რას ახსნა ტაბუ მამა ერმოლაოსმა და რამ გააღიზიანა მართლმადიდებელი მრევლი და სასულიერო დასი?!
შარშან სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ათონზე მოღვაწე ქართველი ბერის ერმოლაოსის (ჭეჟია) საკმაოდ თამამი (სასულიერო პირისთვის უჩვეულო) და სახარებისეული სიბრძნით გაჯერებული სტატია, რომელსაც ქართველი მკითხველის მხრიდან არაერთგვაროვანი (შეიძლება ითქვას, მძაფრი) რეაქცია მოჰყვა. სტატია ჩვენს რეალობაში ტაბუდადებულ თემას - სექსუალურობას და სექსს ეხებოდა.
ნიშანდობლივია, ქართველი ბერი წინასწარ გრძნობდა მის მიერ არჩეული თემის სიმძაფრეს და სტატიის შესავალში აღნიშნავდა კიდეც, რომ კონსერვატულად განწყობილებს შეიძლება მისი ასეთ სითამამე არც მოსწონებოდათ და მათი მხრიდან რისხვაც დაემსახურებინა!..
მიუხედავად ამისა, მან მაინც გარისკა და დაიწყო ჯანსაღი დისკუსია, თუ რაში მდგომარეობდა ქორწინების საიდუმლო, სადაც მეუღლეებს შორის განსაკუთრებულად ფაქიზი ადგილი სექსუალურ ურთიერთობას უჭირავს.
„სექსუალურობა მარტო შვილთჩენისთვის არ აკურთხა უფალმა, იგი ღვთის საჩუქარია“ - წერს ბერი ერმოლაოსი. იგი უფრო შორსაც მიდის და ჩვენთვის ფრიად მოულოდნელ დასკვნას აკეთებს „სექსუალურობა ღვთისგან ნაკურთხია, როგორც ცხონების ერთ-ერთი საშუალება“.
ბუნებრივია, ამ სიტყვებში ცოლ-ქმრის უფლისგან კურთხეული წყვილების სექსუალური ურთიერთობა იგულისხმება, რომელიც სიყვარულზეა დაფუძნებული და არა სექსუალური აღვირახსნილობა.
როგორც ვთქვი, ქართველი ბერის ზემოთ ხსენებულ სტატიას საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოჰყვა: მამა ერმოლაოსს ოპონენტები არა მარტო საეკლესიო წიაღიდან (სასულიერო პირებს ვგულისხმობ) გაუჩნდა, არამედ მოწინააღმდეგეთა რიგებში „ორთოდოქსი“ მრევლის ნაწილიც აღმოჩნდა, რომლებიც ტაბუდადებული თემის სადისკუსიოდ გამოტანას მას შეცდომად უთვლიდნენ.
მრევლისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ უარყოფითი, არაარგუმენტირებული კომენტარებით შემოიფარგლნენ, სასულიერო დასს (უპირველესად საქართველოს საპატრიარქოს) ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.
დღემდე ვერავინ ამტკიცებს, თუ რატომ ჰქონდა აკრძალული ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ ბერს ტაბუ აეხსნა ჩვენში ერთი შეხედვით მიჩუმათებულ, სინამდვილეში კი საკმაოდ აქტუალური თემისთვის და პასუხი გაეცა კითხვაზქ: რას ნიშნავს სექსი და სექსუალურობა სახარების მიხედვით, რამდენად ღვთივკურთხეულია ამ თვალსაზრისით ცოლ-ქმრის ურთიერთობა და რას ნიშნავს სექსი სიყვარულის გარეშე...
ვფიქრობდი, ეს თემა მაშინ ამოიწურა - აღნიშნული სტატიის გარშემო, ვნებებიც დაცხრა და ვნებათაღელვაც... თუმცა, შევცდი.
ამ რამდენიმე დღის წინათ აღნიშნული სტატია ისევ გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში (ერთ-ერთ ვებ-გვერდზე) და ისევ დატრიალდა განკითხვის კარუსელი - ბერ ერმოლაოსს ტაბუდადებული თემის ასე საჯაროდ განხილვას უწუნებენ ოპონენტები (იგულისხმება როგორც სასულიერო დასი, ასევე მრევლი. ისინი მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირი, მითუმეტეს, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი სექსუალურ თემაზე ასე თავისუფლად არ უნდა საუბრობდეს!
ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდობის წლებში ვმეგობრობდი პაატა ჭეჟიასთან, რომელიც გამორჩეული იყო სისადავითა და ადამიანისადმი განსაკუთრებული სიყვარულის უნარით. ასევე ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ჩემი რედაქტორობითა და ხელდასხმით გამოვიდა აწ უკვე ბერი ერმოლაოსის უნიკალური წიგნი „სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა“. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ წიგნმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა მკითხველის სიყვარული და პატივისცემა და იგი ბევრისთვის სამაგიდო წიგნადაც იქცა.
თუმცა, როგორც შევიტყვე, თურმე გამოჩნდნენ რომის პაპზე დიდი კათოლიკენიც და იქაც რაღაც „საკბილოს“ ეძებენ“. ეძებონ, რამდენიც უნდათ, სხარტი შეგონების, სახარებისეული სიბრძნის მარტივად გადმოცემისა და ქრისტესადმი უსაზღვრო სიყვარულის მეტს ვერაფერს იპოვიან...
„ივერიონი“ იწყებს ღია დისკუსიას აღნიშნულ სტატიასთან (თემასთან დაკავშირებით). დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ სასულიერო პირებს, თეოლოგებს და ზოგადად ამ თემით დაინტერესებულ მრევლს. მკითხველისთვის საინტერესო იქნება საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციაც...
ყოველივე ამის გათვალისწინებით ვაქვეყნებთ ბერი ერმოლაოსის ზემოთ ხსენებულ სტატიასაც...
ზაურ ნაჭყებია
„ჩემო კეთილო მეგობრებო! გავკადნიერდები და ჩვენს საზოგადოებაში თითქმის ტაბუდადებულ თემას – სექსუალურობის საკითხს შევეხები. ვიცი, ბევრი კონსერვატორულად განწყობილი ადამიანის რისხვას დავიმსახურებ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე ჯანსაღი დისკუსიის არარსებობამ ბევრი ქართული ოჯახი დანგრევის პირამდე მიიყვანა.
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, თითქოს მე ამ პოსტით უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების დეკლარირებას ვცდილობდე. მე თქვენდამი სიყვარულმა მაიძულა, გამომეთქვა ჩემი აზრი ამ თემაზე, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს. სექსუალურობა ღვთის საჩუქარია! სექსი ქორწინების საიდუმლოთი გაცისკროვნებული ცოლ-ქმრისთვის ღვთისგან ნაკურთხი ნუგეშია. ის, რომ ღმერთმა შექმნა ორი სხვადასხვა სქესის ადამიანი, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ამ მოსაზრებას. როგორც მამას უხარია, როცა ბავშვი მისგან ნაჩუქარი საჩუქრით ხარობს, ისე უფალს უხარია, როცა ცოლი და ქმარი ღვთისგან ნაკურთხი სექსუალურობით ხარობენ. არის მოსაზრება, რომ სექსუალურობა მხოლოდ შვილთა ჩენისთვის აკურთხა უფალმა, მაგრამ ეს უდიდესი შეცდომაა! ეს ასე რომ იყოს, მაშინ ყოველი სექსუალური აქტის მერე უნდა ისახებოდნენ ბავშვები და უშვილო ოჯახები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის და სწორედ იმიტომ, რომ სექსუალურობა, უპირველეს ყოვლისა, ღვთისგან ნაკურთხია, როგორც ცხონების ერთ-ერთი საშუალება! ცოლ-ქმრის სექსი არ არის მრუშობა, რადგან დაქორწინებულთა სარეცელი ნაკურთხია! მრუშობაა სექსი ქორწინების გარეშე! და ისიც არა იმიტომ, რომ თავად სექსია რაიმე საძრახისი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქორწინების გარეშე სექსი მიმართულია სიყვარულის წინააღმდეგ! ხოლო რაც სიყვარულის წინააღმდეგ არის მიმართული, ყველაფერი ცოდვაა!!!
მოციქული პავლე ამბობს, რომ “ცოლის სხეული ქმარს ეკუთვნის, ხოლო ქმრის სხეული ცოლს” რაც ქორწინებაში სექსის ნაკურთხობის პირდაპირი დადასტურებაა! ამიტომ ცოდვაა სწორედ მეუღლის სექსუალური უფლების შეზღუდვა და შელახვა! უფალმა ცოლ-ქმარი აკურთხა, რომ „ორნი გახდნენ ერთი“, რითაც დაქორწინებულთა სექსი სულიერ საიდუმლოთა რანგში აიყვანა და ნებისმიერი მცდელობა ამ კურთხევის შეზღუდვის, ან რეგლამენტირებისა სახარების სწავლების წინააღმდეგ არის მიმართული.
სამწუხაროდ, მორწმუნეთა შორის სექსი დემონიზირებულია, რაც ბერმონაზვნური სულიერი ტრადიციის იდეალიზაცით არის განპირობებული, მაგრამ ქალწულობა ცხონების მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა, როგორც ოჯახური ცხოვრება. და არც ერთი არ არის მეორეზე მეტი, ან ნაკლები. ბერები ქალწულობას ირჩევენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სექსუალურობამ არ გაფანტოს მათი ყურადღება უფლისგან. დაქორწინებულნი კი თავისი სექსუალურობის სწორი რეალიზაციით ერთმანეთს ეხმარებიან ცხონების საქმეში, რადგან სექსუალურად დაკმაყოფილებული პარტნიორი არის მადლიერი მეუღლე, კარგი მშობელი, მშვიდი მლოცველი და ერთგული მრევლი! უფალი, როცა ამ თემას ეხება, სექსუალური ქცევის არც ერთ ფორმას არ ანიჭებს უპირატესობას, მხოლოდ რეკომენდაციას გვაძლევს, თითოეულმა თავისით გადაწყვიტოს, თუ რომელი ფორმის ტარება შეუძლია მას. უმრავლეს შემთხვევაში, როცა ჩვენ ეკლესიურ ცხოვრებას ვიწყებთ, ძალაუნებურად ვცდილობთ ჩვენი ეკლესიურობა მეუღლესთან ურთიერთობაშიც დავაფიქსიროთ და ნელ-ნელა ვახდენთ მეუღლეთა ხატიზაციას და სექსუალურ ცხოვრებას ჩვენი ეკლესიურობისთვის შეუთავსებელ ქცევად მივიჩნევთ, რითაც უზარმაზარ უფსკრულს ვთხრით არა მარტო ჩვენსა და ჩვენს პარტნიორს შორის, არამედ ჩვენს მეუღლესა და ეკლესიას შორის, რადგანაც ჩვენს პარტნიორს თავისი სექსუალური უფლების შელახვის მიზეზად ჩვენი ეკლესიურობა ევლინება, რითაც ვაძულებთ ჩვენს მეუღლეს ეკლესიას და თვით ღმერთს. ქორწინების საიდუმლოს მთავარი აზრი ორი შეყვარებული სულის ცხონების საქმეში გაერთიანებაა ურთიერთდახმარების მიზნით. სექსუალურობა კი ამ პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში უმთავრესი იარაღია!
სექსი ალამაზებს და ამყარებს სიყვარულს, აღრმავებს პარტნიორთა ურთიერთნდობას, და ქმნის სულთა შერწყმის იდეალურ წინაპირობას! ამიტომ უდიდესი ცოდვაა მეუღლის ღალატი, მისი სექსუალური უფლებების დარღვევა! თანამედროვე ოჯახთა უდიდესი ნაწილი დღეს ინგრევა სწორედ სექსუალური ცხოვრების არასწორი რეალიზაციის გამო, ან, ამა თუ იმ მიზეზით, მისი სრული უგულებელყოფის გამო. შეხედეთ თქვენს მეუღლეს, გაიხსენეთ რამდენი უძილო ღამე გითენებიათ მასზე ფიქრში, რამდენი სიხარული და ტკივილი გადაგიტანიათ ერთად, რამდენი გულის საიდუმლო გაგიზიარებიათ მისთვის და თქვენ დამეთანხმებით, რომ თქვენი სულის ცხონების საქმეში ვერავინ შეგეწევათ ისე, როგორც ის უახლოესი ადამიანი. მოეფერეთ მას, გაუფრთხილდით მას და ნუ მოპარავთ მას იმ სიხარულს, რომელიც მისთვის ღვთისგან ნაკურთხია და, ვინ იცის, იქნებ ის გახდეს თქვენი ერთად ერთი გამართლება ღვთის წინაშე“, – წერს ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია).