რატომ იჯერებენ ტყუილს ადამიანები?!
მიკვირს, ნამდვილად მიკვირს - ჯერ არაფერი გაკეთებულა და ზოგიერთები უკვე გამარჯვებას ზეიმობენ! ხბოს აღტაცებამდე ცოტა გვაკლია.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რესპუბლიკელებმა“ უკან დაიხიეს და პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავს, სადაც მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ „ქორწინება - ეს არის ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა“.
ძალიან გამეხარდება, ასე რომ იყოს, მაგრამ...
წუხელ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის კომენტარი წავიკითხე, სადაც აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლება დროის გაყვანის ტაქტიკაზე წავიდა, ხალხს პატარა „საკენკი“ გადაუყარა და ცრუ მოლოდინის რეჟიმში გვამყოფებს!
ბ-ნი ვოლსკი ადასტურებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ფორმალური ლიდერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანახმაა (მიაქციეთ ყურადღება!) კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა.
ჯერ ერთი, კვირიკაშვილის თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი თავქუდმოგლეჯილი დაიწყებს ზემოხსენებული კანონპროექტის განხილვას. გავიხსენოთ მისი წინამორბედი (ღარიბაშვილს ვგულისხმობ) როგორი კატეგორიულობით აცხადებდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა კონსტიტუციაში ზემოთ ხსენებული ფორმულირება ჩაწერილიყო.
არადა, რიხიანი და „რესპუბლიკელების“ რისხვა პრემიერ-მინისტრი ისე მოულოდნელად გაქრა პოლიტიკური ავანსცენიდან, გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარით - მუქარა კი მუქარად დარჩა!
მეორეც, ბ-ნი ვოლსკი აცხადებს, რომ კანონპროექტის განხილვა კი დაიწყება, შეიძლება პირველი მოსმენითაც მიიღონ, მაგრამ კანონად ქცევას დღევანდელი პარლამენტი ვერ მოასწრებს და ესტაფეტას მომავალ კანონმდებლებს გადავულოცავთო.
მესამეც, ჯერჯერობით არ ვიცით, როდის დაიწყება კანონპროექტის განხილვა, საკონსტიტუციო ცვლილება კონკრეტულად რა ფორმულირებით იქნება პარლამენტის სესიაზე გატანილი და შეგროვდება თუ არა აუცილებელი 113 ხმა (საკონსტიტუციო ცვლილებებს „ნაციონალების“ ნაწილის მხარდაჭერა მაინც სჭირდება), ანუ, საერთოდ, მოესწრება თუ არა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება.
მეოთხეც, რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალი პარლამენტი, რომელიც ჩემი ანალიზით (ლოგიკური დასკვნითაც) გაცილებით აგრესიული და ლიბერასტული იდეების უფრო დიდი „დოზით“ გამტარებელი იქნება, ამ კანონპროექტს დაუბრუნდება და სიამოვნებით მიიღებს?!
მეხუთეც, არც იმის გარანტია გვაქვს, რომ ახალი პარლამენტის ამოქმედებამდე საკონსტიტუციო სასამართლო „მაცაცოს“ (იგივე გიორგი ტატიშვილის, თუ ჩხარტიშვილის) სარჩელს არ დააკმაყოფილებს და სამოქალაქო კოდექსის სათანადო მუხლს არ გააუქმებს!
ერთი სიტყვით, რისი იმედი უნდა გვქონდეს?!
მე ნამდვილად არ მესმის „ეროვნულების“ ლიდერის, ბატონ სანდრო ბრეგაძის აღტაცება, რომელმაც გამარჯვება მოგვილოცა და საზეიმო ვითარებაში გვახარა: „ჩვენმა უკომპრომისო ბრძოლამ და მცირედმა მსხვერპლმა (ალბათ, მის თანამდებობიდან გადადგომას, გულისხმობს) შედეგი გამოიღო... უახლოეს ერთ კვირაში შეგროვდება საჭირო ხელმოწერა და შემდეგ დაიწყება შესაბამისი იურიდიული პროცედურები. ახლა მთავარია ორივე სესიაზე მოხდეს საბოლოო კენჭისყრა და ამ პარლამენტმა მოასწროს შესწორების მიღება... თქვენი, ქართველი ერის ნებამ და შიშმა რომ ამ შესწორების არმიღებას სერიოზული კატაკლიზმები მოჰყვებოდა, გადაწონა ყველა ზეწოლა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარედანაც მოდიოდა“.
თქვენს პირს შაქარი ბატონო სანდრო, მაგრამ, რა ვქნათ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე, თან მმართველი კოალიციის წამყვანი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ღრმადპატივცემული გიორგი ვოლსკი საპირისპიროს რომ ამტკიცებს?!
ის, ხომ გარკვევით გვეუბნება: რომც მოინდომონ, დღევანდელი პარლამენტი კანონის მიღებას ვერ მოასწრებსო...
მე თქვენ გეტყვით და ვენებს დაიჭრიან, დღე-ღამეს გააერთიანებენ ჩვენი პარლამენტარები, რომ საზოგადოების დაკვეთა შეასრულონ და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვან მართლმადიდებელი საქართველოსთვის მიუღებელი სოდომ-გომორის ცოდვის დაკანონებას!!!
საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანა ქართველი ერის ნება რომ არის, გეთანხმებით, მაგრამ, არ მესმის რომელ შიშზე საუბრობთ? ნეტავ რამ დააშნა ხელისუფლება?
გარდა ომახიანი ფეისბუქ-სტატუსების და ცარიელი მუქარებისა, რა გავაკეთეთ ისეთი, რომ ხელისუფლებას (განსაკუთრებით მის გამოკვეთილ ლიბერასტულ ფრთას) უკან დაეხია და მოსალოდნელი წალეკვის შიშით აკანკალებულიყო?
ან რას ნიშნავს: „სხვა ეროვნული იდეების რეალიზების დროც დადგა და ამას ერთობლივად მივაღწევთ“?! ამით რისი თქმა გინდათ - ერთნაირქესიანთა ქორწინების დაკანონება-არდაკანონების პრობლემა უკვე გადავწყვიტეთ?!
ბატონო სანდრო, მე რომ ასეთ ზღაპრების არ მჯერა, პირადშიც მოგწერეთ. რა ვქნა, ქართული რეალობის ანალიზმა და ცოტა ინტუიციამაც მასწავლა, რომ ცრუ დაპირებების და ცრუ მოლოდინის ძილბურანიდან უნდა გამოვიდეთ. ერი არც იმ „ასაკშია“, ფოჩიანი კანფეტებით დააწყნარონ და ჩიტებისთვის განკუთვნილი საკენკით დააპურონ!
მართალია, თქვენ არ მყავდით მხედველობაში, მაგრამ გუშინდელ სტატიაში „ვინ არის საქართველოს ყველაზე დიდი მტერი?!“ http://iverioni.com.ge/15961-vin-aris-saqarthvelos-yvelaze-didi-mteri.html გარკვევით ვწერდი, რომ საქართველოს უფრო დიდი მტრები ცრუპატრიოტები და ცრულიდერები არიან, ვიდრე „სააკაშვილის ნარჩენები და ერთად აღებული ლიბერასტების არმია“-მეთქი.
სტატიაში ხაზგასმით იმასაც ვამბობდი: როცა განსაცდელი რეალურია, ხალხს სიმართლე უნდა ვუთხრათ და საზოგადოებაში არსებული ეროვნული მუხტი ერთიან კალაპოტში უნდა მოვაქციოოთ, ხელისუფლებამ იგივე საზოგადოების სახით რეალური ოპონენტი და საკუთარი უფლებების დამცველი ძალა რომ იგრძნოს!
დიახ, საკუთარი იდენტობის დაცვა და ერის ჯანსაღ მომავალზე ზრუნვა მხოლოდ ერთად ყოფნითაა (თუნდაც ამის დემონსტრირებას მრავალათასიანი აქციები დასჭირდეს) შესაძლებელი და არა ფეისბუქ-სტატუსებითა და ცრუ დაპირებებით, რომელიც საგანგაშო (ფატალური) შედეგებით მთავრდება ხოლმე.
მე პირადად ყალბ და არარეალურ დაპირებებზე მეტად მწარე სიმართლე მიყვარს - ისედაც ბევრი შეცდომა დავუშვით!
P.S.შეიძლება ჩემი პათოსი ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ რა ვქნა - აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!!!
ზაურ ნაჭყებია