მიხეილ ჯიბუტი: თბილისი-რუსთავის გზის 18 კილომეტრი: ტესტი ხელისუფლების უნარსა და კორუმპირებულებაზე
(26 სექტემბერს რუსთავში ბიძინა ივანიშვილის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის კვალდაკვალ)
ერთმა ჩემმა ჩოხატაურელმა მეგობარმა 27 სექტემბერს (ძვ. სტილით 14 სექტემბერს) ჯვართამაღლების დღესასწაული მომილოცა, თან გურული ენაკვიმატობით მკითხა: „შენი უკან მიდევნებული ლამპარივით რეპორტაჟი რუსთავიდან რატომ არ გამოაქვეყნეო“. კი გამეცინა (თან შევაქე: „სულხან-საბა წაკითხული გქონია მეთქი“), მაგრამ ავუხსენი, რომ ჩემი მიზანი სწორედ საწინააღმდეგოა - რადგანაც, საქმე გვაქვს არა ერთჯერად მოვლენასთან, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრების ანალიზი მომდევნო შეხვედრისთვის უკან მიდევნებული კი არა, წინ წამძღვარებული ლამპარია. თუმცა, თუ ლამპარი შეუნიშნავი დარჩა მის მდებარეობას იმ მომენტისათვის აზრი არ აქვს.
რუსთავში ბიძინა ივანიშვილმა ყველა კითხვას გასცა ტრაფარეტული პასუხი, რომლის შინაარსი აგებული იყო მოდელზე: „კონკრეტულად საკითხზე ინფორმაცია არ მაქვს - კვირიკაშვილს ვენდობი - მომავალ ოთხ წელიწადში გადაწყდება“.
პასუხგაუცემელი კითხვები შეეხებოდა შემდეგ პრობლემებს:
- წალკაში გზის მშენებლობას და ბუნებრივ აირის მიწოდებას;
- თავშესაფრის საკითხს რუსთავში;
- ასევე, რუსთავში საბავშვო ბაღებში ადგილების ნაკლებობას კონტიგენტთან შედარებით - კონკრეტულად, 1200 ბავშვის საბავშვო ბაღის გარეთ დარჩენას:
- თეთრიწყაროში საავადმყოფოს არარსებობას;
- მარნეული-რუსთავის პირდაპირი გზის მშენებლობას;
- ბოლნისის ტურისტული პოტენციალის გაზრდას...
- თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობას...
„ქართული ოცნების“ ოთხწლიან მოღვაწეობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მსჯელობა შემდეგნაირად იყო კონსტრუირებული: „ოთხ წელიწადში ყველაფერს ვერ გავწვდებოდით. მოლოდინი იყო გადაჭარბებული. თუმცა, დარჩენილი პრობლემები მომავალ ოთხ წელიწადში გადაიჭრება“.
ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო „ქართული ოცნების“ „რასკრუტკაზე“ (ანუ მის წამოჩენაზე) და ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე.
ეკონომიკური ფორუმის გამოძახილი გახლდათ მსჯელობა ბიზნესმენებზე, რომელთაც ბიძინა ივანიშვილმა შეახსენა „წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ისტორია“ და თან ცოტა უსაყვედურა კიდეც: „2012 წელს ხომ არ მიკითხავს სად იყავით, როგორ იყავითო“?
ექს-პრემიერის ეს კითხვა ლეგიტიმურია, თუმცა იგივე კითხვა მის მიმართაც ისმის: თუ წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შეიცავს „რაღაცას დაფარულსა და ნეგატიურს“ - ეს მაშტაბებიდან გამომდინარე პირველ რიგში მის მიმართ უნდა დაისვას. მას წინა ხელისუფლებასთან თავისი ისტორია აქვს არა მარტო მისი ხელისუფლებაში მოსვლამდე, არამედ, 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებისა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ე.წ. “კოჰაბიტაციის“ ფარგლებში.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ ოკუპაციის ზოლთან სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მსენებლობის შესახებ თხრობის დროს გაჟღერებული ინფორმაცია ანაკლიის პორტის თავისუფალი ეკონომიკური ზონის პრინციპით მოწყობის შესახებ.
ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის, რამეთუ, ხელისუფლებას ოფიციალურად ის ჯერ არ გაუჟღერებია. თუ ეს თავისუფალი ეკონომიკური ზონა მომავალში შეიქმნა, ის კიდევ ერთი დადასტურება იქნება ბიძინა ივანიშვილის სახელისუფლებო ინსაიდერულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და/ან ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მაშტაბურობის თვალსაზრისით.
ამიტომ, კიდევ ვიმეორებ: არც ერთი სიტყვა არ უნდა დარჩეს ანალიტიკოსებს ყურადღების გარეშე. ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს არც მისი ლიტერატურული ლაფსუსი და არც ეკონომიკური პოზიცია.
ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე გამოთქვა აზრი, რომ „ნავთობის გაიაფებამ ჩვენ ეკონომიკაზე დარტყმა მოახდინა“. ფილოსოფიურად, დროის ხანგრძლივი პერიოდისათვის, შეიძლება ეს სწორი იყოს: თუ შენი მეზობლის სახლი იწვის, შენთვის ეს კარგი არ იქნება ზოგადად, მაგრამ, თუ ამ ხანძარმა იმ დროს მოგისწრო, რომ შენ სიცივისგან სული გძვრებოდა და გაგათბო, მაშინ ეს სხვა საქმეა!
ეს უკანასკნელი შემთხვევა ჰქონდა საქართველოს ბოლო სამი წლის განმავლობაში. ქვეყანამ, როგორც ენრგომატარებლებისა და სურსათის იმპორტზე დამოკიდებულმა ამ წლებში, ექსპერტთა შეფასებით, გადაიხადა ყოველწლიურად ნახევარი მილიარდიდან ერთ მილიარდ აშშ დოლარით ნაკლები, ვიდრე სხვა შემთხვევაში.
ბიძინა ივანიშვილმა რუსთავშიც გაუსვა ხაზი, რომ „ეკონომიკური ზრდით საქართველო რეგიონში არის ლიდერი“.
საინტერესოა, „რეგიონში“ რომელი ქვეყნები იგულისხმება?! თუ ეს არის კავკასიის რეგიონი, მაშინ მასში შედის საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ხოლო, თუ ეს არის რეგიონი ე.წ. „ამიერკავკასიის“ სახით გაგებული, მაშინ მასში შედის საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
არ სახელდება, თუ რა მოგვცა ამ ზრდაში ლიდერობამ კონკრეტული შედეგის სახით.
აზერბაიჯანი მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების მოცულობით მსოფლიოში 67-ე ადგილზეა, საქართველო 116-ზე და სომხეთი 132-ზე (2015წ. მონაცემებით). ე წ. „საერთაშორისო დოლარებით“ მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ს მიხედვით ამ ქვეყნებს შესაბამისად უჭირავთ მსოფლიოში 65-ე (17993 ერთეული), 104-ე (9630 ერთეული) და 108-ე (8468 ერთეული) პოზიციები. აშშ დოლარებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით (2015წ.) ამ ქვენებში შემდეგი მდგომარეობაა: აზერბაიჯანი - მე-80 პოზიცია (5739), საქართველო -116-ე პოზიცია (3788), სომხეთი 117-ე პოზიცია (3534). ნათქვამიდან შეიძლება სხვადასხვა დასკვნების გაკეთება, მაგრამ როდესაც გინდა შენი ქვეყნის მდგომარეობის დიაგნოსტიკა, შედარებითი ციფრები მეორეხარისხოვანია. მარტივად თუ ვიტყვით, არაფერს გვაძლევს იმის თქმა, რომ ერთი კაცის ტემპერატურა მეორისაზე რამდენით მეტი ან ნაკლებია, რადგან იგი კონკრეტული ადამიანის მდგომარეობის გარკვევის საშუალებას არ იძლევა...
დიახ, საკუთარი თავი საკუთარს უნდა შეადარო, რომ გაიგო ვითარდები თუ არა!
მთავარი პრეტენზია ხელისუფლების კომპეტენტურობასთანაა: საქმე იმაშია, რომ ზრდის ის ტემპი, რაც საქართველოში დაფიქსირდა, ბოლო წლებში არ ემთხვევა ხელისუფლების პროგნოზებს და პროგნოზირებულ სიდიდეებზე ნაკლებია.
რატომ ვერ ახდენს სწორ პროგნოზირებას ერთი წლის მანძილზე მაინც? რატომ გეგმავ იმდენს, რაც იცი, რომ არ განხორციელდება?!
ეს არაპროფესიონალებისთვის შეიძლება უწყინარი კითხვაა, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
როცა ხელისუფლებამ რუსთავი-თბილისის გზის მშენებლობა რომ დაგეგმა და დაიწყო მისი განხორციელება ხელისუფლებამ, რატომ ჭიანურდება მისი ბოლომდე მიყვანა? ორი ვარიანტია: ან არაკომპეტენტურად დაგეგმა და ხარჯები და შემოსავლები ვერ დააბალანსა, ან/და უარესი: ხელისუფლებამ ვერ მოძებნა „თავისი“ მშენებელი. ისე ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ ვერ მოძებნა თავისი ფავორიტი მშენებლები, არამედ, თავისიანები იმდენი აღმოჩნდა, რომ ვერ დაალაგეს, თუ ვისთვის მიეცათ უპირატესობა!
დიახ, რუსთავის გზა მაჩვენებელია ხელისუფლების ეფექტიანობის, ხოლო, მისი დამამთავრებელი ტენდერი კარგი ტესტი იქნება ხელისუფლებაში „ელიტური კორუფციის“ არსებობა-არარსებობის გასარკვევად!
ხელისუფლების მიერ პროგნოზირების შესაძლებლობებთან დაკავშირებით ველოდი, რომ იქნებოდა კითხვა საყდრისის ტრაგედიასთან დაკავშირებით.
თითქოს ამისთვის ყველაფერი არსებობდა: რამდინემეჯერ ახსენეს ექს-პრემიერი ღარიბაშვილი, იყო დარბაზში ბოლნისის წარმომადგენლები და კითხვებზე პასუხს სცემდა ბიძინა ივანიშვილი.
კითხვა არა იმის შესახებ რა იყო საყდრისი და რა მნიშვნელობის ძეგლი აფეთქდა, არამედ იმის შესახებ, თუ რა ეკონომიკური შედეგი მიიღო ქვეყანამ, კონკრეტულად ბოლნისმა საყდრისის აფეთქებით და მიმდინარეობს თუ არა საყდრისის ტერიტორიაზე სამუშაოები? საყდრისის აფეთქებას ჰქონდა ერთჯერადი შედეგი და რას წარმოადგენდა ეს თანხობრივად, თუ მას აქვს განგრძობითი ხასიათი და მისგან დღესაც მიიღება სარგებელი?
ხელისუფლებამ ხომ საყდრისის აფეთქების მხარდაჭერა თავის დროზე ახსნა იმით, რომ ეს საჭირო იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის და პირველ რიგში, ბოლნისის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისათვის.
იყო ერთი თემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა წამოჭრა დღევანდელ პოლიტ-ეკონომიურ კონტექსტში და რომელიც საზოგადოებრის ყურადღებას იმსახურებს: ეს არის პატრიოტიზმის თემა. ამის შესახებ დაწვრილებით მომავალში გვექნება საუბარი.