„საჭიროა, რეალური მომავლისკენ თამამად გავიხედოთ!“

„საჭიროა, რეალური მომავლისკენ თამამად გავიხედოთ!“

„კაცი ის არის, რომელიც თავის გონების ნამუშევარს, გულის სიკეთეს, ხიდად  გასდებს, რომ თუ არა თვითონ, სხვამ მაინც მშვიდობიანად გაიაროს. იმ ხიდზედ ამჩნევია ყოველთვის ღვთის მადლი, მასში  ყველაფერი საღმრთოა“.

ილია ჭავჭავაძე

 

 

გონიერი კაცი ქვეყნისთვის სიმდიდრეა, რამეთუ ასეთ წიგნიერ კაცს შეუძლია ერს უქომაგოს, თავისი გონების ნაღვაწი გამოაყენოს არა მარტო თანამედროვეობას, არამედ მომავალს. 

 

„გამესამედებული მამულის“ სიყვარული შეიძლება ათასნაირად გამოხატო, მაგრამ სწორად გამოადგე მას ყველაზე საჭირო და აუცილებელ ჟამს, ერთეულთა ხვედრია. სწორედ ასეთად გვესახება სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა. მეტად მნიშვნელოვანია ახლახან გამოცემული მისი  მონოგრაფია - „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია.“

 

თანამედროვე ეკონომიკურ კვლევებში ძნელად თუ მოიპოვება სისტემური ანალიზის ისეთი სიღრმისეული გააზრება, როგორიც ეს მოგვცა ბატონმა ნოდარმა. ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში  საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციული პროცესები მრავალი გლობალური და ლოკალური გამოწვევის პირისპირ დადგა. 

 

საბჭოური სისტემის მანკიერმა გამოვლინებებმა, რომლებიც გამოიხატებოდა გადამეტებულ ცენტრალიზმში, კორუფციაში, რეპრესიებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში, საზოგადეობრივი ურთიერთოებები თვითლიკვდაციისკენ წაიყვანა და თანამედროვე მსოფლიო ტენდენციებს ჩამორჩა. სწორედ ამ მიზეზების მეცნიერული ანალიზი აძლევს ავტორს საფუძველს გარდაუვალი ცვლილებების შესახებ. ახსნილია ის რეალური მდგომარეობა, რომელმაც გამოიწვია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური შედეგები. 

 

მთელ საბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესები, ბუნებრივია, აისახა საქართველოზეც. ავტორს სწორად აქვს დასმული კითხვა: რამდენად მზად იყო ქვეყანა ეკონომიკის შეცვლისთვის,  როგორი კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური მიდგომა არსებობდა. აქ მთავარი იყო სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების რეალური შედეგები? ზოგადად, პოსტ-კომუნისტური სისტემის შეფასების საფუძველზე ავტორი აკეთებს სწორ განზოგადებას საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც.

 

ავტორისეული დასკვნა, რომ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ ფაქტობრივად მოამზადა ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენა-გაფორმების პოლიტიკური და იურიდიული საფუძველი, უდავოდ მართებულია. ავტორი არც ხელისუფლებაში მოსულ ეროვნულ ძალებს უკარგავს იმ ღვაწლსა და დამსახურებას, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტის მოპოვებაში გასწიეს. ამდენად, მარტო არც ეროვნულ ძალებსა და არც კომუნისტურ ხელისუფლებას ცალ-ცალკე არ მიეწერება ქვეყნის სუვერენიტეტის გამოცხადება.

 

ავტორის მიერ გაანალიზებული ეს ისტორიული ეპოქა სწორადაა შეფასებული, რომელიც  მის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს. 

 

წიგნში ღრმა მეცნიერული ანალიზის საფუძველზე განხილულია ისეთი მტკივნეული საკითხები,  როგორებიცაა:  ეკონომიკის ტრანსფორმაციული პროცესების სოციალური მახასიათებლები, საშუალო ფენის ფორმირების პროცესები, ეკონომიკური რეფორმების პროცესებში კადრების მნიშვნელობა და უამრავი სხვა. 

 

წიგნის მეორე თავი ეძღვნება პრივატიზაციის საკითხებს, როგორც ეკონომიკის კერძო სექტორის ფორმირების მთავარ ფაქტორს და მიწის პრივატიზაციის პრობლემებს, რომლებიც დღევანდელი ეპოქის აქტუალურ საკითხად რჩება. 

 

ავტორის მიერ  ღრმადაა გათვითცნობიერებული და გადმოცემულია ის, თუ როგორ უნდა იყოს ადაბტირებული საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებთან. ამასთან, საქართველო როგორც მწირი რესურსების ქვეყანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი გეოეკონომიკური თვალსაზრისით, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ რესურსს წარმოადგენს. ყოველივე ეს საქართველოს აძლევს საოცრად დიდ პერსპექტივას, რათა თავისი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია შეუხამოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

 

ავტორი სწორად შენიშნავს, როდესაც უპირატესობას ანიჭებს ქვეყნის სამამულო წარმოების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების შემოტანას, წარმოებისა და შრომის ორგანიზაციის სრულყოფას. მისი აზრით, საგარეო პოლიტიკურ ორიენტირად აღიარებული ევროპული ინტეგრაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 

 

საინტერესოა, ავტორისეული მიდგომა გლობალიზაციის როგორც პროცესისადმი, რომელიც „კარგიც არის და ცუდიც“. აქ ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ გლობალიზაციის ეგრეთ წოდებული კარგი მხარე ყოველთვის არ მოერგება ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამიტომ, ყველა სუვერენულმა სახელმწიფომ ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს გლობალიზაციასთან ადაპტირების სტრატეგია. ეს არის ის ძირითდი მინიშნება, რომ ეროვნულმა ეკონომიკამ არ დაკარგოს თავისი სუვერენიტეტი. ამას ხელს უწყობს ის,  რომ მსოფლიო ეკონომიკამ შეიძინა მკაფიოდ გამოკვეთილი მთლიანობითი სისტემის ნიშნები,  ეროვნული ეკონომიკა კი ამ სისტემის შემადგენელი გახდა. 

 

ამიტომ, ლოგიკურად დგას მთელისა და ნაწილის ურთიერთგანპირობებულობის, ურთიერთშეღწევის დონის განსაზღვრა-შეფასების ამოცანა და მართებულია დასკვნა იმის შესახებ, რომ სწორედ ამ სიბრტყეზე განიხილება გლობალურ პროცესებში სუვერენული ქვეყნის ეკონომიკის როლი და ადგილი. 

 

ავტორის მიერ ახალი რეალობის დაანონსება-სუვერენული სახელმწიფოების ეკონომიკური ფუნქციების ზენაციონალურ სტრუქტურებზე დელეგირების აუცილებლობა -  ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც ინტეგრაციის პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა. 

 

 

პროფესორი  ნოდარ ჭითანავა თავის მიერ დასმულ კითხვას, თუ რას შესთავაზებს სუვერენული სახელმწიფო გლობალიზაციის გამოწვევებს, პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში თვისებრივად ახალ დატვირთვას შეიძენს სახელწმიფოს როლი და ადგილი ინტეგრაციულ კავშირებში.  უნდა აღინიშნოს, რომ ახალმა ტრანსფორმაციულმა პროცესებმა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა პოსტ-კომუნისტური ქვეყნები, ხოლო განვითრებულმა ქვეყნებმა ამ ქვეყნებს თავს მოახვიეს  დროსთან არაადეკვატური რეკომენდაციები. ყოველივე ამან ბევრი ნეგატიური პროცესის წინაშე დააყენა სუვერენული სახელმწიფოები. საბოლოოდ კაცობრიობა მზად არ აღმოჩნდა, ეპასუხა დროის ახალი გამოწვევებისათვის. 

 

ეს არის მეტად საინტერესო დასკვნა, რომელიც სწორად განსაზღვრავს ახალ გარემოში  სუვერენული სახელმწიფოების როლსა და მნიშვნელობას. ავტორის მიერ განვითარებული აზრი იმის შესახებ, რომ თანამედროვე მსოფლიოში გლობალიზაციისა და რეგიონული ფრაგმენტაციის პროცესების გადაკევეთაზე ჩამოყალიბდა ფაქტორთა ერთობლიობა, რომლის დროული შეცნობითა და ეფექტიანად ამოქმედებით სუვერენულ სახელმწიფოს შეუძლია, გლობალურ პროცესებთან ადაპტირება და საკუთარი ინეტერსების შესაბამისად იტეგრაციული პროცესების მიზანმიმართული რეგულირება,  არის თანამედროვე მსოფლიოს თავისებურება, ანუ ტენდენცია, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გეოპოლიტიკურ ფაქტორს. 

 

ავტორისეული მოსაზრება, რომ პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტა ეკონომიკური მეთოდებით ქვეყნის განვითარების სრატეგიის განსაზღვრაში უპირატესობას იძენს, ვფიქრობთ,  მთავარი სტრატეგიული ხაზია გლობალიზაციის ეპოქაში. ავტორისეული დასკვნა, რომ მსოფლიო განვითრების ცენტრალური ვექტორი გლობალიზაციაზე გადის, ხოლო მისი მნიშველოვანი შემადგენელია რეგიონალიზაცია, ეს არის სუვერენული სახელმწიფოების პასუხი გლობალიზაციის გამოწვევებზე. 

 

მონოგრაფიაში ავტორი მნიშვნელოვნად ეხება ეროვნულ-სახელმწიფოებრივ იდეოლოგიას, როგორც ქვეყნის განვითარების სტრატეგიის განმსაზღვრელ ფაქტორს. აქ მთავარი ხაზი გადის ილიასეულ წინასწარმეტყველურ სიბრძნეზე - „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“ პირადი, საზოგადოებრივი და სახელწმიფო ინტერესების სფეროში. ამდენად დასკვნა, ინტერესების დაბალანსება უნდა მივიჩნიოთ ქვეყნის სტაბილური განვითრების წინაპირობად, მოამზადებს მყარ საფუძველს ეროვნულ-სახემწიფოებირვი სტრატეგიის შემუშავება-განცხორციელებისთვის.  

 

აუცილებელია ისიც, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია, რომელიც განსაზღვრავს მთავარ ეროვნულ იდეას და ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარების ორიენტაციის სტაბილურობას, მისი განხორციელება ქვეყნის უზენაესი მიზანი უნდა იყოს. ვფიქრობთ, ეს დასკვნები არის ის სწორი და მართალი ორიენტირი, რომელსაც უნდა მიჰყვეს ქვეყანა მისი სტრატეგიული განვითრების ხაზზე.  

 

პასუხს კითხვაზე, თუ როგორი უნდა იყოს ახალი ტიპის სოციალურ-ეკონომიკური სისტემა ქვეყანაში, სწორად  გვთავაზობს ბატონი ნოდარი. ასევე არ შეიძლება ხაზი არ გაესვას საქართველოს განვითარების ეკონომიკური მოდელის შესახებ მოსაზრებას, რომელიც ავტორს შემდეგნაირად აქვს წარმოდგენილი: შერეული, სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკა, რომლის მიზანია მთელი საზოგადოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. 

 

ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითრების პროგრამა, რომელიც ავტორმა წარმოადგინა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის „სტრატეგიის“ რეალიზაციის მთავარ ინსტრუმენტად გვესახება. დროის გამოწვევები მოითხოვს ქვეყანას ჰქონდეს ეკონომიკის განვითარების გარღვევის სტრატეგია, რომლის კონტურები დამაჯერებლად გადმოცემულია მონოგრაფიის ბოლო ნაწილში. 

 

მთავარი დასკვნა, რომელსაც ავტორი გვთავაზობს, მდგომარეობს იმაში, რომ დაგეგმვა და საბაზრო მექანიზმების თანაარსებობა აუცილებელია და შეთავსებადი პროცესებია. პრობლემების პროგრამებით გადაწყვეტის მეთოდი დღეს ყველაზე რაციონალურადაა მიჩნეული. 

 

მონოგრაფიის დასასრულს ავტორი დიდი ილიას სიბრძნესთან შეჯერებულ დასკვნას გვთავაზობს, რომელიც საყურადღებოა მთელი ერისთვის: „სახელმწიფომ, საზოგადოებამ, მთელმა ერმა (როგორც „კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა“) უნდა გამოავლინოს ეროვნული ენერგიის, დაფანტული სიბრძნის, დანაწევრებული პასუხისმგებლობის კონცენტრაციის უნარი და გააცნობიეროს -„გვეყო ბატონებო, ჩვენი აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება, ჩენი გაჭირვების, გუსლისტკივილის და წადილის პატრონნი ჩვენვე უნდა ვიყვნეთ“ (ილია).

 

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელ საქართველოს ამ საგანგებო და ისტორიული მნიშვნელობის ამოცანის შესრულება შეუძლია და ევალება კიდეც!“

 

ზუსტი და ლაკონიურია პროფესორ ნოდარ ჭითანავას მიერ შეფასებული დღევანდელობა: „ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი მოდუნდა, გლობალური პრესინგი აგრესიულ ხასიათს იძენს, ეროვნული ფენომენის საძირკველი - „მამული, ენა, სარწმუნოება“ საფრთხის წინაშეა, ტერიტორიული მთლიანობა მორღვეულია, ენა იჩაგრება, სარწმუნოებას კი შიგნითაც და გარედანაც ებრძვიან!“

