ავტონომია უნივერსიტეტს, ანუ რა ხდებოდა კულისებში და ვისგან იმართებიან სტუდენტური თვითმმართველობის „ბუნტოვშიკები“!
„სამართალი და განათლების საქმე ასეთი უაღრესნი არსებითნი საჭიროებანი არიან სახელმწიფო კეთილდღეობისათვის, რომ აქ ფულის გაფრთხილება, ფულის დაზოგვა, ხარჯვის შიში, მეტად მავნებელი რამ არის, როგორც საზოგადოებისათვის, ისე სახელმწიფოსათვის. სამართლის ურიგოდ მოწყობილება სვავია _ რომელიც სნთქავს ხალხის სიმდიდრესა, მახვილია _ რომელიც ჰკვეთს ფრთებსა ხალხის ხელთმოქმედებას და ეკონომიურს წარმოებას".
ილია ჭავჭავაძე („ცხოვრება და კანონი")
კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი _ თსუ თეთრად მხოლოდ მისი I კორპუსის კედლების ფერის გამო არ აღიქმება. ცოდნის ტაძარს განსაკუთრებული აურა მასში მოღვაწე მამულიშვილებმა მოჰფინეს, რომლებმაც საკუთარი სულის ნათელი ერის უპირველეს კულტურულ სიმბოლოდ ქცეულ შენობას შთაბერეს და თავად იქცნენ ქართული უნივერსიტეტის სახედ.
ივანე ჯავახიშვილი და შალვა ნუცუბიძე, ანდრია რაზმაძე და ელეფთერ ანდრონიკაშვილი, ივანე ბერიტაშვილი და პეტრე მელიქიშვილი, აკაკი შანიძე და კორნელი კეკელიძე, იაკობ ნიკოლაძე და ნიკო კეცხოველი, ნიკო მუსხელიშვილი და ილია ვეკუა, აკაკი ბაქრაძე და სერგო ჯორბენაძე სხვა ერისკაცებთან ერთად ათწლეულების განმავლობაში ღირსეულად წარმოაჩენდნენ ქართველთა ინტელექტუალურ პოტენციალს და განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდათ ეროვნული იდეოლოგიისა და თვითმყოფადობის ჩამოყალიბებაში.
ვერავინ უარყოფს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის ეროვნული მუხტის აქტიური მატარებელი იყო და მართლმადიდებელ დედა ეკლესიასთან ერთად ქართული ცნობიერებისა და სახელმწიფოებრიობის მყარ საძირკველს წარმოადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ „ვარდების რევოლუციის" შემდეგ განხორციელდა თსუ-ს მიზანმიმართული ნგრევა („ჩარეცხვა"), როგორც ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, უნივერსიტეტელები დღესაც შესამჩნევად გამოირჩევიან ცოდნა-განათლებით (ე. წ. ზოგადი უნარებით) და პიროვნული თვისებებით (ზნეობით) და, რაც მთავარია, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით.
სტუდენტებმა, ჩვეულებისამებრ, ხმა აიმაღლეს უსამართლობის წინააღმდეგ, ეფექტურად დაიცვეს საკუთარი უფლება, სამართლიანი კონკურენციის პირობებში აირჩიონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
სანამ, იმის თაობაზე, თუ რა და რატომ ხდება დღეს თსუ-ში, საზოგადოებას ჩემს თვალსაზრისს გავაცნობ, მიზანშეწონილად მივიჩნიე, 11 წლის წინანდელი პუბლიკაცია გამეხსენებინა, რომელშიც, ფაქტობრივად, დღევანდელი დაპირისპირების საწინდრებია წარმოჩენილი.…
კერძოდ, გაზეთ „ახალი 7 დღეში" 2005 წლის 13 მაისს გამოქვეყნებულ წერილში: „კორუფცია და უნივერსიტეტი" („თსუ არ არის შპს") აღვნიშნე, რომ „სწორედ, უნივერსიტეტის მიერ საკუთარი მისიის შესასრულებლად იყო აუცილებელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე თსუ-თვისაც მიგვენიჭებინა სრული დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა, როგორც ეს 1918 წელს განხორციელდა. მაშინდელი დებულებით: „თბილისის უნივერსიტეტი როგორც სამეცნიერო-სასწავლო სფეროს მხრივ, ისე საუნივერსიტეტო მართვა-გამგეობისა და შინაური მეურნეობის მხრივაც სრულებით ავტონომიურია და ყოველ ამ დარგის საქმეებს თვითონვე განაგებს“. ამასთან, სახელმწიფოს ბიუჯეტში განსაზღვრული იყო კონკრეტული თანხა უნივერსიტეტის „შესანახად“.
