მიხეილ ჯიბუტი: რამდენად სწორი მიზნის მიღწევას ისახავს საგანგებო მდგომარეობა?

მიხეილ ჯიბუტი: რამდენად სწორი მიზნის მიღწევას ისახავს საგანგებო მდგომარეობა?

წარმატებისათვის საჭიროა, მინიმუმ, ხელისუფლებას გარკვეული ჰქონდეს, თუ რა მიზნით გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა /და ამ მიზნის მისაღწევად რა ამოცანები უნდა გადაჭრას/ და ამისათვის რამდენი ფული და დრო სჭირდება/და ყველაფერი ეს აუხსნას მოსახლეობას და გახადოს მოსახლეობა პროცესების თანამონაწილედ/ და უზრუნველყოს ღია და საჯარო, საიმედო და წესიერებაში დაუეჭვებელი მმართველობა.

 

რა არის ამ დროისათვის ცნობილი?

 

ცნობილია საგანგებო მდგომარეობის ვადა:

 

საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტი № 1 ბრძანებით „ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“, რომლითაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით.

 

ამ პერიოდში რა მიზნის მიღწევას გეგმავს ხელისუფლება?

 

აღნიშნული ბრძანებით ესაა ვითარების ნორმალიზაცია „ რათა სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება.“ იგივეა ნათქვამი საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტში „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.“

 

ე.ი. მიზანი განსაზღვრულია, როგორც „საზოგადოებრივი უსაფრთხოება“ და „სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის საფრთხის შემცირება“.

 

საქართველოს კანონით „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საგანგებო მდგომარეობა ცხადდება „საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის“ და მაშინ „როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას“.

 

ე.ი. მიზანი განსაზღვრულია, როგორც „მოქალაქეთა უსაფრთხოება“ და „ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების უზრუნველყოფა“.

 

ქართულ სამართლებრივ სისტემაში „საზოგადოებრივი უსაფრთხოება“ სხვაა და „მოქალაქეთა უსაფრთხოება“ სხვა, დაახლოებით როგორც ბომბის აფეთქებისა და ყველის ჭამის შესაძლებლობები!

 

(დაინტერესებულთათვის: არსებობს საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“.ბოლო დრომდე არსებობდა საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“).

 

ამდენად, საგანგებო მდგომარეობის დოკუმენტებში მოცემული მიზანი არაა შესაბამისობაში „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

 

მიზეზი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების რაში მდგომარეობს?

 

ზემოთხსენებულ ბრძანებულებასა და დეკრეტში მითითებულია -

„2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების....“

 

არ ვარგძელებ, რადგანაც რაც წერია შეცდომაა - „კორონავირუსის (COVID-19) პანდემია“ არ არსებობს!

 

აფრიკიდან ყველა საშუალებით ცდილობს ექიმი ბადრი სეფაშვილი მოგვაწვდინოს ხმა: „ვირუსი თავისთავად დაავადება არაა, არამედ არის დაავადების გამომწვევი.შესაბამისად: კორონა ვირუსით SARS-CoV-2 დაინფიცერებისას გამოიწვევა დაავადება, რომელიც კლასიფიცირებულია შემდეგი სახელით- COVID-19“. შეგიძლიათ ნახოთ WHO – საიტზე ვირუსი არის SARS-CoV-2 (Severe acute respiratory syndrome coronavirus 2),შეიძლება შეგვხდეთ თურმე 2019 nCoV (2019 novel coronavirus) სახელით.

 

ნათქვამი არაა მეორეხარისხოვანი.

 

ეს არის წესრიგისა და კომპეტენციის პრობლემა.

 

დეკრეტი და ბრძანებულება თავისთავად არის პროდუქტი და ის უნდა იყოს ხარისხიანი. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტების მწარმოებელი რამდენი რგოლი და რამდენი პასუხისმგებელი პირის ხელში გაიარეს აღნიშნულმა დოკუმენტებმა?

 

ამას თავი დავანებოთ, თუ ზუსტად არაა განსაზღვრული რა მიზნის მისაღწევად აცხადებ საგანგებო მდგომარეობას მოქმედებას როგორ გეგმავ? ან ამ მოქმედებისათვის დახარჯული ფულის ეფექტიანობა რომელი შედეგით განისაზღვროს? გამოცხადებული მიზანი არაა შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან და შედეგად მოქმედი კანონმდებლობით მოქალაქეთა უსაფრთხოებაა სამიზნე, რაც საფრთხის შემცირებას კი არ ნიშნავს, როგორც ეს გამოცხადებულია, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 

საგანგებო მდგომარეობის მიზანი უნდა იყოს ეტაპობრივად: ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადების გავრცელების შეჩერება, დაავადებულთა განკურნებით მისი რიცხოვნების შემცირება და ლიკვიდაცია. აქედან გამომდინარე უნდა დაიგეგმოს თუ რის გაკეთებას ასწრებს ქვეყანა ერთ თვეში, ანუ ერთი თვით გამოცხადება რა შედეგის მიღწევის მიზნით იყო ნაკარნახები. ეს ერთი. ამასთან, შექმნილი სიტუაცია, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არ არსებობა, ადამიანთა გადაადგილების შეზღუდვა, ბუნებრივია გამოიწვევს ეკონომიკის ზრდის კიდევ უფრო შენელებას და თუ დროში გაიწელა პროცესი, მის კრიზისსაც, რაც აისახება ადამიანების შემოსავალზე, მსყიდველუნარიანობაზე. სამოქმედო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ადამიანების სასიცოცხლო მინიმუმისათვის საჭირო შემოსავლებით უზრუნველყოფის ღონისძიებებს. საქართველოს სურსათზე იმპორტდამოკიდებულების გამო ის სცენარიცაა გასათვალისწინებელი, რომ შეიძლება შეიქმნას ისეთი მსოფლიო კონიუნკტურა სურსათზე, რომ წარმოიშვას დეფიციტი - ადამიანებს ჰქონდეთ ფული და არ იყოს სურსათი. ანუ საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებათა მეორე შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს მიმართული ეკონომიკური ზრდასა და შემოსავლების შენარჩუნებაზე, ოპტიმისტურ ვარიანტში და სახელმწიფო პროგრამებზე შიმშილის წინააღმდეგ და სურსათის დეფიციტის თავიდან ასაშორებლად, პესიმისტურ ვარიანტში.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: