Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
19-10-2014, 15:15
ნანახია: 5161

გიორგი ტიგინაშვილი:-,,იეღოვა

    "ივერიონს" ესაუბრება ახალგაზრდა მწერალი და თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი)

 

    -გიორგი, თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ ქართველ მრევლს ეკლესიური ცოდნა აკლია. იქნებ განგვიმარტოთ იეღოველთა ქადაგების პრინციპები.

    -დიახ, მრევლში საკმაოდ დიდი პრობლემები გვაქვს ამ მხრივ, თუმცა თანდათანობით თითოეული ჩვენგანის ძალისხმევით ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს. როგორც ვხედავთ, ეკლესია–მონასტრებში იხსნება სამრევლო სკოლები, სადაც ყველასათვის, განურჩევლად ასაკისა, სისტემატიურად გაიმართება კატეხიზაცია, აპოლოგეტიკის კურსები და ქრისტიანულო მოძღვრების შესავლის სწავლება. ეს არის როგორც ლექციური ისე პროგრამული ხასიათის გეგმა, რომელსაც კომპეტენტურ პედაგოგებთან ერთად, სასულიერო პირებიც გაუძღვებიან, რაც თავის მხრივ ერთობ დადებითი მოვლენა და წინ გადადგმული ნაბიჯი გახლავთ. 

    რაც შეეხება "იეღოვას მოწმეთა" ქადაგების პრინციპებს, თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ისინი არა "იეღოვას მოწმეები" (ეს სახელი 1931 წელს დაირქვეს), არამედ "რასელისტები" არიან. "იეღოვა" ძვ. აღთქმაში ღმერთის სახელის ეპითეტია, რომელიც მათ თავხედურად მიისაკუთრეს. ამ სექტის დამაარსებლის ჩარლზ ტეი რასელის ცხოვრებას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საქმე გვაქვს ურწმუნო კაცთან. ის იყო ცბიერი ბიზნესმენი, მოვაჭრე, რომელმაც ა.შ.შ.-ში 1872 წელს, საკუთარი პროდუქციის გასაღების მიზნით შექმნა რეაქციული ტიპის რელიგიური სექტა. მთელი მისი ცხოვრება არის ამპარტავნებისა და ეგოიზმის ნაზავი (ესენი კი ქრისტიანული სწავლებით ღვთის საწინააღმდეგო ქმედებებია), რამაც იგი მიიყვანა მოციქულთა და წმინდა მამათა რწმენის უარყოფამდე. რასელმა თავად წამოაყენა წმინდა წერილის თვითნებური განმარტება, სადაც, თითქოსდა მის მიერ, ღვთის შემეცნების შესახებ სწავლება სრულად არის წარმოჩენილი. იგი მიიჩნევდა, რომ "მანამდე წმინდა წერილის სწორად გაგება და ახსნა არავის შეეძლო და ეს დიდი საიდუმლოება ღმერთმა მხოლოდ მას, ერთადერთს გაანდო და ხალხთან ჭეშმარიტების საქადაგებლად მოუწოდა". დაახლოებით იმავეს ქადაგებდა ახალი რჯულის, ახალი ყალბი სწავლების შემომღები ყველა ერეტიკოსიც, რომელიც თავის თავს ღვთის წინასწარმეტყველად წარმოაჩენდა (ასეთები იყვნენ გონოსტიკოსები, არიოზი, ნესტორი, მუჰამედი და სხვ.) რასელმა თავისი მოძღვრების ძირითადი დებულებები ჩამოაყალიბა "წმინდა წერილის გამოკვლევის" შვიდ ტომში, რომელსაც იგი თვით ბიბლიაზე მაღლა აყენებდა. ისინი ასწავლიან, თითქოსდა მათი სექტა ეს არის ღმრთის ხილული ორგანიზაცია დედამიწაზე, რის გამოც მონოპოლიას ფლობს ჭეშმარიტების ცოდნაზე. ერთ დროს კი, ღიად აცხადებდნენ, რომ სატანა (ტარტაროზი) 1914 წელს უკვე დაიბადა და მოვიდა ქრისტეც, ანუ მეორედ მოსვლა უკვე იყო და უნდა ველოდოთ არმაგედონს, ანუ საყოველთაო დაღუპვასო. შეფასება თქვენთვის მომინდვია.

    მოტყუებით, ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მატერიალური დაინტერესებითა თუ სხვა მიუღებელი მეთოდებით ისინი გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს თავიანთ ორგანიზაციაში ითრევენ. უზარმაზარი ტირაჟით ბეჭდავენ პერიოდულ ჟურნალებს: "საგუშაგო კოშკი", "გამოიღვიძეთ", "ჩვენი სამეფო მსახურება" თუ სხვა და დაუფარავად ეწევიან პროზელიტიზმს.

     თუკი მათი სწავლების განვითარებას მივადევნებთ თვალს, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ სექტის ყოველ პრეზიდენტს დღემდე, ბიბლია ერთმანეთისაგან განსხვავებულად, თავისებურად ესმოდა და ხშირად მომდევნო პრეზიდენტის განმარტებანი წინა პრეზიდენტისას ეწინააღმდეგებოდა. უკვე ეს ფაქტი მოწმობს აბსურდულობას რასელისტთა მტკიცებისა, თითქოს თვით ღმერთია მათი მოძღვრების ავტორი, რადგან ღმერთი არ შეიძლება თავის თავს ეწინააღმდეგებოდეს. აქედან გამომდინარე, მათი საზოგადოება იმართება არა ღმერთის მიერ, არამედ ინდივიდუალურად, შემცდარი ადამიანების მიერ. როგორც ციცერონი იტყოდა:  "არ არსებობს ისეთი სისულელე, მიმდევრები რომ არ გამოუჩნდესო". 

     მათ ცრუ დოქტრინებსა და შეხედულებებზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა მოკლედ, რომ ჩამოვაყალიბოთ, ისინი უარყოფენ: იესო ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას, ჯვარს, მარხვას, ნათლობას, წმინდათა და ხატთა თაყვანისცემას, სანთელ–საკმეველს, მიცვალებულთა მოხსენიებას, სულის უკვდავებას, ცათა სასუფეველს, საყოველთაო აღდგომას, საუფლო დღესასწაულებს, სამღვდელოებას, ეკლესიას და ა.შ. ასევე მკაცრად კრძალავენ სისხლის გადასხმასა და სავალდებულო სახედრო სამსახურს.

    -მსოფლიოში გავრცელებულ უამრავ ე.წ. რელიგიურ სექტათაგან, რომელია ყველაზე ძლიერი და გავრცელებული, რა ვითარება გვაქვს ამ მხრივ საქართველოში და რით განსხვავდებიან სექტები ერთმანეთისა და ქრისტიანული სარწმუნოებისგან?

    -ზუსტი სტატისტიკა ჩემთვის უცნობია და ამის დათვლა ალბათ შეუძლებელიც კია.  ხოლო რაც შეეხება სექტებს, ალბათ მათ ხასიათს მისი ეტიმოლოგიიდან გამომდინარე უნდა ჩავუკვირდეთ. "სექტა" ლათინური სიტყვაა, მას აქვს ორი შესაძლო წარმომავლობა, სიტყვა სეცტარე - მოკვეთა, გაყოფა; და სიტყვა სექუი - ვინმესადმი მიმდევრობა, დამორჩილება. იგი გულისხმობს გარკვეული სახის ცხოვრების წესს, მოძღვრებას, მიმდინარეობას, მწვალებლურ დაჯგუფებას, ანუ ძირითადი კონფესიური მიმდინარეობისაგან გამოყოფას, განშორებასა და გამოცალკევებას.

     საქართველოში კი საბჭოთა კავშირის დანგრევისა და ნაციონალისტური ტალღის გადავლის შემდეგ საგრძნობლად მომრავლდა სექტები. პროტესტანტული მიმდინარეობის მომრავლებას და პოპულარობას ჩვენში ზოგჯერ აბსტრაქტული, თუმცა მეტწილად მატერიალური და სრულიად მერკანტილური სარჩული უდევს. 90-იანი წლების შეჭირვებულმა ყოფამ ადამიანები აიძულა, რომ მათთვის სრულიად უცხო, მანამდე შესაძლოა მიუღებელი კულტურისა და რწმენის სამსახურში ჩამდგარიყვნენ.

    ჩვენი ქვეყანა 20–ე საუკუნემდე ჭეშმარიტი სარწმუნოების ერთადერთი ნამდვილი ბურჯი და ნავსაყუდელი იყო. აქ არ ყოფილა ბიზანტიაში ეგზომ გავრცელებული ერესის სახეობები: ხატმებრძოლობა, არიანული და ნესტორიანული ერესი. შესაძლოა ეს ორთოდოქსული ქრისტიანობის მახასიათებელია, ან იმისა, რომ ჩვენში განმანათლებლობა და რეფორმაცია არ ყოფილა. ევროპაში კი რეფორმაციას სათავე გუტენბერგის  გამოგონებამ დაუდო.

    საქართველოში მოქმედი ამერიკული თუ ევროპული წარმოშობის მიმდინარეობებიდან ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანია "იეღოვას მოწმეთა" თემი. მათი რაოდენობა ჩვენში 15 000-ზე მეტია. მათ  შემდეგ კი ყველაზე მეტი მიმდევარი (მათი თემი დაახლოებით 7 000 კაცს ითვლის) ბაპტისტურ საკრებულოს ჰყავს ("ბაპტიზო" – ნიშნავს ვნათლავ წყლით), რომელსაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მალხაზ სონღულაშვილი უდგას სათავეში. უნდა აღინიშნოს, რომ მან სცადა ტრადიციული ბაპტიზმისა და მართლმადიდებლობისაგან ვიზუალური სიმბიოზის შექმნა.  მსოფლიოში კი ის შავკანიანების ერთგვარ კანონიკურ ეკლესიადაც ჩამოყალიბდა. ბაპტიზმმა ნელ-ნელა შეიძინა სამღვდელოების ელემენტები, შესამოსელი, ქორო და სხვა. მის წიაღში უამრავი განშტოებაა, მათ შორის, მეთოდიზმი, ანაბაპტიზმი, პურიტანიზმი და სხვა. ბაპტისტური საზოგადოება დაფუძნდა 1609 წელს ამსტერდამში. ის დააარსეს ბრიტანელმა ემიგრანტებმა. შემდეგ იგი მთელ ევროპასა და შტატებში გავრცელდა. ძმები როკფელერების დახმარებითა და ხელშეწყობით. 

    ევანგელისტური ეკლესიაც, ორმოცდაათიანელებიც და ქარიზმატებიც წარმოიშვა ბაპტისტური ეკლესიის ბაზაზე. ამბობენ, რომ ბაპტისტებისგან განსხვავებით, წყალთან ერთად "მირონცხებითაც" ნათლავენ. მოძღვრება ძირითადად ბაპტიზმის იდენტურია, მხოლოდ ძირითადი აქცენტი კეთდება სახარებაზე.

     სექტის დამფუძნებელი შარლატანები, არიან სწორედ ის ცრუ მისიონერები, რომლებზეც სახარება ბრძანებს: "და მრავალნი ცრუ-წინასწარმეტყველნი აღდგნენ და აცთუნებდნენ მრავალთა". სხვაგან მაცხოვარი გვაფრთხილებს: "ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან... არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო! უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა".

   -საქართველოში საეჭვო "ეკლესიური მდუმარებაა". ეს კარგის მომასწავებელია, ავის თუ სასულიერო პირებმა საქმეებისგან მოიცალეს?

    -ჩემი აზრით ეს სიჩუმე, უდაბნოს საეჭვო მყუდროებას ჰგავს, რომლის შემდეგაც ჩვეულებრივ დიდი ქარიშხალია მოსალოდნელი აზვირთებულ ხრიოკების მოსასწორებლად. წმ. მამა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობდა: ,,არ ვაქებ ჩვენში არსებულ არეულობასა და უწესრიგობას. ჩვენს დროში იქმნება იმის საშიშროება, რომ ყველაზე წმინდა ხარისხი ყველას დასაცინი გახდეს, რადგან წინამძღვრობა უკვე ქველი საქმეებით კი არ მოიპოვება, არამედ ხერხითა და ხრიკით". დღესაც, ეკლესიაში, კერძოდ კი სასულიერო დასში, უსერიოზულესი საკადრო პრობლემებია, როგორც ინტელექტის, ისე ზნეობრივი ღირსების კუთხით. სამწუხაროდ, სამღვდელო პირთა უღირსი ნაწილი, იქნება ეს მღვდელმთავარი თუ უბრალო მღვდელი, კათოლიკოს–პატრიარქის დიდსულოვნებით სარგებლობს, რაც საბოლოო ჯამში თავად ეკლესიის ადმინისტრაციულ სისტემასა და საპატრიარქოს ავტორიტეტის დისკრედიტაციას ახდენს. ამასთან ზარალდებიან ისინიც, ვინც პატიოსნად ემსახურება უფალს, რადგან ჩასაფრებული საზოგადოება ყველას ერთ ქვაბში ხარშავს ხოლმე. ხმამაღლა და პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ღვთისმსახურთა ყოფა-ცხოვრება (იგულისხმება უმრავლესობა და არა ყველა) თითქმის გაუტოლდა ერის კაცთა სულიერ მდგომარეობას, რაც რასაკვირველია საგანგაშო და დამაფიქრებელია, რამეთუ კონტრასტი და სხვაობა აუცილებელია იმისათვის რათა ერი გადარცეს და ცხოვნდეს. წმ. მამები ერთხმად გვაფრთხილებენ, რომ როცა კი ზღვარი აღარ იარსებებს, სწორედ მაშინ დადგება ჟამი ანტიქრისტეს გამეფებისა. როცა სასულიერო პირნი, თავიანთ რიტორიკასა თუ საქციელში, ფსევდო ლიბერალურ წიაღსვლებსა და ფუტურო დემაგოგიას დაიწყებენ, როცა მიწიერ ფუფუნებაში განცხრომით გადაეშვებიან, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ სადუკევლური და იეზუიტური სული ახლოსაა, რომელსაც ცბიერი მგელივით უჩუმრად, მაგრამ მაინც ველური ზრახვებით სურს ცხვართა (ადამიანთა) მოწყვეტა. აგრეთვე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ფსევდო კონსერვატორებიც, რომელნიც თავიანთი რადიკალიზმითა და ექსტრემისტული გამოხტომებით, აბსოლუტურად შორს არიან ქრისტიანული სულისკვეთებისგან. მოკლედ რომ ვთქვა, ყალბი ლიბერალიზმი ეს არის წყალწყალა სიმართლე, ხოლო ფუყე კონსერვატიზმი კი მცხუნვარე პაპანაქება. მცენარეს ორივე ზომიერად სჭირდება იმისათვის, რომ გაიხაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ან დალპება ან კიდევ გახმება. ამიტომ ჭეშმარიტება ორ უკიდურესობას შორის ჰგიებს და ის მხოლოდ სამეუფეო გზაზე დგას. ამიტომ დიდი დაკვირვება და სიფრთხილე გვმართებს პირად მოძღვრის შერჩევისას. მახსენდება როგორც წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები: "მღვდლებად აკურთხებენ ვიღაც უვიცებს და მათ ადგენენ იმ საგანძურის, მონაპოვარის ზედამხედველებად, რომლისთვისაც ძე ღვთისამ თავისი სისხლი დაღვარა". – ამ სიტყვებმა, ვისურვებდი, რომ სირეაქლემას პოზა დაგვავიწყოს და შექმნილი რეალობა დაგვანახოს.

   -ბევრი აღნიშნავს, რომ ეკლესია-მონასტრებში სანთელი და სხვა საეკლესიო ატრიბუტები ძვირია და ბევრი ვერ იძენს. ვინ ადგენს ფასს საეკლესიო ნივთებზე და უნდა იყოს თუ არა ის ყველასთვის ხელმისაწვდომი?

    -რთული საკითხია. სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში, ეკლესიის შემოსავალი სახელმწიფო სუბსიდია და ცალკეული შემოწირულობებია. საეკლესიო ნივთებიც მისი შემოსავლის ერთ–ერთი წყაროა. ისე, ზოგგან სანთელს ფასი არ ადევს და თანხის შეწირვაც ნებაყოფლობითია.  აქვე დავძენდი, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სასულიეორ პირებს სახელმწიფოსგან ხელფასი არ ეძლევათ და არც ჯანმრტელობის დაზღვევა არ გააჩნიათ, რაც იურიდიული კაზუსი და გაუგონარი პარადოქსია. ამაზე რატომღაც საპატრიარქოც დუმს, ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო. არადა სახარებისუელი მორალით, "მუშაკი ღირსია სასყიდლისა", ანუ მღვდელს სჭირდება მარტერიალური სარგოც, მით უფრო იმ ფონზე როცა მათი უმრავლესობა მრავალშვილიანია. რაც შეეხება ფასებს, ბევრი რამ მართლაც ზედმეტად ძვირია, რაც ძალზე საკვირველია, გამომდინარე იქიდან, რომ საეკლესიო ქონება არ ბაჟდება ადგილობრივი კანონმდებლობით, შესაბამისად ასეთი მომატებული ღირებულება არ უნდა ჰქონდეს საეკლესიო ლიტერატურასა თუ წმიდა ატრიბუტიკას.

    -რამდენადაც ვიცით, თქვენ დამთავრებული გაქვთ სასულიერო სემინარია, შემდეგ კი სწავლა აკადემიაში გააგრძელეთ, საიდაც მეორე კურსიდან "აკადემიური" აიღეთ და გამოხვედით. თუ შეიძლება გვითხარით, რა იყო ამის მიზეზი?

    ცალკე აღნიშვნის ღირსია თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში არსებული სავალალო მდგომრეობა, სადაც სამხედრო დონის ფსევდო დისციპლინითა და ანტიადამიანური წესრიგით, სტუდენტური სპექტრი დიდ ზეწოლასა, ზომბირებასა და წნეხს განიცდის. სადრეისოდ, ამ კედლებში, სულიერება და სიყვარული მთლიანად უკანა პლანზეა გადაწეული. სასწავლებელთა შინა განაწესი თუ ქცევის კოდექსი, მთლიანად გაჯერებულია მონური სულისკვეთებით. ამასთან, პედ-კოლექტივისა და პროფესორ-მასწავლებელთა დიდი ნაწილი ფინანსური სარგებელის გამო კონფორმისტულად მიყუჩებულია და ზოგიერთი (პავლე ჩუდეცკის მემკვიდრე) ფსიქო-პათოლოგიურად განწყობილი სასულიერო პირის ზეგავლენის უღელქვეშ იმყოფება. ამ ფონზე ბუნებრივია, რომ გაყინულ და სტატიკურ მდგომარეობაშია სასწავლო სისტემისა და საგნმანათლებლო პროცესის მოდერნიზაცია-განვითარება. რაც შეეხება უშუალოდ სასწავლებლის მოქმედ რექტორს, უნდა აღინიშნოს, რომ იგი მრავალგზის შემჩნეულია სახალხო პირადი  განდიდებისა და ამასთანვე სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებელების დამცირებისა და შეურაცხყოფის უამრავ ფაქტში, მათ შორის არაერთხელ ხელით შეხებაშიც კი. მისი აგრესიისგან თავდასაცავად, სტუდენტებმა არაერთგზის, არგუმენტირებული საჩივრით მიმართეს საპატრიარქოს, თუმცა ნაცვლად ადეკვატური რეაგირებისა, მომჩივანთა საწუხარის გაზიარებისა და მოსწავლეთა უფლებების დაცვისა, იქით გაიკიცხნენ და დაისაჯნენ კიდეც სხვადასხვა ფორმით, რამაც ძალიან დიდი იმედგაცრუება და ნიჰილიზმი გამოიწვია ჩვენში. 

    აქედან გამომდინარე, მე როგორც ფშაველი კაცი, ვერ შევეგუებოდი უსამართლობას, განუკითხაობასა და უწესივრობას. სწორედ ამიტომაც თავი გავარიდე აღნიშნულ სასწავლებელს, რომელიც ძალიან მიყვარდა და რომელთანაც ტკბილი მოგონებებიც მაკავშირებს. ხოლო მას შემდეგ კი რაც რექტორად ჩუდეცკის კლონი დანიშნეს,  სასწავლებელში აღარც მივსულვარ. მერწმუნეთ, ყოველივეს გულახდილად, დიდი ტკივილითა და განცდით ვამბობ. ასევე ფიქრობს უამრავი ჩემი კოლეგა და მეგობარი, რომელიც უბრალოდ კონიუქტურის გამო ხმას ვერ იღებს.

    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სულ ცოტა ხნის წინ, სემინარია–აკადემიაში "მოღვაწე" პედაგოგთა გარკვეულ ნაწილს, საზეიმო ვითარებაში, სრულიად ხელოვნურად, დაჩქარებული წესით,  საღვთისმეტყველო ხარისხები მიანიჭეს, რომელთა უმეტესობასაც აქამადე, ჯერ კიდევ არანაირი საღვთისმეტყველო შრომა არა აქვს დაწერილი.

    ესაუბრა: ია ჯღარკავა