როგორ მოისყიდა და როგორ „დაიმონა“ ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ინტელიგენცია?!
ძალიან ბევრი ვიფიქრე, რა შეიძლებოდა შემერჩია სიტყვა „დამონების“ შესატყვისად, მაგრამ, ვერაფერი მოვარგე. ვერც „მოაყომარა“, ვერც „დააჩოქა“, ვერც „გააბრუა“, ზუსტად ვერ გამოხატავს იმ შინაარსს, რასაც მე ამ სტატიაში მოვიაზრებ. ფაქტი ერთია: თანამედროვე ქართველი ინტელიგენცია რეამინირებულია და მისი სასუნთქი ბალიში ერთ ადამიანს უჭირავს ხელში!
თუმცა, სიტყვა „დამონება“ ამ შემთხვევაში პირობითია - მათ მიმართ ძალა არავის გამოუყენებია, ისინი თვითონვე დანებდნენ, უფრო სწორად, ფულზე გაიყიდნენ და ეს ყველაფერი ქველმოქმედების შარავანდედით შეიმოსა...
ლეგენდები დადის ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, როგორც სწორუპოვარ ქველმოქმედზე. უდავოა, რომ მის სახელს ძალიან ბევრი კეთილი საქმე უკავშირდება საქართველოში. მასზე, როგორც უჩინარ (განდიდების მანიით არშეპყრობილ) მეცენატზე გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ძალიან ბევრს საუბრობდნენ...
ივანიშვილის სახელმა განსაკუთრებული ბრწყინვალება სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის პროცესში შეიძინა. ასევე მის სახელს უკავშირდება არაერთი კულტურული ძეგლისა და ეკლესია-მონასტრის აღდგენა-რესტავრაცია. თუმცა, განსაკუთრებული ხელწერა მაინც მშობლიურ ჭორვილას დაატყო, რომელიც ევროპული დონის საცხოვრისად აქცია...
მოგვიანებით კი იმაზეც დაიწყეს საუბარი, რომ ქართველმა მილიარდერმა ათასობით ინტელიგენტი „სიკვდილს“ გადაარჩინა.
დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველოში ქართველ ინტელიგენციას რომ გაუჭირდა, ფაქტია, თუმცა, არა ყველას - იყვნენ ინტელიგენტები, ხელისუფლების მიერ ჩაწიხლულები და იყვნენ მუდმივად პრივილეგირებულები, ანუ ყველა დროის წარმატებულები, რომლებსაც ჩვეულებრივი ინტელიგენციისგან განსხვავებით პურის ფულის პრობლემა ნამდვილად არ ჰქონიათ!
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბიძინა ივანიშვილმა შეფობა აიღო ქართველ ინტელიგენციაზე (აქ ძირითადად დედაქალაქის „ნაღები“ საზოგადოება იგულისხმება) და ყოველთვიური სტიპენდიის სახით ზოგს მეტს, ზოგს ნაკლებს უხდიდა (და დღესაც უხდის)!
ოფიციალურად ქველმოქმედება შემდეგნაირად განიმარტება: ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური დახმარება, რომელიც უანგაროდ გაეწევა იმ პირს, ვინც საჭიროებს დახმარებას, ან ნებისმიერ პირს, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.
დიახ, ქველმოქმედება ღვთიური საქმეა, მითუმეტეს, თუ იგი ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი პრობლემის გადაწყვეტას ემსახურება, მაგრამ, ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვის ნიშნები, რომელზე პასუხიც ნათლად წარმოაჩენს დღევანდელი ქართველი ინტელიგენციის მდგომარეობას, ანუ, იმას, თუ რატომაა „საზოგადოების ნაღები“ ხან პირში წყალჩაგუბებული, ხან კი უაზროდ და არაობიექტურად „ხმალშემართული“?!
ციდრე ამ კითხვაზე პასუხს გავცემდე, უპრიანია აღვნიშნო ერთი გარემოება: ივანიშვილის მიერ დასაჩუქრებულებში ნახევარზე გაცილებით მეტი თუ განცხრომაში არ ცხოვრობს და მილიონებს არ ეთამაშება, ყოველ შემთხვევაში დახმარებას ნამდვილად არ საჭიროებს (სახელებისა და გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის!). არადა, დახმარებას მაინც სიამოვნებით იღებს.
ადამიანის ხარბი ბუნებიდან გამომდინარე, „ზედმეტი ფული“ ალბათ არ არსებობს, მაგრამ, არსებობს ფულის შოვნის წესიერი და არაწესიერი გზა.
დრომ დაადასტურა, რომ ქართველი ინტელიგენციის უმრავლესობა ივანიშვილისგან ფულს იმიტომ იღებს, რომ ყველაფერზე (მათ შორის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებზე) თვალი დახუჭოს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში თავისი მამა და მარჩენალი ხმალამოღებულმა დაიცვას, თუნდაც ამისთვის ობიექტური წინაპირობები არ არსებობდეს!!!
დასკვნა მარტივია: ქართველი ინტელიგენცია, ანუ ერის „გონიერი“ ნაწილი, ფულზე გაყიდულია _ ის არაფერს ხედავს, არაფერი ესმის!
ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ერს ავტორიტეტები არ ჰყავდეს და მათი სიბრძნით გაჟღენთილი და სამართლიანი ხმა არ ისმოდეს!
ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ქართველ მეცნიერებს არავინ არაფერს ეკითხებოდეს!
ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ქართული კულტურისა და ხელოვნების აღიარებული მოღვაწეების ომახიანი შეძახილები ქვეყანაში არ ისმოდეს - პირიქით, ისინი თავიანთი აგრესიული, ცინიკური თუ არაადექვატური განცხადებებით უფრო და უფრო დაშორდნენ საზოგადოებას!
ეს იმას ნიშნავს, რომ ერს გონი შეგნებულად გამოაცალეს! ...და ყოველივე ამის შემდეგ გვიკვირს, რატომ არის ქვეყანაში ყველაფერი ცუდად, რატომ ვერ გამოვდივართ იმ მოჯადოებული წრიდან, სადაც ჩვენი უნიათობით და ჩვენივე მარიონეტი თანამემამულეების ძალისხმევით აღმოვჩნდით. რატომ გახდა საქართველო მარგინალიზებული პოლიტიკოსების საჯირითო მოედანი?!
ღმერთმა შეუწიროს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ის კეთილი საქმეები, რომელიც მან საქართველოს საკეთილდღეოდ გააკეთა, მაგრამ, ქართველ ინტელიგენციასთან მიმართებაში მისი ქველმოქმედება უანგარო ნამდვილად არ ყოფილა: ჯერ ერთი, ისეთ ადამიანებს დაენიშნათ სტიპენდიები, რომლებიც მისგან დახმარებას არ საჭიროებდნენ, მეორეც, ეს „დახმარება“ წინასწარ განზრახული მოტივაციის ხასიათს ატარებს და იგი არც მეტი, არც ნაკლები - ქართველი ინტელიგენციის მოსყიდვას, პოლიტიკურ პროცესებში მათ თამაშგარე მდგომარეობაში ჩაყენებას ემსახურება.
აბა დამისახელეთ ქართველი ავტორიტეტებიდან (აღიარებული ინტელიგენტებიდან) რომელი ერთი აფასებს ობიექტურად ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებს, რომელმა საზოგადო მოღვაწემ, ან თვალსაჩინო მეცნიერმა გამოხატა ოფიციალური პროტესტი თუნდაც ქართული მიწის ხელაღებით გასხვისების, ან სხვა ანტიქართული ინიციატივების წინააღმდეგ?!
არც ერთმა. მიზეზი მარტივია: ისინი მოსყიდულები (დავალებულები), ანუ, „დამონებულები“ არიან და მონობის უღლიდან თავს საკუთარი ძალებით და საკუთარი სურვილით ვერც დაიხსნიან.
ეს მწარე სიმართლეა. სხვა საკითხია, ვის მოეწონება და ვის არა.
ერს, რომლის ინტელიგენცია გაყიდული და „დამონებულია“, წუმპედან ამოსვლა მანამდე გაუჭირდება, სანამ მას (ერის გონიერ ნაწილს) მონობის კლანჭებიდან არ იხსნის!..
ჯანსაღი ყლორტი ჯანსაღი ფესვიდან აღმოცენდება: ასეა თაობათა ცვლის შემთხვევაშიც - მომავალი თაობა ყოველთვის წინამორბედისგან იღებს მაგალითებს. დღევანდელი ინტელიგენციის მაგალითზე კი ვეჭვობ, რომ ჯანსაღი მემკვიდრეობა მივიღოთ.
სად არის გამოსავალი?
გამოსავალი ინტელიგენციისთვის გემრიელად „შემოლაწუნებაში“ და მათი „მონობის“ კლანჭებიდან დახსნაშია. ვეცადოთ ყოველ შემთხვევაში!
აი რას ამბობდა თავის დროზე ჯავაჰარლალ ნერუ: „არ არსებობს უფრო დიდი მტერი საკუთარი ხალხისა, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენციაა“. მე კი დავამატებ: კოლონიზატორის მიერ დაპურებული ინტელიგენციაა...
ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება კოლონიზატორი!
ზაურ ნაჭყებია,
პუბლიცისტი, „სამოქალაქო ინიციატივის ჯგუფის“ წევრი