიან ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს და რამდენად დაუცველია ქვეყანაში პარლამენტარიც კი. არიან ისეთებიც, ვინც წიკლაურზე თავდასხმას გამწარებულთა მხრიდან ჩვეულებრივ ანგარიშსწორებად აფასებს და ამით „ფრონტს“ გახსნილად აცხადებს!

მახსენდება საზოგადოების გარკვეული ნაწილის მუქარა, რომ თუ ხელისუფლება დამნაშავეთა კასტას (იგულისხმება „ნაცმოძრაობა“) არ გაასამართლებს, განაჩენს თვითონ ხალხი გამოუტანს!..

ვფიქრობ, რაც არ უნდა მწარე დღეები გვახსოვდეს, ლინჩის წესით ადამიანების დასჯის მოთხოვნა საზოგადოების საშიში მენტალობაზე მეტყველებს. ასეთ განწყობას არასდროს არ მოუტანია სიკეთე (სიმშვიდე) არც ერთ დროს, არც ერთი ქვეყნისთვის _ აგრესია ყოველთვის შობს აგრესიას, რომელსაც თავის მხრივ კეთილი დასასრული არ მოსდევს…

მე შესანიშნავად მესმის გამწარებული ოჯახების, მაგრამ სახელმწიფო და ამქვეყნიური სამართალი იმიტომ არსებობს, რომ ადამიანებს შორის არსებული უთანხმოება მოაწესრიგოს. ამ შემთხვევაში უკმაყოფილების მახვილი დღევანდელი ხელისუფლებისკენ უნდა მიიმართოს, რომელმაც ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების ვალდებულება აიღო, მაგრამ ჯერჯერობით ბევრი ვერაფერი გააკეთა (თუმცა, ეს სამართლიანობაც პირობითია)!

დიახ, უკვე წელიწადნახევარია საზოგადოება დაპირებული სამართლიანობის დამკვიდრების მოლოდინშია, მაგრამ სამართალი არა და არ ჩანს. თუ რატომ, მიზეზების ძებნა შორს წაგვიყვანს. თუმცა, ყველაზე მთავარი მიზეზი თვით საზოგადოებაშია, რომელმაც ილუზიების ტყვეობიდან გამოსვლა ვერა და ვერ შეძლო!

მე არ ვიცი, ვის კისერზეა წუხანდელი ინციდენტი და რა მიზანს ემსახურება იგი, მაგრამ მტკიცება არ უნდა, რომ ამ ყველაფერს შორსგამიზნული პროვოკაციის სუნი ასდის!

ბუნებრივია ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ნაკლებად დასაჯერებელია, რომ ამ ინციდენტის ავტორი ხელისუფლება იყოს _ სიტუაციის არევა ყველაზე მეტად სწორედ მის ინტერესებში არ შედის.თუმცა, ფაქტია, ვიღაცას დასჭირდა და ამით წინასწარი გათვლებიც გაკეთებულია, მაგრამ ადექვატური გაგრძელება(იგულისხმება ქვეყანაში სიტუაციის არევა) რომ არ მიეცეს, ხელისუფლება ვალდებულია მომხდარზე სათანადო რეაგირება გააკეთოს და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. მითუმეტეს, „თბილისური მაედანი“ დაანონსებულია და მნიშვნელობა არა აქვს, საიდან წამოვა პროვოკაცია.

ზემოთ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ყველაზე მეტად საზოგადოების გარკვეული ნაწილის მენტალობა მაშინებს, იმ ნაწილისა, რომლებიც წიკლაურთან დაკავშირებულ ინციდენტს ნორმალურს ეძახიან და ამით უკანონობის სტიმულირებას უწყობენ ხელს!

ბოცოსნაირი ოდიოზური ფიგურები ბევრი ჰყავთ „ნაციონალებს“, ავდგეთ მაშინ, ყველას ცალ-ცალკე ჩამოვუაროთ და შური ვიძიოთ... ამით „სამართლიანობას“ ნამდვილად დავამკვიდრებთ(?!)

არა, ბატონებო! ცეცხლს ნუ ვეთამაშებით _ ქვეყნის მომავალი ისედაც წკიპზეა და ჩვენი დახავსებული ცნობიერებით (ამ შემთხვევაში შურისძიების ინსტინქტს ვგულისხმობ) გამოუსწორებელ ზიანს ნუ მივაყენებთ. მტერი ისედაც ჩასაფრებულია და მე არ ვარ მომხრე ასეთმა განწყობებმა საქართველო კიდევ ერთ არეულობამდე მიიყვანოს, საიდანაც მშვიდობიანად გამოსვლა უთუოდ გაგვიჭირდება...

ღირს ამაზე დაფიქრება!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: