რატომ გადავწყვიტე „ქვების“ სროლა?!

რატომ გადავწყვიტე „ქვების“ სროლა?!

მივიღე მტკიცე და საბოლოო გადაწყვეტილება - ყოველთვის ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ, ვთქვა საჯაროდაც, თუ ამის აუცილებლობას დავინახავ!

 

ახლა იმაზე უნდა ვიმტვრიო თავი, რამდენად შევძლებ ამას ისე, რომ უფალთან მართალი ვიყო და შესაფასებელი ადრესატიც ძალიან არ გავაღიზიანო...

 

რა თქმა უნდა, „ოქროს შუალედის“ პოვნა ნამდვილი ხელოვნებაა და ხშირად ადამიანებს გვღალატობს ზომიერების გრძნობა, მაგრამ, უნდა მოვიდომო და შევძლო.სხვანაირად, ჩემს მისიას: საკუთარი აზრი გამოვთქვა ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, ან ობიექტურად შევაფასო მავანისა და მავანის შემოქმედება, გამართლებულად ვერ ჩავთვლი!

 

მოგეხსენებათ, დღეს ყოველი მეორე პოეტია, აქედან ყოველ მეხუთეს მაინც აქვს პრეტენზია, რომ ანას, ან გალაკტიონის ჭეშმარიტი მემკვიდრეა. სინამდვილეში კი ელემენტარული წარმოდგენაც არა აქვთ საკუთრივ პოეზიაზე!

 

მეტაფორებს ვინ ჩივის, რითმა და რიტმიც ან მოპარული და ხელოვნურად შეკოწიწებულია, ან საერთოდ, არ ჩანს - თითქოს რაღაცას გიყვებიან, გიყვებიან მძიმედ, სიტყვების რახა-რუხით, მაგრამ, ამ მონაყოლში არც ლექსი შეგრჩება ხელში და არც მოთხრობა... არადა, რამდენიმე დღეში ასეთი უაზრობები წიგნებად აიკინძება და პრეზენტაციებზე „გიტარა და ჩქარი ტაშიც“ არ აყოვნებს.

 

მე პირადად, მსგავსი სისულელეებით ცნობიერებას არ ვანაგვიანებ, მაგრამ, როცა უმორჩილესად გთხოვენ, ოფიციალური რეცენზია გააკეთო და თან საკუთარი სახელიცა და გვარიც მოაწერო, ბუნებრივია ყალბი და ზედმეტად ხელგაშლილი ვერ იქნები!

 

სწორედ ასეთი დილემის წინაშე აღმოვჩნდი ამ რამდენიმე დღის წინათ - მთხოვეს დასაბეჭდად გამზადებული წიგნის წარდგინება გამეკეთებინა, სადაც ლექსი და პროზა ერთ წიგნში იყო გაერთიანებული.

 

ყურადღებით გავეცანი, მაგრამ, როცა ხელმოსაჭიდი (დადებით ასპექტს ვგულისხმობ) ვერაფერი ვიპოვე, შუამავალი („პროტეჟე“) მაინც არ გავაწბილე და ზოგადი ფრაზებით შემოვიფარგლე, სადაც ფაქიზად მივანიშნე, რომ ავტორს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია პოეტობაზე, თუმცა, რადგან „მუზას შეუწუხებია“, წეროს. რაც შეეხება პროზას, აქ ნამდვილად იგრძნობოდა უკეთესობა, თუმცა, როგორც იმ პატარა რეცენზიაში დავწერე, მწერლის ოსტატობამდე ჯერ დიდი გზა იყო გასავლელი - ავტორს საკუთარ თავზე ბევრი უნდა ემუშავა!

 

ჩემს მტერს არ ვუსურვებ, რაც მე საპასუხოდ შეურაცხყოფა მივიღე - თურმე ასეთ სურვილებს და შეფასებებს სჯობდა ავტორისთვის ქვა მესროლა. გაოცებული დავრჩი, რადგან, პირველივე შეხვედრაზე, თავად ავტორმა მითხრა, კრიტიკულად შემეფასებინა მისი ნააზრევ-ნაცოდვილარი!

 

გამბედაობას არ ვუჩივი, მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მინდა „პროტეჟე“ უხერხულობაში ჩავაყენო და სახელისა და გვარის მოიხსენიებას მოვერიდები. თუმცა, ამ „ინციდენტმა“ მტკიცე გადაწყვეტილება მიმაღებინა - როცა ასეთი აუცილებლობის წინაშე დავდგები, სჯობს „ქვები“ მე ვისროლო და უკომპრომისოდ დავწერო (ვთქვა) ის, რასაც შემოთავაზებული პროზა თუ პოეზია იმსახურებს!

 

სხვანაირად ვერ დავთრგუნავთ ამ ბოლო ხანებში ასე ძალუმად მოძალებურ უნიჭოთა და უცხვირპიროთა ამბიციებს, რომელიც არა მარტო ზრდიან ისედაც დახვავებულ მაკულატურას, არამედ, საბოლოოდ აზიანებენ ქართველი მკითხველის ცნობიერებასაც!

 

„კოკას ეუბნებიან და ლიტრავ, შენც გესმოდესო“ გამოთქმისა არ იყოს, როცა რამდენიმეს ხმამაღლა ეტყვი, რომ ამაოდ შვრება და მის შემოქმედებას ზიანის გარდა არანაირი სარგებელი არ მოაქვს საზოგადოებისთვის (მკითხველისთვის), ყოველ შემთხვევაში უნიჭოთა მადა მეტ-ნაკლებად დაითრგუნება და მკითხველის წინაშე პასუხისმგებლობაც გაიზრდება!

 

ოღონდ, ამ საქმეს მარტო მე არ ვეყოფი - მომბაძეთ სხვებმაც, ვისაც კარგად გესმით საით მიდის ქართული ლიტერატურა, მაგრამ, დღემდე ხმას არ იღებთ, რომ მავანი და მავანი არ გაგვინაწყენდეს!!!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: