რატომ დაეცა მკვეთრად ცხოვრების დონე საქართველოში?!
წერილი მესამე
ვაგრძელებთ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნოდარ ჭითანავას ობიექტური ანალიზის _ „ეკონომიკური ზიგზაგები და პასუხგაუცემელი კითხვები“ გამოქვეყნებას.
ამჯერად გთავაზობთ მესამე წერილს „რატომ დაეცა ცხოვრების დონე მკვეთრად საქართველოში?!“
განვლილ პერიოდში მკვეთრად დაეცა ცხოვრების დონე.
დაბალია საარსებო მინიმუმი. 2016 წლის დეკემბერში იგი შეადგენდა 161,6 ლარს, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი _ 143,1 ლარს, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 271,7 ლარს.
2017 წელს განახლდა სამომხმარებლო კალათა. იგი შედგება 305 სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურებისგან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ შესაბამისი ხვედრითი წონა.
აღსანიშნავია, რომ 2004 წლიდან „საქსტატი“ საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს განსაზღვრავს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც დამტკიცდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2003 წლის 8 მაისის (#111/5) ბრძანებით. ამ დოკუმენტის მიხედვით, ახალი ნორმები დადგინდა ადრე არსებული ნორმების მკვეთრი შემცირებით. მაგალითად, ხორცის მოხმარება დღე-ღამეში განისაზღვრა 80 გრამით, როცა რაციონალური ნორმით 200 გრამია.
ამრიგად, საარსებო მინიმუმის სიდიდე არ შეესაბამება არსებულ რეალობას და მნიშვნელოვნად ნაკლებია ნორმატივებით განსაზღვრულ მაჩვენებლებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამჟამად მოქმედი წესი სამომხმარებლო კალათის განსაზღვრისა ექსტრემალურ პირობებზეა გათვლილი, ამიტომ იგი შეცვლას საჭიროებს. მომავალში მას საფუძვლად უნდა დაედოს მეცნიერულად დასაბუთებული ნორმები, მით უმეტეს, როცა საარსებო მინიმუმის დონის მიმართ განისაზღვრება სიღარიბის ზღვარიც. იგი 1994 წელს შეადგენდა 80%-ს, 1997 წელს _ 44,2%-ს, 2000 წელს _ 51,8%-ს, 2003 წელს _ 54,5%-ს, 2004 წელს _ 52%-ს. 2004 წლიდან ქვეყანაში საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკა შეიცვალა. თუ ადრე იგი იანგარიშებოდა ნორმატიული სტატისტიკური მეთოდით და ემყარებოდა 2500 კ/კალორიის სასურსათო კალათისა და მინიმალურ არასასურსათო ხარჯებს. ამჟამად იანგარიშება სტატისტიკური მეთოდით, რომელიც ემყარება მოსახლეობის ყველაზე უქონელი 10%-ის ფაქტობრივ მინიმალურ მოხმარებას. ასეთმა მიდგომამ ადრინდელი მაჩვენებლის (ოფიციალურად დაფიქსირებულის) შეცვლა გამოიწვია. თუ 2000 წელს საარსებო მინიმუმი შეადგენდა 127,9 ლარს, 2004 წლისთვის (ახალი მეთოდიკით) იგი შეიცვალა 84,3 ლარით, შესაბამისად, სიღარიბის დონე 2004 წელს დაფიქსირებული 52%-ის ნაცვლად, შეიცვალა 35,7%-ით, ხოლო 2005 წლისა _ 39,4%. ეს მაშინ, როცა ადრინდელი მეთოდიკით იგი 2005 წელს შეადგენდა 57,7%-ს.
фао-ს მონაცემებით (2012 წ.) ევრაზიის რეგიონში საქართველოს, ყირგიზეთს და ტაჯიკეთს ჰქონდათ სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი _ 18%, 5 და 6%.
ექსპერტთა აზრით (ს. არჩვაძე) საზოგადოების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის 25% თავისი კეთილდღეობით უსწრებს 1980-იანი წლების ქართული საზოგადოების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის მეოთხედს. დანარჩენი მოსახლეობის (75%) კეთილდღეობა, მატერიალური და არამატერიალური დოვლათით უზრუნველყოფის დონე თითქმის სამჯერ ჩამორჩება იმ პერიოდისას.
ნიშანდობლივია, რომ მთლიანი შემოსავლების მიხედვით 2015 წელს ჯინის კოეფიციენტმა შეადგინა 0,42, რაც შემოსავლების განაწილებაში უთანასწორობის მაღალი მაჩვენებელია.
თუ 1988 წელს დეცილური ჯგუფების მიხედვით თანაფარდობა შეადგენდა 4,5-ს, 2010 წელს ამ მაჩვენებელმა შეადგინა 17, რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია პოსტსაბჭოთა სივრცეში.
აღსანიშნავია, რომ фао-ს მონაცემებით (2012 წ.) ჯინის კოეფიციენტი ევრაზიის რეგიონში შეადგენდა 30%-ს, სომხეთში _ 31,1%-ს, აზერბაიჯანში _ 33,7%-ს, რუსეთში _ 40,1%-ს, ბელარუსში _ 26,5%.
მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე მიუთითებს უძრავი ქონების ბაზარზე შექმნილი სიტუაციაც. მხედველობაში გვაქვს ქონების გადანაწილების პროცესი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მევახშეობის განვითარებას, და მის განსაკუთრებულ როლს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გაღატაკებაში. მევახშეობა _ გლობალიზაციის თანმდევი სოციალური მოვლენა ბიზნესის ერთ-ერთ სახედ ჩამოყალიბდა საქართველოში, იგი საშიშ ხასიათს იძენს.
ცხოვრების დონის შეფასებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ ტენდენცია, რომელიც გარდამავალ პერიოდში გამოიკვეთა, როგორც უარყოფითი მოვლენა. ქართველი ექსპერტის, იოსებ არჩვაძის აზრით, 2007 წლისათვის საქართველოში ადრინდელ საშუალო კლასს დაახლოებით 1,5 მლნ კაცი გამოეთიშა, რომელთა 30% ქვეყნიდან გავიდა, ძველი სტატუსი შეინარჩუნა 10%-მა, გამდიდრდა 5-6 პროცენტამდე, დანარჩენებმა კი ღარიბთა რიგები შეავსეს (საშუალო ფენის პრობლემას ქვემოთ განვიხილავთ).
სასურსათო უსაფრთხოება _ დამოკლეს მახვილი
თანამედროვე მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოება აღიარებულია, როგორც ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვებ-პროდუქტებთან ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა და მათი საკმარისად წარმოება. ფიზიკური ხელმისაწვდომობა განიხილება, როგორც საკმარისი რაოდენობისა და ხარისხის (უვნებლობა) პროდუქტების არსებობა. ეკონომიკური ხელმისაწვდომობა ნიშნავს, ადამიანს უნდა ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ მინიმალურად მაინც შეძლოს სურსათზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
როგორია ჩვენთან სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფის მაჩვენებლები?
2013 წელს 1990 წელთან შედარებით მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში შემცირდა ხორბლის წარმოება 2,6-ჯერ, ბოსტნეულისა _ 2-ჯერ, ხილისა _ 2,3-ჯერ, ხორცისა _ 2,8-ჯერ, კვერცხისა _ 1,3-ჯერ. რა თქმა უნდა, ამან გავლენა იქონია მოხმარების მაჩვენებლებზე. მაგალითად, აღნიშნულ პერიოდში ხორცისა და ხორც-პროდუქტებზე მოხმარება შემცირდა 1,3-ჯერ, რძესა და რძის პროდუქტებზე _ 2,1-ჯერ, თევზზე _ 2,3-ჯერ, კვერცხზე _ 1,3-ჯერ. ბოსტნეულზე _ 1,5-ჯერ. დაბალია ხილის მოხმარების მაჩვენებელიც (48 კგ.). აღსანიშნავია, რომ სურსათის მოხმარების დონე მნიშვნელოვნად ჩამორჩება კვების ნორმატიულ მაჩვენებლებს. მაგალითად, 2013 წელს სხვაობა შეადგენდა ხორცსა და ხორცპროდუქტებში _ 45 კგ-ს, რძესა და რძის პროდუქტებში _ 206 კგ-ს, თევზის _ 14,8 კგ-ს, კვერცხის _ 134 ცალს, ბოსტნეულის _ 79 კგ-ს. უფრო დიდია სხვაობა ადგილზე წარმოებულსა და მოხმარების ნორმატიულ მაჩვენებლებს შორის. მაგალითად, მოსახლეობის ერთ სულზე ხორბლის ადგილზე წარმოებამ შეადგინა 18 კგ, მოხმარებამ _ 114 კგ., შესაბამისად, ბოსტნეულის _ 46 და 56 კგ., რძესა და რძის პროდუქტების _ 135 და 144 კგ, ხორცისა და ხორც-პროდუქტების _ 11 და 27 კგ, ეს მონაცემები გვიჩვენებენ, რომ სასურსათო უზრუნველყოფა არსებითად დამოკიდებულია ეგზოგენურ (გარე) ფაქტორებზე, შიდა ბაზარი მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. სურსათის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2007-2012 წლებში (საშუალო წლიური მოცულობა შეადგენდა ხორბლის 745 ათას ტონას. ხორცის და ხორც-პროდუქტების _ 58,5 ათას ტონას, ბოსტნეულისა _ 90 ათას ტონას, შაქრის _ 150 ათას ტონას, ხილის _ 30 ათას ტონას, მცენარეული ზეთის _ 36 ათას ტონას, თევზის _ 21 ათას ტონას.
გაეროს რეზოლუციის შესაბამისად (1974 წ.) ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება რისკის ქვეშ ითვლება, თუ მოხმარებული პროდუქტის 20%-ზე მეტი იმპორტირებულია. საქართველოში ეს მაჩვენებელი 70-80%-ის ფარგლებშია. ამრიგად, ქვეყანა სურსათით უზრუნველყოფის მხრივ არსებითად დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე. ამასთან, იმპორტით შემოტანილი პროდუქციის დიდი ნაწილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება.
სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ეკონომიკური ხელმისაწვდომობა. фао-ს მონაცემებით (2012 წ.), საქართველოს მოსახლეობის 1 მლნ კაცი (24,7%) არასაკმარისად იკვებებოდა (მსოფლიოში ეს მაჩვენებელი იმ პერიოდში შეადგენდა 12,5%), სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში და თურქმენეთში აღნიშნული მაჩვენებელი 5%-ზე ნაკლები იყო.
სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფა უნდა იყოს განხილული, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და სოციალური მდგრადობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობა.
ქვეყანაში უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით სურსათი, ყოველ მცხოვრებს უნდა ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ შეიძინოს მინიმალური რაოდენობა მაინც, პროდუქტების ხარისხი უნდა პასუხობდეს დადგენილ სტანდარტებს _ ასეთია სასურსათო უსაფრთხოების მთავარი მოთხოვნა (პირობა). ეს რთული და მრავალ ფაქტორზე დამოკიდებული პრობლემაა, რომლის გადაწყვეტა დამოკიდებულია პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და ორგანიზაციული ღონისძიებების მიზანმიმართულად გამოყენებაზე.
თანამედროვე პირობებში, მეცნიერებასა და პრაქტიკაში აღიარებულია, რომ სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები (როგორც კაცობრიობის მნიშვნელოვანი ამოცანა) განხილულ იქნას გლობალურ, სუბრეგიონულ, ეროვნებათაშირის (სახელმწიფოთა შორის), სახელმწიფოებრივ, ადგილობრივ, მოსახლეობის ჯგუფებისა და ოჯახების დონეზე. იგულისხმება, რომ თითოეულ მათგანს საკუთარი ფუნქცია აქვს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სასურველ შედეგს მივიღებთ სახელმწიფოს დონეზე მათი საქმიანობის წარმატებული კოორდინაციისას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფის პრობლემა თანდათანობით იძენს პოლიტიკურ ხასიათს. ამიტომ, საჭიროებს სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ეკონომიკისა და სამეცნიერო სტრუქტურების კოორდინირებულ საქმიანობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებში, რომლებშიც ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემები განიხილება სასურსათო უსაფრთხოებას ჯეროვანი ადგილი უნდა დაეთმოს. მიზანშეწონილია მიღებულ იქნას კანონი „სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“ ან „სასურსათო უსაფრთხოების პროგრამა“. ამჟამად საქართველოში სურსათის წარმოება თავმოყრილია წვრილ ოჯახურ მეურნეობებში, რაც აფერხებს წარმოების განვითარებას. ხელს უშლის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შრომის მეთოდების გამოყენებას.
რა უნდა გავაკეთოთ?