ნაცვლად იმისა, რომ კანონმდებელს მკაფიოდ განესაზღვრა სახელმწიფოს მხრიდან პირველი ქართული უნივერსიტეტის დაფინანსების ვალდებულება (ბიუჯეტიდან გარკვეული პროცენტის გამოყოფის გზით), ამასთან, თსუ-სთვის რეალურად მიენიჭებინა აკადემიური თავისუფლება (ანუ, უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავდა ვის მიიღებდა, რას ასწავლიდა, ან რა კრიტერიუმებით შეაფასებდა), უმაღლესი განათლების შესახებ „ნოვატორული" კანონით ყველა არსებით საკითხს, ფაქტობრივად, ისევ სახელმწიფო წყვეტდა, ხოლო მაგ., იურისტის პროფესია და იურიდიული საგანმანათლებლო პროგრამები კანონითვე მიეკუთვნა სახელმწიფოს მხრიდან „რეგულირებადს“.
სჭირდებოდა კი „რევოლუციურ“ ხელისუფლებას რეალურად დამოუკიდებელი სამართალმცოდნეები, რომლებიც ძალისმიერი გზით ხელისუფლების ცვლას მიუღებლად მიიჩნევენ და საკუთარ სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავლენ?!
დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო იმაში რაც „ცოდნის ტაძარში" ხდება, არამედ საქართველოში სამართლებრივი ნიჰილიზმის (სამართლის ნორმების არცოდნა ან/და აბუჩად აგდება) დამკვიდრებაზე და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ტემპებზეც, პირველ რიგში, თსუ-ს იურისტები არიან პასუხისმგებელნი.
ამასთან, როდესაც დასავლეთში აპრობირებული მეთოდებით ვაპირებდით თსუ-ს მართვაში სტუდენტების ჩართვას, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩენოდა, რომ განვითარებულ ქვეყნებში უნივერსიტეტში ე. წ. თვითმმართელობის ორგანოებში თანამდებობების დასაკავებლად ან მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების გასატარებლად არ აბარებენ. ამდენად, ყველაზე საგანგაშოდ უნივერსიტეტის პოლიტიზაციის მცდელობა მიმაჩნდა, ხოლო, კანონში ჩადებული „მრავალხელისუფლებიანობის“ ძირითადი მიზანი თსუ-ში „დაბალანსებული“ ძალების შექმნა იყო, რომელთა საშუალებითაც მმართველი პოლიტიკური ძალა გააკონტროლებდა ავტორიტეტული უმაღლესი სასწავლებლის მრავალათასიან კოლექტივს. ამასთან, ცხადი იყო, რომ უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფდა მართვის ორგანოების „საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული კენჭისყრით სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნებით“ ფორმირებას, როგორც ეს კანონში იყო დეკლარირებული.
ნაცვლად იმისა, რომ თსუ რეალურად დამოუკიდებელ, ავტონომიურ და დეპოლიტიზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად გვექცია, ფაქტობრივად, ხდებოდა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტობის დაპირისპირებულ ჯგუფებად დაყოფა და თსუ-ში კომუნისტებისდროინდელი პარტიული თუ კომკავშირული ორგანიზაციების მსგავსი ე.წ. თვითმმართველობის სტრუქტურების ფორმირება. თუმცა, ეს არც უნდა უნდა გაგკვირვებოდა, ვინაიდან უნივერსიტეტს რეალური დამოუკიდებლობა მხოლოდ ჭეშმარიტად დემოკრატიულ ფასეულობებზე ორიენტირებულ სახელმწიფოში შეიძლება გააჩნდეს და არა პლუტოკრატიულში, ან ბუტაფორულში.
ყოველივე ზემოაღნიშნული 2005 წელს დაიწერა და, იმედი მაქვს, მკითხველი ხვდება, რომ მშობლიური უნივერიტეტისადმი მხოლოდ პატივისცემა და კეთილგანწყობა მამოძრავებდა.
იმავე განწყობით თსუ-ში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებშიც მომიწია მონაწილეობა, განსაკუთრებით მარტის თვეში. ღადგანაც საკითხის აქტუალობა არ შემცირებულა, მიზანშეწონილად მიმაჩნია მკითხველ მოვუყვე, თუ რა ვნახე და მივაწოდო შემი დასკვნები აღნიშნულთან დაკავშირებით.
ვაღიარებ, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თსუ-ს რექტორად ცნობილი და ავტორიტეტული მეცნიერის, ვლადიმერ პაპავას გამწესებამ თსუ-ს გადარჩენის და რეალური საუნივერსიტეტო რეფორმის გატარების იმედი გამიჩინა. მაგრამ, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ისეთი გარემოცვა მიუჩინეს, რომ ხელის განძრევის და „სამართლიანობის აღდგენის" საშუალება არ მიეცა.
შედეგად, ვერც უნივერსიტეტიდან დათხოვილი ან ნებით წასული პროფესიონალების უკან დაბრუნება მოხერხდა (ძირითადად, ფუნდამენტური მიმართულებით მოღვაწე მეცნიერებს ვგულისხმობ), ვერც ფაკულტეტების აღდგენა და ვერც სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირება.
თუმცა, ფაქტია, რომ თსუ-მ მაინც მოახერხა საქართველოშიც და მთლიანად კავკასიის რეგიონში ლიდერობის შენარჩუნება, ხოლო, მსოფლიოს 24 000-მდე უნივერსიტეტის რეიტინგშიც (ე.წ. რანჟირების სისტემაში) შესამჩნევად დაწინაურდა (830-დან 734-ე ადგილზე გადმოინაცვლა), რაც უდავოდ მისასალმებელია და მომავლის მიმართაც ოპტიმიზმით განმაწყობს. სწორედ, ამიტომ, მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, თსუ-ში წესდება და აკადემიური საბჭოს შემადგენლობაა შესაცვლელი...
2016 წლის არჩევნების მოახლოებისთანვე, როგორც მოსალოდნელი იყო, „კოჰაბიტაციის" რეჟიმში მყოფი ნაცმოძრაობა გააქტიურდა და თსუ-ში პოზიციის გამყარება, პირველ ეტაპზე, კანცლერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატის გაყვანის გზით განიზრახა. თვითმმართველობის აქტივისტი, ეკონომისტი გიორგი გაფრინდაშვილი, რატომღაც იურიდიულმა ფაკულტეტმა წარადგინა, მაგრამ, როგორც ჩანს, მისმა მხარდამჭერებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ უნივერსიტეტს სრულად ვერ აკონტროლებდენენ და, თუ „რეფორმირებული" პროფესორების მხრიდან მათ კანდიდატს წინაღმდეგობა არ შეხვდებოდა, უნივერსიტეტში მოსული ახალი თაობა უსამართლობას იოლად ვერ შეეგუებოდა!..
მართლაც, რომ მეგონა უნივერსიტეტშიც სრული სამართლებრივი წვდიადი იყო გამეფებული და სტუდენტობა პროფესორებთან ერთად „თვლემდა" ლექციებზე, თურმე, „ნურას უკაცრავად!" და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდების ჯგუფს კონსტიტუციური დებულებებიც სცოდნია და უნივერსიტეტის წესდებაც ჰქონია წაკითხული. ამასთან, აქტიურადაც შეძლებია საკუთარი უფლებების დაცვა, რაც ძალადობაში მონაწილეთა მფარველობაში შემჩნეული პირის კანცლერის თანამდებობაზე წარდგენის გაპროტესტებისას გამოავლინეს. ყველასთვის მოულოდნელად, მათ გვერდით უნივერსიტეტის რექტორი დადგა და, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასი საქციელი ჩაიდინა, როდესაც აკადემიური საბჭოს წევრთა უმრავლესობის წინააღმდეგ წავიდა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელს (მითუმეტეს, იურისტების მიერ წარდგენილს...) ღიად არ დაუჭირა მხარი.
ცხადია, ნაციონალური მოძრაობისა და იურიდიულ ფაკულტეტის მესვეურები „ურჩი" რექტორის წინააღმდეგ დაირაზმნენ და, ჩვეულებისამებრ, სტუდენტური თვითმმართველობა ჩააყენეს ავანგარდში...
კანცლერის კანდიდატურის წინააღმდეგ სტუდენტების სადღეღამისო აქციის დაწყების თაობაზე მედიასაშულებებიდან შევიტყვე. როგორც კი მოვიცალე, 10 ცალად გავამრავლე თსუ-სთან, სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობასთან, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მიერ ყალბი დოკუმენტის გაცემასთან და სახელმწიფო სიმბოლიკასთან დაკავშირებული მასალები და კვირა საღამოს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მივედი. 115-ე აუდიტორიაში შეკრებულ სტუდენტებს (უმრავლესობა გოგონები იყვნენ) აქტიურობისთვის მადლობა გადავუხადე და მასალები გასაცნობად გადავეცი. გავიგე, რომ დილიდან პირველი კორპუსის წინ აპირებდნენ გადანაცვლებას და თვითმმართველობის მხრიდან ელოდებოდნენ ხელშეშლას.
მეორე დღეს მედიით შევიტყვე, რომ უნივერიტეტის წინ კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა. საქმეები გადავდე და პირველი საათისთვის მივედი, რომ ახალგაზრდებს შორის ძალისმიერი დაპირისპირება თავიდან ამერიდებია. დაპირისპირებულ ჯგუფებს ერთმანეთისგან პოლიციელების რიგი ყოფდათ. კიბეები „აუდიტორია 115"-ს მხარდამჭერებს ჰქონდათ დაკავებული, ხოლო თვითმმართველობის მიერ მობილიზებულები (ძირითადად, ვაჟები) ეზოში იყვნენ შეკრებილები და შენობაში შესვლას ცდილობდნენ. ზოგიერთებს რექტორის საწინაღმდეგო მოწოდებიანი ერთი და იმავე ზომის და აშკარად ერთი ხელით შესრულებული დიდი ფორმატის ქაღალდები ეჭირათ. როდესაც გავესაუბრე, აღმოჩნდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ რას აპროტესტებდნენ და რამდენიმემ ეს ე. წ. თვითნაკეთი ბანერი უპრობლემოდ გადმომცა (მაგ., არ იცოდნენ ვინ იყო გიორგი გაფრინდაშვილი ან რაში უშლიდა ხელს თსუ-ს რექტორი კანცლერის არჩევას).
როგორც კი შეძახილები "შევდივართ!" გავიგონე და აღმართული ხელებით ბიჭები პოლიციელების კორდონს მიუხლოვდნენ, „შტურმის" თავიდან ასაცილებლად, რაც იმ წამს მოვიფიქრე, ის მოვიმოქმედე. ვინაიდან, ზევით ასვლას ვერ მოვასწრებდი თვითმმათველობის წარმომადგენლებთან მივედი და მეგაფონი ვთხოვე. დავპირდი, რომ მათთვის გზის გახნას შევეცდებოდი.
მადლობა, შალვა საბაურს, რომ მეგაფონი დამითმო. ორივე მხარეს კორექტული ურთიერთობისა და დიალოგისკენ მოვუწოდე, შევთავაზე რექტორი და ადმინისტრაციის თანამშრომლები შენობაში შეეშვათ (დავინახე, რომ პაპავა თანმხლებ პირებთან ერთად იქვე იდგა), ამის შემდეგ, ორივე მხარეს შევთავაზე გაფრინდაშვილის მომხრეებისა და მოწინაღმდეგეებისთვის რიგრიგობით მიეცათ საკუთარი პოზიციის მეგაფონებით ჩამოყალიბების საშუალება.
ამასთან, ვურჩიე უნივერსიტეტის ინტერესებში, ჯერ სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით აერჩიათ ღირსეული კანცლერი, ხოლო, რექტორის საკითხი სამომავლოდ გადაედოთ. სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ რექტორის თანხლებმა ქალბატონმა მიკროფონი, ფაქტობრივად ხელიდან გამომგლიჯა...
სამწუხაროდ, არავინ დამიჯერა და დაძაბულობამ იმატა. იქვე გავიგონე, რომ თსუ-ს დაცვის თანამშრომლებმა რექტორს შენობაში უკანა კარიდან შესვლა შესთავაზეს, რის გამო მეორე ჯგუფთან, კიბის ზემო ნაწილში გადავინაცვლე. მინდობა მერჩია, რომ რექტორისთვის გზა გაეხსნათ (უხერხულია, რექტორს საკუთარ კაბინეტში არ უშვებდე...) მაგრამ, მას შემდეგ რაც თვითმმართველობის მხარეს დამინახეს, ვინღა მომისმენდა?!
პირველი კორპუსის წინ ვითარება მოულოდნელად განიმუხტა. როგორც კი რექტორი თანმხლებ პირებთან ერთად შენობის უკანა შესავლელისკენ გაემართა, მას თვითმმართველობის წევრებიც გაყვნენ. მას შემდეგ კი, რაც რექტორმა სამუშაო ოთახი დაიკავა, უნივერსიტეტის ეზო, ფაქტობრივად, დაცარიელდა და მეც დავტოვე იქაურობა.
მედიით გავიგე, რომ გაფრინდაშვილმა მოხსნა კანდიდატურა, რის გამოც მისმა მხარდამჭერებმა რექტორის გადადგომა მოითხოვეს. დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუხედავად იმისა, პირველ კორპუსში პოლიცია არავის უშვებდა, თვითმმართველობის წევრებთან ერთად საეჭვო პირებიც ახერხებდნენ შენობაში შეღწევას, ნიღბიანთა ჯგუფები უსწორდებოდნენ სტუდენტებს და რექტორის კაბინეტში შეჭრას ცდილობდნენ. „აუდიტორია 115-ის" წევრები დახმარებას ითხოვდნენ.
