Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
11-09-2014, 10:59
ნანახია: 4226

ჩაიდინა თუ არა „მკრეხელობა“ მამა პეტრემ და ვინ არის მისთვის ტერენტი გრანელი?!

რატომ არ აირჩია სადისერტაციო თემად რომელიმე საეკლესიო მოღვაწე და ვინ არის მისთვის ტერენტი გრანელი - გვესაუბრება სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.


- მამაო, თქვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ისტორიის დოქტურანტურა დაამთავრეთეთ, ამჯერად ფილოლოგიის დოქტორანტი გახდით - ეს ბევრია თუ ცოტა  21-ე საუკუნის ქართველი სასულიერო პირისთვის?


- მადლობა უფალს ამდენი სიხარულისთვის!  საქართველოს ისტორია და მშობლიური ლიტერატურის ისტორია ერთი განუყოფელი მთლიანობაა. ყოველთვის მექნებოდა ხინჯად, გრანელზე დისერტაცია რომ არ დამეცვა. ცნობიერებაში რაც პოეზიის სიყვარული დასახლდა, იმ წუთიდან გრანელის ლანდს ავედევნე. ბევრი მაქვს საერთო მისტიკოს პოეტთან: ერთი კუთხიდან ვართ, ძალიან უყვარდა კითხვა, საკუთარ თავზე მუშაობა, განმარტოება და ლოცვა.
იაკობ შანავას საოჯახო ბიბლიოთეკამ ტერენტის პიროვნულ ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მეც მყავდა ჩემი ,,იაკობ შანავა" (სხვა დროს აუცილებლად ვიტყვი).


ისტორიის დოქტორანტურა დავამთავრე. სადისერტაციო ნაშრომი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ვისარგებლებ შემთხვევით და უდიდეს მადლობას გადავუხდი ჩემი თემის ხელმძღვანელებს:  ბატონ ჯონი აფაქიძესა  და ქალბატონ ლია ახალაძეს. მათთან გატარებული სამი წელიწადი ძალიან შრომატევადი და საინტერესო იყო. რაც შეეხება კითხვას -  ბევრია თუ ცოტა - ვიღაცისთვის ზედმეტიც შეიძლება იყოს, მაგრამ მე ამით არ ამოვწურავ. წინ  გაუკვალავი მწვერვალებია...


- სადოქტორო თემად ტერენტი გრანელი შეარჩიერთ. ეს რამ განაპირობა  მისი კუთხური წარმომავლობის გარდა?


- ჩემი ნება რომ იყოს, დღესვე, საჯაროდ დავდგებოდი კათედრასთან და ზეპირად ვიტყოდი სათქმელს, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა. სოფელში გატარებული ბავშვობა, ყველა სიმძიმის მიუხედავად, თბილად და მოკრძალებით მახსენდება. ტაძრამდე ტერენტის სახლ-მუზეუმთან უნდა გამევლო. შევჩერდებოდი და რომელიმე ლექსს აუცილებლად წავიკითხავდი. მერე შევუდგებოდი აღმართს. ,,კვლავ ჭადრებია ეკლესიასთან და იქვე ახლოს დგანან ცაცხვები"- ამბობს პოეტი ლექსში ,,წალენჯიხა". ყველაზე რთული პერიოდი ტერენტის ლექსებმა გადამატანინა. თავს ვალდებულად ვთვლი, რაც შემიძლია, მისი სულის უკვდავსაყოფად ყველაფერი გავაკეთო.
მახსოვს, მისმა უწმინდესობამ ერთხელ ბრძანა , დადგება დრო და გრანელი წმინდანად შეირაცხებაო. ის ჩემთვის ახლაც წმინდანია, თავისი  ცხოვრების წესით, პოეზიით, უპოვარებით, ასკეტიზმით. შევთხოვ მას, ღირსეულად შემაძლებინოს იმ სიტყვების განხორციელება, რაც წარმოთქვა; ,,ვიცი, დრო მოვა ჩემი გაგების"... მინდა ყველას გავაგებინო, რომ მისი გვარი გრანელი პოეზიას დარჩება... შვილივით, მეგობარივით, მშობელივით, მოძღვარივით მიყვარს ტერენტი...


- საინტერესოა რას ეძღვნებოდა თქვენი სადოქტორო ნამუშევარი?


- ამაშიც უდიდესი სიმბოლო დევს. წლების მანძილზე, როგორც სასულიერო პირმა, ვიმსახურე ბოლნისის ეპარქიაში და სადისერტაციო თემაც ქვემო ქართლზეა. ეს ნაშრომი ერთგვარი შეჯამებაა  ჩემი იქ მოღვაწეობისა, მაგრამ ამით არ ამოვწურავ. ბოლნისთან კავშირს ვერასდროს გავწყვეტ. გარდა ტაძრების ისტორიისა, სხვა ,,ტაძრებიც" არანაკლებ მონდომებით მიძერწია. ბოლნელებთან ურთიერთობა ჩემთვის დღესასწაულია - ბოლნისი ჩემი სულის ოდაბადეა.


- გრანელის ცხოვრება და შემოქმედება კარგად იციან მისმა თაყვანისმცემლებმა. აპირებთ თუ არა უფრო ახადოთ ფარდა მის ბუნდოვან და საიდუმლო ცხოვრება-შემოქმედებას?


- მინდა იმ კუთხით დაინახოს ყველამ, როგორიც სინამდვილეშია ტერენტი. ის არ არის მხოლოდ ,,გაზაფხულის საღამოა მშვიდი", ან კიდევ ,, - გადარჩება? ექიმებს ეკითხება ზოზია"... გრანელი უფრო მეტია, ვიდრე ის, რაც იცის საზოგადოებამ.


- სადოქტორო თემად გრანელის არჩევას, და არა რომელიმე დიდი საეკლესიო მოღვაწისას, მკრეხელობად ხომ არ ჩაგითვლიან ზოგიერთები?


- აი, ზოგიერთების მოსაწონად არასდროს ვიცხოვრებ. პირიქით, საქილიკოდ უფრო მოვიქცევი. გრანელი ჩემთვის მოთხოვნილებაა. ვფიქრობ, ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც კარგად გამოსდის. ,,მე ლექსები გამაფრენენ ცაზე, მე ლექსების სიხარული მომკლავს".


- რა იქნება თქვენი მეცნიერული ცხოვრების შემდეგი ნაბიჯი?


- ვნახოთ. ჯერ რასაც ვფიქრობ, ის აუცილებლად უნდა განვახორციელო. უშინაარსოდ არ დავრჩები - ,,ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი"...

ესაუბრა ია ჯღარკავა