საბაზო პროდუქტების მიხედვით (მარცვალი, ხორცი, რძე, კვერცხი, ბოსტნეული, კარტოფილი, ცხიმები, შაქარი, თევზი და ხილი), უნდა გაანალიზდეს არსებული რესურსული პოტენციალი და განისაზღვროს ეტაპობრივად მიზნები (ამოცანები) რეალური პარამეტრების მიხედვით. თუ როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს, ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის აკადემიის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებული სოფლისა და მასთან დაკავშირებული დარგების განვითარების სტრატეგიის სახით 2014 წლის აგვისტოში მიეწოდა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას.
შემოთავაზებული სტრატეგიის მიხედვით 2015-2020 წლისათვის ქვეყანაში ხორბლის წარმოება 2012 წელთან შედარებით განსაზღვრული იყო 81 ათასი ტონიდან გაზრდილიყო 380 ათას ტონამდე, ბოსტნეულის _ 199 ათასი ტონიდან 480 ათას ტონამდე, კარტოფილის _ 250 ათასიდან 500 ათას ტონამდე, ხილის _ 157,9 ათასი ტონიდან 450 ათას ტონამდე, ხორცის _ 42,6 ათასიდან 104 ათას, რძის 590 ათასიდან _ 1200 ათას ტონამდე, კვერცხის _ 474 მლნ ცალიდან 900 მლნ-მდე, ყურძნის _ 144 ათასი ტონიდან 450 ათას ტონამდე, ციტრუსის _ 77 ათასიდან 150 ათას, ჩაის _ 2,6 ათასი ტონიდან 55 ათას, სიმინდის _ 367 ათასიდან 800 ათას, ქერი და შვრიის _ 32,3 ათასიდან 120 ათას ტონამდე.
აღნიშნული მოცულობები უზრუნველყოფდა 2020 წლისათვის ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილებათა სრულად დაკმაყოფილებას კარტოფილზე, ხილზე, კვერცხზე, ბოსტნეულზე 80%-მდე, ხორბალზე _ 60%-ზე მეტად, რძეზე _ 75,5%-მდე. მცენარეული ზეთით, თევზით, შაქრით მოსახლეობის ადგილზე წარმოებით უზრუნველყოფის საკითხები განხილული უნდა იყოს სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის მომავალი მოდელის განსაზღვრის პერიოდში.
ანალიზმა დაადასტურა, რომ ახლო მომავალშიც ვერ დაიძლევა ხორცის წარმოებაში ჩამორჩენა (2012 წელს ქვეყანაში წარმოებული იყო 42,6 ათასი ტონა ხორცი, რაც 1990 წლის მხოლოდ 25%-ს შეადგენს). 2020 წლისათვის ხორცის წარმოების 2,5-ჯერ გაზრდის შემთხვევაშიც მოსახლეობის ერთ სულზე ხორცის მოხმარება კვლავაც დაბალი იქნება. შემდგომ პერიოდში უნდა დაისახოს კომპლექსური ღონისძიებები ხორცის წარმოების გადიდებისთვის (უფრო რეალურია მოსახლეობის ერთ სულზე 40-45 კგ-ის წარმოებაზე ორიენტაცია).
დემოგრაფიული კრიზისი საშიშ ხასიათს იძენს
1989 წლის აღწერის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობა შეადგენდა 5.401,0 ათას კაცს, ხოლო 2014 წლის აღწერის მიხედვით, შეადგინა 3.713 ათასი, 2016 წლის იანვრისთვის _ 3.720.4 ათასი. განვლილი 26 წლის მანძილზე ქვეყნის მოსახლეობა შემცირდა 1688,0 ათასი კაცით. თუ 1989 წელს ყოველ 1000 კაცზე მატება (პრომილე) შეადგენდა 8,6 კაცს, 2002 წლის აღწერის მიხედვით ბუნებრივი მატება საერთოდ არ აღნიშნულა, ხოლო 2015 წელს შეადგინა 2,7 (2015 წელს ქვეყანაში დაიბადა 59.249 ათასი ბავშვი, ამავე წელს გარდაიცვალა 49.121 კაცი, ბუნებრივმა მატებამ შეადგინა 10.128 კაცი). დემოგრაფიული მდგომარეობის ანალიზი გვიჩვენებს რამდენიმე თავისებურებას.
ჯერ ერთი, საერთო მაჩვენებლის შემცირებაში იცვლება რეგიონების როლი. მაგალითად, ქალაქ თბილისში, აჭარის არ, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში და სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა მოსახლეობის მატება, დანარჩენ რეგიონებში ბუნებრივი კლებაა.
მეორე. მცირდება საქართველოს მოსახლეობის ხვედრითი წილი სამხრეთ კავკასიაში. მაგალითად, 1926 წელს საქართველოს მოსახლეობა სამხრეთ-კავკასიის მოსახლეობის 45,5%-ს შეადგენდა, აზერბაიჯანისა _ 39,5%, სომხეთისა _ 15%-ს. 2009 წლის მონაცემებით, სურათი მკვეთრად შეიცვალა. საქართველოს მოსახლეობის ხვედრითი წილი შეადგენდა 26,5%-ს, აზერბაიჯანის _ 53,9%-ს, სომხეთის _ 19,6%-ს.
მესამე. მცირდება შობადობის ზოგადი კოეფიციენტი.
ექსპერტთა გათვლით, ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. პროფესორ ანზორ თოთაძის მონაცემებით, 1980-1989 წლებში საქართველოში დაიბადა 455 ათასი გოგონა, შემდგომ ათ წელიწადში (1990-1999 წწ.) დაიბადა 306 ათასი გოგონა, ხოლო მომდევნო 2000-2009 წლებში 236 ათასი, ანუ 219 ათასით ნაკლები 1980-1989 წლებთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ შემდგომ წლებში შობადობა საგრძნობლად შემცირდება.
გაეროს ეკონომიკისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის პროგნოზით 2050 წელს საქართველოს მოსახლეობა იქნება 3.483 მლნ. 2060 წელს _ 3.247 მლნ, 2070 წელს _ 2.992 მლნ, 2080 წელს _ 2771 მლნ. 2090 წელს _ 2514 მლნ, 2100 წელს _ 2438 მლნ კაცი.
მეოთხე. ქართველ მეცნიერთა (ლეო ჩიქავა, ანზორ თოთაძე) გამოკვლევებიდან ჩანს, რომ მომავალში, არც ისე შორეულ პერსპექტივაში, თუ დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღება არ მოხერხდა, ქართულ ეთნოსს თავისივე ისტორიული სამშობლოს მოსახლეობის რიცხვნობაში, ხვედრითი წილის მკვეთრად შემცირების საშიშროება ემუქრება.
მეხუთე. მოსახლეობის ასაკობრივი და სქესობრივი სტრუქტურის დეფორმაცია. თუ 1989 წელს 15 წლამდე ასაკის მოსახლეობა შეადგენდა 25%-ს, 2016 წელს იყო 19%.
საქართველოს მოსახლეობის 47,7%-ს მამაკაცები შეადგენენ, 52,3%-ს ქალები. აღსანიშნავია, რომ 2002 წელთან შედარებით 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის ხვედრითი წილი 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და შეადგინა 18,6%. ხოლო 0,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 15-64 წლის მოსახლეობის წილი. 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 1,6 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. ასევე განვლილ პერიოდში მოსახლეობის საშუალო ასაკი 2 წლით გაიზარდა და 38,1 წელი შეადგინა. შესაბამისად, მამაკაცთა საშუალო ასაკი 34,3 წლიდან _ 35,9 წლამდე, ხოლო ქალებისა _ 37,8 წლიდან 40,1 წლამდე. ყველაზე დაბალი საშუალო ასაკი დაფიქსირდა ქვემო ქართლში (35,6 წელი), ყველაზე მაღალი _ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (48,2 წელი). გურიაში, იმერეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებთა საშუალო ასაკი 40 წელს აღემატება.
ქვეყანაში დაფიქსირდა სიკვდილიანობის ასაკის გაახალგაზრდავების ტენდენცია (ა. სულაბერიძის მონაცემებით) 2006 წელს 50-54 წლამდე ასაკში საქართველოში გარდაიცვალა 1864 ადამიანი, 2010 წელს _ 2155. ასევე თუ 2006 წელს 55-დან 59 წლამდე ასაკის 1996 ადამიანი გარდაიცვალა, 2010 წელს _ 2705 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ 1990 წელს 1000 კაცზე მოკვდაობის კოეფიციენტი შეადგენდა 9,3-ს, 2015 წელს _ 13,2-ს.
მეექვსე. შრომისუნარიანი მოსახლეობის მიგრაციის მაღალი ტემპი ამძაფრებს დემოგრაფიულ მდგომარეობას. 2011 წლის მონაცემებით, საქართველოს ყოველწლიურად ტოვებდა 1000 ადამიანიდან ოთხი. ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოს 220 ქვეყანას შორის 31-ე ადგილზე იყო. ითვლება, რომ თუ ქვეყნის მოსახლეობის 7-8% გადის საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში, დგება ერის იდენტურობის დაკარგვის პრობლემა. აკადემიკოს ლეო ჩიქავას გაანგარიშებით (2008 წლის მონაცემებით) აღნიშნულმა მაჩვენებელმა საქართველოში 22,8% შეადგინა.
მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 28,5% შიდა მიგრანტებია, მათ შორის, 33,6% მამაკაცები, ხოლო 66,4% ქალები. შიდა მიგრანტებიდან თბილისში ცხოვრობს _ 33,1%, იმერეთში _ 15,1%, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 9,6%, ქვემო ქართლში _ 8,9%, კახეთში _ 8,6% და ა.შ.
დაფიქსირდა, რომ მოსახლეობის 5% იმიგრანტია (ისინი, ვინც 12 თვეზე მეტხანს ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ. იმიგრანტთა 77,4% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. მაგალითად, თბილისში _ 45,5%, იმერეთში _ 12,9%, ქვემო ქართლში _ 11%. იმიგრანტთა 51,6% ცხოვრობდა რუსეთში, 8,3% _ საბერძნეთში, 8,1% _ უკრაინაში.
აღწერის მიხედვით, ემიგრანტთა რაოდენობამ შეადგინა 88,5 ათასი კაცი (მათ შორის, მამაკაცია 45,4%). აქედან, თბილისიდან არის _ 31,6%, იმერეთიდან _ 22,9%, ქვემო ქართლიდან _ 12,5%. ნიშანდობლივია, რომ ემიგრანტების 75,1% 20-54 წლის ადამიანები არიან. ემიგრანტთა 21,7% ცხოვრობს რუსეთში, 15,9% _ საბერძნეთში, 11,2% _ თურქეთში.
ამრიგად, განვლილ პერიოდში მკვეთრად დაეცა ცხოვრების დონე. დიდ რისკებთან არის დაკავშირებული სასურსათო უსაფრთხოება (იგი არსებითად დამოკიდებულია იმპორტზე). გამწვავდა და საშიშ ხასიათს იძენს დემოგრაფიული მდგომარეობა.
დაფიქრება გვმართებს!
დასაქმება - აქილევსის ქუსლი
მოსახლეობის დასაქმება მოიცავს საზოგადოების მდგომარეობის ეკონომიკური და სოციალური მახასიათებლების ერთობლიობას. შრომითი რესურსები მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც მონაწილეობს მატერიალური დოვლათისა და მომსახურების წარმოებაში. ცნობილია, რომ მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება გავლენას ახდენს შრომით რესურსებზე. თუმცა, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს შემდეგ თავისებურებებთან. მაგალითად, შობადობაში ცვლილება მყისეულად აისახება მოსახლეობის რიცხოვნობაზე, მაგრამ შრომით რესურსებზე ზემოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდიდან, როდესაც ადამიანები მიაღწევენ 16 წლის ასაკს. ასევე, 16 წლამდე ასაკის მოზარდთა მოკვდაობა უშუალოდ არ ზემოქმედებს შრომითი რესურსების რაოდენობაზე.
როგორც ეროვნული ეკონომიკის განვითარების ტენდენციები გვიჩვენებს, დასაქმების პრობლემა ყველაზე მწვავეა და თავისი მასშტაბებით საზოგადოებაში ფეთქებადსაშიშ ხასიათს იძენს. მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო _ ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, სახელმწიფომ ვერ შეძლო დასაქმების რეგულირების პროცესი (სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია) სწორად წარემართა.
2015 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შეადგენდა 2021,5 ათას კაცს, რაც შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 67,8%-ს შეადგენდა.
აქედან დასაქმებული იყო 1779,9 კაცი. დასაქმებულთა სტრუქტურა ასეთია: დაქირავებულია 763,4 ათასი კაცი (43%), თვითდასაქმებულია 1018,1 ათასი (57%), გაურკვეველია 8,4 ათასი, უმუშევარია 241,6 ათასი კაცი (12%).
ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ თვითდასაქმებულთა რაოდენობა 1,33-ჯერ აღემატება დაქირავებულთა რაოდენობას.
2015 წელს დასაქმებულთა 84,4% მოდიოდა არასახელმწიფო სექტორზე. 2015 წელს 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის დონემ 32% შეადგინა. 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში _ 20,7%. რაც შეეხება უმუშევრობის დონეს 65+ წლის ასაკობრივ ჯგუფში, შეადგენს 0,9%-ს. საინტერესოა დასაქმების დარგობრივი სტრუქტურა. 2015 წელს დასაქმებულთა 48,4% მოდიოდა სოფლის მეურნეობაზე, 10% ვაჭრობასა და საყოფაცხოვრებო მომსახურებაზე.
პროფესიების მიხედვით, დასაქმების სტრუქტურაში ყურადღებას იპყრობს ექსპერტთა (პროფ. მერაბ კაკულია და სხვები) გათვლებით მიღებული შემდეგი მონაცემები: 2015 წელს სოფლის, სატყეო, სამონადირეო მეურნეობებში, მეთევზეობასა და თევზჭერაში დასაქმებულთა 66% პროფესიის არმქონენი იყვნენ. მრეწველობასა და მშენებლობაში _ 36%, ვაჭრობასა და საყოფაცხოვრებო მომსახურებაში _ 36%, უმაღლესი კვალიფიკაცია ჰქონდა დასაქმებულთა შორის: სოფლის მეურნეობაში მხოლოდ 10%-ს, მრეწველობასა და მშენებლობაში 31%-ს, ვაჭრობასა და საყოფაცხოვრებო მომსახურებაში _ 37%-ს, განათლებასა და ჯანმრთელობის დაცვაში _ 74%-ს, სახელმწიფო მართვის ორგანოებში, ტრანსპორტზე, სასტუმროებსა და მომსახურების სხვა ფორმებში _ 54%-ს.
დასაქმების სფეროში მწვავე პრობლემაა სოფლად თვითდასაქმებულთა დიდი რაოდენობა (იგი შეადგენს ქვეყანაში თვითდასაქმებულთა 80%-ს).
გამოკვლევებით (მ. კაკულია) დადგინდა, რომ თუ 2009 წელს სტიქიურად შექმნილ სამუშაო ადგილებზე მუშაობდა 60%, სახელმწიფოს მიერ შექმნილზე _ 17%, კერძო სექტორის მიერ შექმნილზე _ 19%, საკუთარ უნარებზე დაყრდნობით შექმნილზე _ 4%, 2015 წლისათვის სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა და შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: 53%, 15%, 27%. საკუთარ უნარებზე დაყრდნობით შექმნილი სამუშაო ადგილების ხვედრითი წინა არ შეცვლილა.
ზემოთ მოცემული მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ დასაქმება იზრდება კერძო სექტორში, რაც საკუთრებით ურთიერთობებში მიმდინარე ცვლილებების ადეკვატურია. 2017 წელს 1 იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში აღრიცხული 651,4 ათასი სუბიექტიდან 98,4% კერძო პირია. მთელ ეკონომიკაში დასაქმებულთა 80% კერძო სექტორზე მოდის. სოფლის მეურნეობაში ჩამოყალიბებული „ტენდენცია“ თვითდასაქმებულთა რაოდენობის შესახებ, უნდა აიხსნას აღრიცხვის ორგანიზაციის დაბალი დონით. ჯერ კიდევ შენარჩუნებული „ჭარბი“ სამუშაო ძალა საბიუჯეტო სფეროში, უნდა აიხსნას ორგანიზაციულ-მმართველობითი ურთიერთობების არასრულყოფილობით. ამასთან, დროთა განმავლობაში სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო მოხდა პროფესიულ-კვალიფიციური სტრუქტურების გაუარესება, რამაც გამოიწვია პროფესიით დაუსაქმებლობის ზრდა. უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის დონის მაჩვენებელი (12%) რეალურად ჩამოყალიბებული მდგომარეობის ადეკვატური არ არის. სრულყოფას საჭიროებს სამუშაო ძალის სტატისტიკის მეთოდოლოგია. დასაქმების სფეროში ყველაზე მეტად ცხადი გახდა, რომ თავად ფორმირებად საბაზრო მექანიზმებს, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, არ შეუძლიათ წარმოებისა და დასაქმების რაციონალური სტრუქტურის განსაზღვრა, რომ კეთილდღეობის ამაღლება მიიღწევა ეკონომიკის განვითარების მაღალი ტემპებით და დასაქმებით, რომ დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა მიზნობრივი პროგრამებით უნდა განხორციელდეს. ამისთვის კი საჭიროა ქვეყანაში ჩატარდეს არსებული სამუშაო ადგილების სრული ინვენტარიზაცია. მდგომარეობის ობიექტური შეფასება საშუალებას მოგვცემს არსებული სამუშაო ადგილების ოპტიმიზაციასთან ერთად განისაზღვროს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივა. დასაქმებულთა განაწილების სტრუქტურისა და პროფესიულ-კვალიფიციური სტრუქტურის შესაბამისობის ანალიზი დაგვეხმარება მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების (გადამზადების) მიზნობრივი ხასიათის განსაზღვრაში, საერთოდ, განვითარების პროგნოზირებაში. სწორედ უნდა მივიჩნიოთ ქართველ ექსპერტთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჭიროა დასაქმებულის სტატუსის რეალურად განსაზღვრა. ამჟამად მოქმედი მეთოდიკით, დასაქმებულად ითვლება პირი, თუ იგი წინა კვირის განმავლობაში მუშაობდა თუნდაც ერთი საათით მაინც, შემოსავლის მიღების მიზნით. უფრო მართებულია (მ. ტუღუში, ნ. ფარესაშვილი) დასაქმებულად ჩაითვალოს ის პირი, ვინც კვირაში 15-20 საათს მაინც იმუშავებს.
არასწორი იყო თავის დროზე „დასაქმების შესახებ“ კანონის გაუქმება. დასაქმების სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია დასაქმების სპეციალური სამსახურის ფუნქციონირება, რომელიც დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრს. მისი უშუალო ფუნქცია უნდა იყოს უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების მონიტორინგს, სხვადასხვა უწყებათა (კერძო, არასამთავრობო, სამთავრობო, საერთაშორისო, რეგიონული სტრუქტურების) საქმიანობის კოორდინაციას.
დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაში დიდი რეზერვები გააჩნია ეროვნული ეკონომიკის ცალკეულ დარგებს _ მრეწველობას, მშენებლობას, ტრანსპორტს, ტურიზმს და ა.შ. სახელმწიფოს დღესაც არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამრეწველო პოლიტიკა. მინიმალურად არ არის გამოყენებული წარმოების დივერსიფიკაციის შესაძლებლობანი. გასათვალისწინებელია, რომ მრეწველობის განვითარების პოტენციალის ამოქმედება შეზღუდულია (როგორც გარე, ასევე შიდა ფაქტორებით), ამიტომ საჭიროა მისი ზრდის ადეკვატური სტრატეგიის განხორციელება. დასაქმების (ახალი სამუშაო ადგილების შექმნის) რეალური პერსპექტივა არსებობს აგრარულ სექტორშიც. მიუხედავად იმისა, როგორც აღინიშნა, სოფლის მეურნეობაში სამუშაო ძალის დიდი სიჭარბეა, დარგის წარმატებული განვითარებისას მომიჯნავე დარგების (მრეწველობის, ტრანსპორტის, მომსახურების სფეროს) განვითარების ხელშემწყობი პირობები იქმნება. დღეს, ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ხელს უშლის სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაფართოებას, წარმოებული ნედლეულისა და მისი სრულად გადამუშავების სიმძლავრეთა შეუსაბამობაა. ამასთან, არარაციონალურად გამოიყენება არსებული ნედლეული. მაგალითად, 2016 წელს საზღვარგარეთ გაიყიდა 36,8 მლნ დოლარის ღირებულების ცოცხალი პირუტყვი, მაშინ, როცა ადგილზე გადამუშავებით (ხორცი და ხორცის პროდუქტები, მატყლის და ტყავის გადამუშავება) მეტ სარგებელს მიიღებდა ქვეყანა, თუნდაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.
ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელობის დეკლარირება საკმარისი პირობა არ არის დასაქმების რთული პრობლემის გადაწყვეტისთვის. საჭიროა მისი კომპლექსურად განხილვა და მიზნობრივი პროგრამებით განხორციელება.