 

დრო კი ახალ-ახალ გამოწვევებს გვთავაზობს. როგორ უნდა იხსნას თავი ქვეყანამ უამრავი პრობლემიდან, რა არის საჭირო წინსვლისთვის, რა უნდა ვიცოდეთ, რა უნდა გავითვალისწინოთ, რათა ქვეყნის აღმშენებლობაში წარმატება მოვიპოვოთ? ამის პასუხსაც მონოგრაფიაში ვპოულობთ: „წინსვლისთვის მნიშვნელოვანია მომავალმა თაობამ ზუსტად იცოდეს: სად ვიყავით, სად ვართ, საით მივდივართ, რომ მათ მოქმედებებში გაჩნდეს მოტივაცია და არგუმენტირებული კორექტივები. ამისთვის, სულ ცოტა, უნდა აღიწეროს, რაც იყო, გაანალიზდეს და შეფასდეს განვლილი გზა რადიკალური ცვლილებების დაწყებიდან დღემდე. საჭიროა, რეალური მომავლისკენ თამამად გავიხედოთ!“

 

ეს წიგნი სიღრმისეული პასუხია იმისა, თუ „სად ვიყავით, სად ვართ, საით მივდივართ“. ეს წიგნი მართალი და უტყუარი სურათია განვლილი ეპოქისა დიდი მეცნიერის მიერ განსჯილი.

 

ეს წიგნი ამავე დროს ნათლად პასუხობს იმას, თუ სად ვართ! „ამჟამად საქართველოს ხუთი მწვავე პრობლემა აწუხებს: სიღარიბე, უმუშევრობა, უწიგნურობა, ავადმყოფობა, უთანასწორობა“. ამის დასაძლევად კი რას ვაკეთებთ. პასუხი ისევ მონოგრაფიიდან: „დროს უაზრო ლაპარაკსა და დისკუსიებში ვფლანგავთ, ვიკვებებით უცხოური პურით, ვატარებთ უცხოურ ტანსაცმელს, ვეჩვევით უცხოურ აზროვნებას, უცხოურია ირგვლივ ყველაფერი, მათ შორის, ისიც, რაც ჩვენ არ გვჭირდება, მაშინ, როდესაც საკუთარი ღირსებები და პოტენცია ჯერ კიდევ გვაქვს“.

 

ამ შეხედულებამ არ შეიძლება არ გაგვახსენოს დიდი ილია ჭავჭავაძის „უცხო ბაძის“ თეორია...

 

ნებისმიერი ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია სწორად შერჩეული ეროვნული გზა. ჯერ კიდევ VIII საუკუნეში გვიქადაგა იოანე საბანისძემ: „ჩვეულებისაებრ მამულისა სლვის“ ერთგულება. ნოდარ ჭითანავას მონოგრაფიაში ეს მომენტიც სიღრმისეულად და ეპოქის შესატყვისადაა განხილული: „დღევანდელი გადასახედიდან კარგად წარმოჩინდა უცოდინარობით (უპასუხისმგებლობით) და გარედან თავს მოხვეული დოქტრინებით ბრმად არჩეული განვითარების არასწორი გზა, ამ გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა ზნეობრივ-მორალური სახე“.

 

წიგნში ავტორი გვაძლევს ქვეყნის, როგორც დღევანდელობის, ასევე მომავლისთვის სასიცოცხლო მნიშნელობის რჩევას: „სახელმწიფომ უნდა იცოდეს საზოგადოების, მით უფრო, სოციალურ-ეკონომიკური სისტემის „ანატომია“, რათა დროის მოთხოვნების  შესაბამისად, განვითარების პროგნოზირება და მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია შეძლოს“.

 

ეს წიგნი არ არის განკუთვნილი მხოლოდ ეკონომისტებისთვის. ის თითოეული ქართველისთვის დიდი შენაძენია, რამეთუ პროფესორი ნოდარ ჭითანავა გვევლინება პირუთვნელი მემატიანისა და მართალი მსაჯულის როლში, თამამად მიმოიხილავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გადარჩენის გზებს.

 

ერის დიდი მამა, ილია ჭავჭავაძე, ამბობდა: „ყველაზე გონიერი კაცი იგივ წიგნია“. 

 

პროფესორი ნოდარ ჭითანავა თავისი განათლებით, ერუდიციით, ინტელექტით, სამეცნიერო მოღვაწეობით, განვლილი მართალი ცხოვრების გზით, მართლაც, წიგნია, რომლის წაკითხვა საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება დღეს.

 

მურმან კვარაცხელია,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: