ჩვენ შორის ყოვლისმცოდნემ ჩაწიხლოს უცოდინარი მასწავლებელი
წერილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს
ბატონო მინისტრო,
თქვენთვის არ მომიწერია არც პირველი მინისტრობის დროს. და არც ახლა, როდესაც „ერთ მდინარეში მეორედ“ იმყოფებით. ამან, ალბათ, გაფიქრებინათ, რომ იგავმიუწვდომელი ხართ, და ყველაფერი დინებაზე მიუშვით. ახლაც კი არა აქვს აზრი, კონკრეტულად თქვენთვის მოწერას, მაგრამ წერილს როგორც პიროვნებას და ინდივიდს კი არა, როგორც კონკრეტული უწყების ხელმძღვანელს ისე გიგზავნით. დაველოდე ე.წ. ჩაჭრილი მასწავლებლების კონკრეტული რაოდენობის ოფიციალურად გამჟღავნებას, მერე რომ არ გეთქვათ, თითქოსადა მოჭორილ ოდენობას ვასახელებდი და ამის მერე გადავწყვიტე მომეწერა. იმ სიმწარის, ნგრევის, ჩამოქცეულობის, კორუფციის, ნეპოტიზმის ფონზე, რაც განათლების სიტემაშია, მაქსიმალურად ვეცდები ვიყო დელიკატურიც, მოზომილიც, აკადემიურიც. მაგრამ, არსებული ვითარების გამო, ვეჭვობ, ბოლომდე რაფინირებულად გავართვა ამას თავი. ისე, კაცმა რომ თქვას, ისეთ სინატიფეს რა ვუთხარი, დიადი საქმე რომ გაბარია და ამ საქმისა ძალიან ცოტა რომ გაგეგება. ამას თქვენები ამბობენ თქვენზე და ეს თქვენ საჯარო გამოსვლებსაც ეტყობა. ყოველ შემთხვევაში, უკანსაკნელ წლებში თქვენი განცხადებები მხოლოდ სწავლის დაწყება-არ დაწყებას, განახლება-არ განახლებას, პანდემიური სიტუაციის კონტროლს და ისეთ რამეებს ეხება, რაზედაც პრემიერიდან დაწყებული ამ ქვეყანაში ისედაც ყველა საუბრობს და რასაც რაიმე აკადემიური განათლება და მაინცდამაინც მინისტრის პორტფელი სულ არ სჭირდება.
თვითდინებაზე მიშვებულ პროცესები შეიძლება თქვენი უწყების დიდი ცოდვა არც ყოფილიყო, მაგრამ ყველაზე დიდი ლაქა, რომელიც თქვენს მოღვაწეობას ძალიან მუქ ფერებში გაყვება, ესაა 5 ათასზე მეტი მასწავლებლის სკოლიდან გაძევება (თუ ეს განხორციელდა). როგორც ვიცი, ეს მიზანმიმართული ანტიკონსტიტუციური (დარღვეულია კონსტიტუციით გათვალისწინებული შრომითი უფლებები), ანტიკანონიერი (დარღვეულია შრომითი კოდექსი, რომლითაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის ფუნქციაა), ავტორიტარული (სკოლის ავტონომიურობა იგნორირებულია სახელმწიფოს ჩარევით), ჯალათური (ადამიანები რჩებიან შემოსავლის გარეშე) გეგმა თქვენთვის არავის შეუთანხმებია, მაგრამ, „არამკითხეობა“ სულაც ვერ გააუფერულებს ამ ლაქის სიმუქეს.
ვიცი, იტყვით, უკვე ფართოდ გავრცელებულ სლოგანს: მასწავლებელს, რომელიც გამოცდას ვერ ჩააბარებს, სკოლაში რა უნდაო. როგორ საოცრად გაამართლა ამ ნარატივის გაპოპულარულებამ და როგორ კარგად მუშაობს იგი! ე.წ. ოპოზიციურ-ოფიციოზური სპექტრი როგორ ერთსულოვანი ხართ ამ „კონტრაპუნქტში“! ასე წარმატებული კომუნისტების დროსაც კი არ ყოფილა ლოზუნგი -„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით“. ამას წინათ, საპროტესტო აქციაზე, ორი-სამი „წიგნიერი“ ჟურნალისტი გადამეკიდა, სიტყვებს რომ სწორად ვერ გამოთქვამენ და სინტაქსის ელემენტარულ წესებსაც რომ არ იცნობენ და ეგ თქვენი გაპიარებული ფრაზა მიტრიალეს ცხვირწინ: აბა, მასწავლებელი გამოცდას რომ ვერ ჩააბარებს, სკოლაში რა უნდაო? ლოგიკურიც არის... გეთანხმებით. და იგივე ლოგიკით გამოცდაჩაუბარებლად არ უნდა იმუშაონ არცერთ სფეროში და მათ შორის, არც თქვენ და სხვა ხელმძღვანელებმა. რა იცის საზოგადოებამ, რამდენად შეესაბამება ყველა თქვენგანის დიპლომები და სხვა დოკუმენტაცია დაკავებული თანამდებობების სტანდარტებს. დამისახელეთ, თუნდაც ერთი სფერო, სადაც გრანდები და მეტრები გყავთ და ან თუ გყავთ, არ იდევნებიან ასეთები. და თუ ასეთებს დამისახელებთ, მაშინ ჩვენ შორის ყოვლისმცოდნემ ჩაწიხლოს უცოდინარი მასწავლებელი. შეიძლება მიპასუხოთ, ჩვენ და ჩვენნაირები იმიტომ ვართ პოსტებზე, რომ სხვა უკეთესი ვერავინ მოიძებნა. ჰოდა, რაკი ასეა, მაგ ჰორიზონტიდან დავიწყოთ პრობლემის არსში გარკვევა:
სადავო არც უნდა იყოს, რომ მასწავლებელი, საგანს, რომელსაც ასწავლის უნდა ფლობდეს. თუმცა ეს რომ ასეა, მან საგნის ცოდნა და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურა იმ უნივერსიტეტის დიპლომით, რომელიც სახელმწიფოს მიერაა აღიარებული და თუ მაინც ეჭვი შეგაქვთ ამ დიპლომის რელევანტურობაში, მაშინ ეჭვი შეგაქვთ სახელმწიფოს მიერ აღიარებული უნივერსიტეტების მუშაკთა კომპეტენტურობაში და იქნებ იქ უნდა მოგვარდეს პრობლემა, თორემ რა გამოდის? რაღა საჭიროა მაშინ მრავალწლიანი სწავლა? ნებისმიერი პროფესიის მქონე კადრი მოემზადება საგამოცდოდ და თუ ე.წ. ზღვარს გადალახავს მასწავლებლის სტატუსსაც მიიღებს, ისე, როგორც ნებისმიერი, ვინც აბარებს მართვის გამოცდებს, მართვის უფლებასაც იღებს. თუ იტყვით, რომ უნივერსიტეტებს არ ვეხებითო, და კანონმდებლობით მასწავლებლის პროფესია რეგულირებადიაო, მაშინ შეგახსენებთ, რომ რეგულირება გულისხმობს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და არა მათ გაძევებას და მათთვის პროფესიული საქმიანობის აკრძალვას.
სწავლის არცერთ საფეხურზე რომ საქმე კარგად არ არის და მათ შორის უმაღლესი განათლებაც რომ საერთოდ ამოვარდნილია თანამედროვე სტანდარტებიდან, სიახლე ესეც არ არის. რაკი ეს ასეა, აბა, მასწავლებლების კომპეტენტურობის შემმოწმებლები ზეციდან დაიქირავეთ? ამ შემმოწმებლების კომპეტენცია ვინღა გადაამოწმა? თუ არც სკოლა, არც უნივერსიტეტი არ უქნია ღმერთს და გაურღვევლ წრეში ვართ მოქცეულები, ვინღა წყვეტს ამ საკითხებს? განა შეიძლება სისტემის რომელიმე ელემენტი ამ სისტემას აღემატებოდეს?
შეუძლებელია იმის მტკიცებაც, რომ ე.წ. ჩაჭრილი პედაგოგიდან უკლებლივ ყველა უსამართლობის მსხვერპლია, მაგრამ რა კრიტერიუმებით შეფასდა საგამოცდო ტესტების ვალიდურობა, რა კატეგორიის და კვალიფიკაციის ადამიანები მუშაობდნენ ამ ტესტების აგებაზე, რატომ არავინ იცის ეს საჯარო სივრცეში? გეცოდინებათ, ალბათ, სკოლის მოსწავლე რომ შეაფასო ამისათვის წინასწარ შედგენილი რუბრიკებით უნდა იხელმძღვანელო. არსებობს კი სადმე საჯაროდ მისაწვდომი მასწავლებელთა შეფასების რუბრიკები?
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, რასაც იმთავითვე კლასიკური სისულელე ვუწოდე და ამაში ახლა უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ შეიცვალა იმის მიხედვით, რომ ჩიხში შედიოდა. რა თქმა უნდა, სისულელის შედეგი ჩიხია. ახლა კი ისე მოხდა, რომ მას სახელიც შეუცვალეს და დაარქვეს მასწავლებელთა პროფესიის რეგულირების წესი. ეს ალბათ იმიტომ, რომ კანონთან უფრო მიახლოებულიყო. და რა მნიშვნელობა აქვს, არსობრივად სიბრიყვეს რას დაარქმევ, სახელი გვიხსნის ჩიხისგან? რეგრესი, რომელიც უკანასკნელ წლებში დაიწყო, ჯერჯერობით შეუქცევადია. აბა, იმას მაინც დააკვირდით, რის დაკვირვებასაც არც დიდი პროფესიონალიზმი და არც დიდი ანალიტიკური უნარები უნდა: ყოველ წელს, წინა წელთან შედარებით, უფრო და უფრო ეცემა განათლების ხარისხი, უფრო და უფრო საჭირო ხდება ე.წ. რეპეტიტორთა ინსტიტუტი, ანუ „კერძო მასწავლებლები“. ფინანასური შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, უკლებლივ ხომ ყველა აბიტურიენტი მოემზადებოდა. მაშინ, რაღა ფუნქცია აქვს სტატუსიანი მასწავლებლებით „გამოტენილ“ სკოლებს, თუ ის იმ ელემენტარულ ცოდნასაც ვერ მისცემს მოსწავლეს, რომლითაც ესოდენ დაბალბარიერგადასალახ ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩააბარებს, ისედაც გასაცოდავებულ, მაგრამ თქვენ მიერ სახელმწიფოებრივად აღიარებულ უნივერსიტეტში მოსახვედრად, რომლის მიერაც გაცემული დიპლომი არაფრად არ მიგაჩნიათ?
თქვენ მეტყვით, რომ ევროპის ქვეყნებში უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით და დიპლომით არ მთავრდება კვალიფიკაციის ზრდა და მასწავლებლები იქაც აგრძელებენ შემდგომ განვითარებასო. კი ბატონო, გეთანხმებით. ეს ასეა, მაგრამ, ჯერ ერთი: სპეციალისტების კვალიფიკაციაზე ზრუნვა ისევ და ისევ უნივერსიტეტების პრეროგატივაა და არა რომელიმე სახელმწიფო უწყების მიერ ნეპოტისტურად შერჩეული პირების ან პირთა ჯგუფებისა და მეორე: ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, შემდგომი კარიერული ზრდა ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო.
ნუთუ მართლა გჯერათ, რომ თუ ე.წ. „ჩაჭრილ“ მასწავლებლებს სახლში გაუშვებთ, ყველაფერი მოგვარდება. ჩემ სტატუსიან კოლეგებს რომ არ ეწყინოთ, პირველ პირში ვიტყვი: ნუთუ ჩვენ, ე.წ. სტატუსიანები ისე „ვბრწყინავთ“, რომ სწავლის მაღალი შედეგების დადებაში „ჩაჭრილები“ გვიშლიან ხელს ან/და თუ მათ ადგილზე ახლები მოვლენ და სიტუაციას წამიერად ან თუნდაც ათწლეულში მაინც გარდატეხენ? განა, არ იცით, რომ უკანასკნელი ოცწლეულია, რაც სკოლაში დასაქმებას ძირითადად ისინი უმიზნებენ, რომელთაც სხვა სფეროში ხელი მოეცარათ. და რატომ? იმიტომ, რომ სკოლაში არ არის მაღალანაზღაურებადი სამსახური. აი, ამ „დამიზნებების“ ფონზე, თქვენ სახლში უშვებთ იმ თავდადებულ პლეადას, რომლებიც გაყინულ 90-იანებში გათოშილი ხელებით ულოლიავებდნენ ბავშვებს, ანუ იმ თაობას, რომლებიც ახლა მათ კრიჭაში უდგას.
შეიძლება თქვათ, რომ თავდადება, ოჯახების შეცოდება და მსგავსი სენტიმენტები ლოგიკურ არგუმენტად არ გამოდგებაო. კი ბატონო, არ გამოდგებოდა მაშინ, მოცემულობა რომ სხვაგვარი გვქონდეს. რომ გვყავდეს 2 ათასი აინშტაინი, ამდენივე მენდელეევი, ივ. ჯავახიშვილი, ვიქტორ კუპრაძე, აკაკი შანიძე და ა.შ. მაშინ მელანქოლია არ უშველიდა საქმეს, მაგრამ, თქვენც ხომ კარგად იცით, რომ (მომიტევონ ჩემმა კოლეგებმა), მაგრამ ვისაც სკოლიდან მიერეკებით, იმათზე არც დიდად უარესები და არც დიდად უკეთესები რჩებიან სკოლაში და რომ სხვადასხვა „სტატუსების“ დაუფლება დიფერენცირებული და ბევრად მარტივი გზებით იყო შესაძლებელი, ვიდრე ეს „ჩაჭრილების“ შემთხვევაში მოხდა. თქვენც ხომ იცით, რომ ე.წ. კრედიტების დაგროვება ზოგმა მოასწრო და ზოგი შუა გზაში მიატოვეს, რადგან სულელური სქემა 25-ჯერ მაინც „გადახნეს“ და მკვეთრად დააშორეს, მართალია, ასევე სულელურ, მაგრამ მაინც სასტარტო მდგომარეობას, ანუ იმ მდგომარეობას, რომელზეც გათვალა თავისი კარიერული წინსვლის ნაბიჯები პედაგოგმა. მარტივად რომ ვთქვათ: რითაც ახალ სტატუსზე ავიდოდა პედაგოგი მაგალითად ორი წლის წინ, წელს მას იგივე შესაძლებლობა არ ჰქონდა. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ: სტატუსების მოპოვების წესი ჩანასახშივე და მისი „განვითრების“ სხვადასხვა ეტაპზე, ყოველთვის ალოგიკური და რეალობას აცდენილი იყო; ჩანასახშივე ეტყობოდა, რომ მისი ფინალი იყო ჩიხი, მაგრამ რადგან მაინც ამოქმედდა და რადგან მაინც კანონად იქცა, ამ შესაძლებლობით ბარემ ყველა პედაგოგს უნდა ესარგებლა, თორემ რა გამოვიდა: ზოგმა ქაღალდომანიით, ზოგმა დადგმული სპექტაკლ-გაკვეთილებით, ზოგმა გამოუსადეგარი ე.წ. კვლევებით, ზოგმა ატვირთული ელექტრონული ფაილებით და ა.შ. მიაღწია „კარიერულ წინსვლას“, ანუ ახალ საფეხურს (ოღონდ ეს მათი ბრალი კი არაა, ასეთი ვლდებულება ეკისრათ) და ზოგს რადიკალურად განსხვავებული მოთხოვნები დაეკისრა უკვე მერამდენედ შეცვლილი ე.წ. „სქემით“. ეს კი დისკრიმინაციაა.
დღეს რომ საზოგადოებას ამცნეთ, ამდენი ჩაგვეჭრაო, იქნებ პასხუხისმგებლობაც იკისროთ? დავუშვათ, გამოცდები მართლაც რიგიანად და ორგანიზებულად ჩატარდა და მასწავლებლების გიგანტური რაოდენობა სამართლიანად ჩაიჭრა. კი მაგრამ, ვის უნდა მოემზადებინა ეს პედაგოგები? მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს ხომ არა? განა მისი ფუნქცია არ იყო და არ არის, პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა? არ დაგავიწყდეთ, არსებობის მანძილზე (ანუ 2006 წლის მერე) მისი დაფინანსება 300 მილიონი ლარის დიაპაზონს მოიცავს. და ეს თანხა გადავყარეთ იმაში, რომ „ჩაჭრილების“ ოდენობა სამციფრიან ნიშნულს გატოლებოდა? ამხელა თანხა რომ სახელმწიფოს გაენაწილებინა, პედაგოგზე, საშუალოდ 5000 ლარი გამოვიდოდა, რითაც პედაგოგი ერთ კი არა, ალბათ, ყველა საგანში გადაემზადებოდა. თუ ასე არაა და თუ ცენტრმა პედაგოგები მოამზადა, მაშინ რატომღა „ჩაიჭრენენ“? იმიტომ, რომ მომზადებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოცდების სტანდარეტებს შორის იყო აცდენა? ეს მთლად უარესია და სისტემის შეუთანხმებლობასა და გაუმართაობაზე მიუთითებს და პრობლემის არსიც ისევ „ზემოთ“ ყოფილა. დიახ, დიახ, თევზი თავიდან ყროლდება.
ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, რომ საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი ცვლილებებით და ადამიანურობის მოხმობით გადავარჩინოთ ათასობით პედაგოგი სკოლიდან გაძევებას. პროფესიული წინსვლა უნდა გახდეს ნებაყოფლობითი და უღირს პედაგოგს თავად სისტემა ვერ იგუებს. განათლების ჩამოქცევას ბევრად უფრო ღრმა მიზეზები აქვს. ამ მიზეზების აღმოფხვრა და პერსპექტივის გააზრება ჩვენთან და დარგის სხვა გულშემატკივარ სპეციალისტებთან კონსტრუქციული თანამშრომლობით არის შესაძლებელი. სპეციალისტების ყოველი იგნორირება კი, მხოლოდ ახალ-ახალ ნაღმებს დაგვიგებს.
პატივისცემით,
დათო ფერაძე.
პედაგოგი, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი.