ზაურ ნაჭყებია: ვინ აფინანსებდა არჩევნებში ზვიად გამსახურდიას?!

ზაურ ნაჭყებია: ვინ აფინანსებდა არჩევნებში ზვიად გამსახურდიას?!

კითხვა თავისთავად რიტორიკულია. დარწმუნებული ვარ, ზუსტი პასუხი არავის ექნება, რადგან, მაშინ არჩევნების დაფინანსების თემა მაინცდამაინც აქტუალური არ იყო.

 

არადა, 1990 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომელმაც კომუნისტური ხელისუფლება ეროვნული ხელისუფლებით შეცვალა და ახალი ფურცელიც ჩაწერა ქვეყნის ისტორიაში.

 

დღევანდელი გადასახედიდან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგივე კომუნისტებმა „ეროვნულებს“ ხელისუფლება ხონჩით მიართვეს და ამით მათ არა მარტო ხალხის დაკვეთა შეასრულეს!!!

 

არც ის არის საკამათო, კომუნისტებს რომ მოენდომებინათ, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, რომელსაც ზვიად გამსახურდია ედგა სათავეში, ოპოზიციურ ფლანგსაც დასჯერდებოდა. სხვა საკითხია, რატომ მივიღეთ ისეთი შედეგი, როგორიც მივიღეთ!

 

ერთი რამ ფაქტია: დღევანდელისგან განსხვავებით, სიახლის მოლოდინში ხალხი ხალისით მიდიოდა არჩევნებზე და მისი მოსყიდვის ელემენტარული აუცილებლობაც არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ვერავინ იტყვის, რომ ზვიად გამსახურდიამ, ხელისუფლებაში მოსვლა ამომრჩეველთა მოსყიდვით შეძლო!

 

ახლა იმის მტკიცებას არ შევუდგები, რატომ დაამხეს გამსახურდიას ხელისუფლება და რატომ გახდა იგი ხანმოკლე, მაგრამ, დაბეჯითებით იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში ფულს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია.

 

მერე და მერე, სოკოებივით მომრავლებული პარტიების ფონზე საარჩევნო ბატალიებში ადმინისტრაციულ რესურსებთან ერთად გადამწყვეტ როლს თამაშობს მისი უდიდებულესობა - ფული, რომელიც არა მარტო სააარჩევნო კამპანიის წარმართვას (პარტიის რეკლამირება სხვადასხვა ფორმით), არამედ, ამომრჩეველთა პირდაპირი გზით მოსყიდვას ხმარდება. დიახ, ამომრჩეველი პარტიას ირჩევს არა იმის მიხედვით, თუ როგორი საარჩევნო პროგრამა და სტრატეგია გააჩნია მას და რამდენად პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანებითაა დაკომპლექტებული პარტიის თუნდაც ზედა ეშელონები, არამედ, იმისდა მიხედვით, ვინ უფრო „გულუხვი“ იქნება ამომრჩევლის მიმართ წინასაარჩევნო მარათონში და როგორი ლოზუნგებით ცდილობს იგი ამომრჩეველთა ზომბირებას.

 

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო დაპირებების მეათედიც არც ერთ მმართველ პარტიას არ შეუსრულებია, ისინი, ორი ან სამი ვადით მაინც რჩებოდნენ (რჩებიან) ხელისუფლებაში.

 

დამოუკიდებლობის დეკლარირებიდან მთელი 30 წლის მანძილზე (ჩატარდა 8 საპარლამენტო არჩევნები) არც ერთ ხელისუფლებას არ აუღია პასუხისმგებლობა შეუსრულებელ დაპირებებზე და არც ამომრჩეველს ჰქონია თანმიმდევრული პრეტენზია რომელიმე ხელისუფლების მიმართ, თუ არ ჩავთვლით 2012 წლის არჩევნებს, როცა ქართველ ამომრჩეველთა უმრავლესობამ უარი უთხრა სააკაშვილის სულისმხუთავ რეჟიმს.

 

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის არჩევნებში უმთავრესი როლი არა ივანიშვილის ფულმა (არანაკლები ფული ჰქონდა „ნაციონალებსაც“), არამედ, ხალხის მტკიცე ნებამ ითამაშა, მან (ამომრჩეველმა) არ აიძულა ხელისუფლება გაესამართლებინა სისხლიანი რეჟიმი და დაემკვიდრებინა სამართლიანობა ქვეყანაში.

 

მომავალ (2016წლის) არჩევნებზე მმართველმა ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა წინასწარგათვლილი კოზირი - „მე თუ მხარს არ დამიჭერთ, ისევ „ნაციონალები დაბრუნდებიან ხელისუფლებაში“ და აიძულა ხელისუფლებით უკმაყოფილო მასაც კი, მხარი დაეჭირა „ქართული ოცნებისთვის“. იგივე განმეორდა საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

 

რას მოვაყოლე ეს?

 

დღეს სოცილურ ქსელში გამოქვეყნდა პირველი ქართული ინტერნეტპარტიის - „სხვა საქართველოსთვის“ საინიციატივო ჯგუფის წევრის, ბატონ ბესიკ ლაგვილავას სტატუსი, რომელიც საარჩევნო ფინანსურ რესურსს ეხებოდა.

 

ყურადღებით გავეცანი კომენტარებს.მიუხედავად იმისა, რომ მოსწონთ ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ყველაზე მეტად ერთი და იგივე კითხვა ისმება:გაქვთ თუ არა ფული?!

 

ამ საჩოთირო კითხვას თითქმის ამომწურავი პასუხი გასცა თვით სტატუსის ავტორმა, ბატონმა ბესიკ ლაგვილავამ. ვეცდები, ორიოდე სიტყვით მეც გამოვთქვა საკუთარი მოსაზრება:

 

ფული არჩევნებში საჭიროა, ოღონდ, არა ხალხის მოსასყიდად, არამედ, ელემენტარული საარჩევნო ბატალიების საწარმოებლად - შენი (პოლიტიკური პარტიის) ხმა უნდა მივიდეს ამომრჩევლებამდე.

 

ის, რომ საინიციატივო ჯგუფმა საკუთარ პარტიას ინტერნეტპარტია დაარქვა, ნიშნავს, რომ მას ორიენტაცია აღებული აქვს არა ფულის დომინირებაზე საარჩევნო პროცესში (რომც მოინდომო, ფულით ვერც დღევანდელ და ვერც ყოფილ ხელისუფლებას აჯობებ), არამედ, ინტერნეტ და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალურად გამოყენებაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესში ფული საჭირო არ იქნება!

 

ხალხს უყვარს სიახლე, მითუმეტეს, უკვე ყელში ამოუვიდა ყალბი დაპირებები და საზოგადოების (სახელმწიფოს) ინტერესების სრული იგნორირება, მაგრამ, აუცილებლად უნდა გააცნობიეროს, რომ არჩევნებში არსებითი გარდატეხა მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა იგი მხარს დაუჭერს არა „ფულის ტომარას“ და ფარატინა ქაღალდზე ჩაწიკწიკებულ ყალბ დაპირებებს, არამედ,პარტიის მიერ წარმოდგენილ სახელმწიფოს განვითარების რეალურ პროგრამასა და სტრატეგიას. ასევე გააცნობიერებს იმასაც, აქვს თუ არა ამა თუ იმ პარტიას მორალური უფლება ესაუბროს საზოგადოებას და ვინ, რა პოლიტიკური რენომეს მქონე ადამიანები დგანან ამ პოლიტიკური ძალის უკან!

 

თუ ეს მოხდება, ხალხის ნება ნებისმიერ ფულს დაამარცხებს - სამშობლოს მომავალი მის ხელშია!

 

რაც შეეხება საქართველოს პირველ ინტერნეტპარტიას - „სხვა საქართველოსთვის“, ვნახოთ, რა განსხვავებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ხედვას შემოგვთავაზებს.

 

აქვე მახსენდება ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომელიც მან განაცხადა 2012 წლის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ: „მე მაქსიმალურად გამოვიყენე ხალხი“.

 

დიახ, ივანიშვილმა ნამდვილად მაქსიმალურად გამოიყენა ხალხი, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო, მაგრამ, ხალხმა არ გამოიყენა საკუთარი უფლება - მოეთხოვა საარჩევნო დაპირების შესრულება, თუნდაც სამართლიანობის დამკვიდრების ნაწილში!

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: