შოთა გულბანი:-"ეს არის ის პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც ლარის ხელოვნულარდ გაუფასურების ეჭვს აჩენენ"
ლარის კურსის გაუფასურებას "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" ეხმიანება. "აფბა"-ს ვიცე-პრეზიდენტის შოთა გულბანის თქმით პირველ რიგში დასასმელია კითხვა, თუ რა იწვევს კურსის ცვალებადობას. მისივე თქმით საუბარი იმაზე, რომ ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად ბიუჯეტის არათანაბარ ხარჯვას ასახელებენ, არ არის მართალი.
-"პირველ რიგში, ისმის კითხვა, რა იწვევს კურსის ცვალებადობას? მარტივი პასუხი არის ის, რომ გაცვლითი კურსი დამოკიდებულია უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდებაზე, სხვაგვარად თუ ვიტყვით, სავალუტო ბაზარზე ლარისა და დოლარის მასების თანაფარდობაზე. თუ დოლარის მასა იზრდება, ერთეულის ფასი გამოხატული ლარში მცირდება, ანუ დოლარი უფასურდება და პირიქით, თუ დოლარის მასა მცირდება, ერთეულის ფასი იზრდება, ანუ დოლარი მყარდება. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა გავიგოთ, რამ გააუფასურა ლარი, უნდა გავაანალიზოთ ის ფაქტორები, რომლებმაც ქვეყანაში ლარისა და დოლარის ურთიერთმიმართება შეცვალა. დავიწყოთ უცხოური ინვესტიციებით, რაც წესით, გავლენას ახდენს ლარის კურსზე, 3 კვარტალში, ოფიციალური მონაცემებით, შემოსულია 924 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და 209 მილიონის პორტფელური ინვესტიცია (2 კვარტალში), ეს პირდაპირი ინვესტიციების 30%-იანი მატებაა, პორტფელურის ნაწილში კი შარშან 127 მილიონი დოლარის გადინება იყო, ამდენად ინვესტიციების ნაწილში მნიშვნელოვანი უცხოური რესურსის შემოდინება მოხდა, რასაც ლარი უნდა გაემყარებინა. ინვესტიციების გზით ქვეყანაში წელს შარშანდელთან შედარებით 550 მილიონით მეტი დოლარი შემოვიდა",- აღნიშნა გულბანმა.
"აფბა"-ს ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა ფულადი გზავნილები, ექსპორტ-იმპორტის დინამიკა, დეპოზიტების ცვლილება, ტურიზმი, მთლიანი საგარეო ვალის ნამეტი და ფისკალური პოლიტიკა, რომელთა გაანალიზების შედეგად ცხადია, რომ ლარის გაუფასურების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ კომპონენტებში ყველგან მატება არის დაფიქსირებული.
შოთა გულბანის აზრით, ეროვნული ბანკის როლი ლარის გაუფასურებაში საკმაოდ მაღალია, ვინაიდან 10 წლის სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ როდესაც მონეტარული პოლიტიკა იყო მკაცრი, ანუ რეფინანსირების განაკვეთი იყო მაღალი, კურსი ყოველთვის იყო მყარი, ხოლო როდესაც განაკვეთი იყო დაბალ დონეზე, ლარი ყოველთვის გაუფასურებული იყო. ბოლო 2 წელია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის ისტორიულ მინიმუმზე და ამის ირიბი შედეგი არის დასუსტებული ლარი.
-"არსებობს ლოგიკური კითხვები, რომლებიც ლარის ხელოვნურად გაუფასურების ეჭვს ბადებს, კერძოდ: რატომ ჩაერია ეროვნული ბანკი ლარის გამყარების დროს, რატომ შეაჩერა მისი გამყარება? რატომ არ ჩაერია ეროვნული ბანკი, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო?
რატომ მოხდა ბოლო ერთ თვეში ლარის მკვეთრი დაცემა, როდესაც ეკონომიკური პარამეტრები ამის წინაპირობას არ ქმნიდა?
როდესაც დოლარი მსოფლიოში ეტაპობრივად მყარდებოდა, რატომ მოხდა ჩვენთან "შეკავება" და შემდგომ ერთბაშად გაუფასურება?
ეს არის ის პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც ლარის ხელოვნულარდ გაუფასურების ეჭვს აჩენენ", - განაცხადა შოთა გულბანმა.