როგორც კი მოვახერხე, ისევ მივედი უნივერსიტეტში. დერეფანი სავსე იყო ახალგაზრდებით. მათი ნაწილი აგრესიულად იყო განწყობილი. როგორც ამიხსნეს, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ, რომელიც დიდი ხანია რექტორის გადადგომის საკითხზე მსჯელობდა. მისაღებში შესვლა მოვახერხე. შესვენებაზე გამოსული აკადემიური საბჭოს წევრები დაბნეულები და შეშინებულები ჩანდნენ. როგორც აღმოჩნდა, რექტორის გადადგომის მომხრეთა სიმცირის გამო (ზოგიერთი სხდომას ვერ დაესწრო) გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, მაგრამ სტუდენტების მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის შიშით ამის თქმას ღიად ვერ ბედავდნენ. შევთავაზე, როგორც ნეიტრალურ პირს მე გამეტანა ინფორმაცია, რაზედაც მისაღებში მყოფნი დამეთახმნენ. დერეფანში გამოვედი, ახალგაზრდებს მეგაფონი გამოვართვი და განვმარტე, რომ დღეს რექტორის გადადგომის საკითხი აღარ განიხილებოდა. ამასთან, შეკრებილებს მოვუწოდე მოქცეულიყვნენ ისე, როგორც ეს უნივერსიტეტს ეკადრება, ხოლო რექტორის მოწინააღმდეგეებს ვთხოვე პროტესტი კანონიერი ფორმით გამოეხატათ, რისთვისაც ან აუდიტორიაში უნდა შესულიყვნენ (რექტორის კაბინეტის მეზობლად, ან თუნდაც 115-ეში) ან ეზოში გადაენაცვლათ.
ვინაიდან თვითმართველობის წევრებმა დერეფანში დარჩენა გადაწყვიტეს (შესაბამისად, არც „აუდიტორია 115-ის" წევრები დაიშალენ) და ვითარება კვლავ დაძაბული რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რექტორის კაბინეტის წინ საკმარისზე მეტი სამართალდამცავი (დაცვის თანამშრომელი და პოლიციელი) იმყოფებოდა და ვითარება თითქოს კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა, მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე რექტორის მისაღებში დარჩენა, რომ 8 საათი მოახლოვდა (რეიტინგული სატელევიზიო არხებით საინფორმაციო გადაცემების დაწყების დრო...) და პროვოკაცია არ იყო გამორიცხული...
მართლაც, ცოტა ხანში, როგორც კი დერეფანში ხმაური და შეძახილები გაისმა, რექტორის მისაღებში მყოფები შემოსასვლელის გასამაგრებლად „დავრაზმე", ხოლო, როგორც კი გარედან კარებს მოაწვნენ და ხელების ბრახუნი დაიწყეს, ადმინისტრაციას ვურჩიე 112-ში დაერეკათ.
არანაკლებ 5 წუთის განმავლობაში, პირთა ჯგუფი ცდილობდა კარების შემომტვრევას (ბლაგვი საგნით კარებზე დარტყმის ხმებიც გვესმოდა), მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ფაქტია, როდესაც ახალგაზრდებმა „აკადემიკოსებს" ძალით ვერ აჯობეს, როგორც ჩანს, „სამართალდამცავებს" მოუწიათ მოვალეობის შესრულება (სხვათა შორის, როდესაც თვითმმართველობის „აქტივისტები" უნივერსიტეტის ლექტორს თავს დაესხნენ, საპატრულო პოლიციის მანქანა ათიოდე მეტრში იდგა...).
როდესაც მისაღებიდან გამოვედი, შევეცადე „შტურმის" მონაწილეებისთვის ამეხსნა, რომ მათი მოქმედება არა მარტო მორალურ, არამედ უკვე სამართლებრივ ჩარჩოებს სცდებოდა. ვთხოვე პროტესტი ცივილიზებული ფორმით გამოეხატათ და აუდიტორიაში შესულიყვნენ. ამის შემდეგ, ვინაიდან პირველი კორპუსი პოლიციის მიერ იყო ბლოკირებული და შენობაში საკმარისზე მეტი სამართალდამცავი იმყოფებოდა, უნივერსიტეტი დავტოვე.
დილით „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ცნობა, რომ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს... თავი ვალდებულად ჩავთვალე, უნივერსიტეტში მივსულიყავი. აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია მცდარი („დეზინფორმაცია") იყო... რექტორი 115-ე აუდიტორიაში სტუდენტებს ხვდებოდა, ხოლო თვითმმართველობის მხარდამჭერები დერეფანში შევნიშნე. მათთან მივედი და როდესაც აუდიტორიაში შესვლაზე უარი განაცხადეს, ავუხსენი თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა თვითნებობას და ძალადობას. შევახსენე, რომ ხუბუას რექტორობისას მის კაბინეტში უნებართვოდ შესული პროფესორები სასამართლომ ხულიგნობისთვის გაასამართლა და ვთხოვე, რომ, თუ უნივერსიტეტის ინტერესები ამოძრავებდათ, არ დამსგავსებოდნენ სააკაშვილის დროინდელ „ზონდერ-აქტივისტებს"..
მიუხედავად ამისა, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა ნაწილი მისაღებში შეიჭრა, ხოლო, დანარჩენებმა შესავლელი კარის ბლოკირება მოახდინეს. თსუ-ს დაცვის თანამშრომლებმა და პოლიციელებმა მარჯვენა დერეფანში შესასვლელი მხოლოდ ამის შემდეგ გადაკეტეს, რექტორის მისაღების წინ რამოდენიმე რიგად განთავსდნენ. შთაბეჭდილება დამრჩა, ოთახში უნებართვოდ მყოფთა უსაფრთხოებას იცავდნენ...
ვითარებაში გასარკვევად „ოკუპანტებთან" დალაპარაკება გადავწყვიტე. სამართალდამცავებმა უპრობლემოდ გამატარეს (როგორც ჩანს, აკადემიური საბჭოს წევრი ვეგონე, ვინიდან წინა დღეს ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ ამ სტატუსით მომიხსენია...), მაგრამ თვითმმართველობის აქტივისტებმა მათ ლიდერებთან თავიდან არ შემიშვეს, ხოლო, მას შემდეგ, რაც ვინაობის დასახელება, თვითნებობის აღკვეთა და ოთახში შეშვება კატეგორიულად მივითხოვე, ზურგი მომიშვირეს და კანონით გვაქვს „დაუმორჩილებლობის უფლებაო" გამომიცხადეს... მხოლოდ მაშინ შემიშვეს, რაც ჟურნალისტებიც წამომეშველნენ და შიგნით მყოფთაგანაც ნებართვა მიიღეს.
აკადემიური საბჭოს წევრთა სავარძლებში მსხდომ ახალგაზრდებს მათი ქმედების სამართლებრივი მხარე განვუმარტე. Kკანონის ფარგლებში მოქმედების თაობაზე ჩემი რჩევების უგულვებელყოფა ვუსაყვედურე და ვთხოვე, რომელიმე აუდიტორიაში ან უნივერსიტეტის ეზოში გამოეხატათ საკუთარი პროტესტი. ამასთან, განვუმარტე, რომ გაცილებით გონივრულად მიმაჩნდა, ახალი კანცლერის არჩევის შემდეგ, სტუდენტებს აკადემიური საბჭოს რეფორმირებაზე ეზრუნათ, ხოლო რექტორის საკითხი სამომავლოდ გადაედოთ, ვინაიდან უნივერსიტეტში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებას კოლეგიურ ორგანო იღებს და არა ერთპიროვნულად რექტორი. ამ დროს ოთახში თსუ-ს თანამშრომლები შემოვიდნენ და „პროტესტანტებს" რექტორთან მოლაპარაკების გამართვა შესთავაზეს. ოთახი დავტოვე და უკვე მედიით მივადევნე თვალი თსუ-ში მიმდინარე მოვლენებს.
ყოველივე ზემოღნიშულიდან გამომდინარე, საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ 13 მარტს უნივერსიტეტში იმ სტუდენტებთან მივედი, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ. სხვათა შორის, სხვა უნივერსიტეტებიდანაც იყვნენ მოსული პროფესორები, თუმცა, თსუ იურიდიულ ფაკულტეტის თანამშრომლებიდან ვერავინ შევიცანი. მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჩემი უნივერსიტეტის ღირსებას და ინტერესებს ვიცავდი. ორივე მხარესთან გასაუბრებას და მათ მორიგებას ვცდილობდი. შთბეჭდილება დამრჩა, თუ სტუდენტთა ერთი ჯგუფი, თვითორგანიზაციის პრინციპით მოქმედებდა, ვითარებას აანალიზებდა, ერთმანეთს ეთათბირებოდა და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებდა, მეორე აშკარად გარედან იმართებოდა, ვინაიდან, არავის მოსმენა არ სურდა, არც აუდიტორიაში შესვლას თანმხდებოდა და მიზნად მხოლოდ რექტორის დაუყოვნებლივი გადადგომა ჰქონდა დასახული. სტუდენტებს მოვუწოდებდი, პირველ რიგში, ცოდნის თეთრი ტაძრისთვის ეცათ პატივი და პროტესტი კანონით დაშვებული ფორმით გამოეხატათ. ამასთან, ვურჩევდი ჯერ ღირსეული კანცლერი აერჩიათ საყოველთაოდ აღიარებული „სამართლიანი კონკურენციის პრინციპების" დაცვით, შემდეგ ერთობლივად ეზრუნათ თსუ-ს წედებისა და აკადემიური საბჭოს შესაცვლელად, ხოლო რექტორის საკითხი სამომავლოდ გადაედოთ.
ხაზს ვუსვამ, რომ 13-15 მარტს თსუ-ში პირველი ქართული უნივერსიტეტის სიყვარულმა, და არა მისი რექტორის გამოქომაგების სურვილმა მიმიყვანა.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ვალადიმერ პაპავას მიმართ დასაბუთებული პრეტენზიები მაქვს (თუნდაც ის, რომ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მიერ დოკუმენტის გაყალბებაზე რეაგირების მოთხოვნით შეტანილ რამდენიმე განცხადებაზე მისგან პასუხი ვერ მივიღე და შეხვედრის სურვილიც არ გამოუთქვამს), სტუდენტთა ერთი ჯფუფის მიერ შიმშილობის დაწყებისთანავე რექტორის თანამდებობიდან მისი გადადგომა გაუმართლებლად მიმაჩნია. მართალია, პაპავამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, მაგრამ მაღალი ალბათობით შეიძლება დასაბუთება, რომ თსუ-ს რექტორზე გარედან მოხდა ზემოქმედება...
დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტში ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები მოახლოებულმა საპარლამენტო არჩევნებმა განაპირობა. დღევანდელ ხელისუფლებასაც და მის ე.წ. ოპოზიციასაც თსუ-ს რექტორის თანამდებობაზეც და აკადემიურ საბჭოშიც ერთგული პირები სჭირდებათ. მე კი მხოლოდ აღიარებულ მეცნიერებს, პოლიტიკური ამბიციებისგან სრულიად თავისუფალ და სხვებისგან დამოუკიდებელ პიროვნებებს ვისურვედი.
აქედან გამომდინარე, მეც ვუერთდები ახალი თაობის უნივერსიტეტელების მოწოდებას: „ავტონომია უნივერსიტეტს!". ამასთან, პოლიტიკური გაერთიანებების მესვეურებს ვთხოვ ნუ ჩაერევიან თსუ-ს შიდა საქმეებში, ხოლო პროფესორებს ვურჩევ, მიბაძონ სტუდენტებს, არ მოექცნენ პოლიტიკოსთა გავლენის ქვეშ, ღირსება აღიდგინონ, თავისუფლების ხიბლი სრულად შეიგრძნონ, ხმის მიცემისას მხოლოდ საკუთარი ნება გამოხატონ და პირველი ქართული უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლადაც და რექტორადაც ყოველმხივ ღირსეული პიროვნება აირჩიონ!
ავთანდილ კახნიაშვილი
სამართლის დოქტორი,
თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
16 აპრილი 2016 წელი