ზაურ ნაჭყებია: ოღონდ, კორონას თუ გადავურჩით, ანუ ყალბი დემოკრატიიდან „მტკიცე ხელის“ აუცილებლობამდე!

ზაურ ნაჭყებია: ოღონდ, კორონას თუ გადავურჩით, ანუ ყალბი დემოკრატიიდან „მტკიცე ხელის“ აუცილებლობამდე!

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 2019 წლის გაზაფხულზე ვწერდი, რომ საქართველოში არჩევნებს აზრი ეკარგებოდა.

 

წინასწარმეტყველებაზე პრეტენზია ნამდვილად არა მაქვს, არც კორონავირუსის შესაძლო აფეთქებაზე ვიცოდი რამე, მაგრამ, სიტუაციის ობიექტური (რეალური) ანალიზი და თანდაყოლილი უტყუარი ინტუიცია მკარნახობდა, რომ ყალბი, დემოკრატიულ არჩევნებად გასაღებული მანკიერი პრაქტიკა წარსულს ჩაბარდებოდა - საზოგადოებას მოუწევდა შეგუება „უნიათო ხელისუფლებად" შერაცხულ „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლებაში ყოფნა გაეხანგრძლივებინა, რადგან, მისი საპირწონე პოლიტიკურ ზედაპირზე არ ჩანდა, არც თავის დროზე მთავარ ოპოზიციად შერაცხულ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც დესტრუქციულ პოლიტიკას ვერ გასცდა და არც ერთად აღებული ე.წ. დანარჩენი ოპოზიციის სახით, რომელიც ბოლომდე გაკოტრდა და მორალური უფლებაც არ დარჩა პრეტენზია ჰქონდეს ხელისუფლებაში მოსვლაზე!

 

„ნაციონალებთან“ მიმართებაში სიტყვა „დესტრუქციული“ ვახსენე. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არა მარტო იმ დესტრუქციულ ქმედებებს, რომელსაც იგი ხელისუფლებაში ყოფნის თითქმის 9 წლის მანძილზე ახორციელებდა, არამედ, „მთავარ ოპოზიციაში“ (ახლა აზრი არა აქვს, რატომ მოიაზრებოდა, კრიმინალური წარსულის პოლიტიკური დაჯგუფება " მთავარ ოპოზიციად) გადაბარგების შემდეგაც - „ნაციონალებს“ წუთიც კი არ დაუკარგავთ, რაგინდრა ხერხებით მოეხდინათ მოქმედი ხელისუფლების იდეოლოგიური დივერსია, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების საქმიანობის საბოტაჟი იყო. იდეოლოგიური დივერსიის მთავარი იარაღი მედიატერორია, რომელსაც მიზანმიმართულად იყენებენ მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ საკუთარი პარტიული ტელევიზიებისა და მათ მიერ გამოჩეკილი და ნასაზრდოები ენჯეოების საშუალებით.

 

„ნაცმოძრაობა“ არც ხელისუფლების ძალადობრივი გზით დაბრუნების ცდას მორიდებია, რისი დასტურიც 2019 წლის 21 ივნისია, როცა საქართველო წკიპზე გადარჩა ხელისუფლების დამხობას! მომავალი არჩევნების აბსურდულობა კიდევ უფრო გაამყარა 0-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესების მზადყოფნამ - ამ სარჩევნო ბარიერით საქართველოს პარლამენტი დაემსგავსებოდა ე.წ. ავგიას თავლას, სადაც კონსტრუქციული საკანონმდებლო საქმიანობის პერსპექტივა ნულამდე იქნებოდა დაყვანილი, ხოლო, თავად პარლამენტი ბინძური ვაჭრობის ობიექტად იქცეოდა. საქმე ისაა, რომ საქართველოში კვალიფიციური, იდეურად და იდეოლოგიურად შეკრული პოლიტიკური სუბიექტების ღრმა დეფიციტია.

 

ფაქტია, არც ერთ დღემდე არსებულ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონდა და არა აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახელმწიფოს განვითარების სტრატეგია და ტაქტიკა - მათი სააჩევნო სტრატეგია მხოლოდ ყალბი დაპირებებით და ასევე ყალბი ლოზუნგებით შემოიფარგლებოდა და შემოიფარგლება დღესაც! არადა, მიზანმიმართულად დაზომბირებული ქართველი ამომრჩეველი უკრიტიკოდ ყიდულობდა იმას, რასაც ცრუ პოლიტიკური დაჯგუფებები ყიდდნენ!!!...

 

ამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვწერდი: წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა ქვეყანა, დღევანდელ კრიტიკულ სიტუაციაში პრემიერი ყოფილიყო ბახტაძე ან კვირიკაშვილი და არა „თვალთხარია“ გიორგი გახარია მეთქი (ასე მოიხსენიებენ „ნაციონალები“ და მათი ტვინგადაბრუნებული მხარდამჭერები), რომელსაც კრიზის-მენეჯერის იშვიათი ალღო აღმოაჩნდა.

 

მართალია, ამ სიტყვების გამო ლამის ჯვარს მაცვეს, მაგრამ, მე ისევ იგივე აზრზე ვარ - გახარიამ მოცემულ მომენტში მთლიანად გამოისყიდა უნიათოდ წოდებული „ქართული ოცნების“ უმოქმედობით გამოწვეული დანაშაული (უპირველესად, „ნაციონალებთან“ და ზოგადად, სამართლიანობის დამკვიდრებასთან მიმართებაში) და ერთ პიროვნული პასუხისმგებლობა აიღო კრიზისული სიტუაციის მართვაზე.

 

ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება ქვეყანაში პანდემიური მოვლენები და შეძლებს თუ არა დღევანდელი მოვლენების „გმირი“ სიტუაციის ბოლომდე დაჭერას, მაგრამ, ერთი რამ ცხადია - გახარიას ხათრით ამომრჩეველთა უმრავლესობა დღეს მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს!...

 

ორი დღის წინ პოლიტიკურ ინსინუაციებში საკმაოდ გათვითცბობიერებულმა პროფესორმა დამირეკა და გულწრფელად მითხრა: შენ ხომ იცი, რა დამოკიდებულება მქონდა დღემდე „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ, ახლა გახარიას ადექვატურ ნაბიჯებს რომ ვუყურებ, ხმას მომავალ არჩევნებში აუცილებლად „ქართულ ოცნებას“ მივცემო.

 

სიტყვა არჩევნების ხსენებამ ჩემში რამდენიმე კითხვა ამოატივტივა და ღრმად პატივცემულ პროფესორსაც დავუსვი: როგორ ფიქრობთ, რა კონფიგურაციით დამთავრდება მომავალი არჩევნები, თუ იგი საერთოდ ჩატარდა და რა შანსი ექნება „ნაცმოძრაობას“ და ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას?

 

მისი პასუხი ჩემსავე ვარაუდს დაემთხვა: „ნაცმოძრაობამ“ საკუთარი თავი ბოლომდე ჩარეცხა - იგი ახლაც ჯიბრში უდგას ხელისუფლებას და ერთი სული აქვს, როდის გამწვავდება ქვეყანაში პანდემია, რომ ყველაფერი მათ დააბრალოს. იგი დღესაც ბინძური მეთოდებით იბრძვის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და ამის დემონსტრირებას მედიატერორით კარგად ახერხებს. რაც შეეხება ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს, ისედაც გაკოტრებული იყო, შალვას კანტორაში „ნაციონალების“ გვერდით დასკუპებით და დღევანდელ სიტუაციაში ხელისუფლების არამართლზომიერი კრიტიკით ფაქტიურად თვითლიკვიდაცია გამოაცხადა - ნაცვლად იმისა, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე წავიდნენ, „ნაციონალების“ გზას დაადგნენ და მხოლოდ ფუყე კრიტიკით იფარგლებიან...

 

...დღეს ნამდვილად ძნელია, იმის პრიგნოზირება, როდის ჩატარდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ, ერთი რამის თქმა თამამად შეიძლება - ეს არ იქნება ისეთი არჩევნები, როგორიც ჩვენ გვახსოვს ბოლო 30 წლის მანძილზე. კორონავირუსმა აშკარად გადააფასა ყველაფერი და ეს ბუნრივია არჩევნებსაც შეეხება. რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს პანდრმიასთან ბრძოლა, არჩევნების გზით დღევანდელი ხელისუფლების შეცვლის ალბათობა მცირეა. მითუმეტეს, ნულის ტოლია ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნება. არც პრეკორონასეული კოალიციური მთავრობის ფორმირების შანსი არსებობს - დღევანდელ ხელისუფლებას სიტუაციის გათვალისწინებით ხელში აქვს ბერკეტები, მანამდე შეინარჩუნოს სახელისუფლებო ვერტიკალი, ვიდრე ჩათვლის საჭიროდ.

 

რას უქადის ეს პერსპექტივა საქართველოს?! 

 

კორონავირუსის პანდემიამ გვიჩვენა, რომ სახელმწიფო მართვის არსებული სისტემა ანაქრონიზმია. რამდენიმე წლიანმა პრაქტიკამ დაადასტურა, რომ საქართველოში საპარლამენტო მმართველობა არ ამართლებს. არც პრეზიდენტის ინსტიტუტი შეკვეცილი უფლებებით იძლევა სასურველ შედეგს. ამდენად, დღევანდელმა კრიზისმა დღის წესრიგში დააყენა ძლიერ საპრეზიდენტო მოდელზე დაბრუნება, რომელსაც ზურგს გაუმაგრებს პროფესიონალური ნიშნით დაკომპლექტბული ძლიერი მთსვრობა.

 

ის, რომ ერთპიროვნული მმართველობა უფრო ეფექტურია, გახარიას მაგალითმაც დაამტკიცა. თუმცა, შემაკავებელი ბერკეტების გარეშე ერთი ადამიანის ხელში მაქსიმალური ძალაუფლების კონცენტრირება საშიშია.

 

დღეს, როცა ე.წ. ოპოზიცია მხოლოდ დესტრუქციულ როლს ასრულებს, ეს მისია პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა საზოგადოებრივმა საბჭომ (დარბაზმა) უნდა იტვირთოს, რომელსაც სათანადო ლეგიტიმაცია უნდა გააჩნდეს!

 

ამაზე ცალკე სტატიაში ვისაუბრებ...

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: